საქმე№ა-2216-შ-56-2016 29 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბ-ი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – გ. ბ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ჟ. კ. შ-ო
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – შვედეთის ვესტმანლანდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შვედეთის ვესტმანლანდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ქორწინება გ. ბ-სა და ჟ. კ. შ-ოს შორის გაუქმდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა გ. ბ-ის წარმომადგენელმა თ. ნ-მ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ შვედეთის ვესტმანლანდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით გ. ბ-ის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე ჟ. კ. შ-ოს გაეგზავნა 2016 წლის 24 ივნისს და ჩაბარდა 2016 წლის 6 ივლისს, თუმცა მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ გ. ბ-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, შვედეთის ვესტმანლანდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ შვედეთის ვესტმანლანდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ქორწინება გ. ბ-სა და ჟ. კ. შ-ოს შორის გაუქმდა.
შუამდგომლობაზე დართული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ შვედეთის ვესტმანლანდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია ამავე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით.
სამოქალაქო საქმეთა პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, არ დგინდება კანონის აღნიშნული დანაწესით გათვალისწინებული დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა. შესაბამისად, შვედეთის ვესტმანლანდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე და 69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
გ. ბ-ის შუამდგომლობა საქართველოს ტერიტორიაზე შვედეთის ვესტმანლანდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს; ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე შვედეთის ვესტმანლანდის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება, რომლითაც ქორწინება გ. ბ-სა და ჟ. კ. შ-ოს შორის გაუქმდა; უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბ-ი
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე