Facebook Twitter

საქმე №ას-509-486-2016 29 ივლისი, 2016 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ჭ-ე, შ. ჭ-ე (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – ს. მ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ს. მ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ზ. ჭ-ის და შ. ჭ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 11 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ს. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ზ. ჭ-ესა და შ. ჭ-ეს ს. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრათ 20 000 აშშ დოლარის გადახდა.

3. საქალაქო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩრეს ზ. ჭ-ემ და შ. ჭ-ემ.

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 28 იანვრის განჩინებით ზ. ჭ-ისა და შ. ჭ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა და გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ზ. ჭ-ემ და შ. ჭ-ემ.

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინებით ზ. ჭ-ისა და შ. ჭ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

6. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით აპელანტების, ზ. და შ. ჭ-ეების შუამდგომლობა სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და აპელანტებს გაუგრძელდათ საპროცესო ვადა 7 (შვიდი) დღით. აღნიშნული განჩინება მხარეებს ჩაბარდათ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, თუმცა დადგენილ ვადაში აპელანტებს ხარვეზი არ შეუვსიათ და არც სასამართლოსთვის მიუმართავთ რაიმე შუამდგომლობით.

7. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ არსებობდა ხარვეზის შეუვსებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ზ. და შ. ჭ-ეებმა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება.

9. კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, მათ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი ვერ გამოასწორეს მძიმე ოჯახური პირობების გამო და ვერც შუამდგომლობა წარადგინეს სასამართლოში. ამასთან, შ. ჭ-ე იყო სოციალურად დაუცველი, რისი დამადასტურებელი საბუთიც წარდგენილი ჰქონდათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ჭ-ისა და შ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

12. საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 აპრილის განჩინებით აპელანტებს, ზ. და შ. ჭ-ეებს სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 7 (შვიდი) დღის ვადაში სასამართლოსთვის სახელმწიფო ბაჟის, 800 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა (იხ.ს.ფ. 87-89).

13. ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში აპელანტებმა განცხადებით მიმართეს სააპელაციო პალატას და მოითხოვეს ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის გაგრძელება, რაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა და ზ. და შ. ჭ-ეებს სახელმწიფო ბაჟის გადასახდელად დაწესებული ვადა გაუგრძელდათ 7 (შვიდი) დღით. ამავე განჩინებით მხარეებს განემარტათ, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი (იხ. ს.ფ. 99-100).

14. დადგენილია და კერძო საჩივრის ავტორებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ზემოაღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით აპელანტებს ჩაბარდათ 2016 წლის 22 აპრილს. სადავოს არ წარმოადგენს ის ფაქტიც, რომ სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა ამოიწურა 2016 წლის 3 მაისს (ვინაიდან 29-30 აპრილი და 1-2 მაისი იყო უქმე დღეები), ხოლო აპელანტებს დაკისრებული საპროცესო მოვალეობა არ შეუსრულებიათ და არც შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსთვის.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებას მხარეები სადავოდ ხდიან იმ გარემოებებზე მითითებით, რომ მათ მძიმე ოჯახური პირობების გამო ვერ შეძლეს დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა და ვერც შუამდგომლობა წარადგინეს სასამართლოში, ამასთან, აპელანტი, შ. ჭ-ე იყო სოციალურად დაუცველი, რისი დამადასტურებელი დოკუმენტიც მას სასამართლოში წარდგენილი ჰქონდა.

16. კერძო საჩივრის ავტორთა პირველი პრეტენზიის შემოწმების მიზნით საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლზე, რომელიც ითვალიწინებს საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას. ამ ნორმის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად კი ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები, კერძოდ, მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, ობიექტური გარემოება უნდა იყოს განსაკუთრებული, ისეთი, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის მხარემ შეასრულოს ესა თუ ის საპროცესო მოქმედება.

17. მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი ვერ ასაბუთებს საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გაშვების საპატიოობას. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, მას არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადაში მან ობიექტური მიზეზების გამო ვერ შეძლო დადგენილი საპროცესო მოქმედების განხორციელება. კერძო საჩივრის ავტორთა მხოლოდ მითითება კი, რომ მათ მძიმე ოჯახური პირობების გამო ვერ შეძლეს ხარვეზის შევსება ან სასამართლოსთვის შუამდგომლობით მიმართვა, ვერ მიიჩნევა გასაჩივრებული განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საკმარის საფუძვლად.

18. რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორთა მეორე პრეტენზიას, რომ აპელანტი, შ. ჭ-ე იყო სოციალურად დაუცველი და მას წარდგენილი ჰქონდა აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი, საკასაციო სასამართლო ვერც აღნიშნულს გაიზიარებს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.

19. მოცემულ შემთხვევაში იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ შ. ჭ-ე არის სოციალურად დაუცველი, კერძო საჩივრის ავტორებს არც პირველი და არც სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში წარუდგენიათ, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულზე აპელირებდნენ როგორც სააპელაციო საჩივარში, ასევე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ შუამდგომლობაში. ამონაწერი შ. ჭ-ის სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან კერძო საჩივრის ავტორებმა წარმოადგინეს უზენაეს სასამართლოში მხოლოდ შემდეგ, რაც მათ დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის, 50 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 124-126, 130). შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც საქმეში არ მოიპოვებოდა შ. ჭ-ის სოციალურად დაუცველად მიჩნევის დამადასტურებელი დოკუმენტი, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას აღნიშნული საფუძვლით გაეთავისუფლებინა პირი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

20. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც არ იკვეთებოდა აპელანტების სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან კანონით გათვალისწინებული საფუძვლები, სასამართლოს მიერ ხარვეზის შესავსებად გაგრძელებულ საპროცესო ვადაში მხარეებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც სასამართლოსთვის მიუმართავთ შუამდგომლობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ შ. და ზ. ჭ-ების სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს მათი კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ზ. ჭ-ისა და შ. ჭ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 11 მაისის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე