საქმე №ას-459-441-2016 8 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ე. კ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს „ლ-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მიუღებელი შვებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ე. კ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ლ-ის" მიმართ და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, მიუღებელი შვებულებისა და განაცდურის ანაზღაურება.
2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
3. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. კ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლ-ის“ გენერალური დირექტორის 2015 წლის 19 ოქტომბრის #446 ბრძანება მოსარჩელე ე. კ-ას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე; მოპასუხე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლ-ს“ მოსარჩელე ე. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება 1400 ლარის ოდენობით; ე. კ-ას უარი ეთქვა მოპასუხისთვის მიუღებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლ-მა“ და ე. კ-ამ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 თებერვლის განჩინებით სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლ-ის“ სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის განჩინებით ე. კ-ას სააპელაციო საჩივარი ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოსარჩელე, ე. კ-ა, თუმცა მას დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსთვის არ მიუმართავს სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა. შესაბამისად, გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა პალატამ დაიწყო გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, 2015 წლის 18 დეკემბრიდან 30-ე დღის მომდევნო დღიდან, 2016 წლის 18 იანვრიდან და დაასკვნა, რომ აღნიშნული ვადა აპელანტს ეწურებოდა 2016 წლის 31 იანვარს, ხოლო ვინაიდან 31 იანვარი იყო არასამუშაო დღე, კვირა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვადის დამთავრების დღედ მიიჩნია მომდევნო სამუშაო დღე, 2016 წლის 1 თებერვალი.
8. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. კ-ამ სააპელაციო საჩივარი ფოსტის მეშვეობით სასამართლოში გამოაგზავნა 2016 წლის 7 აპრილს, იმავე დღესაა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი და იმავე რიცხვითაა დათარიღებული სააპელაციო საჩივარი. შესაბამისად, პალატამ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი მხარემ სასამართლოში წარადგინა კანონით დადგენილი ვადის დარღვევით, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველი იყო.
9. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე. კ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება სემდეგი დასაბუთებით:
10. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება მას სააპელაციო საჩივრით არ გაუსაჩივრებია. ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრა სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლ-მა“, თუმცა მისი სააპელაციო საჩივრის მიღების შემდეგ ე. კ-ამ გადაწყვიტა შეეტანა შეგებებული სააპელაციო საჩივარი და 2016 წლის 7 აპრილს ფოსტის მეშვეობით გააგზავნა იგი სასამართლოში. მისი განმარტებით, ვინაიდან შეგებებული სააპელაციო საჩივრის ფორმა არ არსებობს, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო სააპელაციო საჩივრის ფორმა და იგი უნდა დასათაურებულიყო „შეგებებული სააპელაციო საჩივრით“, რაც მას გამორჩა მხედველობიდან. შესაბამისად, სასამართლომ საჩივარი მიიჩნია სააპელაციო საჩივრად და ვადის დარღვევით წარდგენის საფუძვლით დატოვა განუხილველად, რაც კერძო საჩივრის ავტორის აზრით, უკანონოა. სააპელაციო სასამართლოს იგი წარმოებაში უნდა მიეღო, როგორც შეგებებული სააპელაციო საჩივარი, რადგან იგი წარდგენილია სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლ-ის“ სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 10 დღის ვადაში. ცხადია, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეიძლება 4 თვის შემდეგ გასაჩივრდეს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს არ ჰქონდა საფუძველი ევარაუდა, რომ მის მიერ წარდგენილი საჩივარი იყო სააპელაციო და არა შეგებებული სააპელაციო საჩივარი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
11. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. კ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
12. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
13. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრით სადავოდ არის გამხდარი საკითხი იმის შესახებ, ე. კ-ას მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი თავისი არსით წარმოადგენდა თუ არა შეგებებულ სააპელაციო საჩივარს.
14. სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი საჩივარი მიიჩნია სააპელაციო საჩივრად და საპროცესო ვადის დარღვევით წარდგენის გამო დატოვა იგი განუხილველად.
15. იმისათვის, რათა შემოწმდეს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მართებულობა, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს შეგებებული სააპელაციო საჩივრის ინსტიტუტის სამართლებრივ ბუნებაზე.
16. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე და 379-ე მუხლები წარმოადგენს სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის მარეგულირებელ სპეციალურ ნორმებს, რომლითაც დადგენილია შემდეგი: სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. ამასთან, მოწინააღმდეგე მხარეს შეუძლია სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი, მიუხედავად იმისა, განცხადებული აქვს თუ არა უარი სააპელაციო საჩივრის შეტანაზე. სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება.
17. მითითებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ კანონით გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე შეიტანონ სააპელაციო საჩივარი, თუმცა ისეთი მხარისათვის, რომელსაც ამა თუ იმ მიზეზით არ სურდა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრება (მაგ: აღარ უნდოდა დავის გაგრძელება), ან კანონის მოთხოვნათა დარღვევის (მაგ: სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის გასვლის) გამო არ წარადგინა ძირითადი სააპელაციო პრეტენზია, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულია მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის შეტანის შემდეგ კანონით კონკრეტულად განსაზღვრულ ვადაში შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის შესაძლებლობა, იგი შეიძლება განხილულ იქნას ასევე ე.წ. დაგვიანებულ სააპელაციო საჩივრად.
18. საკასაციო სასაამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ ე. კ-ას მიერ წარდგენილი იყო სააპელაციო საჩივარი და თვლის, რომ, მართალია, საჩივარი დასათაურებულია როგორც „სააპელაციო საჩივარი“, თუმცა თავისი არსით იგი წარმოადგენს შეგებებულ სააპელაციო საჩივარს.
19. მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებით ირკვევა, რომ ე. კ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ლ-ის" მიმართ და მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, მიუღებელი შვებულებისა და განაცდურის ანაზღაურება.
20. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებით ე. კ-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლ-ის“ გენერალური დირექტორის 2015 წლის 19 ოქტომბრის #446 ბრძანება მოსარჩელე ე. კ-ას სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე; მოპასუხე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლ-ს“ მოსარჩელე ე. კ-ას სასარგებლოდ დაეკისრა განაცდურის ანაზღაურება 1400 ლარის ოდენობით; მოპასუხეს, სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლ-ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის, 50 (ორმოცდაათი) ლარის გადახდა; ე. კ-ას უარი ეთქვა მოპასუხისთვის მიუღებელი შვებულების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე (იხ. ს.ფ. 162-180).
21. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებულ ნაწილში (ბრძანების ბათილად ცნობა, განაცდურის ანაზღაურება და ბაჟის დაკისრება) სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლ-მა“ (იხ. ს.ფ. 188-197).
22. დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით დადგენილ ვადაში ე. კ-ას სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.
23. მან ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილება სადავოდ გახადა მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლ-მა“ გაასაჩივრა გადაწყვეტილება ე. კ-ას სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში.
24. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლ-ის“ სააპელაციო საჩივარი მოწინააღმდეგე მხარეს, ე. კ-ას ჩაბარდა 2016 წლის 29 მარტს (იხ. ს.ფ. 211). გზავნილის ჩაბარებიდან მე-8 დღეს, 2016 წლის 6 აპრილს მან წარადგინა სააპელაციო შესაგებელი, ხოლო მე-10 დღეს, 2016 წლის 8 აპრილს გაასაჩივრა გადაწყვეტილება.
25. პალატა პირველ რიგში ყურადღებას მიაქცევს წარდგენილი სააპელაციო საჩივრის შინაარსს. კერძოდ, საჩივრიდან ირკვევა, რომ ე. კ-ა სადავოდ ხდის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, რომლითაც მას უარი ეთქვა მოპასუხისათვის მიუღებელი შვებულების თანხის ანაზღაურების დაკისრებაზე. შესაბამისად, მოითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმებას და სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას.
26. საკასაციო სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა იმ მხარეს, რომელიც ამა თუ იმ მიზეზით არ გაასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას (მაგ. თუ მას არ სურს დავის გაგრძელება და ა.შ.), აძლევს შესაძლებლობას მოწინააღმდეგე მხარის მიერ სააპელაციო საჩივრის წარდგენის შემდგომ კანონით განსაზღვრულ ვადაში (სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში) წარადგინოს შეგებებული სააპელაციო საჩივარი. შეგებებული სააპელაციო საჩივრის მიმართ სრულად ვრცელდება მხოლოდ და მხოლოდ ის მოთხოვნები, რომლებსაც კანონმდებელი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით უდგენს ძირითად სააპელაციო საჩივარს, ასევე ქონებრივ დავაში საჩივრის საგნის ღირებულების ზღვრული ოდენობის საკითხი. შეგებებული სააპელაციო საჩივრის განსახილველად დაშვებისას სასამართლოს დამატებით ევალება მხარის მიერ 10-დღიანი საპროცესო ვადის დაცვის უტყუარად გამორკვევა.
27. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სამართალწარმოების ეტაპზე შეგებებული სააპელაციო საჩივრის ინსტიტუტი საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე პრინციპის - დისპოზიციურობის კლასიკური გამოხატულებაა და მოიცავს მხარის ისეთ შესაძლებლობასაც კი, რომ გაასაჩივროს სასამართლოს გადაწყვეტილება მაშინაც, თუ მას წერილობით აქვს უარი ნათქვამი სააპელაციო საჩივრის წარდგენაზე (სსსკ 370-ე მუხლი).
28. შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონმდებელი ადგენს რა სპეციალურ წინაპირობებს, სასამართლოს არ აქვს რაიმე უფლებამოსილება, მისი განსახილველად დაშვებისათვის დააწესოს დამატებითი, კანონით გაუთვალისწინებელი საფუძვლები, მაგალითად, როგორც ეს შეგებებული სარჩელის შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 189-ე მუხლში გვხვდება.
29. მართალია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის ძალით სააპელაციო პალატა ხელმძღვანელობს პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისათვის დადგენილი წესებით, თუმცა აღნიშნული დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისათვის კონკრეტული საკითხის მომწესრიგებელი ნორმა გათვალისწინებული არ არის. განსახილველ შემთხვევასთან მიმართებაში კი, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს სააპელაციო სასამართლოში შეგებებული სააპელაციო საჩივრის შეტანის წესს და, როგორც ზემოთ აღინიშნა, ასეთ დროს შეგებებული სარჩელის მიღების პირობების მსგავს მოთხოვნებს არ ადგენს (იხ. ასევე სუსგ №ას-155-424-08; 7 მაისი, 2008 წელი).
30. ამრიგად, იმ პირობებში, როდესაც აპელანტ სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლ-ის“ სააპელაციო საჩივრის გადაცემიდან 10 დღის ვადაში ე. კ-ამ სადავოდ გახადა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მისი სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში წარდგენილი საჩივარი წარმოადგენს შეგებებულ სააპელაციო საჩივარს. შესაბამისად, უსაფუძვლოა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობა აღნიშნული საჩივრის სააპელაციო საჩივრად მიჩნევისა და გასაჩივრების ვადის დარღვევის გამო მისი განუხილველად დატოვების შესახებ.
31. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის განჩინების გაუქმებისა და შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის განხილვისათვის საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ე. კ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის განჩინება და საქმე ე. კ-ას შეგებებული სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შესამოწმებლად ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე