საქმე № ას-651-622-2016 29 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – საქართველოს პროკურატურა (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – დ. ჯ-ი (მოსარჩელე), რ. ჯ-ი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მაისის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. დ. ჯ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში რ. ჯ-ისა და ქ. თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე.
2. მოპასუხე რ. ჯ-მა სარჩელი ცნო, ხოლო საქართველოს პროკურატურამ სარჩელი არ ცნო.
3. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით დ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; დაყადაღებული ქონებიდან ამოირიცხა აჭარისა და გურიის სააღსრულებო ბიუროს მიერ შედგენილი, სააღსრულებო მოქმედების შესახებ 2015 წლის 21 დეკემბრის აქტიდან დ. ჯ-ის საცხოვრებელ სახლში დაყადაღებული მოძრავი ნივთები: 1. ,,სამსუნგის’’ ფირმის მაცივარი; 2. ,,ელ-ჯი’’-ს ფირმის სარეცხი მანქანა; 3. კომპიუტერი; 4. ,,შარფის’’ ფირმის ტელევიზორი; 5. ,,ელ-ჯი’’-ს ფირმის ტელევიზორი.
4. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს პროკურატურამ.
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მაისის განჩინებით საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
6. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტ საქართველოს მთავარ პროკურატურას რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2016 წლის 22 აპრილს, შესაბამისად, მისთვის გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადა დაიწყო 2016 წლის 23 აპრილს და ამოიწურა 2016 წლის 6 მაისს (პარასკევს), 24:00 საათზე.
7. პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60, 61-ე, 369-ე, 374-ე მუხლებით და განმარტა, რომ საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში წარადგინა ვადის დარღვევით, 2016 წლის 10 მაისს, რაც მისი განუხილველად დატოვების საფუძველს ქმნიდა.
8. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საქართველოს პროკურატურამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
9. საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი შპს „საქართველოს ფოსტის“ წარმომადგენელს ჩაბარდა 2016 წლის 5 მაისს, ხოლო გასაჩივრების ვადა იწურებოდა იმავე წლის 6 მაისს. შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, აპლანტის მიერ არ დარღვეულა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
10. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს პროკურატურის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
12. საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მას გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადა არ დაურღვევია.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
14. მოცემულ შემთხვევაში სადავო არ არის ის გარემოება, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება საქართველოს პროკურატურას ჩაბარდა 2016 წლის 22 აპრილს. შესაბამისად, მისთვის გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 23 აპრილს და ამოიწურა იმავე წლის 6 მაისს.
15. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სააპელაციო საჩივარი წარდგენილია საპროცესო ვადის დარღვევით, 2016 წლის 6 მაისის ნაცვლად იმავე წლის 10 მაისს.
16. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს პროკურატურამ სააპელაციო საჩივარი სასამართლოში გააგზავნა ფოსტის მეშვეობით. მოცემულ შემთხვევაში სადავოა საკითხი იმის შესახებ, ჩაბარდა თუ არა ფოსტას გზავნილი გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილ 14 დღიან ვადაში, 2016 წლის 6 მაისამდე.
17. საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეში არსებულ საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარზე დართულ კონვერტზე, რომელზეც სხვადასხვა თარიღებით დასმულია რამდენიმე საფოსტო ბეჭედი. ერთ-ერთი ბეჭედი „სახელშეკრულებო“ თარიღდება 2016 წლის 6 მაისით (იხ. ს.ფ. 97). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ საქართველოს პროკურატურის გზავნილი (სააპელაციო საჩივარი) ფოსტას ჩაბარდა 2016 წლის 6 მაისს, გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილ ვადაში, აღნიშნული გარემოების საპირისპირო რაიმე მტკიცებულება კი საქმის მასალებში არ მოიპოვება. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ სააპელაციო საჩივარი მხარემ სასამართლოში წარადგინა 2016 წლის 10 მაისს.
18. საკასაციო სასამართლო დამატებით მიუთითებს კერძო საჩივრის ავტორის მიერ საჩივარზე დართულ შპს „საქართველოს ფოსტის“ საშუალებით გაგზავნილი გზავნილების შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის რეესტრზე, რომლითაც ირკვევა, რომ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში გასაგზავნი დოკუმენტი #13/28619 (საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივარი 2016 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებაზე) პროკურატურიდან ფოსტის მეშვეობით გაგზავნილია 2016 წლის 5 მაისს (იხ. ს.ფ. 119).
19. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
20. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმ პირობებში, როდესაც კერძო საჩივრის ავტორმა წარდგენილი მტკიცებულებებით გააქარწყლა სააპელაციო სასამართლოს დასკვნა კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობის შესახებ, არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. საქართველოს პროკურატურის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მაისის განჩინება და საქმე საქართველოს პროკურატურის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე