8 ივლისი, 2016 წ. თბილისი
№ას-468-449-2016
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი – გ. რ-ა
მოწინააღმდეგე მხარეები - შპს „ნ-“, ზ. გ-ე, გ. ა-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება
დავის საგანი – საკუთრების ხელყოფის აღკვეთა, ზიანის ანაზღაურება, უსაფუძვლო გამდიდრების გათანაბრება, აუცილებელი გზის დადგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. რ-ამ (შემდეგში მოსარჩელე) და მოითხოვა:
ა) ზ. გ-ისა და გ. ა-ისათვის 1500 აშშ დოლარის დაკისრება ყოველთვიურად 2012 წლის 22 ივნისიდან 2013 წლის 30 ოქტომბრამდე;
ბ) შპს „ნ-სათვის“, ზ. გ-ისა და გ. ა-ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 1500 აშშ დოლარის გადახდა ყოველთვიურად 2013 წლის 30 ოქტომბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;
გ) ზ. გ-ისა და გ. ა-ისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად 500 აშშ დოლარის დაკისრება ყოველთვიურად 2012 წლის 22 ივნისიდან ხელშეშლის საბოლოო აღკვეთამდე საკუთარ ფართში შესასვლელად დამატებითი გზით სარგებლობისათვის;
დ) შპს „ნ-სათვის“ 500 აშშ დოლარის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ 2013 წლის 30 ოქტომბრიდან ხელშეშლის საბოლოო აღკვეთამდე ფართში შესასვლელად დამატებითი გზით სარგებლობისათვის;
ე) მოპასუხეებისათვის მეზობლებთან დამაკავშირებელი ღიობების მიშენებაში ნებისმიერი ფორმით ხელშეშლის აღკვეთა.
ვ) მოპასუხეების დავალდებულება სასაზღვრო კედლის ამოშენებაში მონაწილეობის მიღებაზე და ხარჯების ნახევრის (400 ლარის) მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრება;
ზ) მოპასუხეებისათვის რემონტის ხარჯების სოლიდარულად დაკისრება;
თ) მოპასუხეებისათვის 50 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება.
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შეგებებული სარჩელით მიმართა შპს „ნ…ა“ და მოითხოვა საკუთარ ფართთან დასაკავშირებელი აუცილებელი გზა „ფართი №1-ის“ გამოყენებით;
3. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით:
3.1. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
3.2. შპს „ნ-ს“ დაეკისრა 4788 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ;
3.3. შპს „ნ-ს“, გ. ა-ს და ზ. გ-ეს აეკრძალათ გ. რ-ასათვის უძრავ ქონებაზე (მდებარე: ქ. ქუთაისში, რ-ის №…/წ-ს ქუჩის №…-ში, საკადასტრო კოდი: …; შემდგომში ფართი №1) ხელშეშლა კარის ღიობების ამოშენებაში;
3.4. შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
3.5. გაუქმდა შეგებებული სარჩელის უზრუნველსაყოფად ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის განჩინებით გამოყენებული ღონისძიება.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ნ-მა“;
5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 მარტის გადაწყვეტილებით:
5.1. შპს „ნ-ის“ და მოსარჩელის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა: გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება შპს „ნ-სათვის“ 4788 აშშ დოლარის გადახდევინების, გელა რ-ას სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის და საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილებში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
5.2. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
5.3. გ. ა-ს და ზ. გ-ეს სოლიდარულად დაეკისრათ 3600 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ;
5.4. შპს „ნ-ს“ დაეკისრა 3700 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ;
5.5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება კარის ღიობების ამოშენებაში ხელშეშლის აკრძალვის, შპს „ნ-ის“ შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისა და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივლისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების ნაწილებში დარჩა უცვლელად;
6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის დამატებითი გადაწყვეტილებით გელა რ-ას დაეკისრა 1797.69 ლარის გადახდა შპს „ნ-ის“ სასარგებლოდ;
5. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დამატებითი გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების და დამატებითი გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება.
6. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 3 ივნისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 6000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
7. 2016 წლის 21 ივნისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
8. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
10. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივნისის განჩინებით კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.
11. საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ზემოხსენებული განჩინება 2016 წლის 23 ივნისს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორს.
12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 24 ივნისს და ამოიწურა ამავე წლის 28 ივნისს. ამდენად, კასატორი ვალდებული იყო ხარვეზი შეევსო 2016 წლის 28 ივნისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორს ხარვეზი არ გამოუსწორებია.
13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.
14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.
15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. გ. რ-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე პაატა ქათამაძე