Facebook Twitter

საქმე №ას-481-462-2016 7 ივლისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ბ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს ქ. ბ-ო (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. შპს „ქ. ბ-მ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ბ-ის მიმართ იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების მოთხოვნით.

2. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ქ. ბ-ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე ზ. ბ-ეს დაეკისრა შპს „ქ. ბ-ს“ სასარგებლოდ 7444,84 ლარის გადახდა, რომელშიც შედის საიჯარო დავალიანება - 4740,44 ლარი, პირგასამტეხლო - 1486,96 ლარი და კომუნალური გადასახადი - 1217,44 ლარი.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ზ. ბ-ემ.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 მარტის განჩინებით ზ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე ზ. ბ-ის წარმომადგენელი, თუმცა მას სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს მე-20 და არაუგვიანეს 30-ე დღისა სასამართლოსთვის არ მიუმართავს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით. შესაბამისად, მისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 27 თებერვალს და ამოიწურა 2016 წლის 14 მარტს 24:00 საათზე, ვინაიდან 12-13 მარტი იყო უქმე დღეები. აპელანტმა კი სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2016 წლის 15 მარტს.

7. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და დაასკვნა, რომ ვინაიდან სააპელაციო საჩივარი წარდგენილი იყო გასაჩივრების კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით, არსებობდა მისი განუხილველად დატოვების საფუძველი.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. ბ-ემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციოს სასამართლოს 2016 წლის 30 მარტის განჩინების გაუქმება.

9. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლომ არასწორად აითვალა გასაჩივრების ვადა. საპროცესო ვადის გამოთვლა მას უნდა დაეწყო 2016 წლის 28 თებერვლიდან და არა 2016 წლის 27 თებერვლიდან. შესაბამისად, გასაჩივრების ბოლო ვადა იყო 2016 წლის 15 მარტი, რა ვადაშიც წარდგენილია კიდეც სააპელაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ბ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის აპელირებას, რომ მას სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია.

13. პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

14. ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

15. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.

16. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ მითითებული მუხლი იმპერატიულია და, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.

17. საკასაციო სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მხარემ სათანადო მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს სასამართლოში კანონით დადგენილ ვადაში გადაწყვეტილების მისაღებად გამოცხადების ფაქტი.

18. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 28 იანვრის სასამართლო სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა შპს ქ. ბ-ს სარჩელი ზ. ბ-ის მიმართ საიჯარო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე თანხის დაკისრების შესახებ, გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი (იხ. ს.ფ. 51-56). სადავო არ არის ის გარემოებაც, რომ სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხე ზ. ბ-ის წარმომადგენელი ჯ. ა., რომელიც საკუთარ უფლებამოსილებას ახორციელებდა მოპასუხის მიერ მის სახელზე ერთი წლის ვადით გაცემული მინდობილობის საფუძველზე (იხ. ს.ფ. 42).

19. საკასაციო სასამართლო ასევე უდავოდ დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ ზ. ბ-ეს ან მის წარმომადგენელს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა (2016 წლის 17 თებერვლიდან 27 თებერვლამდე) სასამართლოსთვის დასაბუთებული განჩინების ჩაბარების მოთხოვნით არ მიუმართავთ. აღნიშნული მოთხოვნით სასამართლოს ზ. ბ-ის წარმომადგენელმა მიმართა 2016 წლის 1 მარტს (სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30 დღის გასვლის შემდეგ) და იმავე დღეს ჩაიბარა იგი (იხ. ს.ფ. 67). შესაბამისად, აპელანტისთვის გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს.

20. მოცემულ შემთხვევაში სადავოა საკითხი იმის შესახებ, მართებულად გამოთვალა თუ არა სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა.

21. კერძო საჩივრის ავტორის განცხადებით, სასამართლოს გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა უნდა დაეწყო არა 2016 წლის 27 თებერვლიდან, არამედ ამავე წლის 28 თებერვლიდან და, შესაბამისად, 2016 წლის 15 მარტი იქნებოდა საჩივრის წარდგენის ბოლო დღე, რა ვადაშიც მას წარდგენილი აქვს კიდევაც სააპელაციო საჩივარი.

22. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სასამართლოს სააპელაციო საჩივრის წარდგენისათვის კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის ათვლა უნდა დაეწყო 2016 წლის 28 თებერვლიდან, თუმცა ვერ გაიზიარებს მისივე განმარტებას, რომ გასაჩივრების ბოლო დღე იყო 2016 წლის 15 მარტი.

23. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის თანახმად, გასაჩივრების მსურველ მხარეს გააჩნია არა უფლება, არამედ ვალდებულება ჩაიბაროს გასასაჩივრებელი გადაწყვეტილება. ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის შინაარსი არ შეიძლება გაგებულ იქნეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების გარეშე. განსახილველი ნორმა აწესრიგებს გასაჩივრების უფლების წარმოშობის წინაპირობებს, ხოლო გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას კი აწესრიგებს იმავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის დანაწესი, რომლის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (იხ. სუს დიდი პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება #ას-1161-1106-2014).

24. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან (2016 წლის 28 იანვრიდან) 30-ე დღე არის 2016 წლის 27 თებერვალი. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დენა მხარისათვის დაიწყო 2016 წლის 28 თებერვალს და ამოიწურა იმავე წლის 12 მარტს.

25. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2016 წლის 12 მარტი იყო უქმე დღე, შაბათი, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე. მოცემულ შემთხვევაში კი ვადის დამთავრების დღის მომდევნო პირველივე სამუშაო დღე იყო 14 მარტი, ხოლო ზ. ბ-ემ სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2016 წლის 15 მარტს, ანუ ერთი დღის დაგვიანებით.

26. ამრიგად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის აპელირება მასზედ, რომ თუ სასამართლო გასაჩივრების ვადის ათვლას დაიწყებდა 2016 წლის 28 თებერვლიდან, მისთვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო ვადა იქნებოდა 2016 წლის 15 მარტი.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ არსებობდა გასაჩივრების ვადის გასვლის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ზ. ბ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო;

2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე