საქმე№ა-1850-შ-46-2016 11 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ნ. ჯ-ი
მოწინააღმდეგე მხარე - მ. რ-ო
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - საბერძნეთის ათენის მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი – შვილად აყვანა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
მ. რ-ომ და ნ. ჯ-მა განცხადებით მიმართეს საბერძნეთის ათენის მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს და მოითხოვეს მ. რ-ოს მიერ ნ. ჯ-ის შვილად აყვანა.
საბერძნეთის ათენის მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა, ნ. ჯ-ი (დაბადებული საქართველოში, ქ.სამტრედიაში 16.09.1989წ.-ს) გამოცხადდა მ. ლ. ძე რ-ოს მიერ აყვანილ შვილად.
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. ამასთან, მხარის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება ლეგალიზებულია კანონით დადგენილი წესით.
2016 წლის 18 მაისს საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ნ. ჯ-მა, რომელმაც მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა. შუამდგომლობის ავტორმა განმარტა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საბერძნეთის ათენის მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობის გარეშე შვილების ფაქტის რეგისტრაცია სამოქალაქო რეესტრის სააგენტოში ვერ ხერხდება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინებით ნ. ჯ-ის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე მ. რ-ოს გაეგზავნა 2016 წლის 10 ივნისს და ჩაბარდა 2016 წლის 21 ივნისს, თუმცა მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ ნ. ჯ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, საბერძნეთის ათენის მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ საბერძნეთის ათენის მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილებით განცხადება დაკმაყოფილდა, ნ. ჯ-ი (დაბადებული საქართველოში, ქ.სამტრედიაში 16.09.1989წ.-ს) გამოცხადდა მ. ლ. ძე რ-ოს მიერ აყვანილ შვილად.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ საბერძნეთის ათენის მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, საბერძნეთის ათენის მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ნ. ჯ-ის შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის ათენის მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე საბერძნეთის ათენის მრავალწევრიანი პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილება, რომლითაც განცხადება დაკმაყოფილდა, ნ. ჯ-ი (დაბადებული საქართველოში, ქ.სამტრედიაში 16.09.1989წ.-ს) გამოცხადდა მ. ლ. ძე რ-ოს მიერ აყვანილ შვილად; უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე