Facebook Twitter

№ ას-514-487-2015 9 თებერვალი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორები – შ. ყ-ი, შ. ყ-ი, ნ. წ-ე, თ. ბ-ე, შ. ზ-ე, ბ. ყ-ი, თ. ი-ე, შ. შ.აძე, ნ. ბ-ე, ნ. ტ-ე, დ. ქ-ე, შ. ქ-ე, რ. გ-ე, მ. ტ-ე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. კ-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – უძრავი ქონების უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვა, ნაგებობის დემონტაჟი

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. გ. კ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შ. ყ-ის, ბ. დ-ის, ნ. წ-ის, ნ. წ-ის, თ. ბ-ის, ზ. მ-ის, ვ. კ-ის, ა. ყ-ის, ჟ. დ-ის, გ. ჭ-ის, დ. ყ-ის, შ. ზ-ის, ბ. ყ-ის, ც. ჭ-ის, თ. ი-ის, შ. ყ-ის, ფ. ქ-ის, ი. ქ-ის, რ. შ.აძის, ნ. ბ-ის, ნ. ტ-ის, შ. ქ-ის, დ. ქ-ის, ა. ტ-ის, შ. ქ-ის, რ. გ-ისა და მ. ტ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეთათვის მის საკუთრებაში არებული უძრავი ქონებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთა, ასევე მოპასუხეთა ხარჯებით სადავო უძრავ ქონებაზე არსებული სხვადასხვა დამხმარე ნაგებობებისა და კონსტრუქციების დემონტაჟი შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

2. მოსარჩელის განმარტებით, მას საკუთრებაში აქვს 800765 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ს/კ .....), მდებარე ბახმაროში, ს-ს ძ-ში, რომელიც წარმოადგენს ალპურ საძოვარს. აღნიშნულ ქონებას უკანონოდ ფლობენ მოპასუხეები, მასზე ააშენეს ნაგებობა/კონსტრუქციები და იყენებენ პირუტყვის საძოვრად, ამასთან, მოჰყავთ სხვადასხვა სახის სასოფლო-სამეურნეო პროდუქტი.

3. მოსარჩელემ რამოდენიმეჯერ მიმართა მოპასუხეებს თხოვნით, გამოეთავისუფლებინათ მიწის ნაკვეთი და მიეცათ მისთვის საშუალება სრულფასოვნად გამოეყენებინა ან განეკარგა საკუთარი ქონება, ასევე შესთავაზა მოპასუხეებს აღნიშნული ნაკვეთის ნაწილობრივ მიყიდვა ან იჯარით გადაცემა, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოპასუხეებმა ამგვარ შეთანხმებაზე უარი განაცხადეს. გ. კ-ას განმარტებით, იგი საკუთარი უძრავი ქონებიდან ვერ იღებს შემოსავალს, ამასთან, იხდის ქონების გადასახადს, რაც საკმაოდ დიდ თანხას შეადგენს.

4. მოპასუხეებმა, შ. ყ-მა და ჟ. დ-ემ წარდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ისინი 50 წელზე მეტია სარგებლობენ სადავო ტერიტორიით, აშენებული აქვთ სააგარაკე საცხოვრებელი სახლები და ამუშავებენ მიწის ნაკვეთს, მოჰყავთ ერთწლიანი კულტურები. საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ისე გაასხვისა აღნიშნული ქონება, რომ არ შეუსწავლია, სარგებლობდნენ თუ არა ფიზიკური პირები ამ ქონებით. მოპასუხეთა განცხადებით, სამინისტროს, გ. კ-აზე ქონების გასხვისებამდე, პირველ რიგში, საქმის კურსში უნდა ჩაეყენებინა ისინი, რომ შესაძლებლობა მისცემოდათ შეეძინათ აღნიშნული მიწის ნაკვეთები.

5. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილებით გ. კ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა; აეკრძალათ მოპასუხეებს გ. კ-ასათვის მისივე საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთით ს/კ ..... სარგებლობაში ხელშეშლა. მათვე დაეკისრათ საკუთარი ხარჯებით მოეხდინათ ამავე უძრავ ქონებაზე აღმართული ნაგებობებისა და სხვადასხვა სახის კონსტრუქციების (სახლი, პირუტყვის სადგომი, ღობე, სხვადასხვა სახის დამხმარე ნაგებობები და ასევე ის კონსტრუქციები, რომლებიც განთავსებული ჰქონდათ იმავე ნაკვეთებზე და ხელს უშლიდა მესაკუთრეს ნაკვეთით სარგებლობაში) დემონტაჟი და საკუთრებაში არსებული ქონების ფარგლებიდან გატანა.

6. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შ. ყ-მა, ნ. წ-ემ, თ. ბ-ემ, შ. ზ-ემ, ბ. ყ-მა, თ. ი-ემ, შ. ყ-მა, რ. შ.აძემ, ნ. ბ-ემ, ნ. ტ-ემ, დ. ქ-ემ, შ. ქ-ემ, რ. გ-ემ და მ. ტ-ემ.

7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მარტის განჩინებით შ. ყ-ის, ნ. წ-ის, თ. ბ-ის, შ. ზ-ის, ბ. ყ-ის, თ. ი-ის, შ. ყ-ის, რ. შ.აძის, ნ. ბ-ის, ნ. ტ-ის, დ. ქ-ის, შ. ქ-ის, რ. გ-ისა და მ. ტ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 7 ნოემბრის გადაწყვეტილება.

8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

9. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ ......), დაზუსტებული ფართობით 800765,00 კვ.მ მესაკუთრეა გ. კ-ა.

10. სადავო ტერიტორიით სარგებლობენ მოპასუხეები, რაც დასტურდება უპირველესად, თავად მოპასუხეთა განმარტებებით, წარმოდგენილი შესაგებლით და საქმეში არსებული მტკიცებულებებით - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს გამოკითხვის ოქმებით (ს.ფ. 18-66). ამ ოქმებში მოპასუხე მხარეები ადასტურებენ, რომ მათ სადავო მიწის ნაკვეთზე არ გააჩნიათ საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი, სარგებლობენ კ-ას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთით, რისთვისაც კ-ა მათგან ითხოვს გადასახადებს.

11. მოპასუხეები არ არიან სადავო მიწის ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელები.

12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-172-ე, 159-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლებით და დადგენილად მიიჩნია, რომ სადავო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეა გ. კ-ა, ხოლო აღნიშნულ მიწის ნაკვეთს, მესაკუთრის ნების საწინაარმდეგოდ, ფლობენ მოპასუხეები, რაც იძლევა გ. კ-ას სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

13. პალატამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებზე დაყრდნობით განმარტა, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეში არ იყო წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა სადავო მიწის ნაკვეთით მოპასუხეთა სარგებლობის მართლზომიერება.

14. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შ. ყ-მა, ნ. წ-ემ, თ. ბ-ემ, შ. ზ-ემ, ბ. ყ-მა, თ. ი-ემ, შ. ყ-მა, რ. შ.აძემ, ნ. ბ-ემ, ნ. ტ-ემ, დ. ქ-ემ, შ. ქ-ემ, რ. გ-ემ და მ. ტ-ემ შეიტანეს საკასაციო საჩივარი და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

15. სააპელაციო სასამართლოს საერთოდ არ უმსჯელია საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ 27 მოპასუხიდან თორმეტმა არც კი იცის გ. კ-ას მიერ სასამართლოში წარდგენილი სარჩელისა და მათ მიმართ სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178.31-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელემ სასამართლოს უნდა წარუდგინოს სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების იმდენი ასლი, რამდენი მოპასუხეცაა საქმეში, ხოლო ამავე კოდექსის 184-ე მუხლის შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია უზრუნველყოს მოპასუხისათვის სასამართლო გზავნილის ფოსტის, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით განსხვავებული წესით ჩაბარება; ხოლო 77-ე მუხლის თანახმად, თუ საქმე მინდობილი აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, უწყება ჩაბარდება მას, ხოლო თუ საქმეში მოპასუხე 10-ზე მეტია, უწყება ეგზავნება შესაგებელზე ხელის მომწერ პირველ სამ პირს. აღნიშნული ცხადყოფს იმას, რომ მოპასუხეთა მიმართ დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2, მე-3, მე-4, 77-ე, 86-ე, 87-ე, 96-ე, 178-ე, 184-ე მუხლები.

16. საკასაციო საჩივრის ავტორთა განმარტებით, სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საჯარო რეესტრის ამონაწერით 80 765,00 კვ.მ (დაზუსტებული ფართი) უძრავი ქონების მესაკუთრეა გ. კ-ა. სწორედ ამ ფართის ნახაზში მოაქცია გ. კ-ამ ის 2 ჰექტარი საძოვრის ფართი, რომელზეც 50 წელზე მეტია 27 მოპასუხის ოჯახი სეზონურად ეწევა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას.

17. მოპასუხეებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ გ. კ-ას საკუთრებაში გადაეცა ტერიტორია ბახმაროს მთაზე დასახელებით ,,ს-ს ძ-ი’’ და არა ,,ბ-ა’’, სადაც მოპასუხეები იყვნენ დასახლებულნი. ასე რომ არ ყოფილიყო, გ. კ-ა ჯერ კიდევ 2007 წელს მოითხოვდა მოპასუხეთა გამოსახლებას. კასატორთა განცხადებით, გ. კ-ამ, რომელიც არასდროს ყოფილა დაკავებული სოფლის მეურნეობით, იმიტომ მოაქცია დასახლებული პუნქტი ,,ბ-ა’’ თავის საკუთრებაში, რომ მიწის გადასახადის სხვის ხარჯზე გადახდის წყარო ეშოვნა.

18. საკასაციო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ მოპასუხეები ბახმაროს მთაზე, დასახლება ,,ბ-აში’’ ათეული წლებია შთამომავლობით ფლობენ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთს და სარგებლობენ აღნიშნული ტერიტორიით, ხოლო სადავო ნაკვეთი გ. კ-ას საკუთრებაში აღმოჩნდა 2013 წლის 27 მაისს მის მიერ განზრახ დაკვეთილ დაზუსტებულ ნახაზში, რადგანაც ამ მთაზე ყველა დანარჩენი 280 ჰექტარი საძოვარი სახელმწიფო საკუთრებაშია და მას საკადასტრო ნახაზის მარჯვნივ თუ მარცხვნივ, ზემოთ თუ ქვემოთ გადაადგილების საშუალება ჰქონდა. აღნიშნულის შესახებ, კასატორთა განცხადებით, მათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში წარდგენილი აქვთ უამრავი წერილობითი მტკიცებულება ადმინისტრაციულ საჩივართან ერთად. სწორედ ამიტომ რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მათ, სსსკ-ის 279-ე მუხლის ,,დ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, დააყენეს შუამდგომლობა სამოქალაქო საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე და მოითხოვეს საქმის წარმოების შეჩერება მანამ, სანამ საქმე ადმინისტრაციული წესით არ იქნებოდა გადაწყვეტილი.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 25 მაისის განჩინებით შ. ყ-ის, ნ. წ-ის, თ. ბ-ის, შ. ზ-ის, ბ. ყ-ის, თ. ი-ის, შ. ყ-ის, რ. შ.აძის, ნ. ბ-ის, ნ. ტ-ის, დ. ქ-ის, შ. ქ-ის, რ. გ-ისა და მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 იანვრის განჩინებით შ. ყ-ის, ნ. წ-ის, თ. ბ-ის, შ. ზ-ის, ბ. ყ-ის, თ. ი-ის, შ. ყ-ის, რ. შ.აძის, ნ. ბ-ის, ნ. ტ-ის, დ. ქ-ის, შ. ქ-ის, რ. გ-ისა და მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მარტის განჩინებაზე დასაშვებად იქნა ცნობილი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

21. საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი დასაბუთება, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე იმავე სასამართლოს დაუბრუნდეს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

22. მიუხედავად იმისა, რომ სააპელაციო საჩივარი ძ-ითადად ეფუძნებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის პროცესში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ პუნქტის დარღვევას, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ არ გამოიკვლია და არ იმსჯელა არსებობდა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველი.

23. საქმის მასალების გამოკვლევის შედეგად ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ისევე, როგორც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, მოპასუხეთა ნაწილის მიმართ, გამოტანილია იმგვარად, რომ საქმის წარმოების არცერთ ეტაპთან დაკავშირებით კანონით დადგენილი წესით მათი ინფორმირების ფაქტი არ დასტურდება, რაც სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.

24. საქმის მასალებით დადგენილია, რომ გ. კ-ას სარჩელი სასამართლოში წარდგენილი იყო 27 მოპასუხის წინააღმდეგ (იხ. ს.ფ. 1-12).

25. სარჩელის რეგისტრაციის შემდეგ სასამართლოს გზავნილი სარჩელითა და თანთართული დოკუმენტების ასლებით გაეგზავნა სარჩელში მითითებულ პირველ სამ მოპასუხეს: შ. ყ-ს, ბ. დ-ეს და ნ. წ-ეს (იხ. ს.ფ 68-70).

26. საქმის მასალებით დასტურდება, რომ გზავნილი ჩაბარდა მხოლოდ მოპასუხე შ. ყ-ს, რომელმაც სასამართლოში წარადგინა შესაგებელი (იხ. ს.ფ. 71, 72-80). მოპასუხე ბ. დ-ეს გზავნილი ვერ ჩაბარდა, ხოლო მოპასუხე ნ. წ-ის მიმართ გზავნილის ჩაბარების თაობაზე ინფორმაცია საერთოდ არ მოიპოვება საქმის მასალებში.

27. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 86-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება წარდგენილ იქნას ერთად რამდენიმე მოსარჩელის მიერ ან რამდენიმე მოპასუხის წინააღმდეგ. თითოეული მოსარჩელე ან მოპასუხე მეორე მხარის მიმართ პროცესში გამოდის დამოუკიდებლად. თანამონაწილენი სარგებლობენ ყველა იმ საპროცესო უფლებით, რომლებიც ამ კოდექსის თანახმად მინიჭებული აქვთ მხარეებს. თანამონაწილეებს შეუძლიათ საქმის წარმოება ერთ-ერთ თანამონაწილეს მიანდონ (მუხლი 87), რაც უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში (მუხლი 96).

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ საქმეში მოსარჩელე ან მოწინააღმდეგე მხარე 10-ზე მეტი პირია და საქმის წარმოება სასამართლოში მინდობილი არ აქვს ერთ-ერთ თანამონაწილეს, სასამართლო უწყება ეგზავნება სარჩელზე (საჩივარზე, შესაგებელზე) ხელის მომწერ პირველ სამ პირს. უწყების ჩაბარება ერთ-ერთი მათგანისათვის ნიშნავს უწყების ჩაბარებას მის მხარეზე მონაწილე ყველა პირისათვის.

29. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ იმ შემთხვევაში, როცა საქმეში მოპასუხე 10-ზე მეტი პირია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 77-ე მუხლით დადგენილი, პირველი სამი პირისათვის ჩაბარების წესი, გამოიყენება მხოლოდ მას შემდეგ, როდესაც მოპასუხეები სასამართლოში წარადგენენ შესაგებელს. აღნიშნული გამომდინარეობს თავად 77-ე მუხლის შინაარსიდან, რომლის თანახმად, სასამართლო უწყება ეგზავნება შესაგებელზე ხელის მომწერ პირველ სამ პირს და არა სარჩელში მითითებულ პირველ სამ მოპასუხეს.

30. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ“ პუნქტი), როდესაც არ იმსჯელა სააპელაციო საჩივარში მითითებულ ზემოაღნიშნულ დარღვევაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.

31. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლი ადგენს სასამართლო გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტურ საფუძვლებს, რომელთა არსებობა, მათი ხასიათიდან გამომდინარე, გამორიცხავს ჯეროვანი სამართალწარმოების განხორციელებას. შესაბამისად, მათი გამოვლენა და აღმოფხვრა სასამართლოს ვალდებულებაა, მაშინაც კი, თუ მხარეები აღნიშნულზე არ მიუთითებენ. 394-ე მუხლის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით ან მისი კანონიერი წარმომადგენლის გარეშე, თუ ასეთი წარმომადგენლობა კანონით იყო გათვალისწინებული, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ასეთი კანონიერი წარმომადგენელი ცნობს სასამართლო პროცესის წარმართვის მართლზომიერებას.

32. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესის ფუნდამენტური პრინციპი - მხარეთა შეჯიბრებითობა გულისხმობს მხარეთა თანაბარ უფლებასა და შესაძლებლობას, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი). აღნიშნულ პრინციპს მოიცავს სამართლიანი სასამართლოს უფლება, რომელიც გარანტირებულია „ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის“ მე-6 მუხლით. ამ მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

33. არაერთ საქმეში სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ: „სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს უფლებას მხარეთა შეჯიბრობითობაზე, რომლის თანახმად მხარეებს უნდა ჰქონდეთ არა მხოლოდ იმის შესაძლებლობა, რომ იცოდნენ იმ მტკიცებულებათა შესახებ, რომლებიც მათ სჭირდებათ თავიანთი სარჩელის წარმატებისათვის, არამედ იცოდნენ და ჰქონდეთ კომენტარის გაკეთების საშუალება ყველა იმ მტკიცებულებასთან და მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომლებიც წარდგენილია სასამართლოს აზრის ფორმირებაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით“ (იხ. საქმეები Milatova and Others v. The Czech Republic, 2005 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება, no. 61811/00, §59; Nideröst-Huber v. Switzerland, 1997 წლის 18 თებერვლის გადაწყვეტილება, Reports of Judgments and Decisions 1997-I, გვ. 108, § 24, და K.S. v. Finland, 2001 წლის 31 მაისის გადაწყვტილება no. 29346/95, § 21).

34. საქმეში ჰუდაკოვა და სხვები სლოვაკეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ: „სამართლიანი სასამართლოს ფართო კონცეფციის ერთ-ერთი ელემენტი, მხარეთა თანასწორობის პრინციპი, მოიცავს მხარეთა უფლებას, ჰქონდეთ გონივრული შესაძლებლობა, წარადგინონ თავიანთი საქმე სასამართლოს წინაშე ისეთ პირობებში, რომლებიც არ ჩააყენებს მათ არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში მეორე მხარესთან შედარებით“ (იხ. საქმე Hudakova and Others v. Slovakia, 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, no. 23083/05, § 25). იმავე საქმეში ევროპის სასამართლომ განმარტა, რომ „მოთხოვნა, სამართალწარმოების მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა მიიღონ ინფორმაცია და კომენტარი გააკეთონ წარდგენილ მტკიცებულებებსა და მოსაზრებებზე, მოქმედებს როგორც პირველ ინსტანციაში, ისე გასაჩივრების დროს, იმის მუხედავად, გასაჩივრების დროს არის თუ არა წარმოდგენილი ახალი მოსაზრებები. ყველა მხარისათვის მოსაზრებების გაცნობის მოთხოვნა გამომდინარეობს საჭიროებიდან, რომ მხარეებს ჰქონდეთ რწმენა მართლმსაჯულების განხორციელებისა და რომ მათ უარი არ ეთქვათ შესაძლებლობაზე გამოთქვან თავიანთი მოსაზრებები იმ საკითხებზე, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე“ (იხ. საქმე Hudakova and Others v. Slovakia, 2010 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილება, no. 23083/05, § 29).

35. მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია იმგვარად, რომ არ დასტურდება მოპასუხეთა უდიდესი უმრავლესობისათვის სარჩელისა და თანდართული მასალების გაგზავნის (და ჩაბარების) ფაქტი. სასამართლოში შესაგებელი წარმოადგინა 27-დან მხოლოდ ორმა მოპასუხემ. უფრო მეტიც, საქმის მასალების გამოკვლევის შედეგად დგინდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა იმგვარად, რომ მოპასუხეთა ნაწილი სასამართლოს არცერთი სხდომის თაობაზე ინფორმირებული არ ყოფილა. კერძოდ, არ დასტურდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, მოპასუხეების ბ. დ-ის, ნ. წ-ის, გ. ჭ-ის, ც. ჭ-ის, ფ. ქ-ისა და ა. ტ-ის მიერ სასამართლოში მათ მიმართ წინამდებარე სარჩელის განხილვისა და მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის ქონის ფაქტი. 27 მოპასუხიდან მხოლოდ თხუთმეტს ჰყავდა წარმომადგენელი პირველი ინსტანციის სასამართლოში.

36. ზემოაღნიშნული საპროცესო დარღვევები არ გამოუკვლევია და არ შეუფასებია სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს, რის გამოც მისი გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ამავე დროს, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ზემოაღნიშნული პირები, რომლებიც არ იყვნენ დადგენილი წესით ინფორმირებული პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის მიმდინარეობის შესახებ, კანონით დადგენილი წესით საქმის განხილვაზე არც სააპელაციო სასამართლოს მოუწვევია. ორივე ზემოაღნიშნული გარემოება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ბ" და „ე1“ პუნქტების შესაბამისად, სასამართლოს განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.

37. საკასაციო სასამართლო იზიარებს, აგრეთვე, კასატორების მითითებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია და არ იმსჯელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ პუნქტის შესაბამისად, მხოლოდ ერთი მოპასუხის მიმართ საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინების მართებულობაზე, რის შესახებაც სააპელაციო საჩივარში მიუთითებდნენ მოპასუხეები.

38. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ერთ-ერთი მოპასუხის, შ. ქ-ის მიერ აღძრულია ადმინისტრაციული სარჩელი იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით, რომელიც საფუძვლად დაედო სადავო მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების წარმოშობას. იმ შემთხვევაში, თუ სარჩელი დაკმაყოფილდება, აღნიშნული საქმის შედეგმა შესაძლებელია გავლენა მოახდინოს მოსარჩელის მოთხოვნაზე არა მხოლოდ შ. ქ-ის, არამედ ყველა იმ მოპასუხის მიმართ, რომლებიც სადავო მიწის ნაკვეთს ფლობენ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო ვალდებული იყო გამოეკვლია არსებობდა თუ არა ყველა მოპასუხის მიმართ საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი. სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული არ განუხორციელებია, რის გამოც მისი განჩინების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.

39. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლები.

40. საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას დამატებით მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირების მიხედვით - იგი ითხოვდა საკუთრებით სარგებლობაში ხელშეშლის აღკვეთას - მას აღძრული ჰქონდა ნეგატორული სარჩელი. პირველი ინსტანციის სასამართლომ საკუთარი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში იმსჯელა ვინდიკაც. სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლებზე, თუმცა სარეზოლუციო ნაწილით დააკმაყოფილა ნეგატორული სარჩელი. სააპელაციო სასამართლომ ასევე იმსჯელა ვინდიკაც. სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლებზე, მარგამ, ამავდროულად, უცვლელად დატოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ნეგატორული სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

41. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ვინდიკაც. სარჩელი წარმოადგენს სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის სანივთო-სამართლებრივ საშუალებას. ნეგატორული სარჩელის წარდგენა კი ხდება მაშინ, როცა მესაკუთრე განაგრძობს ნივთზე პირდაპირ მფლობელობას, თუმცა მას ხელი ეშლება მესაკუთრის უფლებამოსილების განხორციელებაში მისი საკუთრების ხელყოფით ან სხვაგვარად.

42. საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოარკვიოს თავისი შინაარსით წარდგენილი სარჩელი ვინდიკაც.ა თუ ნეგატორული და ისე მიიღოს გადაწყვეტილება.

43. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

44. მოცემულ შემთხვევაში გამოვლენილი გარემოებებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლის შესაბამისად, არსებობს სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი. გასაჩივრებული განჩინების გაუქმების მოტივების მიხედვით, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ უნდა უზრუნველყოს პროცესში მონაწილე მხარეთა სათანადო ინფორმირება საქმის განხილვასა და მასთან დაკავშირებულ არსებით ეტაპებთან დაკავშირებით, ასევე, შესაბამისი კუთხით, იმსჯელოს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერებაზე, სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ასევე არსებობს თუ არა მოცემულ ეტაპზე ყველა მოპასუხის მიმართ საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შ. ყ-ის, შ. ყ-ის, ნ. წ-ის, თ. ბ-ის, შ. ზ-ის, ბ. ყ-ის, თ. ი-ის, შ. შ.აძის, ნ. ბ-ის, ნ. ტ-ის, დ. ქ-ის, შ. ქ-ის, რ. გ-ისა და მ. ტ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე

1.