საქმე №ას-454-436-2016 19 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნ. ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ე. გასიტაშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ი-ს“ (შპს „ა-ს" უფლებამონაცვლე) (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „სადაზღვევო კომპანია ა-ი“ (მოპასუხე)
განმცხადებლები – ნ. გ-ი, ც. ი-ი, ლ. წ-ი, გ. თ-ი, თ. ქ-ი, ლ. ქ-ე, რ. ხ-ი, ლ. მ-ი, ლ. ვ-ი, მ. დ-ი, კ. თ-ე, დ. ზ-ი, ო. ნ-ი, ე. ბ-ე, ს. ზ-ი, ქ. ჯ-ე, ნ. ე-ი, ნ. დ-ი, ე. კ-ე, მ. თ-ი, თ. გ-ი, ი. ბ-ე, ქ. ი-ე, ი. ვ-ი, ნ. ფ-ი, თ. ნ-ი, მ. მ-ი, ნ. ბ-ე, გ. ზ-ი, მ. ქ-ი, მ. ქ-ე, ნ. მ-ი, მ. კ-ი, რ. ბ-ი, მ. გ-ი, გ. ს-ი, დ. ზ-ი, ლ. რ-ი, ა. ხ-ი, თ. გ-ი, ნ. კ-ე, ზ. მ-ი, გ. ნ-ი, მ. გ-ი, ნ. მ-ი, ფ. ი-ა, რ. გ-ი, ქ. გ-ი, მ. წ-ი, ნ. გ-ი, ე. ფ-ე, ნ. ჩ-ე, ი. ს-ი, ზ. ო-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ა-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „სადაზღვევო კომპანია ა-ის“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე. ასევე შეგებებული სარჩელი აღძრა შპს „სადაზღვევო კომპანია ა-მა“ შპს „ა-ს“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
2. მოპასუხე შპს „სადაზღვევო კომპანია ა-მა“ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.
3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით შპს „ა-ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.
4. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „სადაზღვევო კომპანია ა-მა“ და შპს „ა-მ“.
5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა შპს „ა-ს“ წარმომადგენელმა და მოითხოვა შპს „ა-ს“ უფლებამონაცვლედ შპს „ი-ს“ ჩართვა.
6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის საოქმო განჩინებით შპს „ა-ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა კომპანია შპს „ი-ს“; საქმეში მესამე პირად მოსარჩელის მხარეს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე ჩაბმულ იქნა შპს „ა-“; შეწყდა წარმოება შპს „სადაზღვევო კომპანია ა-ის“ საჩივარზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე დავის საგნის არარსებობის გამო; შეწყდა წარმოება შპს „ა-ს“ საჩივარზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფაზე უარის თქმის შესახებ განჩინების გაუქმების თაობაზე დავის საგნის არარსებობის გამო; ამავე საოქმო განჩინებით მხარეთა შორის დამტკიცდა მორიგება და ერთის მხრივ შპს „ი-ს“ და, მეორეს მხრივ, სს „სადაზღვევო კომპანია ა-ი“ შეთანხმდნენ, რომ სს „სადაზღვევო კომპანია ა-ი“ შპს „ი-ს“ მიმართ უზრუნველყოფდა 975 000 ლარის გადახდას შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სს „სადაზღვევო კომპანია ა-ი“ დაარღვევდა შეთანხმებული გრაფიკის პირობებს, მას დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ვადამოსული გადასახდელი თანხის 0,1 %-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; მხარეთა მორიგების გამო გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება და სამოქალაქო საქმეზე შეწყდა წარმოება.
7. 2016 წლის 24 მარტს სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ნ. გ-მა, ც. ი-მა, ლ. წ-მა, გ. თ-მა, თ. ქ-მა, ლ. ქ-ემ, რ. ხ-მა, ლ. მ-მა, ლ. ვ-მა, მ. დ-მა, კ. თ-ემ, დ. ზ-მა, ო. ნ-მა, ე. ბ-ემ, ს. ზ-მა, ქ. ჯ-ემ, ნ. ე-მა, ნ. დ-მა, ე. კ-ემ, მ. თ-მა, თ. გ-მა, ი. ბ-ემ, ქ. ი-ემ, ი. ვ-მა, ნ. ფ-მა, თ. ნ-მა, მ. მ-მა, ნ. ბ-ემ, გ. ზ-მა, მ. ქ-მა, მ. ქ-ემ, ნ. მ-მა, მ. კ-მა, რ. ბ-მა, მ. გ-მა, გ. ს-მა, დ. ზ-მა, ლ. რ-მა, ა. ხ-მა, თ. გ-მა, ნ. კ-ემ, ზ. მ-მა, გ. ნ-მა, მ. გ-მა, ნ. მ-მა, ფ. ი-ამ, რ. გ-მა, ქ. გ-მა, მ. წ-მა, ნ. გ-მა, ე. ფ-ემ, ნ. ჩ-ემ, ი. ს-მა და ზ. ო-ემ და მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის კანონიერ ძალაში შესული საოქმო განჩინების ბათილად ცნობა იმ ნაწილში, რომლითაც შპს „ა-ს“ უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა კომპანია შპს „ი-ს“, ასევე იმ ნაწილში, რომლითაც სს „სადაზღვევო კომპანია ა-მა“ იკისრა ვალდებულება დავალიანების 975 000 ლარის გადახდა უზრუნველყოს შპს „ი-ს“ სასარგებლოდ; განმცხადებელებმა ასევე მოითხოვეს 2016 წლის 28 იანვრის მორიგების აქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, სს „სადაზღვევო კომპანია ა-ისათვის“ შპს „ი-ს“ მიმართ ქონებისა და ფულადი თანხების გადაცემისა და ასევე, შპს „ი-სათვის“ სადაზღვევო კომპანიის მიმართ არსებული დარჩენილი მოთხოვნის (795 000 ლარი) დაგირავების, ვალდებულებით სხვაგვარად დატვირთვის ან/და გასხვისების აკრძალვა.
8. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინებით ნ. გ-ის, ც. ი-ის, ლ. წ-ის, გ. თ-ის, თ. ქ-ის, ლ. ქ-ის, რ. ხ-ის, ლ. მ-ის, ლ. ვ-ის, მ. დ-ის, კ. თ-ის, დ. ზ-ის, ო. ნ-ის, ე. ბ-ის, ს. ზ-ის, ქ. ჯ-ის, ნ. ე-ის, ნ. დ-ის, ე. კ-ის, მ. თ-ის, თ. გ-ის, ი. ბ-ის, ქ. ი-ის, ი. ვ-ის, ნ. ფ-ის, თ. ნ-ის, მ. მ-ის, ნ. ბ-ის, გ. ზ-ის, მ. ქ-ის, მ. ქ-ის, ნ. მ-ის, მ. კ-ის, რ. ბ-ის, მ. გ-ის, გ. ს-ის, დ. ზ-ის, ლ. რ-ის, ა. ხ-ის, თ. გ-ის, ნ. კ-ის, ზ. მ-ის, გ. ნ-ის, მ. გ-ის, ნ. მ-ის, ფ. ი-ას, რ. გ-ის, ქ. გ-ის, მ. წ-ის, ნ. გ-ის, ე. ფ-ის, ნ. ჩ-ის, ი. ს-ისა და ზ. ო-ის განცხადება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ მიღებულ იქნა განსახილველად; აეკრძალა სს „სადაზღვევო კომპანია ა-ს“ (ს/კ 204491344) შპს „ი-ს“ მიმართ 2016 წლის 28 იანვრის მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება - თანხის გადარიცხვა: 2016 წლის 1 აპრილს 26 5000 ლარის გადახდა/გადარიცხვა; 2016 წლის 1 მაისს 265 000 ლარის გადახდა/გადარიცხვა; 2016 წლის 1 ივნისს 265 000 ლარის გადახდა/გადარიცხვა.
9. სააპელაციო სასასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე, 427-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ განცხადება აკმაყოფილებს აღნიშნული მუხლების მოთხოვნებს და არსებობდა მისი წარმოებაში მიღების საფუძველი.
10. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინებით შპს ,,ა-ს” უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა შპს „ი-ს“, რომელიც შპს ,,ა-ს” 100%-იანი წილის მფლობელია. უფლებამონაცვლეობის დაშვების საფუძველს წარმოდგენდა შპს ,,სადაზღვევო კომპანია ა-ის” მიმართ შპს ,,ა-ს” არსებული მოთხოვნის (რომელიც წარმოშობილია სავალდებულო სახელმწოფო დაზღვევის ფარგლებში განხორციელეული სამედიცინო მოთხოვნის საფუძველზე) შპს ,,ი-სთვის“ დათმობის ხელშეკრულება. ასევე დამტკიცდა მორიგება მხარეებს შორის და მოპასუხემ იკისრა ვალდებულება შპს „ი-სათვის“ გადაეხადა 975 000 ლარი შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით.
11. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ განმცხადებლები მუშაობდნენ შპს ,,ა-ში” და ამ უკანასკნელს გააჩნდა განმცხადებელთა მიმართ შეუსრულებელი ვალდებულებები სახელფასო დავალიანების სახით. განმცხადებელთა მოთხოვნა შპს ,,ა-ს” მიმართ დადასტურებული იყო ასევე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო აქტებით; შპს ,,ა-” არაერთგზის რეგისტრირებული იყო მოვალეთა რეესტრში, რაც, პალატის მოსაზრებით, მიუთითებდა იმაზე, რომ მას არ გააჩნდა არსებული ვალდებულებების შერულების შესაძლებობა.
12. განმცხადებლების განმარტებით, მოთხოვნის უფლების დათმობით შპს ,,ა-მა” თავი აარიდა მათ წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას და იმ შემთხვევაში, თუ მოვალე სრულად შეასრულებდა გასაჩივრებული განჩინების საფუძველზე მის ვალდებულებას შპს „ი-ს“ სასარგებლოდ, ისინი ვეღარ შეძლებდნენ შპს ,,ა-ს” მიმართ არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
13. სააპელაციო სასამრთლომ მიიჩნია, რომ ასეთ ვითარებაში, აღსრულების შეუჩერებლობას შესაძლოა უფრო მეტი ზიანი მიეყენებინა განმცხადებლებისათვის, ვიდრე აღსრულების შეჩერებას იმ მხარისათვის, რომლის სასარგებლოდაც მიმდინარეობდა აღსრულება.
14. განმცხადებლების მიერ წარმოდგენილი შპს ,,სადაზღვევო კომპანია ა-ის” 2016 წლის 22 მარტის წერილით სააპელაციო სასამართლომ გამოარკვია, რომ სადაზღვევო კომპანია ნებაყოფლობით ასრულებდა მორიგებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. შესაბამისად, მიიჩნია, რომ თბილისის სააპლაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 იანვრის განჩინების აღსრულების შეჩერების მიზნით შპს ,,სადაზღვევო კომპანია ა-ს” უნდა აკრძალვოდა შპს „ი-ს“ სასარგებლოდ 2016 წლის 28 იანვრის მორიგების აქტით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება - თანხების გადარიცხვა.
15. სასამართლომ განმარტა, რომ თავდაპირველად განმცხადებელები ასევე მოითხოვდნენ შპს „ი-სათვის“ სადაზღვევო კომპანიის მიმართ არსებული დარჩენილი მოთხოვნის (795000 ლარი) დაგირავების, ვალდებულებით სხვაგვარად დატვირთვის ან/და გასხვისების აკრძალვას, 2016 წლის 29 მარტის განცხადებაში კი მოითხოვეს მხოლოდ განჩინების აღსრულების შეჩერება, ამიტომ სასამართლომ საჭიროდ აღარ მიიჩნია აღნიშნულ მოთხოვნაზე მსჯელობა.
16. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ი-მ“ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
17. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაში არ არის გაცემული პასუხი კითხვაზე, რა არგუმენტებს დაეყრდნო სასამართლო გადაწყვეტილების ბათილობის თაობაზე განცხადების წარმოებაში მიღებისა და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებისას.
18. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილი ითვალისწინებს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) ბათილად ცნობის სამ შემთხვევას, თუმცა სააპელაციო სასამართლო არ უთითებს, რომელი საფუძველია გამოყენებული მოცემულ შემთხვევაში.
19. განმცხადებლებს აქვთ ერთადერთი ინტერესი - შპს „ა-სგან“ რეალურად მიიღონ სასამართლო გადაწყვეტილებებით დაკისრებული თანხები, ანუ შეძლონ მათ სასარგებლოდ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლების ამ ინტერესების დაცვა (სასამართლო გადაწყვეტილებიების რეალურად აღსრულების უზრუნველყოფა) გარანტირებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით სარჩელის აღძვრამდე, სარჩელის აღძვრის შემდეგ და სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგაც კი, სარჩელის ან გადაწყვეტილების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების გზით. ამიტომ არასამართლიანია კანონით მინიჭებული უფლებების და ინტერესების დაცვის კანონიერი შესაძლებლობების გამოუყენებლობით მხარის მდგომარეობის გაუარესების კომპენსირება მოხდეს სხვა კრედიტორის კანონიერი უფლებების და ინტერესების შელახვის ხარჯზე.
20. სასამართლო არ ასაბუთებს, თუ რატომ შეიძლება მიადგეთ უფრო მეტი ზიანი განმცხადებლებს აღსრულების შეუჩერებლობით, ვიდრე კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერებით აღსრულებით დაინტერესებულ მხარეს.
21. კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ იგნორირება გაუკეთა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის ბოლო წინადადებას, რომელიც ადგენს გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების შესახებ საკითხის გადაწყვეტის მნიშვნელოვან და აუცილებელ პირობას - გარანტიას, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონს, დამკვიდრებულ პრაქტიკას და დისკრიმინაციულია კრედიტორ შპს „ი-ს“ მიმართ.
22. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, გასაჩივრებული განჩინება უკანონოა იმ საფუძვლითაც, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების მიზნით სააპელაციო სასამართლომ შპს „სადაზღვევო კომპანია ა-ს“ აუკრძალა შპს „ი-სათვის“ 795 000 ლარის გადახდა/გადარიცხვა. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ზემოთაღნიშნული თანხა ბევრად აღემატება განცხადებაში მითითებულ თანხას, რომელიც თავად განმცხადებლების მითითებით, შპს „ა-თან“ სასამართლოში მიღწეული შეთანხმებით შეადგენს 185 936 ლარს. გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულების შეჩერების მიზნით გამოიყენა აშკარად არაადეკვატური ზომა, რომელიც სცილდება იმ ინტერესის ფარგლებს, რომლის დაცვისთვისაც მიიღო კანონიერ ძალაში შესული განჩინების აღსრულების შეჩერების ზომები.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
23. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ი-ს“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
24. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის შესაბამისად, საქმის წარმობის განახლების შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობა კერძო საჩივრით არ საჩივრდება. ამიტომ წარმოდგენილი კერძო საჩივრის ფარგლებში საკასაციო სასამართლო ამოწმებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების მხოლოდ იმ ნაწილს, რომლითაც სასამართლომ დროებით შეაჩერა საკუთარი გადაწყვეტილების (მოცემულ შემთხვევაში, განჩინებით დამტკიცებული მორიგების ერთ-ერთი პირობის) აღსრულება.
26. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლები ითხოვენ სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინებების ბათილად ცნობას იმ ნაწილში, რომლითაც (1) სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელეს მოცემულ საქმეში შპს „ა-ს“ ნაცვლად წარმოადგენს შპს „ი-ს“; და (2) სასამართლომ დაამტკიცა შპს „ი-სა“ და შპს „სადაზღვევო კომპანია ა-ს“ შორის მორიგების აქტი.
27. იმ შემთხვევაში თუ სასამართლო განცხადებას საფუძვლ.დ ჩათვლის და გააუქმებს თავის განჩინებებს უფლებამონაცვლეობისა და მორიგების აქტის დამტკიცების შესახებ, მაშინ კერძო საჩივრის ავტორი - შპს „ი-ს“, რომელიც ამჟამად წარმოადგენს შპს „ა-ს“ უფლებამონაცვლეს, აღარ იქნება მოსარჩელე მხარე და მასსა და მოპასუხეს შორის სასამართლოს მიერ დამტკიცებული მორიგების პირობების შესრულებას სამართლებრივი საფუძველი გამოეცლება. ამავე დროს, მორიგების პირობებით გათვალისწინებული თანხების გადახდას საფუძველი გამოეცლება სრულად და არა მხოლოდ იმ ნაწილში, რასაც წარმოადგენს შპს „ა-ს“ დავალიანება განმცხადებლების მიმართ, რადგან დავა განახლდება, ერთის მხრივ, შპს „ა-ს“, როგორც მოსარჩელესა და, მეორეს მხრივ, სს „სადაზღვევო კომპანია ა-ს“, როგორც მოპასუხეს შორის დავალიანების მთლიან მოცულობაზე, რომელიც ბევრად აღემატება მორიგების პირობებით გათვალისწინებული თანხის ჯამურ მოცულობას. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას, რომ მორიგების პირობებით გათვალისწინებული მთლიანი თანხის გადახდის აკრძალვით სასამართლომ აღსრულების შეჩერების არაადექვატური ზომა გამოიყენა.
28. ზემოაღნიშნული საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტებს იმის შესახებ, რომ სასამართლომ ვერ დაასაბუთა აღსრულების შეუჩერებლობამ რატომ შეიძლება უფრო მეტი ზიანი მიაყენოს განმცხადებლებს, ვიდრე იმ მხარეს, რომლის სასარგებლოდაც მიმდინარეობს აღსრულება; ასევე, პრეტენზიას, რომ სასამართლომ განმცხადებლებს უსაფუძვლოდ არ მოსთხოვა შესაბამისი გარანტიები.
29. კერძო საჩივრის ავტორის მხოლოდ ზოგადი მითითება, რომ სასამართლოს განჩინებით მისთვის ფულადი სახსრების გადახდის დაყოვნებით მას მნიშვნელოვანი ზიანი ადგება და ეს ზიანი ზედმეტი დასაბუთებისა და მტკიცების გარეშეც ერთმნიშვნელოვნად ცალსახაა, მოცემულ შემთხვევაში საკმარისი ვერ იქნება.
30. როგორც უკვე აღინიშნა, განცხადებით, რომელიც დასაშვებად ცნო სასამართლომ, მოთხოვნილია მოსარჩელის უფლებამონაცვლედ და თანხების მიღებაზე უფლებამოსილ პირად შპს „ი-ს“ ცნობის და მხარეთა შორის მორიგების დამტკიცების თაობაზე განჩინების გაბათილება. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდება და საქმის წარმოება განახლდება, შპს „ი-ს“, როგორც უფლებამონაცვლის მიმართ, თანხის გადახდას შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი გამოეცლება.
31. ამავე დროს, როცა მეორე მხარეს დგას სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურებული ფინანსური მოთხოვნა და განმცხადებლები, რომლებიც მოსარჩელის თანამშრომლები არიან, მიუთითებენ, რომ მხარეთა უფლებამონაცვლეობა (კერძოდ, მოსარჩელე კომპანიის მხრიდან მოპასუხისადმი საკუთარი მოთხოვნის დათმობა მშობელ კომპანიაზე, შპს „ი-სიზე“) მოხდა მხოლოდ შპს „ა-ს“ მიერ განმცხადებლების მიმართ შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებისადმი თავის არიდების მიზნით, ასეთ პირობებში, ზემოაღნიშნული გარემოებების საპირისპიროდ, კერძო საჩივრის ავტორის, შპს „ი-ს“ მხრიდან საჭიროა უფრო კონკრეტული დასაბუთება, რა ზიანი შეიძლება მიადგეს მას მორიგების პირობების შეუსრულებლობით და რატომ არ არის მართებული სასამართლოს შეფასება, რომ ეს ზიანი არ აღემატება განმცხადებლებისათვის მოსალოდნელ ზიანს ან რა იქნებოდა ის შესაბამისი გარანტიები, რაც სასამართლოს განმცხადებლებისათვის უნდა მოეთხოვა. აღნიშნულის შესახებ კერძო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და არ არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. შპს „ი-ს“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი
ბ. ალავიძე