საქმე №ას-449-431-2016 7 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – ბ. ქ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ-ე “
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „დ-ე “-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. ქ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების, მოსარჩელის პარტნიორობიდან გარიცხვისა და საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე.
2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით შპს „დ-ე “-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ბ. ქ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის, 188 584 აშშ დოლარის ანაზღაურება; ბ. ქ-ი გათავისუფლდა საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან და გაირიცხა შპს-ს პარტნიორობიდან.
3. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ბ. ქ-მა.
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 მარტის განჩინებით ბ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს, რაც საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „დ-ე “-მა.
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩნებით შპს „დ-ე“-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 6 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
6. 2015 წლის 28 დეკემბერს შპს „დ-ე“-ის დირექტორმა გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხე ბ. ქ-ისათვის შპს „დ-ე“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში საქართველოს საჯარო რეესტრში, სამეწარმეო რეესტრსა და სახელმწიფოს სხვა ორგანოებში რაიმე სახის ცვლილებების, დამატებების რეგისტრაციის ან/და წარდგენის აკრძალვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა ბ. ქ-ისთვის შპს „დ-ე“-ის პარტნიორის უფლებამოსილების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
7. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინებით შპს „დ-ე“-ის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე ბ. ქ-ს აეკრძალა შპს „დ-ე“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში (საჯარო რეესტრში, ასევე სამეწარმეო რეესტრსა და სახელმწიფოს სხვა ორგანოებში) რაიმე სახის ცვლილებების ან/და დამატებების წარდგენის ან/და რეგისტრაციის განხორციელება; განცხადება მოპასუხისათვის საზოგადოების პარტნიორის უფლებამოსილების შეჩერების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა; განემარტა განმცხადებელს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება გაუმართლებელი გამოდგებოდა და სარჩელი არ დაკმაყოფილდებოდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მოსარჩელეს წარმოეშობოდა მოპასუხისათვის მიყენებული იმ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, რომელიც მოპასუხეს მიადგა გადაწყვეტილების უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიების შედეგად; ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული განჩინება უნდა აღსრულებულიყო დაუყოვნებლივ და გაცემულიყო სააღსრულებო ფურცელი.
8. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, განმცხადებლის მოთხოვნა ემყარება იმ გარმოებებს, რომ მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) შესაძლოა არაკეთილსინდისიერი აღმოჩნდეს და იმოქმედოს საწარმოს ინტერესების საზიანოდ. შესაძლოა მან მოტყუებით დაირეგისტრიროს თავი საწარმოს დირექტორად და ფინანსური სახსრები განკარგოს, გადამალოს, რის შედეგადაც განუხორციელებელი დარჩება მოსარჩელის მიზანი მოპასუხისგან საწარმოს ინტერესების დაცვის თაობაზე. საზოგადოებისათვის მოპასუხის ქმედებიდან გამომდინარე მოსალოდნელი საფრთხის რეალურობის დასასაბუთებლად კი განმცხადებელმა მიუთითა მოპასუხის მიერ უკვე განხორციელებულ ქმედებებზე. კერძოდ, მისი განმარტებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „დ-ე“-ს ვ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 46768.40 ლარის გადახდა და სწორედ ვ. შ-თან შეთანხმებით ბ. ქ-მა იცრუა, თითქოს ის იყო საწარმოს დირექტორი. სატელეფონო შეტყობინების გზით, როგორც საწარმოს დირექტორმა, ჩაიბარა უწყება სასამართლო სხდომის თაობაზე, შემდეგ კი დაუსწრებელი გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრების ვადაც გაუშვა და დღეისათვის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში. განმცხადებლის მოსაზრებით აღნიშნული წარმოადგენდა ბ. ქ-ისა და ვ. შ-ის მიზანს მოტყუებით დაუფლებოდნენ შპს „დ-ე“-ის დიდი ოდენობით ფულად სახსრებს.
9. გარდა აღნიშნულისა, განმცხადებელმა წარადგინა 2015 წლის 1 დეკემბრით დათარიღებული შპს „დ-ე“-ის პარტნიორთა კრების ოქმი, რომელიც მისი განმარტებით, კიდევ ერთხელ ადასტურებდა მოპასუხის არაკეთილსინდისიერებას და მისი მხრიდან იმის მცდელობას, რომ თავი გამოაცხადოს დირექტორად და მესამე პირები შეიყვანოს შეცდომაში.
10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე, 271-ე მუხლებით, მხედველობაში მიიღო ზემოაღნიშნული გარემოებები და ის ფაქტი, რომ სახეზეა მოსარჩელის სასარგებლოდ საქალაქო სასამართლოს მიერ 2014 წლის 16 მაისს მიღებული გადაწყვეტილება და მიიჩნია, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში გართულდებოდა მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება შეაჩერა გადაწყვეტილების იმ ნაწილზე, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული აქვს ზიანის ანაზღაურება და განმარტა, რომ საგულისხმო იყო განმცხადებლის ის არგუმენტი, რომლის მიხედვითაც, გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ მოპასუხეს ჰქონდა კონკრეტული მცდელობები, რომელთა განხორციელების შემთხვევაშიც საზოგადოებისათვის მიყენებული ზიანი კიდევ უფრო გაიზრდებოდა. ამდენად, პალატის მოსაზრებით, წარდგენილი განცხადება შეიცავდა საკმარის დასაბუთებას იმ ვარაუდის დაშვებისათვის, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულება გართულდებოდა.
11. სასამართლომ განმარტა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება უნდა განხორციელდეს მოპასუხე მხარის კანონიერი ინტერესის გონივრულ ფარგლებში შეზღუდვით და იმ ოდენობით, რაც აუცილებელია მოსარჩელის კანონიერი ინტერესის დაცვისათვის. შესაბამისად, მხარეთა ინტერესების დაბალანსების მიზნით უნდა გამოირიცხოს არაადეკვატური, არათანაზომიერი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. სასამართლოს აზრით, მოცემულ შემთხვევაში დავის საგნის დაცვისა და მოსარჩელის კანონიერი ინტერესების დაცულობისათვის საკმარისი იქნებოდა მოპასუხისათვის გარკვეული (მოთხოვნილი) აკრძალვების დადგენა, რაც მოასრჩელე მხარეს აარიდებდა ზიანის ოდენობის გაზრდის საფრთხეს და არ იყო საჭირო უფრო მკაცრი ღონისძიების - პარტნიორის უფლებამოსილების შეჩერების გამოყენება, რამდენადაც იგი გამოიწვევდა მოპასუხის კანონიერი ინტერესების გაუმართლებელ შეზღუდვას.
12. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ბ. ქ-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:
13. საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება მიჩნეულ უნდა იქნას უკანონოდ, რადგან სასამართლომ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 192-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტი, რომელიც არ არსებობს.
14. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე და 271-ე მუხლები ეხება უშუალოდ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფას. 271-ე მუხლი შეჩერებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინებით.
15. საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო პალატა არ უნდა დაყრდნობოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რადგან ეს საქმე ჯერ არ განხილულა სააპელაციო და საკასაციო წესით. მხოლოდ ამ გარემოებაზე დაყრდნობით უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება კი დაუშვებელია.
16. ასევე დაუშვებელია უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ბ. ქ-ისათვის შპს „დ-ე“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის აკრძალვა, ვინაიდან ქ-ი არ არის მარეგისტრირებელი ორგანო, რომელსაც უფლება აქვს დაარეგისტრიროს ცვლილება. ასეთ ორგანოს წარმოადგენს საჯარო რეესტრი და რეგისტრაციის აკრძალვა შეიძლება მოხდეს მხოლოდ მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ.
17. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 აპრილის განჩინებით ბ. ქ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და იგი საქმის მასალებთან ერთად განსახილველად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
18. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. ქ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივარი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით, ხოლო 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
20. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის შესაბამისად (საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერებულია ამ მუხლის მხოლოდ იმ ნორმატიული შინაარსის მოქმედება, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ გვაქვს), სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად. ამ თავით გათვალისწინებული სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერსების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის, მოცემულ შემთხვევაში, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდეს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, ერთი მხარის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის იმ მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.
21. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.
22. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 მაისის გადაწყვეტილებით შპს „დ-ე“-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხე ბ. ქ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა ზიანის, 188 584 აშშ დოლარის ანაზღაურება; ბ. ქ-ი გათავისუფლდა საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან და გაირიცხა შპს-ს პარტნიორობიდან.
23. აღნიშნულის საფუძველზე შპს „დ-ე“ მოითხოვს მის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების უზრუნველყოფას - მოპასუხე ბ. ქ-ისათვის შპს „დ-ე“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში საქართველოს საჯარო რეესტრში, სამეწარმეო რეესტრსა და სახელმწიფოს სხვა ორგანოებში რაიმე სახის ცვლილებების, დამატებების რეგისტრაციის ან/და წარდგენის აკრძალვას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. განმცხადებელმა ასევე მოითხოვა ბ. ქ-ისთვის შპს „დ-ე“-ის პარტნიორის უფლებამოსილების შეჩერება საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
24. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით შპს „დ-ე“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილებების შეტანის აკრძალვა გაუმართლებელია, რადგან ცვლილების რეგისტრაცია შეუძლია მხოლოდ მარეგისტრირებელ ორგანოს.
25. პალატა მიუთითებს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 51 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნის უფლება აქვს დაინტერესებულ პირს. ტერმინის „დაინტერესებული პირის“ განმარტებას იძლევა კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“, რომლის მე-2 მუხლის „ზ“ პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ან ადმინისტრაციული ორგანო, რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს სააგენტოს გადაწყვეტილება ან ქმედება.
26. ამრიგად, ზემოაღნიშნულ ნორმებზე მითითებით, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ორგანიზაციის სარეგისტრაციო მონაცემებში ნებისმიერი სახის ცვლილების რეგისტრაციას სარეგისტრაციო ორგანო ახორციელებს დაინტერესებული პირის მიმართვის საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში კი, ბ. ქ-ი, როგორც ორგანიზაციის გარკვეული წილის მფლობელი და პარტნიორი, ნამდვილად შეიძლება მოიაზრებოდეს „საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონით განსაზღვრულ დაინტერესებულ პირად. შესაბამისად, დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა საჩივრის ავტორის მოსაზრება, რომ ვინაიდან ცვლილების რეგისტრაცია შეუძლია მხოლოდ მარეგისტრირებელ ორგანოს, ბ. ქ-ისათვის ამ უფლების შეზღუდვა გაუმართლებელია.
27. უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია ასევე საჩივრის ავტორის მითითება იმ გარემოებაზეც, რომ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას სააპელაციო სასამართლოს არ უნდა გაეთვალისწინებინა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შედეგი, რადგან მხარეს შეუძლია სამივე ინსტანციაში ეძებოს სამართალი და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე პრეიუდიციად არ შეიძლება იქნას გამოყენებული რომელიმე ინსტანციის გადაწყვეტილება.
28. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი) შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს ჯერ კიდევ აღუსრულებელი გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. უზრუნველყოფის გამოყენების წინაპირობა კი შეიძლება იყოს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან აღსრულება მნიშვნელოვანწილად გაძნელდება უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გარეშე.
29. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს დასარწმუნებლად საკმარისია მხოლოდ ალბათობის მაღალი ხარისხით იმ გარემოებების არსებობის ვარაუდი, რომელსაც ემყარება მოსარჩელის მოთხოვნა უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობის შესახებ, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა. განმცხადებელი მის მიერ უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საფუძვლად მითითებული ვარაუდის ( ბ. ქ-მა შესაძლოა იმოქმედოს საწარმოს ინტერესების საზიანოდ, მოტყუებით დაირეგისტრიროს თავი საწარმოს დირექტორად, ფინანსური სახსრები განკარგოს და გადამალოს, რის შედეგადაც განუხორციელებელი დარჩება მოსარჩელის მიზანი მოპასუხისაგან საწარმოს ინტერესების დაცვის თაობაზე) გასამყარებლად უთითებს იმ ფაქტზე, რომ ერთ-ერთი სამოქალაქო საქმის განხილვისას, სადაც სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „დ-ე“-ს ვ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა თანხის გადახდა, ბ. ქ-მა ვ. შ-თან შეთანხმებით სასამართლო უწყება ჩაიბარა, როგორც ორგანიზაციის დირექტორმა. სინამდვილეში კი დირექტორი იყო ა. გ., რომელმაც არაფერი იცოდა აღნიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე და არ გამოცხადდა პროცესზე, რის გამოც მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო და ვ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. განმცხადებლის განმარტებით, აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით საწარმოს მიადგა მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი.
30. განმცხადებელმა სასამართლოს ასევე წარუდგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ბ. ქ-ის მიერ შეტანილი განცხადება სუბიექტის რეგისტრირებულ მონაცემებში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელსაც ერთვის ორგანიზაციის კრების ოქმი შპს „დ-ე“-ის დირექტორის, ა. გ-ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისა და აღნიშნულ თანამდებობაზე ბ. ქ-ის დანიშვნის შესახებ და განმარტა, რომ სინამდვილეში ორგანიზაციის კრება არ ყოფილა მოწვეული და ბ. ქ-ს არც ჰქონდა მისი მოწვევის უფლება. მან კრების ოქმი გააყალბა, რათა მოტყუებით შეეტანა ცვლილება შპს „დ-ე“-ის რეგისტრირებულ მონაცემებში და დირექტორად თავისი თავი დაერეგისტრირებინა.
31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ განმცხადებლის მიერ ზემოთ მითითებული გარემოებები სავსებით საკმარისია იმ ვარაუდის შექმნისათვის, რომ სასამართლოს მიერ აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობის შემთხვევაში ბ. ქ-ს შესაძლოა ემოქმედა ორგანიზაციისათვის საზიანოდ. მითუმეტეს, იმ პირობებში, როდესაც საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა შპს „დ-ე“-ის სარჩელი და მოპასუხე ბ. ქ-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დააკისრა ზიანის, 188 584 აშშ დოლარის ანაზღაურება; ამავე გადაწყვეტილებით ბ. ქ-ი გათავისუფლდა საზოგადოების დირექტორის თანამდებობიდან და გაირიცხა შპს-ს პარტნიორობიდან. აღნიშნული გარემოება კიდევ უფრო საფუძვლიანს ხდის განმცხადებლის მოთხოვნას.
32. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ბ. ქ-ის საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ბ. ქ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე