Facebook Twitter

საქმე №ას-422-405-2016 7 ივლისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. მ-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,პ-ის’’ უფლებამონაცვლე - სს ,,ს-ი’’ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. სს ,,პ-მა’’ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. მ-ას მიმართ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით სს ,,პ-ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე ი. მ-ას, მოსარჩელე სს ,,პ-ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 2011 წლის 4 აპრილის №TGSBAE0000248522 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის დავალიანების - 3231,10 აშშ დოლარისა და საკომისიოს 25,35 აშშ დოლარის გადახდა; 2011 წლის 4 აპრილის №TGSBAE0000248522 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის - 127,20 აშშ დოლარის გადახდა; 2011 წლის 4 აპრილის №TGSBAE0000248522 საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს - 364,21 აშშ დოლარის გადახდა; ი. მ-ას მოსარჩელე სს ,,პ-ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 195 ლარის ანაზღაურება.

4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-ამ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის განჩინებით ი. მ-ას სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე ი. მ-ა.

7. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილება ი. მ-ას მისივე განცხადების საფუძველზე ჩაბარდა 2016 წლის 9 მარტს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მან სასამართლოში წარადგინა 2016 წლის 30 მარტს.

8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ვინაიდან ი. მ-ა ესწრებოდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას, მისთვის გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადების მომდევნო დღიდან ოცდამეათე დღეს, ანუ 2015 წლის 21 თებერვალს და ამოიწურა 2015 წლის 9 მარტს. აპელანტმა კი სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში წარადგინა ერთი წლის შემდეგ, 2016 წლის 30 მარტს, ანუ გასაჩივრების ვადის დარღვევით.

9. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

10. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ი. მ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება.

11. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, იგი როგორც არაიურისტი და კანონების არმცოდნე, შეგნებულად შეცდომაში შეიყვანა მოსამართლე მ. ც-მ, რადგან სხდომაზე მოსამართლემ გარკვევით აღნიშნა, რომ მხარეს გასაჩივრების უფლება ჰქონდა განჩინების მიღებიდან ერთი თვის ვადაში. საჩივრის ავტორის განცხადებით, მან მოითხოვა სასამართლო სხდომის აუდიო ჩანაწერი. ამ ჩანაწერიდან ირკვევა, რომ სხდომის მიმდინარეობა ჩაწერილია ხარვეზების გარეშე, თუმცა სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებისას ჩაწერა ჩერდება, რაც ეჭვს ბადებს იმის შესახებ, რომ მოსამართლემ მიიღო სხვა შინაარსის და გამოაცხადა სხვა შინაარსის გადაწყვეტილება. სარეზოლუციო ნაწილის ნაბეჭდ ვერსიაში კი მოსამართლეს უკვე გასაჩივრების ვადად გამოცხადებიდან 14 დღე აქვს მითითებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

12. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. მ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

14. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას და განმარტავს, რომ იგი, როგორც არაიურისტი, შეცდომაში შეიყვანა მოსამართლემ და არასწორად განუმარტა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსი, რომლის მიხედვით, მას გასაჩივრების უფლება ჰქონდა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში.

15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ამ პრეტენზიას და განმარტავს შემდეგს:

16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

17. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

18. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

19. ზემოთ მითითებული მუხლი იმპერატიულია და, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

20. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

21. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის სასამართლო სხდომას, რომელზეც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ესწრებოდა მოპასუხე ი. მ-ა, თუმცა მას გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან (2015 წლის 22 იანვარი) არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, არ მიუმართავს სასამართლოსთვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მოთხოვნით. ამრიგად, მისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, 2015 წლის 22 იანვრის მომდევნო დღიდან 30-ე დღეს, 21 თებერვალს და ამოიწურა 2015 წლის 9 მარტს, ხოლო სააპელაციო საჩივარი მან სასამართლოში წარადგინა ერთ წელზე მეტი ხნის გასვლის შემდეგ, 2016 წლის 30 მარტს.

22. კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი, დაუსაბუთებელია და რაიმე მტკიცებულებით გამყარებული არ არის.

23. საქმეში არსებული ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ აღნიშნულ სხდომაზე დასრულდა სს „პ-ის“ სარჩელის განხილვა ი. მ-ას მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე და მოსამართლემ გამოაცხადა მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, სადაც ნათლად და არაორაზროვნადაა განმარტებული გადაწყვეტილების გასაჩივრების წესი (იხ. ს.ფ. 110-129).

24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

25. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც კერძო საჩივრის ავტორს, გარდა საკუთარი განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა სასამართლოს დასკვნებს გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლიანობის შესახებ, საკასაციო პალატა თვლის, რომ საჩივრის ავტორის მითითება ზემოაღნიშნული საფუძვლით გასაჩივრებული განჩინების გაუქმების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა იქნეს გაზიარებული.

26. ამასთან, პალატა უსაფუძვლოდ მიიჩნევს კერძო საჩივრის ავტორის აპელირებას იმ ფაქტზეც, რომ იგი, როგორც არაიურისტი შეცდომაში იქნა შეყვანილი სასამართლოს მიერ და განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის მე-3 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, კანონის არცოდნა ან მისი არასათანადოდ გაგება არ შეიძლება იყოს კანონის გამოუყენებლობის ანდა ამ კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების საფუძველი.

27. საკასაციო სასამართლო, დამატებით, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ როგორც საქმის მასალებით ირკვევა და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ (2015 წლის 22 იანვარი), ი. მ-ას ერთხელაც არ მიუმართავს სასამართლოსთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით. მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა სს „პ-ის“ სარჩელი, ეხებოდა მის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. კერძოდ, აღნიშნული გადაწყვეტილებით სს ,,პ-ის’’ სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ი. მ-ას მოსარჩელე სს ,,პ-ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის დავალიანებისა და პირგასამტეხლოს გადახდა. მოპასუხემ მხოლოდ მას შემდეგ მიმართა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მოთხოვნით, როდესაც შეიტყო, რომ მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში და საქმეზე დაწყებულია სააღსრულებო წარმოება. ამრიგად, ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემობები ბადებს ეჭვს, რომ მხარე შეგნებულად აფერხებს მის წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულებას და ხელს უშლის სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას.

28. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა ი. მ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დაუშვებლობის გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ი. მ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე