№ ას-888-838-2015 14 მარტი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ბ. შ-ი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე - გ. ჯ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – განქორწინება, შვილის ნახვის დღეების განსაზღვრა (ძირითად სარჩელში), ალიმენტის დაკისრება (შეგებებულ სარჩელში)
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ. ჯ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ. შ-ის მიმართ განქორწინებისა და შვილის ნახვის დღეების განსაზღვრის თაობაზე შემდეგი საფუძვლით:
2. მოსარჩელე 2009 წლის ივლისიდან რეგისტრირებულ ქორწინებაშია ბ. შ-თან. 2010 წლის 2 ნოემბერს მათ შეეძინათ შვილი - კ. ჯ-ე. ამჟამად ცოლ-ქმარი ფაქტობრივად ერთად აღარ ცხოვრობს, არ ეწევიან საერთო მეურნეობას, აქვთ კონფლიქტი და, შესაბამისად, ოჯახის შენარჩუნებას პერსპექტივა არ გააჩნია. კ. ჯ-ე ცხოვრობს თბილისში, დედასთან ერთად, თუმცა ბ. შ-ი არ აძლევს მამას შვილთან ურთიერთობის საშუალებას.
3. ბ. შ-მა შეგებებული სარჩელი აღძრა გ. ჯ-ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის ალიმენტის დაკისრება შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
4. მხარეეებს შორის ქორწინება ფაქტობრივად შეწყვეტილია 2014 წლის მაისის თვიდან, რისი მიზეზიც გახდა გ. ჯ-ის მხრიდან ღალატი.
5. მეუღლეთა დაშორების შემდეგ, ბ. შ-ის თხოვნის მიუხედავად, გ. ჯ-ე თავს არიდებს შვილთან, კ. ჯ-ესთან ყოველგვარ კონტაქტს, მათ შორის სატელეფონო საუბრებს. ბავშვს აქვს ნევროლოგიური სახის პრობლემები და სჭირდება მუდმივი სამედიცინო გამოკვლევები, მათ შორის, უცხოეთში. ბავშვის საზღვარგარეთ ტრანსპორტირება, ძვირადღირებული გამოკვლევების ჩატარება და საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფა კი ფინანსურად დიდ თანხებს მოითხოვს, რისი გადახდაც დიდი გაჭირვების შედეგად უწევს მოსარჩელეს (ბ. შ-ს) ოჯახის წევრების დახმარებით. იგი არ მუშაობს და არ აქვს საკუთარი შემოსავალი. გ. ჯ-ეს კი დღემდე მონაწილეობა არ მიუღია ბავშვის რჩენა-აღზრდასა და გამოკვლევებთან დაკავშირებულ მოქმედებებში, მიუხედავად იმისა, რომ აქვს საკმაოდ მაღალი ხელფასი. შესაბამისად, მას აქვს იმის მატერიალური შესაძლებლობა, რომ მონაწილეობა მიიღოს თავისი შვილის ნორმალურ და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბების საქმეში, ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული გამოკვლევების ჩატარებაში.
6. ბ. შ-ის განმარტებით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, დედა იძულებულია იგი ატაროს კერძო ბაღში, სადაც განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება და არის ფსიქოლოგის მომსახურებით უზრუნველყოფილი. კერძო ბაღის გადასახადი კი დამატებით დიდი ტვირთია მისთვის.
7. შეგებებული სარჩელით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის ქორწინების ფაქტობრივად შეწყვეტის მიზეზია თვითონ ბ. შ-ი და მისი ოჯახის წევრები, ვინაიდან მათი მხრიდან მუდმივად ხდება კონფლიქტური სიტუაციების პროვოცირება. ბ. შ-ს არასდროს გადაუდგამს რაიმე ქმედითი ნაბიჯი ურთიერთობის მოწესრიგებისათვის. ამასთან, იგი წინააღმდეგობებს უქმნის გ. ჯ-ეს შვილთან ურთიერთობისას.
8. მოპასუხის განცხადებით, იგი მონაწილეობას იღებს შვილის მატერიალურად უზრუნველყოფაშიც. სწორედ მან გაიღო ბავშვის საზღვარგარეთ გამოკვლევის ხარჯები. ამასთან, თავის სახელზე რიცხული უძრავი ქონების (მდებარე, თბილისში, ს. ქ. №... ბინა ....., საკადასტრო კოდი: .......) ½ ნაწილი გადააფორმა კ. ჯ-ის სახელზე 2014 წლის 2 ივნისს, ხოლო ამავე პერიოდში უძრავი ქონება (მდებარე თბილისში, ბ. ქუჩა №....-ში, საკადასტრო კოდი: ....... ) აჩუქა ბ. შ-ს, რომელიც გაქირავებულია და იძლევა საკმაო შემოსავალს კ. ჯ-ის უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, ბ. შ-ი საკუთრების უფლებით ფლობს ქონებას (მდებარე თბილისი, ც. დ-ის ../.., საკადასტრო კოდი: ...... ), რომელიც ასევე გაქირავებული აქვს და მას საერთო ჯამში გ. ჯ-ეზე მეტი შემოსავალი გააჩნია იმისათვის, რომ სასამართლოს მეშვეობით დამატებით არ მოსთხოვს მას შეუსაბამოდ მაღალი ალიმენტის გადახდა.
9. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 იანვრის განჩინებით მიღებულ იქნა დროებითი განკარგულება, რომლითაც გ. ჯ-ეს შვილთან - 2010 წლის 2 ნოემბერს დაბადებულ კ. ჯ-ესთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა კვირაში ორი დღე - ოთხშაბათი 17:00 საათიდან - 19:00 საათამდე და შაბათი 11:00 საათიდან - 15:00 საათამდე, დედის - ბ. შ-ის თანდასწრებით, ნეიტრალურ ტერიტორიაზე.
10. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით გ. ჯ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შეწყდა ბ. შ-სა (დაბ. 22.08.1984წ., პ/№..... ) და გ. ჯ-ეს შორის (დაბ. 25.09.1983წ., პ/№.... ) 2009 წლის 26 ივლისის №82200930848 სააქტო ჩანაწერით რეგისტრირებული ქორწინება; გ. ჯ-ეს არასრულწლოვან შვილთან, 2010 წლის 2 ნოემბერს დაბადებულ კ. ჯ-ესთან ურთიერთობისთვის განესაზღვრა: თავდაპირველად ექვსი თვის განმავლობაში ყოველკვირეულად ოთხშაბათი 17:00 საათიდან 20:00 საათამდე და შაბათი 11:00 საათიდან 16:00 საათამდე წაყვანის უფლებით; მითითებული წესით ურთიერთობის დაწყებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ - ყოველკვირეულად ოთხშაბათი 17:00 საათიდან 20:00 საათამდე წაყვანის უფლებით და პარასკევს 17:00 საათიდან შაბათს 20:00 საათამდე პერიოდი ღამისთევით წაყვანის უფლებით; ასევე ზაფხულის არადადეგების პერიოდში - 15 ივნისიდან 25 ივნისამდე და ზამთრის არდადეგების პერიოდში 20 დეკემბრიდან 30 დეკემბრამდე, დასასვენებლად წაყვანის უფლებით, რა დროსაც ბავშვის დედას ბ. შ-ს მიეცა შვილის მონახულების უფლება მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. ბ. შ-ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გ. ჯ-ეს ბ. შ-ის სასარგებლოდ დაეკისრა არასრულწლოვანი შვილის, 2010 წლის 2 ნოემბერს დაბადებული კ. ჯ-ის რჩენა - აღზრდისათვის ყოველთვიურად ალიმენტი 800 (რვაასი) ლარის ოდენობით 2014 წლის 24 ოქტომბრიდან მის სრულწლოვანებამდე.
11. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბ. შ-მა და გ. ჯ-ემ.
12. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის განჩინებით ბ. შ-ისა და გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება.
13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
14. ბ. შ-ი და გ. ჯ-ე დაქორწინდნენ 2009 წლის 26 ივლისს და ერთად ცხოვრების პერიოდში, 2010 წლის 2 ნოემბერს, შეეძინათ შვილი - კ. ჯ-ე.
15. ბ. შ-ი და გ. ჯ-ე ცხოვრობენ ცალ-ცალკე. არასრულწლოვანი კ. ჯ-ე ცხოვრობს დედასთან - ბ. შ-თან.
16. გ. ჯ-ე მუშაობს შპს „ვ-ში“ და მისი ყოველთვიური ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 1650 აშშ დოლარის ეკვივალენტ ლარს.
17. გ. ჯ-ეს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, კერძოდ, აღენიშნება გაფანტული სკლეროზი - ცერებრო-სპინალური ფორმა, რეციდივული რემისიული მიმდინარეობით, რის გამოც საჭიროებს მკურნალობას პრეპარატ ავონექსით. გ. ჯ-ე 2014 წლის 14 ოქტომბრიდან ჩართულია შპს „მ-აში“ ზემოაღნიშნული დაავადების პერორალური პრეპარატით მკურნალობის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დასადგენად მიმართულ კლინიკურ კვლევაში და მონაწილეობას ასრულებს 2016 წლის 16 ოქტომბერს. მკურნალობის დასრულების შემდგომ გ. ჯ-ემ უნდა გააგრძელოს პრეპარატ ავონექსით მკურნალობა (იხ. 23.01.2015 წლის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, შპს „მ-ას“ გენერალური დირექტორის პასუხი, ტ. II. ს. ფ. 35-72).
18. საქმეში წარმოდგენილი დოკუმენტებით (21.10.2013წ. ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში 22.04.2014წ. ჩატარებული გამოკვლევის შედეგები) პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მცირეწლოვან კ. ჯ-ეს აღენიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება (დაუზუსტებელი), არადიფერენცირებული მოძრაობის აშლილობა, რომელიც მცირედ პროგრესირებს. ჩაუტარდა გამოკვლევები როგორც საქართველოში, ასევე თურქეთსა და გერმანიაში.
19. დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგის, გ. ჯ-ის 2014 წლის 31 ოქტომბრის №4878 დასკვნის თანახმად, კ. ჯ-ე ავლენს ფსიქოლოგიური ტრავმატიზებისათვის დამახასიათებელ ქცევებს, უცხო გარემოსადმი ავლენს მკვეთრად გამოხატულ უნდობლობას. ფსიქოლოგის რეკომენდაციით, მხარეებმა უნდა მიმართონ ბავშვთა ფსიქოლოგს/ფსიქოთერაპევტს და ერთობლივად დაგეგმონ გარკვეული ქმედებები.
20. დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგის, გ. ჯ-ის მიერ შედგენილი 2014 წლის 3 დეკემბრის №5809 დასკვნის თანახმად, გამოკვლეულ იქნა კ. ჯ-ის ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რა დროსაც ბავშვის ემოციური მდგომარეობა შეფასებული იქნა შემდეგნაირად: შეინიშნება ემოციური გაორება, რაც უკავშირდება არასრულწლოვნის მშობლებს შორის არასასურველი ურთიერთობის ფორმას, რაც ბავშვის განწყობისათვის მარტივი აღსაქმელია. არასრულწლოვანი ავლენს მიჯაჭვულობას ორივე მშობლის მიმართ, თუმცა შეინიშნება სერიოზული ჩავარდნა მამასთან ურთიერთობისას, რაც შეხვედრების ხანგრძლივი დროით წყვეტას უკავშირდება. მამასთან კ.ს ურთიერთობისას შეინიშნებოდა მამის მიმართ გაუცხოვება, რის დასაძლევადაც საკმარისი აღმოჩნდა ურთიერთობის 19 წუთი. არასრულწლოვანი მამასთან არ განიცდის დისკომფორტს.
21. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტ ბ. შ-ის პოზიცია, რომ, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია მცირეწლოვანი კ. ჯ-ის მამასთან დარჩენა ღამით.
22. სააპელაციო სასამართლოს აზრით, მართალია, საქმის მასალებით დგინდება, რომ ბავშვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით აქვს პრობლემები, მაგრამ მამას უნდა მიეცეს შვილის ღამის თევით წაყვანის უფლება. ამასთან, პალატამ აღნიშნა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით ბ. შ-ს მიეცა შვილის მონახულების უფლება მისი ადგილსამყოფლის მიხედვით. შესაბამისად, დედას, აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებლობა ექნებოდა მოეხდინა მყისიერი რეაგირება.
23. მოცემულ შემთხვევაში, პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ფსიქოლოგი გ. ჯ-ი დასკვნაში აღნიშნავს, რომ ღამისთევით დარჩენას წინ უნდა უძღოდეს შეხვედრები, სადაც მოიხსნება მამასთან ურთიერთობის წყვეტის შედეგად ჩამოყალიბებული ბარიერები. პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს შეფასება და მიიჩნია, რომ ექვსთვიანი პერიოდი არის გონივრული ვადა ბავშვის მამასთან ურთიერთობის წყვეტის შედეგად ჩამოყალიბებული ბარიერების მოსახსნელად და შესაბამისად, გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს პოზიცია, რომ ექვსი თვის განმავლობაში ინდივიდუალური შეხვედრების შემდეგ გ. ჯ-ეს უნდა მიეცეს შვილის ღამისთევით წაყვანის უფლება.
24. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მცირეწლოვანი ბავშვის, კ. ჯ-ის უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი იყო, ბავშვს ჰქონოდა მამასთან ურთიერთობა დღე-ღამის განმავლობაში.
25. რაც შეეხება დაკისრებული ალიმენტის განსაზღვრის ნაწილში გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარს, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1212-ე მუხლით და განმარტა, რომ არასრულწლოვან კ. ჯ-ეს, რომელიც ცხოვრობს დედასთან, სჭირდება ზრუნვა და მატერიალური უზრუნველყოფა, რომლის ვალდებულება თანაბრად ეკისრება ორივე მშობელს. ამ თვალსაზრისით, პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივრის დასაბუთება იმის შესახებ, რომ აპელანტ გ. ჯ-ეს სჭირდება პრეპარატ ავონექსით მკურნალობა და, ამასთან, მას შესასრულებელი აქვს ბანკის მიმართ სასესხო ვალდებულება, არ წარმოადგენს მშობლის კანონისმიერი მოვალეობისაგან - არჩინოს არასრულწლოვანი შვილი და შეუქმნას მას ცხოვრების ნორმალური პირობები აღზრდისა და განვითარებისათვის - გათავისუფლების საფუძველს.
26. სასამართლომ იხელმძღვანელა „ბავშვთა უფლებების შესახებ“ კონვენციის 27-ე და ამავე კონვეციის მე-18 მუხლებით და აღნიშნა, რომ დაკისრებული ალიმენტის იმ ოდენობამდე შემცირებით, რასაც ითხოვს აპელანტი შეუძლებელია ბავშვის ელემენტარული საყოფაცხოვრებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება. შესაბამისად, ყოველთვიურად გადახდილი ალიმენტის ოდენობად 800 ლარის განსაზღვრა მშობლისა და სარჩენი პირის ინტერესების დაბალანსებით სამართლიანი იყო და არ არსებობდა გ. ჯ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
27. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ბ. შ-მა და გ. ჯ-ემ შეიტანეს საკასაციო საჩივრები. ბ. შ-მა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით გ. ჯ-ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. გ. ჯ-ემ მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით გ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის განჩინებაზე დარჩა განუხილველი, ხოლო ბ. შ-ის საკასაციო საჩივარი ამავე პალატის 2015 წლის 7 ოქტომბრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად.
29. ბ. შ-ის საკასაციო საჩივარი ემყარება შემდეგ გარემოებებს:
30. სააპელაციო სასამართლო სადავო ფაქტობრივი გარემოების დადგენისას დაეყრდნო ფსიქოლოგ გ. ჯ-ის 2014 წლის 3 დეკემბრის დასკვნას, რომლის თანახმადაც დადგენილია, რომ ,,ბავშვის ქცევაზე დაკვირვების შედეგად მცირეწლოვანმა კ. ჯ-ემ გამოავლინა მიჯაჭვულობა ორივე მშობლის მიმართ’’. ამავე დასკვნის თანახმად, ,,თავდაპირველ ეტაპზე მამასთან ღამისთევით დარჩენა არ არის მიზანშეწონილი’’. ფსიქოლოგის დასკვნა აღნიშნულ ნაწილში არც თბილისის საქალაქო სასამართლოს და არც სააპელაციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას არ იქნა სწორად შეფასებული და გაზიარებული.
31. კერძოდ, ფსიქოლოგის დასკვნაში ერთმნიშვნელოვნად გამოკვეთილია მამასთან - გ. ჯ-ესთან მცირეწლოვან კ. ჯ-ის ღამისთევით დარჩენის არამიზანშეწონილობა. ამასთან, შეუძლებელია იმის იდენტიფიცირება, თუ რა პერიოდის შემდეგ შეიძლება იყოს უსაფრთხო მამასთან მცირეწლოვნის ღამისთევით დარჩენა. აღნიშნული საკითხის გადაწყვეტა საჭიროებს არსებული ფაქტობრივი გარემოებების კომპლექსურ შეფასებას და არ შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ ფსიქოლოგის მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით.
32. სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ საქმეში არ ყოფილა წარმოდგენილი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა გ. ჯ-ის მიერ დედისაგან მოშორებით კ. ჯ-ის ღამისთევით წაყვანის მიზანშეწონილობა და აუცილებლობა.
33. სასამართლომ უგულებელყო ბ. შ-ის მიერ სამედიცინო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ცნობები ბავშვის ჯანმრთლობის მდგომარეობის შესახებ, რაც ცალსახად ადასტურებს, რომ კ. საჭიროებს განსაკუთრებულ მოვლას, ყურადღებას და გარემო-პირობებს, რისი უზრუნველყოფაც მამას - გ. ჯ-ეს დამოუკიდებლად არ შეუძლია და დედის მუდმივი მეთვალყურეობის გარეშე შესაძლოა ბავშვმა განიცადოს მნიშვნელოვანი ზიანი. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბავშვი ღამით ხშირად იღვიძებს ტირილით. ამ დროს არის ძალიან ჭირვეული, აღგზნებული და ითხოვს დედას, ბოლომდე ძილიდან ვერ ერკვევა და დედის მოფერების შემდეგ მშვიდდება.
34. რეალურად, სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების არასათანადო შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად მამასთან მცირეწლოვნის ღამისთევით დარჩენის ნაწილში მიღებულ იქნა კ. ჯ-ის უპირატესი ინტერესების საწინააღმდეგო და ცალსახად ზიანის მომტანი გადაწყვეტილება.
35. კასატორი არ ეწინააღმდეგება და თანახმაა, მამას გ. ჯ-ეს ურთიერთობა ჰქონდეს შვილთან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დღეებში, კერძოდ ოთხშაბათს 17:00 საათიდან 22:00 საათამდე და შაბათს 11:00 საათიდან 16:00 საათამდე. აღნიშნული, მისი აზრით, ხელს შეუწყობს და არ დააზიანებს როგორც არასრულწლოვნის უპირატეს ინტერესებს, ასევე მშობლების კანონით გათვალისწინებულ უფლებებს.
36. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 თებერვლის განჩინებით ბ. შ-ის საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის განჩინებაზე დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
37. საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ბ. შ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:
38. საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანს არასრულწლოვან შვილთან მშობლის ურთიერთობის წესის განსაზღვრა წარმოადგენს. კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო პალატამ მხედველობაში არ მიიღო საქმეში წარმოდგენილი ფსიქოლოგის დასკვნა მცირეწლოვანი კ. ჯ-ის ღამისთევით მამასთან დარჩენის მიზანშეუწონლობაზე, ასევე სამედიცინო დაწესებულებებიდან წარმოდგენილი ცნობები ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და აღნიშნული გარემოებების არასათანადო შესწავლისა და გამოკვლევის შედეგად მამასთან მცირეწლოვნის ღამისთევით დარჩენის ნაწილში მიიღო კ. ჯ-ის უპირატესი ინტერესების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება.
39. საკასაციო პრეტენზიების დასაბუთებულების შემოწმებამდე, საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, ყურადღება გაამახვილოს განსახილველი დავის მატერიალურ-სამართლებრივ საფუძვლებსა და მსგავსი კატეგორიის საქმეებზე გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლოს სახელმძღვანელო პრინციპებზე:
40. საქართველოს კონსტიტუციით, მის მიერ ხელმოწერილი და რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულებებით, მათ შორის, „ბავშვის უფლებათა შესახებ“ გაერთიანებული ერების 1989 წლის კონვენციით და საქართველოს შიდასაკანონმდებლო აქტებით, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ და განსაზღვრულია, რომ ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში (სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1197). მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 1198.1).
41. „ბავშვის უფლებათა შესახებ“ გაერთიანებული ერების კონვენციის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად: „მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ერთ ან ორივე მშობელთან განშორებული ბავშვის უფლებას, რეგულარულად იქონიოს პირადი ურთიერთობა და პირდაპირი კონტაქტი ორივე მშობელთან, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ეს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგება“.
42. ბავშვის საუკეთესო ინტერესების უპირატესობა დადგენილია, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით, რომელიც ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით განმტკიცებულ ოჯახური ცხოვრების უფლებას.
43. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014). ბავშვის საუკეთესო ინტერესები უნდა იყოს უპირველესი საზრუნავი (Gnahore v. France, n. 40031/98, § 59, ECHR 2000-IX) და შესაძლებელია, თავისი შინაარსიდან და სერიოზულობიდან გამომდინარე, გადასწონოს მშობლების ინტერესი (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII). კერძოდ, კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარე, მშობელს არა აქვს ისეთი ღონისძიებების მოთხოვნის უფლება, რომელთა განხორციელებამ შესაძლებელია ზიანი მიაყენოს ბავშვის ჯანმრთელობას და განვითარებას (Krasicki v. Poland, no. 17254/11, § 83, 15 April 2014, Scozzari and Giunta v. Italy [GC], nos. 39211/98 and 41963/98, § 169, ECHR 2000-VIII, and P., C. And S. v. The United Kingdom, no. 56547/00, § 177, ECHR 2002-VI).
44. საქმეში “საჰინი გერმანიის წინააღმდეგ“ ევროსასამართლომ განმარტა, რომ „კონვენციის მე-8 მუხლი სახელმწიფოებისაგან მოითხოვს ბავშვისა და მშობლების ინტერესებს შორის სამართლიანი ბალანსის დაცვას და ამ ბალანსის ძიებისას, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“(Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 66, ECHR 2003-VIII).
45. აღნიშნულმა პრინციპმა საქართველოს შიდა ნორმატიულ აქტებშიც ჰპოვა ასახვა. კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის შესაბამისად, რომელიც განსაზღვრავს განქორწინებული ან ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების უფლებებსა და მოვალეობებს შვილების მიმართ, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. თუმცა, იმავე კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
46. ამრიგად, ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. შესაბამისად, აღნიშნული უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის საკითხის განხილვისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს შემდეგი გარემოებები: (ა) არსებობს თუ არა საკითხის გადაწყვეტის უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება; (ბ) არის თუ არა უფლების შესაძლო შეზღუდვა ან გამორიცხვა პროპორციული ზომა, და (გ) არის თუ არა უფლების შეზღუდვის ან გამორიცხვის აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღიარებს, რომ ბავშვის სურვილები და გრძნობები მხედველობაში უნდა იქნას მიღებული მშობელთან უერთიერთობის საკითხის გადაწყვეტისას (Sahin v. Gernamy [GC], no. 30943/96, § 73, ECHR 2003-VIII).
47. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოცემულ საქმეში საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია არის თუ არა მცირეწლოვანი კ. ჯ-ის საუკეთესო ინტერესებში მამასთან ღამისთევით დარჩენა, ასევე დედისგან დამოუკიდებლად არდადეგების გარკვეული დღეების გატარება მამასთან და, სწორად დაადგინა თუ არა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, რომ მამის უფლების განხორციელება, ღამით დაიტოვოს ბავშვი, შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.
48. აღნიშნული საკითხის შეფასების მიზნით საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქმეში დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
49. სააპელაციო და მოგვიანებით საკასაციო სასამართლოში წინამდებარე საქმის განხილვის დროს მცირეწლოვანი კ. ჯ-ე არის 5 წლის.
50. 2014 წლის მაისის შემდეგ, რაც კ.ს მშობლები ფაქტობრივად ცალ-ცალკე ცხოვრობენ, ბავშვი ცხოვრობს დედასთან და დადის საბავშვო ბაღში.
51. კ. ჯ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ 2013 წლის 21 ოქტომბრის #43804 ცნობის, ასვე მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკაში 2014 წლის 17 მარტიდან 2014 წლის 25 მარტამდე ჩატარებული გამოკვლევის შედეგების თანახმად, მცირეწლოვან კ. ჯ-ეს აღენიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება (დაუზუსტებელი), არადიფერენცირებული მოძრაობის აშლილობა, რომელიც მცირედ პროგრესირებს. მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორის, მედიცინის დოქტორის ფ. ჰ-ის მიერ ჯ-ეების ოჯახისათვის 2014 წლის 22 აპრილს გამოგზავნილ წერილში მითითებულია, რომ მიუნხენის კლინიკაში კ. ჯ-ის ჰოსპიტალიზაცია მოხდა გაურკვეველი კანკალისა და მიოკლონიების დიაგნოზით (ეტიმოლოგია დაუზუსტებელი). კლინიკაში მას ჩაუტარდა მრავალმხრივი კომპლექსური გამოკვლევა, თუმცა მისი ავადმყოფობის სიმპტომატიკის მიზეზის გადაწყვეტით დადგენა ვერ მოხერხდა. კ. 2014 წლის 25 მარტს სტაბილური მდგომარეობით გაწერილ იქნა სახლში და მშობლებს მიეცათ გამოკვლევიდან 6 თვის შემდეგ ბავშვის სტანციონარში ხელახალი კლინიკური შემოწმების რეკომენდაცია (იხ. ტ. I, ს.ფ. 85, 88-92).
52. 2015 წლის 27 მარტს თბილისის სააპელაციო სასამართლოში სს „მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოდან“ წარდგენილი ცნობის შესაბამისად, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის პრაქტიკულად უცვლელი. მას კვლავ აღენიშნება ტრემორი და მიოკლონიები, აქვს ძილის დარღვევა, ღამის კოშმარები, ესაჭიროება ნევროლოგის მეთვალყურეობა (იხ. ტ 3, ს.ფ. 102).
53. საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის დროს, სასამართლოს მიერ კასატორის წარმომადგენელისაგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ უცვლელია (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი, ტ. 3, ს.ფ. 256-263; CD დისკი).
54. ბავშვის მამას, გ. ჯ-ეს აქვს გაფანტული სკლეროზი, ცერებრო-სპინალური ფორმა, რეციდივულ-რემისიული მიმდინარეობით (იხ. ტ.2, ს.ფ. 2-3, 35).
55. 2014 წლის მაისის შემდეგ, რაც ბავშვის მშობლები ერთად აღარ ცხოვრობენ, მამასა და შვილს შორის ურთიერთობა ხდება მხოლოდ დედის თანდასწრებით. დედის გარეშე ბავშვისა და მამის შეხვედრა შედგა მხოლოდ საკასაციო სასამართლოს დავალებით, 2016 წლის 10 მარტს, სკვერში. მშობლების განშორების შემდეგ ბავშვი არ ყოფილა თავის ძველ საცხოვრებელ სახლში (ამჟამად მამის საცხოვრებელ სახლში). მამის საცხოვრებელ სახლში ბავშვი დედის გარეშე, დამოუკიდებლად არ დარჩენილა.
56. რაც შეეხება მამასთან ბავშვის ურთიერთობის წესის განსაზღვრას, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ აღნიშნულის შეფასება პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას 2014 წლის 23 სექტემბრის საოქმო განჩინების საფუძველზე დაევალა მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ფსიქოლოგის დასკვნის საფუძველზე. კერძოდ, ფსიქოლოგს დაესვა კითხვები: რამდენად მიზანშეწონილია 2010 წლის 2 ნოემბერს დაბადებული კ. ჯ-ის მამასთან ღამისთევით დარჩენა დედის გარეშე ყოველკვირეულად (კვირაში ერთხელ) ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით , ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვი და მისი დედა, ბ. შ-ი უკვე ექვსი თვეა აღარ ცხოვრობენ ბავშვის მამასთან, გ. ჯ-ესთან ერთ ოჯახად; წინააღმდეგ შემთხვევაში რა ასაკიდანაა რეკომენდებული დედის გარეშე მცირეწლოვანი ბავშვის მამასთან დარჩენა ღამისთევით (იხ, ტ. 1. ს.ფ. 45-51).
57. აღნიშნული საკითხების გამოკვლევა-შესწავლისა და კ. ჯ-ის ქცევაზე დაკვირვების მიზნით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგმა გ. ჯ-მა ჩაატარა ორი ფსიქოლოგიური კვლევა. პირველი კვლევის მომზადების პროცესში დაკვირვება განხორციელდა დედა-შვილის ურთიერთობაზე, ხოლო მეორე კვლევისას, ფსიქოლოგმა შეაფასა მამა-შვილის ურთიერთობა.
58. ფსიქოლოგის 2014 წლის 31 ოქტომბრის #4878 დასკვნაში მითითებულია, რომ არასრულწლოვანი ავლენს ფსიქოლოგიური ტრავმატიზებისათვის დამახასიათებელ ქცევებს, უცხო გარემოსადმი მკვეთრად გამოხატულ უნდობლობას; სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების მიღებისთვის და ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრისათვის მხარეებს გაეწიათ რეკომენდაცია მიმართონ ბავშვთა ფსიქოლოგს/ფსიქოთერაპევტს, რათა ერთობლივად დაგეგმონ შემდეგი ქმედებები (იხ. ტ. 1. ს.ფ. 154-155).
59. 2014 წლის 3 დეკემბრის #5809 დასკვნაში ფსიქოლოგმა მიუთითა, რომ არასრულწლოვანი ავლენს მიჯაჭვულობას ორივე მშობლის მიმართ, თუმცა შეინიშნება სერიოზული ჩავარდნა მამასთან ურთერთობისას, რაც შეხვედრების ხანგრძლივი დროით წყვეტას უკავშირდება. დასკვნის შესაბამისად, ფსიქოლოგმა მიზანშეწონილად არ მიიჩნია ბავშვის მამასთან ღამისთევით დარჩენა და განმარტა, რომ აღნიშნულს წინ უნდა უძღოდეს შეხვედრები, სადაც მოიხსნება მამასთან ურთიერთობის წყვეტის შედეგად ჩამოყალიბებული ბარიერები. ამასთან, რეკომენდებულად ჩათვალა მამასთან სხვადასხვა ფორმით ყოველდღიური ურთიერთობა, თავდაპირველად, დედასთან ერთად, შემდეგ კი ინდივიდუალურად, რაც, მისი აზრით, დადებითად აისახებოდა ბავშვის ფსიქიკაზე (ტ. 1, ს.ფ. 253-254).
60. მიუხედავად ფსიქოლოგის რეკომენდაციებისა, 2014 წლის 3 დეკემბრის (ფსიქოლოგის ბოლო დასკვნის გაცემის) შემდგომ მამა-შვილის ურთიერთდამოკიდებულების შეფასების მიზნით შესაბამისი სოციალური სამსახურის მიერ ბავშვისა და მამის შეხვედრის შეფასების შემდგომი კვლევა არ განხორციელებულა. აღნიშნული საკითხი არც სააპელაციო სასამართლოს გამოუკვლევია საქმის განხილვისას. სააპელაციო სასამართლოს ასევე არ გამოუკვლევია საკითხი იმის შესახებ, ნახულობს თუ არა მამა შვილს სასამართლოს მიერ დადგენილი წესით და ბავშვის დაავადებიდან გამომდინარე, იკვეთება თუ არა მისი მამასთან ღამით დარჩენის მიზანშეწონილობა.
61. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართლაწარმოებით განსახილველ სხვა კატეგორიის საქმეთაგან განსხვავებით, საოჯახო სამართლებრივი დავების განხილვა ინკვიზიციური ელემენტებითაა გაჯერებული და საპროცესო კოდექსის 354-ე მუხლით კანონმდებელი შესაძლებლად მიიჩნევს საქმის გარემოების დადგენას სასამართლოს ინიციატივითაც. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.
62. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 თებერვლის საოქმო განჩინებით სოციალური მომსახურების სააგენტოს, როგორც მეურვეობა-მზრუნველობის განმახორციელებელ ორგანოს, დაევალა არასრულწლოვან კ. ჯ-ესა და მის მამას, გ. ჯ-ეს შორის არსებული ფსიქო-სოციალური დამოკიდებულების დამატებითი გამოკვლევა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დასადგენად. კერძოდ, მხარეებს სოციალური მუშაკის თანდასწრებით უნდა უზრუნველეყოთ მამისა და შვილის შეხვედრის ორგანიზება მამის საცხოვრებელ ადგილზე დედის გარეშე და სოციალურ სამსახურს შესაბამისი დაკვირვების მიხედვით გაეკეთებინა დასკვნა, თუ რამდენად იმოქმედებდა ბავშვზე მამასთან სახლში დარჩენა. ამავე განჩინებით, მხარეებს მიეცათ დრო მორიგებისათვის. აღნიშნული დავალების შესასრულებლად მათ განესაზღვრათ 2 კვირის ვადა (2016 წლის 10 მარტამდე). ამავე დროს, განემარტათ, რომ მოცემულ ვადაში დავალების შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, უფლება ჰქონდათ მოეთხოვათ დამატებითი ვადა მის შესასრულებლად (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 თებერვლის სხდომის ოქმი, ტ. 3. ს.ფ. 256-263; CD დისკი - 14:24:20 -14:29:41).
63. საკასაციო სასამართლოს დავალება (ბავშვის მამის მიერ საკუთარ სახლში წაყვანა და მამა-შვილის ურთიერთობაზე დაკვირვება) მხარეებმა სათანადოდ არ შეასრულეს, მათ შორის ვერ შედგა შეხვედრაც მორიგების მიზნით.
64. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა, ლ. ქ-ემ უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას წარმოუდგინა თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მუშაკის, მ. გ-ის 2016 წლის 10 მარტის #5275 დასკვნა, რომლის შესაბამისად ირკვევა, რომ მამა-შვილის შეხვედრა შედგა მ. ქუჩაზე მდებარე სკვერში. ბავშვს თან ახლდა დედა, რომელმაც სოციალურ მუშაკს მისცა საშუალება მის გარეშე დაკვირვებოდა მამა-შვილის ურთიერთობას. სოციალური მუშაკი დადებითად აფასებს კ. ჯ-ისა და გ. ჯ-ის ურთიერთობას. იმავე დასკვნაში აღნიშნულია, რომ ბავშვის დედა, ბ. შ-ი წინააღმდეგია ბავშვი ღამით დარჩეს მამასთან, ვინაიდან გ.სთან სახლში ცხოვრობს კ.სთვის უცხო ქალბატონი, ეს ფაქტი კი უარყოფითად აისახება ბავშვის ფსოქო-ემოციურ მდგომარეობაზე (იხ. ტ. 3. ს.ფ. 284).
65. საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს კიდევ ერთხელ განმარტოს, რომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრასთან დაკავშირებული დავების განხილვისას სასამართლოსათვის უპირველესად სახელმძღვანელოა ბავშვის კეთილდღეობა და მისი უპირატესი ინტერესი. სადავო საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ ზედმიწევნით უნდა შეისწავლოს გარემო, სადაც ბავშვი ცხოვრობს და სადაც მას ურთიერთობა უნდა ჰქონდეს თითოეულ მშობელთან, არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი ასაკი და ინდივიდუალური მოთხოვნილებები, რის შედეგადაც შესაძლებელია გადაწყდეს, რამდენი ხნით და რა წესით უნდა დაერთოს მშობელს შვილთან ურთიერთობის (მეორე მშობლისაგან დამოუკიდებლად სახლში წაყვანის, ღამით დატოვებისა და სხვ.) ნება. ასეთ სიტუაციაში შეძლებისდაგვარად უნდა იქნას გათვალისწინებული სუბიექტური ფაქტორიც - ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, მის მიერ არსებული სიტუაციის აღქმა.
66. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მამის საცხოვრებელ სახლში ღამით მისი დარჩენის მიზანშეწონილობა. განსაკუთრებით მხედველობაში მისაღებია ბავშვის ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა. 5 წლის კ. ჯ-ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საქმეში წარმოდენილი დოკუმენტების შესწავლისა და შეფასების შედეგად დადგენილია, რომ მას აღენიშნება ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება (დაუზუსტებელი), არადიფერენცირებული მოძრაობის აშლილობა, რომელიც მცირედ პროგრესირებს. ავადმყოფობის სიმპტომატიკის მიზეზის გადაწყვეტით დადგენა ვერ ხერხდება. მითითებული ფაქტი კი უდავოდ წარმოადგენს მნიშვნელოვან დეტალს არასრულწლოვანის დედისაგან (რომელიც ბავშვზე ზრუნვის რეჟიმს უძღვება) თუნდაც დროებით მოშორების წესისა და ვადის განსაზღვრისას.
67. ამავე დროს, მნიშვნელოვანია მამის ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომელიც გადაწყვეტილების გამოტანისას მხედველობაში არ მიიღო არც პირველმა და არც სააპელაციო სასამართლომ; აგრეთვე, ის ფაქტი, რომ მამის საცხოვრებელ სახლში ამჟამად ცხოვრობს ბავშვისათვის უცხო ქალბატონი, რომელთანაც კ.ს ურთიერთობა არ ჰქონია.
68. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ასევე დიდუბე-ჩუღურეთის სოციალური მომსახურების ცენტრის ფსიქოლოგის, გ. ჯ-ის 2014 წლის 3 დეკემბრის #5809 და თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის მუშაკის, მ. გ-ის 2016 წლის 10 მარტის #5275 დასკვნებზე, რომელთა მიხედვით, მამა-შვილს შორის ურთიერთობა დადებითადაა შეფასებული. მათ შორის არის პოზიტიური მიჯაჭვულობა, მამას აქვს საკმარისი უნარ-ჩვევები, რათა იზრუნოს ბავშვზე. კ. კი მამის მიმართ გამოხატავს სითბოს და სიყვარულს, თამაშობს მასთან და თავს გრძნობს მხიარულად და კარგად. თუმცა ამავე დასკვნებში საკითხი ბავშვის მამასთან ღამით დარჩენის შესახებ დადებითად არ არის შეფასებული.
69. ზემოაღნიშნული გარემოებები საკასაციო სასამართლოს აძლევს შესაძლებლობას მიუხედავად ბავშვის ღამით წაყვანის უფლების შეზღუდვისა, მამას მისცეს უფლება მეტი დრო გაატაროს შვილთან და წაიყვანოს იგი თავის საცხოვრებელ სახლში.
70. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები.
71. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში განსახილველად დაბრუნების აუცილებლობა და იგი უფლებამოსილია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
72. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
73. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან ბ. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოწინააღმდეგე მხარეს, გ. ჯ-ეს ბ. შ-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ნახევრის, 225 (ორას ოცდახუთი) ლარის გადახდა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ბ. შ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 ივლისის განჩინება თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2.2 პუნქტის უცვლელად დატოვების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება;
3. გ. ჯ-ის სარჩელი არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.2.1 პუნქტში მითითებული წესით ურთიერთობის დაწყებიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგ გ. ჯ-ეს არასრულწლოვან შვილთან, 2010 წლის 2 ნოემბერს დაბადებულ კ. ჯ-ესთან ურთიერთობისათვის განესაზღვროს: ყოველკვირეულად ოთხშაბათი 17:00 საათიდან 20:00 საათამდე და შაბათი 11:00 საათიდან 20:00 საათამდე მამის საცხოვრებელ ადგილას ბავშვის წაყვანის უფლებით;
5. გ. ჯ-ის სარჩელი მამის საცხოვრებელ ადგილას ბავშვის ღამისთევით წაყვანის, აგრეთვე, ზაფხულის და ზამთრის არდადეგებზე 10-10 დღით მამის საცხოვრებელ ადგილას ბავშვის წაყვანის შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
6. გ. ჯ-ეს დაეკისროს ბ. შ-ის სასარგებლოდ, მის მიერ სააპელაციო და საკასაციო ინსტანციაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 225 ლარის გადახდა;
7. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე