Facebook Twitter

საქმე №ას-454-436-2016 18 ივლისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნ. ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

საჩივრის ავტორი – სს „სადაზღვევო კომპანია ა-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ი-ი“ (შპს „ა-ს“ უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების სხვა სახით შეცვლა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ა-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „სადაზღვევო კომპანია ა-ის“ მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების - 783 491.38 ლარის მოპასუხისთვის დაკისრება; ასევე, მოსარჩელის სასარგებლოდ გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების გადახდის ვადაგადაცილებისათვის პირგასამტეხლოს - 267 605.54 ლარის, 2014 წლის 25 იანვრიდან 2014 წლის 8 აგვისტომდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 783 491 ლარის 0.1%-ის, ხოლო 2014 წილს 8 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 783 491 ლარის 0.02%-ის დაკისრება; მიუღებელი შემოსავლის სახით 2014 წლის 31 ოქტომბრამდე - 185 421 ლარის, ხოლო 2014 წლის 31 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველწლიურად 783 491 ლარის 14%-ის დაკისრება; ასევე სისხლის ექსპრეს ანალიზატორების შეუძენლობის გამო მიუღებელი მოგების, 3 469 016 ლარის, გადაუდებელი დახმარების განყოფილების მოუწყობლობის გამო მიუღებელი მოგების, 1 460 885 ლარისა და ქარელის ჰოსპიტალის პროექტის შეწყვეტის გამო მიუღებელი მოგების, 2 280 018 ლარის დაკისრება.

2. შპს „ა-ს“ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 აპრილის, 2014 წლის 11 ივლისისა და 2015 წლის 23 ივნისის განჩინებებით ყადაღა დაედო:

- შპს „დ-ში’’ სს „სადაზღვევო კომპანია ა-ის“ 100%-იან წილს;

- შპს „ბ-ს მოზრდილთა რაიონულ პოლიკლინიკაში“ სს „სადაზღვევო კომპანია ა-ის“ 100% - იან წილს;

- შპს „ბ-ს რაისაავადმყოფოში“ სს „სადაზღვევო კომპანია ა-ის“ 100%-იან წილს;

- შპს „ბ-ს რაიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური 03“-ში სს „სადაზღვევო კომპანია ა-ის“ 100%-იან წილს.

- შპს „ა-ში’’ სს „სადაზღვევო კომპანია ა-ის“ 100%-იან წილს;

- შპს „ა.მ.“-ში ქ. ბოლნისი (სკ ......) 100%-იან წილს.

- სს „სადაზღვევო კომპანია ა-ს“, როგორც შპს „ა-ს“ და შპს „ა.მ.’’-ს პარტნიორს აეკრძალა შპს „ა-ს“ უძრავი ქონების, აგრეთვე შპს „ა. მ.“-ის უძრავი ქონების, კერძოდ, ქ. დმანისსა (სკ......) და ქ. ბოლნისში (სკ ......) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვის შესახებ გარიგების დადებაზე ამ საწარმოთა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირებისათვის თანხმობის მიცემა;

- შპს „ა-სა“ და შპს „ა. მ.“-ის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს აეკრძალათ შპს „ა-ის“ უძრავი ქონების და შპს „ა. მ.“-ის უძრავი ქონების, კერძოდ ქ. დმანისსა (სკ .......) და ქ. ბოლნისში (სკ ........) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

- ყადაღა დაედო შპს „მ. პ. ს.“-ში სს „სადაზღვევო კომპანია ა-ის“ 100%-იანი წილს;

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს აეკრძალა უძრავ ქონებაზე, მდებარე ქ. ბოლნისში, დ. ა. #...-ში მდებარე მიწის (უძრავი ქონების) (ს.კ. ....) და ქ. დმანისში, წ. ნ. N...-ში მდებარე მიწის (უძრავი ქონების) (ს.კ. ......) შპს „ა. მ.“-ის (ს.კ. ......) საკუთრების უფლების შეწყვეტის რეგისტრაცია.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ა-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე შპს ,,სადაზღვევო კომპანია ა-ს’’ შპს ,,ა-ს’’ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა გაწეული მომსახურების საფასური - 783 491 ლარი; პირგასამტეხლო 2014 წლის 25 იანვრამდე - 267 605.54 ლარი; 2014 წლის 25 იანვრიდან 2014 წლის 8 აგვისტომდე 783 491 ლარის 0.1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; 2014 წლის 8 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე 783 491 ლარის 0.02% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; მიუღებელი შემოსავლის სახით - 2014 წლის 31 ოქტომბრამდე - 185 421 ლარი; 2014 წლის 31 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - 783 491 ლარის 14% ყოველწლიურად; შპს ,,ა-ს’’ მოთხოვნა სისხლის ექსპრეს ანალიზატორების შეუძენლობის გამო მიუღებელი მოგების 3 469 016 ლარის, გადაუდებელი დახმარების განყოფილების მოუწყობლობის გამო მიუღებელი მოგების 1 460 885 ლარისა და ქარელის ჰოსპიტალის პროექტის შეწყვეტის გამო მიუღებელი მოგების 2 280 018 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „სადაზღვევო კომპანია ა-მა“. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 იანვრის საოქმო განჩინებით შპს „ა-ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „ი-ის“ და დამტკიცდა მორიგება სს „სადაზღვევო კომპანია ა-ს“, შპს „ი-ისა“ და შპს „ა-ს“ შორის შემდეგი პირობებით: მხარეები შეთანხმდნენ, რომ სს „სადაზღვევო კომპანია ა-ი“ შპს „ი-ის“ მიმართ უზრუნველყოფდა 975 000 (ცხრაას სამოცდათხუთმეტი ათასი) ლარის გადახდას შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით: 2016 წლის 1 მარტამდე 180 000 (ასოთხმოცი ათასი) ლარი; 2016 წლის 1 აპრილამდე 265 000 (ორასსამოცდახუთი ათასი) ლარი; 2016 წლის 1 მაისამდე 265 000 (ორასსამოცდახუთი ათასი) ლარი და 2016 წლის 1 ივნისამდე 265 000 (ორასსამოცდახუთი ათასი) ლარი. ამავე განჩინების თანახმად, მორიგების აქტში მითითებულ სამოქალაქო საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ყველა ღონისძიება ძალაში რჩებოდა სს „სადაზღვევო კომპანია ა-ის“ მიერ ამ მორიგების აქტით გათვალისწინებული ფინანსური ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რის შემდეგაც უზრუნველყოფის ღონისძიებები გაუქმდებოდა სასამართლოს მიერ კანონით დადგენილი წესით. ზემოაღნიშნული მორიგების პირობების დამტკიცების შემდეგ თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ფიზიკურმა პირებმა, ნ. გ-მა, ც. ი-მა და სხვებმა და მოითხოვეს მოსარჩელე, შპს „ა-ს“ უფლებამონაცვლედ შპს „ი-ის“ ცნობისა და მხარეთა შორის დამტკიცებული მორიგების პირობების თაობაზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებების გაბათილება და საქმის წარმოების განახლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინებით განცხადება მიღებულ იქნა განსახილველად და სს „სადაზღვევო კომპანია ა-ს“ აეკრძალა - შპს „ი-ის“ მიმართ 2016 წლის 28 იანვარის მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება - თანხების გადარიცხვა: 2016 წლის 1 აპრილს 265 000 ლარის გადახდა/გადარიცხვა; 2016 წლის 1 მაისს 265000 ლარის გადახდა/გადარიცხვა; 2016 წლის 1 ივნისს 265000 ლარის გადახდა/გადარიცხვა. 2016 წლის 4 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა სს „სადაზღვევო კომპანია ა-ის“ გენერალურმა დირექტორმა და მოითხოვა შპს „ა-ს“ სარჩელის უზრუნველსაყოფად თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 19 აპრილის, 2014 წლის 11 ივლისისა და 2015 წლის 23 ივნისის განჩინებებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებების გაუქმება და აღნიშნული ღონისძიებების შეცვლა სხვა საშუალებით, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 იანვრის მორიგების პირობებით დადგენილი ვალდებულების ოდენობის (795 000 ლარის ფარგლებში) საბანკო გარანტიით ჩანაცვლება. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის განჩინებით სს „სადაზღვევო კომპანია ა-ის“ განცხადება არ დაკმაყოფილდა. საპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლზე, რომელიც განამტკიცებს სამოქალაქო სამართალწარმოებისათვის ფუნდამეტურ დისპოზიციურობის პრინციპს, რაც უმთავრესად ნიშნავს მხარეთა მიერ საკუთარი ნების საფუძველზე კანონით მათთვის მინიჭებული უფლებების განკარგვას და აღნიშნა, რომ დასახელებულ უფლებათა შორის აღსანიშნავია ამავე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული მხარეთა უფლება, დავის შეწყვეტის მიზნით, სადავო საკითხებზე ერთმანეთის მიმართ გარკვეული პირობების დაწესების გზით მიაღწიონ შეთანხმებას, ანუ მორიგდნენ, რაც ორმხრივ მავალდებულებელია და სასამართლოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, იძენს სავალდებულოდ აღსასრულებელ ძალას. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მხარეები შებოჭილი არიან მორიგების დროს გამოვლენილი ნებით იმ შემთხვევაშიც, თუ ეს მათთვის ზიანის მომტანია. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მორიგების დროს მხარეები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის შესაბამისად შეთანხმდნენ, რომ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები შენარჩუნებული იქნებოდა ვალდებულების სრულად შესრულებამდე, რაც უნდა შესრულდეს 2016 წლის 1 ივნისამდე. ასეთ ვითარებაში კი სასამართლოს აზრით, უსაფუძვლო იყო მოპასუხის მოთხოვნა მხარეთა მიერ შეთანხმებული მორიგების პირობების ცალმხრივად შეცვლისა და გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებების სხვა სახით შეცვლის თაობაზე. სასამართლომ გაიზიარა ასევე მოწინააღმდეგე მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ განცხადების დაკმაყოფილების და საქმის წარმოების განახლების შემთხევაში, მოპასუხის მიერ შემოთავაზებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას შესაძლოა ვერ უზრუნველეყო მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. საპელაციო სასამართლოს განჩინება საჩივრით გაასაჩივრა სს „სადაზღვევო კომპანია ა-მა“ შემდეგ გარემოებებზე მითითებით: მხარეთა მორიგების თანახმად, სს „სადაზღვევო კომპანია ა-მა“ შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად უნდა დაასრულოს ფულადი ვალდებულების შესრულება 2016 წლის 1 ივნისამდე. კერძოდ, 2016 წლის 1 აპრილს, 1 მაისს და 1 ივნისს, თანაბარწილად ყოველ გადახდაზე 265 000 ლარის ოდენობით. საჩივრის ავტორის აზრით, ამ ვადის დაცვა შეუძლებელი იქნება, ვინაიდან 2016 წლის 30 მარტის განჩინებით სს „სადაზღვევო კომპანია ა-ს“ აეკრძალა შპს „ი-ის“ მიმართ ზემოხსენებული გრაფიკით ვალდებულებების შესრულება. ამდენად, მორიგების პირობების თანახმად, ვალდებულება არის შეუსრულებელი; ამასთან, სრულად შეცვლილია მორიგების აქტით შეთანხმებული პირობები და დღეისათვის არსებული მდგომარეობის თანახმად, მხარეები არ დადებდნენ ამ გარიგებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, სადაც ეს ცვლილებები იქნებოდა გათვალისწინებული. საჩივრის ავტორის განცხადებით, ყადაღის არსებობა კომპანიის ქონებაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში კომპანიას აყენებს სერიოზულ ზიანს, ვინაიდან არსებული კანონმდებლობით ყადაღის პირობებში კომპანიას ეზღუდება ტენდერებში მონაწილეობის მიღება. მისივე განმარტებით, დაუსაბუთებელია ასევე სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ საქმის წარმოების განახლების შემთხვევაში, რომლის გამოც იქნა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებები, საჩივრის ავტორის მიერ შემოთავაზებულმა უზრუნველყოფის ღონისძიებამ შესაძლოა ვერ უზრუნველყოს მოსარჩელის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება. საჩივრის ავტორის აზრით, მის მიერ შეთავაზებული უზრუნველყოფის ღონისძიება - საბანკო გარანტია - ბევრად უკეთეს და ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს იმისათვის, რათა კრედიტორმა ისეთი გაჭიანურებული პროცედურების დაცვის გარეშე, როგორიცაა დაყადაღებული ქონების აუქციონის წესით რეალიზაცია, დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მაისის განჩინებით სს „სადაზღვევო კომპანია ა-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდა და საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს. 2016 წლის 29 ივნისს სს „სადაზღვევო კომპანია ა-ის“ წარმომადგენელმა უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა შუამდგომლობა, რომლითაც მოითხოვა საჩივრის განხილვა ზეპირი მოსმენით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

17. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, სს „სადაზღვევო კომპანია ა-ის“ საჩივრისა და წარმოდგენილი შუამდგომლობის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივრის ავტორის შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს წარმოდგენილი საჩივარი შემდეგ გარემოებათა გამო:

18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში საჩივრი განიხილება ამ კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით დადგენილი წესებით. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, განჩინება გამოიტანება საქმის ზეპირი განხილვის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს საჩივრის ზეპირი განხილვაც, თუ ეს საჭიროა და ხელს უწყობს საქმის გარემოებების გარკვევას.

19. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საქმის გარემოებათა გარკვევის მიზნით ზეპირი მოსმენის აუცილებლობა. შესაბამისად, წარმოდგენილი საჩივარი განხილულ უნდა იქნას ზეპირი მოსმენის გარეშე.

20. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს სააპელაციო პალატის განჩინების კანონიერება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მხარის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის ღონისძიების მეორეთი შეცვლის შესახებ.

21. საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ და მეორე ნაწილებზე, რომელთა თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელიც უნდა შეიცავდეს მითითებას იმ გარემოებებზე, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას და შესაბამის დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გატარება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. თუ სასამართლოს გაუჩნდება დასაბუთებული ვარაუდი, რომ უზრუნველყოფის ღონისძიებათა განუხორციელებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, იგი გამოიტანს განჩინებას სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება მოსამართლის ვარაუდს, რომ მხარის სასარჩელო მოთხოვნა შეიძლება დაკმაყოფილდეს. ასეთი ვარაუდი გავლენას არ ახდენს სასამართლოს მიერ შემდგომი გადაწყვეტილების გამოტანაზე.

22. დასახელებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, კანონმდებელი შესაძლებლობას აძლევს მოსარჩელე მხარეს, მხოლოდ საკუთარი კანონიერი უფლებების დაცვის მიზნით, მოითხოვოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. ამისათვის მოსარჩელემ სარწმუნოდ უნდა დაასაბუთოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროება, რათა სასამართლოს შეუქმნას რწმენა კონკრეტულ გარემოებათა საფუძველზე გადაწყვეტილების უზრუნველყოფის აუცილებლობის შესახებ.

23. აღნიშნული საკითხების დამაჯერებლად დამტკიცება მნიშვნელოვანია, რამდენადაც მსგავსი სახის უზრუნველყოფა წარმოადგენს ერთი მხარისათვის თავისი უფლებების დაცვის გარანტს, ხოლო მეორე მხარეს უზღუდავს კანონიერი უფლებების განხორციელების შესაძლებლობას. შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის საკითხის გადაწყვეტისას და ერთ-ერთი მხარის უფლებების თუნდაც კანონისმიერ ფარგლებში შეზღუდვისას სასამართლო უნდა ემყარებოდეს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ აღნიშნული საპროცესო ღონისძიების გატარების გარეშე ობიექტურად შეუძლებელი გახდება ან მნიშვნელოვნად გართულდება საქმის განხილვის სამართლებრივი შედეგის – სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება.

24. ამდენად, საკუთრების ნებისმიერი შეზღუდვის შემთხვევაში, შეზღუდვა უნდა განხორციელდეს მხარის ინტერესთა შორის სამართლიანი ბალანსისა და პროპორციულობის პრინციპის გათვალისწინებით. საკუთრების უფლებაში ჩარევა უნდა პასუხობდეს დასახულ მიზანს და იმდენად უნდა იწვევდეს მესაკუთრის უფლებების შეზღუდვას, რამდენადაც ეს აუცილებელია ამ მიზნის მისაღწევად.

25. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ მოცემულ შემთხვევაში უზრუნველყოფის ღონისძიების ცვლილება გამართლებულია და შესაძლებელია 795 000 ლარის ოდენობის საბანკო გარანტიის გამოყენებით უზრუნველყოფილ იქნას სარჩელი.

26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა თხოვნით დასაშვებია სარჩელის უზრუნველყოფის ერთი სახის მეორით შეცვლა.

27. ზემოაღნიშნული ნორმით გათვალისწინებული შესაძლებლობა გამოიყენება ისეთ დროს, როდესაც მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს, რომ ამგვარი ცვლილების განხორციელებით საშიშროება არ დაემუქრება არც სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას და არც მოწინააღმდეგე მხარის კანონიერ ინტერესებს.

28. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ფულადი თანხების გადახდევინების შესახებ სარჩელის უზრუნველყოფისას მოპასუხეს შეუძლია მიღებულ უზრუნველყოფის ღონისძიებათა ნაცვლად მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა შეიტანოს სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე. აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს მოპასუხის მხრიდან სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის და არა საკუთარი შეხედულებისამებრ განსაზღვრული თანხის განთავსებას. იგივე პრინციპი გამოიყენება სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსების ნაცვლად მოპასუხის მხრიდან საბანკო გარანტიის შეთავაზებისას. საბანკო გარანტია გაცემული უნდა იყოს მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ თანხაზე.

29. საკასაციო სასამართლო საჩივრის ავტორის ყურადღებს დამატებით მიაქცევს შემდეგ გარემოებაზე: მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 იანვრის საოქმო განჩინების აღსრულება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის შესაბამისად, დროებით შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინებით, აღნიშნული საოქმო განჩინება და ამ განჩნებით დამტკიცებული მორიგება კვლავ კანონიერ ძალაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არ საჩივრდება და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის შესაბამისად, ერთ-ერთი მხარის განცხადების საფუძველზე არ არსებობს მისი შეცვლის მექნიზმი (შესაბამისად, შეუძლებელია განჩინებით დამტკიცებული მორიგების რომელიმე პირობის შეცვლაც), გარდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 421-432-ე მუხლებით გათვალისწინებული პროცედურისა.

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული განჩინების (და შესაბამისად, განჩინებით დამტკიცებული მორიგების) ბათილად ცნობის შესაძლებლობას. ასეთი მოთხოვნა უკვე წარდგენილია განმცხადებლების ნ. გ-ის, ც. ი-ისა და სხვათა მიერ და იგი თბილისის სააპელაციო სასამართლომ მიიღო წარმოებაში.

31. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული განცხადება მიჩნეულ იქნება საფუძვლიანად, გაუქმდება თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებები მოსარჩელე შპს „ა-ს“ უფლებამონაცვლედ შპს „ი-ის“ ცნობისა და მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების შესახებ. შედეგად, განახლდება საქმის წარმოება, ერთის მხრივ, შპს „ა-ს“, როგორც მოსარჩელესა და მეორეს მხრივ, შპს „სადაზღვევო კომპანია ა-ს“, როგორც მოპასუხეს შორის სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თანხების მოცულობაზე, რომელიც ბევრად აღემატება როგორც მორიგების პირობებით გათვალისწინებული თანხის ჯამურ მოცულობას (975 000 ლარს), ისე იმ თანხას (795 000 ლარს), რომელზეც მხარემ საბანკო გარანტია წარმოადგინა.

32. საკასაციო პალატა თვლის, რომ საქმის განხილვის მოცემულ ეტაპზე შეუძლებელია იმის განსაზღვრა, საქმის განახლების შემთხვევაში, რა ქმედებებს განახორციელებს მოსარჩელე (მას შეუძლია შეამციროს მოთხოვნა, ან ხელახლა მოურიგდეს მოპასუხეს, რა შემთხვევაშიც, შესაძლებელია მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საბანკო განარტია გახდეს უზრუნველყოფის ადექვატური და უფრო უკეთესი საშუალება). თუმცა მოცემულ ეტაპზე, მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საბანკო გარანტია 795 000 ლარზე არ არის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის შესაბამისი.

33. საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ საქმის განახლების შემთხვევაში, განახლებისთანავე და განხილვის ნებისმიერ ეტაპზე მოპასუხეს უფლება აქვს კვლავ იშუამდგომლოს სასამართლოს წინაშე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიებების სხვა ღონისძიებით, მათ შორის, საბანკო გარანტიით შეცვლაზე, რაც სასამართლოს მისცემს საშუალებას ახალი გარემოებების გათვალისწინებით კვლავ იმსჯელოს ამ საკითხზე.

34. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმის წარმოების ამ ეტაპზე არ არსებობს საჩივრის დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლები. შესაბამისად თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „სადაზღვევო კომპანია ა-ის“ შუამდგომლობა საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

2. შპს „სადაზღვევო კომპანია ა-ის“ საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელი;

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ბ. ალავიძე