№ა-1392-შ-32-2016 28 აპრილი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – შპს „ი-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ვ-ა“
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მოითხოვს მხარე – უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
– შპს „ვ-ას“ (6010, საქართველო, ქ.ბ-ი, პ.ჩ-ის ქ….) შპს „ი-ის“ (30000, უკრაინა, ხ-ის ოლქი, ქ.ს-ა, პ-ას ქ., სახლი 1/2) სასარგებლოდ დაეკისრა მიწოდებული საქონლის საფასურის – 100 278.89 აშშ დოლარის, აგრეთვე, საარბიტრაჟო სასამართლო ხარჯების – 6 208.37 აშშ დოლარის, მთლიანობაში 106 487.26 აშშ დოლარის გადახდა.
1.2 ამავდროულად, შუამდგომლობის ავტორმა ითხოვა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს შპს „ი-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს:
– შპს „ი-ის“ მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 151 ლარის ოდენობით და
– მითითებული შუამდგომლობის წარმოებაზე ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯი 330 აშშ დოლარის ოდენობით და
– უკრაინულიდან ქართულ ენაზე თარგმნისათვის გაღებული ხარჯი 81 ლარის ოდენობით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
2. საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს და მიიჩნევს, რომ შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
3. დადგენილია, რომ უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილებით:
– შპს „ვ-ას“ (6010, საქართველო, ქ.ბ-ი, პ.ჩ-ის ქ.80) შპს „ი-ის“ (30000, უკრაინა, ხ-ის ოლქი, ქ.ს-ა, პ-ას ქ., სახლი 1/2) სასარგებლოდ დაეკისრა მიწოდებული საქონლის საფასურის – 100 278.89 აშშ დოლარის, აგრეთვე, საარბიტრაჟო სასამართლო ხარჯების – 6 208.37 აშშ დოლარის, მთლიანობაში 106 487.26 აშშ დოლარის გადახდა.
4. „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს, გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილებით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოთ დასახელებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს.
5. ამდენად, უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ უნდა იქნას ცნობილი და მიექცეს აღსასრულებლად საქართველოს ტერიტორიაზე.
6. მოპასუხე შპს „ვ-ას“ მოსაზრებაში მითითებულ გარემოებებთან მიმართებით საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობისა და აღსრულების შესახებ შუამდგომლობის განხილვისას საქართველოს უზენაესი სასამართლო ხელმძღვანელობს „საერთაშორისო კერძო სამართლის“ შესახებ საქართველოს კანონის დებულებების შესაბამისად, რა დროსაც ამოწმებს დასახელებულ კანონთან და საქართველოს მიერ საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრ ვალდებულებებთან შუამდგომლობის ფორმალურ შესაბამისობას. აღნიშნულ პროცესში უზენაესი სასამართლო არ არკვევს უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერების საკითხს.
7. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მოსაზრებაში მოყვანილი გარემოებები ვერ გახდება მოცემული განჩინების მსჯელობის საგანი და ვერ განაპირობებს შპს „ი-ის“ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
9. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ შპს „ი-ს“ (გადამხდელია გ. თ-ე) შუამდგომლობაზე გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი – 151 ლარი. აქედან გამომდინარე, შპს „ვ-ას“ უნდა დაეკისროს შპს „ი-ის“ მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 151 ლარის გადახდა.
10. რაც შეეხება შუამდგომლობის წარმოებაზე ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯის – 330 აშშ დოლარისა და უკრაინულიდან ქართულ ენაზე გაღებული ხარჯის – 81 ლარის მოწინააღმდეგე მხარისათვის დაკისრების შუამდგომლობას, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგი გარემოებების გამო:
11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება აგრეთვე სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც გასწიეს მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას.
12. ამდენად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს ერთ-ერთი მხარისათვის მეორე მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯების ანაზღაურების დაკისრების შესაძლებლობას, თუკი დავა ამ უკანასკნელის სასარგებლოდ დასრულდება. ამასთან, ასეთი ხარჯების ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმად კანონმდებელი ადგენს „გონივრულ ოდენობას“, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს დავის საგნის ღირებულების 4%-ს.
13. მოცემულ შემთხვევაში, შუამდგომლობის ავტორმა მის მიერ ადვოკატის მომსახურებისათვის გაღებული ხარჯის დასადასტურებლად წარმოადგინა იურიდიული მომსახურების გაწევის შესახებ მასა და წარმომადგენელს შორის 2016 წლის 26 თებერვალს დადებული ხელშეკრულება (კონტრაქტი) და ამ მიზნით თანხის ჩარიცხვის თაობაზე ამონაწერი, ხოლო უკრაინულიდან ქართულ ენაზე თარგმნისათვის გაღებული ხარჯის დასასაბუთებლად – სალაროს შემოსავლის ორდერი № 10. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „ვ-ას“ შპს „ი-ის“ სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად უნდა დაეკისროს 330 აშშ დოლარის, უკრაინულიდან ქართულ ენაზე თარგმნისათვის გაღებული ხარჯის ასანაზღაურებლად კი, 81 ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
14. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ი-ის“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. საქართველოს ტერიტორიაზე ცნობილ იქნას და მიექცეს აღსასრულებლად უკრაინის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო კომერციული საარბიტრაჟო სასამართლოს 2015 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომლითაც:
– შპს „ვ-ას“ (6010, საქართველო, ქ.ბ-ი, პ.ჩ-ის ქ.80) შპს „ი-ის“ (30000, უკრაინა, ხ-ის ოლქი, ქ.ს-ა, პ-ას ქ., სახლი 1/2) სასარგებლოდ დაეკისრა მიწოდებული საქონლის საფასურის – 100 278.89 აშშ დოლარის, აგრეთვე, საარბიტრაჟო სასამართლო ხარჯების – 6 208.37 აშშ დოლარის, მთლიანობაში 106 487.26 აშშ დოლარის გადახდა.
3. შპს „ვ-ას“ შპს „ი-ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 151 ლარის, ადვოკატის დახმარების გამო გაწეული ხარჯის – 330 აშშ დოლარისა და უკრაინულიდან ქართულ ენაზე თარგმნისათვის გაღებული ხარჯის – 81 ლარის გადახდა.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ზ. ძლიერიშვილი