Facebook Twitter

№ ას-227-217-2016 9 სექტემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი - სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო’’ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - მ. კ-ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

დავის საგანი - სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. მ. კ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ი-ისა’’ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა მის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების მოპასუხეთათვის დაკისრება შემდეგი დასაბუთებით:

2. შპს „ი-ის“ დირექტორისა და ლიკვიდატორის 2010 წლის 14 აგვისტოს #2 ბრძანებით მ. კ-ი დაინიშნა ორგანიზაციის ბუღალტრის თანამდებობაზე და ყოველთვიური ხელფასის სახით განესაზღვრა 300 (სამასი) ლარი. აღნიშნულ ორგანიზაციაში მოსარჩელე დღემდე მუშაობს.

3. 2010 წლის 22 ივლისს სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით დაიწყო შპს „ი-ის“ ლიკვიდაცია, თუმცა მოგვიანებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 7 ივნისის #1/1-401 ბრძანების საფუძველზე ლიკვიდაცია შეწყდა და აღდგა 2010 წლის 22 ივლისის ბრძანების გამოცემამდე არსებული მდგომარეობა. მოსარჩელის განმარტებით, მას 2010 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე არ მიუღია კუთვნილი ხელფასი, რომლის ჯამური ოდენობა შეადგენს 12 360 ლარს. არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მოთხოვნით მან არაერთხელ მიმართა შპს „ი-ის“ ადმინისტრაციას, თუმცა უშედეგოდ - მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია აღიარებდა დავალიანებას, დღემდე არ აუნაზღაურებია იგი, რის გამოც მოსარჩელემ მიმართა სასამართლოს.

4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ სარჩელი არ ცნო.

5. მოპასუხემ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე და ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 17 სექტემბრის №391 დადგენილების პირველ და მე-2 მუხლებზე და აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნულ დავაში იგი წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს, ხოლო სათანადო მოპასუხე იყო სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

6. 2014 წლის 22 ოქტომბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა სასამართლოს, დააზუსტა მოპასუხეთა წრე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ნაცვლად მოპასუხედ მიუთითა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.

7. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ მ. კ-ის სარჩელზე წარადგინა შესაგებელი და განმარტა, რომ იგი არ არის შპს „ი-ის“ უფლებამონაცვლე. ამასთან, თავად საზოგადოებასა და მოსარჩელეს შორის დაიდო შრომის ხელშეკრულება, შესაბამისად, დავის განხილვაშიც იგივე მხარეები უნდა მონაწილეობდნენ. მხოლოდ სახელმწიფო ქონების 100 %-იანი წილის მითითება და ამის საფუძველზე განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის სახით ჩართვა, არ წარმოადგენს საფუძველს იმისთვის, რომ შპს „ი-ის“ ნაცვლად დავაში სწორედ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო იღებდეს მონაწილეობას. შესაბამისად, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს არ უნდა დაეკისროს უკვე ლიკვიდირებული საწარმოს რაიმე სახის ვალდებულება.

8. მოპასუხის განცხადებით, 2010 წლიდან დღემდე გასულია სამწლიანი ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად, მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ამ საფუძვლითაც არ უნდა დაკმაყოფილდეს.

9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით მ. კ-ის სარჩელი სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიმართ სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდა: სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მ. კ-ის სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანება 12 360 ლარის ოდენობით.

10. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ’’.

11. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 დეკემბრის განჩინებით სსიპ ,,სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა გორის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება.

12. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ არის გამხდარი დაანგარიშებული ხელფასის ოდენობა და მოთხოვნის ხანდაზმულობა. აპელანტი სადავოდ ხდიდა მხოლოდ სასარჩელო მოთხოვნაზე პასუხისმგებელი სუბიექტის განსაზღვრის მართებულობას და მიიჩნევდა, რომ საქმეზე მოპასუხე მხარეს არა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, არამედ შპს „ი-ი“ წარმოადგენდა. შესაბამისად, სააპელაციო პალატის აზრით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა ამ მიმართებით უნდა შემოწმებულიყო.

13. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

14. მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან 2013 წლის 25 ივნისის ამონაწრის შესაბამისად, შპს ,,ი-ის’’ 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორია სახელმწიფო, ხოლო ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - ბ. ჯ-ი.

15. 2010 წლის 22 ივლისის სსიპ საწარმოთა მართვის სააგენტოს თავმჯდომარის №1-3/701 ბრძანებით ბ. ჯ-ი, როგორც შპს „ი-ის“ დირექტორი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და იმავე ბრძანების საფუძველზე დაინიშნა საზოგადოების ლიკვიდატორად.

16. ბ. ჯ-ის 2010 წლის 14 აგვისტოს №2 ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე მ. კ-ი 2010 წლის 14 აგვისტოდან უვადოდ დაინიშნა ბუღალტრის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური ხელფასი განისაზღვრა 300 (სამასი) ლარით.

17. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 7 ივნისის №1/1-402 ბრძანებით, შპს ,,ი-ის’’ ლიკვიდაცია შეწყდა და აღდგა 2010 წლის 22 ივლისის ბრძანების გამოცემამდე არსებული მდგომარეობა. ამავე ბრძანებით, ბ. ჯ-ი შპს ,,ი-ის’’ ლიკვიდატორის თანამდებობიდან გათავისუფლდა და დაინიშნა დირექტორის თანამდებობაზე.

18. შპს ,,ი-ის’’ დირექტორის 2014 წლის 5 ივნისის №02 წერილით მოსარჩელის მიმართ აღიარებულია სახელფასო დავალიანება 12 360 ლარის ოდენობით. ამავე წერილის თანახმად, აღნიშნული დავალიანება საზოგადოების ბალანსზე რიცხული აქტივების რეალიზაციით მიღებული თანხით უნდა დაფარულიყო.

19. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2014 წლის 7 ნოემბრის №4111504/3 გადაწყვეტილებთ შპს ,,ი-ის’’ რეგისტრაცია გაუქმდა. მხარეთა განმარტებით, ამჟამად საწარმო გაკოტრებულია.

20. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის შედავება და მიიჩნია, რომ მ. კ-ის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების დაფარვაზე პასუხისმგებელ სუბიექტს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენს.

21. პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 24-ე, 25-ე მუხლებზე, სახელმწიფოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოების ლიკვიდაციის წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის #1-2/2044 ბრძანების პირველი მუხლის მე-2 პუნქტით და გაიზიარა აპელანტის მტკიცება იმის შესახებ, რომ სამეწარმეო რეესტრში შპს „ი-ის“ რეგისტრაციის გაუქმების მომენტიდან საწარმომ, როგორც ორგანიზებულმა წარმონაქმნმა, არსებობა შეწყვიტა და მისი უფლებამონაცვლე, რომელიც პასუხისმგებელი იქნებოდა საწარმოს ვალდებულებებზე, მათ შორის, შრომითი ურთიერთობიდან წარმოშობილ მოთხოვნებზე, არ დარჩენილა. სახელმწიფო კი, მოცემულ შემთხვევაში, როგორც საწარმოს პარტნიორი (100 %-იანი წილის მფლობელი), წარმოდგენილი სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სახით, საწარმოს (შპს „ი-ის“) უფლებამონაცვლედ ვერ მიიჩნეოდა. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო, როგორც შპს „ი-ის“ უფლებამონაცვლე, მ. კ-ის მიმართ პასუხისმგებელ სუბიექტად არ განიხილებოდა.

22. თუმცა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, აღნიშნული არ ნიშნავს იმას, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს პასუხისმგებლობა შპს „ი-ის“ კრედიტორების წინაშე სხვა საფუძვლითაც გამორიცხულია. პალატამ აღნიშნა, რომ სახელმწიფო, როგორც შპს „ი-ის“ პარტნიორი, პასუხს არ აგებს საზოგადოების ვალდებულებებისათვის. აღნიშნულ პრინციპს საფუძვლად უდევს საზოგადოების, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის - იურიდიული პირის განცალკევებულობა მისი პარტნიორისაგან, მოცემულ შემთხვევაში, სახელმწიფოსაგან. თუმცა განსახილველ შემთხვევაში, ადგილი აქვს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორის მიერ ისეთი ქმედების განხორციელებას, რომლითაც კრედიტორ მ. კ-ს საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა შეეზღუდა. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ვალდებულია მ. კ-ს შპს „ი-იდან“ ქონების ამოღებით მიყენებული ზიანი აუნაზღაუროს. მ. კ-ისათვის მიყენებული ზიანი კი ის დაკარგული შემოსავალია, რომელსაც მ. კ-ი მიიღებდა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შპს „ი-ის“ ბალანსიდან ქონება რომ არ ამოეღო.

23. სასამართლომ იხელმძღვანელა ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2010 წლის 27 დეკემბრის ბრძანებით და განმარტა, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 7 ივნისის ბრძანებით შპს ,,ი-ის’’ ლიკვიდაცია რომ არ შეწყვეტილიყო, მ. კ-ი მიიღებდა აღიარებულ სახელფასო დავალიანებას. ამასთან, შპს ,,ი-ის’’ რეგისტრაცია სამეწარმეო რეესტრში გაუქმდა არა საზოგადოების ლიკვიდაციის, არამედ ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად შპს „ი-ის“ გაკოტრებულად გამოცხადების გამო.

24. პალატამ აღნიშნა, რომ შპს ,,ი-ის’’ რეგისტრაციის ზემოაღნიშნული გზით გაუქმებისათვის აუცილებელი იყო ორგანიზაციის სახელზე არ არსებულიყო აქტივი, რომლის ამოღებაც ამ შემთხვევაში, 100%-იანი წილის მფლობელმა სახელმწიფომ განახორციელა სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მეშვეობით. სასამართლოს მოსაზრებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქმედება შპს „ი-იდან“ ქონების ამოღების თაობაზე მართლსაწინააღმდეგოდ ვერ შეფასდება, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც მითითებული დავის განხილვის დროისათვის ძალაშია და არ გაუქმებულა ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც შპს „ი-იდან“ ქონების ამოღება მოხდა. თავის მხრივ, არც შპს „ი-ის“ ქმედებაშია რაიმე კანონსაწინააღმდეგო, როდესაც მან, აქტივის არარსებობის პირობებში, გაკოტრების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა და ამ გზით სამეწარმეო რეესტრში საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმებას მიაღწია, თუმცა, პალატის მოსაზრებით, ამავდროულად, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო და კორპორაციული სამართალურთიერთობის ქვაკუთხედი ქმედების მართლზომიერებაა, სამართალურთიერთობის სუბიექტთა მხრიდან ერთმანეთის უფლებების მიმართ გულისხმიერი დამოკიდებულება და კეთილსინდისიერი ქცევაა. შესაბამისად, მსგავსად ქმედების მართლწინააღმდეგობისა, სამართალსუბიექტის მხრიდან არაკეთილსინდისიერი ქცევა ვალდებულების წარმოშობისა და, შესაბამისად, პასუხისმგებლობის დაკისრების დამოუკიდებელი საფუძველია. მით უფრო, როდესაც სამართალსუბიექტი სახელმწიფოა, რომლის ქმედების მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებს, მათ შორის, კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში.

25. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის მე-8, მუხლის მე-3 ნაწილით, ამავე კოდექსის 115-ე, 316-ე, 317-ე მუხლებით, ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დადგენილ პრაქტიკაზე (საქმე #ას-1338-1376-2014), სადაც განმარტებულია სამოქალაქო სამართალურთიერთობაში კეთილსინდისიერების პრინციპის შინაარსი და აღნიშნა, რომ კეთილსინდისიერების ფუნქციიდან გამომდინარე, როდესაც სამართალსუბიექტს სამართლებრივი მოქმედების რამდენიმე შესაძლებლობა აქვს, მან უნდა იმოქმედოს იმგვარად, რომ ამით ზიანი არ მიადგეს სხვას. თუ ერთი და იგივე მიზნის მიღწევა ამავე სამართალსუბიექტისათვის ყოველგვარი დანაკარგის გარეშე, რამდენიმე კანონიერი გზით არის შესაძლებელი, ასეთ შემთხვევაში არჩეული უნდა იქნეს ის გზა, რომლითაც სხვათა უფლებები ნაკლებად შეილახება. განსახილველ შემთხვევაში, შპს „ი-ის“ რეგისტრაციის გაუქმება ლიკვიდაციის შედეგად კი არ მოხდა, რა დროსაც მ. კ-ის მოთხოვნა საზოგადოების აქტივის რეალიზაციის ხარჯზე დაკმაყოფილდებოდა, არამედ სასამართლოსთვის გაკოტრების განცხადებით მიმართვით, რასაც სახელმწიფოს მხრიდან საზოგადოების ბალანსიდან ქონების ამოღება უძღოდა წინ და რამაც, რეგისტრაციის გაუქმების გზით, საზოგადოების გაკოტრებულად გამოცხადება განაპირობა.

26. ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ შპს „ი-იდან“ ქონების ამოღებითა და აქტივის გარეშე სასამართლოსთვის საწარმოს გაკოტრების მოთხოვნით მიმართვის გზით შეილახა იმ პირის უფლება, რომელსაც საწარმოს მხრიდან აღიარებული ვალდებულება გააჩნდა, მით უფრო, რომ აღნიშნული ვალდებულება სახელფასო დავალიანება იყო.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წარმოადგენდა სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ, სათანადო მოპასუხეს.

28. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

29. მოცემული დავის საგანს არ წარმოადგენდა საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების კანონიერება, თუმცა სასამართლომ აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას გაცილებით მეტი დრო დაუთმო, ვიდრე დავის საგანს. სასამართლომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო მიიჩნია მოპასუხედ მისი ფუნქციებიდან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ხსენებული სააგენტოს უფლება-მოვალეობები სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში მკაცრადაა განსაზღვრული კანონმდებლობით (საქართველოს კანონი „სახელმწიფო ქონების შესახებ“ (1.6 მუხლი) და საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 სექტემბრის #391 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტი). სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში სააგენტო ახორციელებს პარტნიორის, ანუ სახელმწიფოს უფლებამოსილებას მხოლოდ მისთვის მკაცრად განსაზღვრულ ფარგლებში, შესაბამისად, კერძო პირის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ მოთხოვნაზე სააგენტოს გაიგივება პარტნიორთან, ანუ სახელმწიფოსთან და მისთვის იმ პასუხისმგებლობის დაკისრება, რაც სცილდება მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს, სამართლებრივად გაუმართლებელია. შესაბამისად, ხსენებული უფლებამოსილების ფარგლებში სწორედ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოსაგან უფლებამოსილ პირს, რაც სასამართლოს მიერ მსჯელობის მიღმა იქნა დატოვებული.

30. სააპელაციო სასამართლომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მ. კ-ის სასარგებლოდ არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურება დააკისრა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 316-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ზოგადი ნორმების საფუძველზე, ვალდებულების კეთილსინდისიერად შეუსრულებლობისა და კონტრაჰენტის პატივსადები ინტერესის გაუთვალისწინებლობისათვის.

31. აღნიშნულის საპირისპიროდ, კასატორმა აღნიშნა, რომ მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანის არარსებობის პირობებში სახელმწიფოს, როგორც პარტნიორის მხრიდან თავისი უფლების კანონით დადგენილი წესით და ფარგლებში რეალიზება არ შეიძლება შეფასდეს არც მ. კ-ისათვის ზიანის მიყენების მიზნით განხორციელებულ ქმედებად და არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, უფლების ბოროტად გამოყენებად, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი არანაირი მტკიცებულება საქმეში მოსარჩელის მხრიდან წარდგენილი არ ყოფილა. გასაჩივრებულ განჩინებაში ასევე არ არის საუბარი, თუ კონკრეტულად რაში გამოიხატა უფლების ბოროტად გამოყენება. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მხრიდან შპს „ი-ის“ ბალანსზე რიცხული ქონების ამოღებისას ასეთი განზრახვა არ დასტურდება და ვერც მოწინააღმდეგე მხარე უთითებს მასზე.

32. საკასაციო საჩივრის ავტორის განცხადებით, სააგენტოს პოზიცია მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, პირველ ინსტანციაში შესაგებლის წარდგენის ეტაპიდან არ შეცვლილა და სასამართლო ვალდებული იყო ემსჯელა ამ საკითხზე.

33. ვალის აღიარების თაობაზე შპს ,,ი-ის’’ დირექტორის წერილთან დაკავშირებით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განაცხადა, რომ აღნიშნული არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ვალის არსებობის აღიარებად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის თანახმად, ვინაიდან მისი ნამდვილობა დამოკიდებული იყო პარტნიორის თანხმობაზე, რაც მოცემულ შემთხვევაში არ არსებობს.

34. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინებით სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

35. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

36. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრით სადავოდაა გამხდარი სახელფასო დავალიანების დაკისრების მართლზომიერება, ასევე, მოპასუხის სათანადოობა.

37. საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს „ი-ი“ დაფუძნებული და რეგისტრირებული იქნა სახელმწიფოს 100%-იანი წილით 2000 წლის 3 იანვარს.

38. სსიპ ,,საწარმოთა მართვის სააგენტოს’’ 2010 წლის 22 ივლისის ბრძანების საფუძველზე დაიწყო საწარმოს ლიკვიდაცია. მოგვიანებით, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 7 ივნისის ბრძანებით შეწყდა საწარმოს ლიკვიდაცია და აღდგა ლიკვიდაციამდე არსებული მდგომარეობა, მოსარჩელე დაინიშნა ამავე საზოგადოების ბუღალტრის თანამდებობაზე და ყოველთვიური ხელფასის სახით განესაზღვრა 300 (სამასი) ლარი.

39. სადავო შემთხვევაში, ადგილი აქვს შპს-ს პარტნიორის მიერ ისეთი ქმედების განხორციელებას, რომლითაც მოსარჩელეს საკუთარი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობა შეეზღუდა, რაც გამოიხატა ხელფასის მიუღებლობაში. კვლევის საგანია თუ ვის მიმართ და რომელი სამართლებრივი საფუძვლით შეიძლება სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება.

40. განსახილველ შემთხვევაში, საწარმოს 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი სახელმწიფო იყო. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის 2013 წლის 7 ივნისის ბრძანებით საწარმოს ლიკვიდაცია შეწყდა და 2010 წლის 22 ივლისის გამოცემამდე არსებული მდგომარეობა აღდგა, რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილებით, საწარმოს, როგორც სამართალსუბიექტის არსებობა ლიკვიდაციის გზით არ შეწყდა.

41. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დკავშირებით, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საწარმოს კაპიტალიდან ქონების ამოღებითა და აქტივის გარეშე სასამართლოსთვის საწარმოს გაკოტრების მოთხოვნით მიმართვის გზით შეილახა იმ პირის უფლება, რომელსაც საწარმოს მხრიდან აღიარებული ვალდებულება გააჩნდა. შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არის ის პირი, რომელიც მოსარჩელის წინაშე წარმოშობილი სახელფასო დავალიანების ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს წარმოადგენს.

42. რაც შეეხება მოთხოვნის მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლების კვლევას, საკასაციო პალატა პირველ რიგში ყურადღებას მიქცევს სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეთა ქცევის კანონით დადგენილ სტანდარტს, რომელიც დადგენილია სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესით - სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ეს დანაწესი მოიცავს მთელ კერძო სამართალს, რომელსაც ავსებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და იმანენტურ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს ზოგადად სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა (იხ. სუსგ საქმე №ას-1338-1376-2014, 29 ივნისი, 2015 წელი; სუსგ საქმე №ას-570-541-2015, 11 ნოემბერი, 2015 წელი).

43. სადავო შემთხვევაში, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ქმედება საწარმოს კაპიტალიდან ქონების ამოღების თაობაზე მართლსაწინააღმდეგოდ ვერ შეფასდება, მით უფრო, იმ პირობებში, რომ მოცემული დავის განხილვის დროისათვის ძალაშია და არ გაუქმებულა ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც საწარმოს კაპიტალიდან ქონების ამოღება მოხდა. თავის მხრივ, არც საწარმოს ქმედებაშია რაიმე კანონსაწარნააღმდეგო, როდესაც მან აქტივის არარსებობის პირობებში გაკოტრების მოთხოვნით სასამართლოს მიმართა და ამ გზით სამეწარმეო რეესტრში საზოგადოების რეგისტრაციის გაუქმებას მიაღწია. თუმცა, სამართალურთიერთობის მონაწილეთა ქცევის კეთილსინდისიერებისა და გულისხმიერების ვალდებულების გათვალისწინებით, რომელიც ვალდებულების წარმოშობის საფუძველსაც ქმნის, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ საწარმოს კაპიტალიდან ქონების ამოღებითა და აქტივის გარეშე სასამართლოსათვის საწარმოს გაკოტრების მოთხოვნით მიმართვის გზით შეილახა იმ პირის უფლება, რომელსაც საწარმოს მხრიდან აღიარებული ვალდებულება გააჩნდა, მით უფრო, რომ აღნიშნული ვალდებულება სახელფასო დავალიანება იყო. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, პალატას მიაჩნია, რომ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო არის ის პირი, რომელიც წინამდებარე დავის განხილვაში მოპასუხე მხარეს წარმოადგენს და, რომელსაც უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიმართ არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურება.

44. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მოპასუხეს სწორად დაეკისრა სადავო თანხის გადახდა.

45. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

46. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

47. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუსგ საქმე №ას-264-250-2016, 18 მაისი, 2016 წელი; სუსგ საქმე №ას-941-979-2011, 1 ნოემბერი, 2011 წელი).

48. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე