Facebook Twitter

№ ას-194-185-2016 29 ივლისი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი- ა(ა)იპ ,,ს-ო“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი. მ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი - სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი. მ-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა(ა)იპ ,,ს-ოს“ მიმართ და მოითხოვა სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით:

2. მოსარჩელე 2012 წლის 3 დეკემბრის №02/16 ბრძანებით დაინიშნა ა(ა)იპ ,,ს-ოს“ დირექტორის მოადგილედ, ხოლო 2015 წლის 15 აპრილის №01-03/21 ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მისი გათავისუფლება მოხდა პოლიტიკური ნიშნით, რადგან 2014 წელს თვითმმართველობის არჩევნებში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო. ი. მ-მ აღნიშნა, რომ მან მონაწილეობა მიიღო ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილ აქციაში, რის გამოც დაითხოვეს სამსახურიდან, თუმცა გათავისუფლების საფუძვლად ორგანიზაციამ მიუთითა რეორგანიზაციაზე. სინამდვილეში კი რეორგანიზაციას არ მოჰყოლია შტატების შემცირება. პირიქით, რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებულ პირთა ოდენობა გაიზარდა. ამასთან, მოსარჩელის სამსახურეობრივი ფუნქცია არ შეცვლილა, მის თანამდებობას დაერქვა სხვა სახელი, მარგამ ფუნქცია დარჩა იგივე. რეორგანიზაციის შემდეგ სამსახურიდან მის გარდა სხვა პირი არ გათავისუფლებულა.

3. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა რეორგანიზაციის გამო. სააგენტოს დირექტორის 2015 წლის 6 აპრილის ბრძანების მიხედვით, სააგენტოს სამომავლო საქმიანობის და სამოქმედო გეგმის ეფექტური შესრულების მიზნით, უნდა მომხდარიყო სააგენტოს სტრუქტურული რეორგანიზაცია. თანამშრომლები, მათ შორის მოსარჩელეც გაფრთხილებული იქნენ მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. რეორგანიზაციის შედეგად რადიკალურად შეიცვალა ორგანიზაციის სტრუქტურა, დამტკიცდა ახალი სტრუქტურა და საშტატო ერთეულები. რეორგანიზაციამდე არსებული და რეორგანიზაციის შემდეგ ჩამოყალიბებული სამსახურები ერთმანეთისაგან განსხვავდება, როგორც სახელწოდებით, ისე ფუნქციით. შესაბამისად, მოპასუხის აზრით, სარჩელი უსაფუძვლო იყო და არ არსებობდა მისი დაკმაყოფილების საფუძველი.

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილებით ი. მ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ ,,ს-ოს“ დირექტორის 2015 წლის 15 აპრილის №01-03/24 ბრძანება ი. მ-ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; ი. მ- აღდგენილ იქნა ა(ა)იპ ,,ს-ოს“ დირექტორის მოადგილის ტოლფას თანამდებობაზე; მოსარჩელეს აუნაზღაურდა იძულებითი განაცდური 2015 წლის 6 აპრილიდან სამუშაოზე სრულად აღდგენამდე (თვეში 1 200 ლარის დაბეგვრის შემდეგ დარჩენილი თანხა).

5. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასჩივრა ა(ა)იპ ,,ს-ომ’’.

6. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 იანვრის განჩინებით ა(ა)იპ ,,ს-ოს’’ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 14 ივლისის გადაწყვეტილება.

7. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

8. 2012 წლის 3 დეკემბერს, ი. მ- დაინიშნა ა(ა)იპ ,,ს-ოს" დირექტორის მოადგილედ. საწარმოს შინაგანაწესის მიხედვით, დირექტორის მოადგილის მოვალეობაში შედიოდა ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების განხორციელება.

9. 2013 წლის 18 იანვრის მდგომარეობით ა(ა)იპ ,,ს-ო’’ შედგებოდა 62 საშტატო ერთეულისაგან. მათ შორის, სააგენტოს დირექტორს ჰყავდა ორი მოადგილე. 2013 წლის 8 მაისს, 2014 წლის 16 იანვარს, 2014 წლის 12 სექტემბერსა და 2015 წლის 15 იანვარს განხორციელებული შტატების რიცხოვნობის გაზრდის შედეგად, მათი რაოდენობა განისაზღვრა 74 ერთეულით, ხოლო 2015 წლის 6 აპრილს, ორგანიზაციულ ცვლილებებთან დაკავშირებით ა(ა)იპ ,,ს-ოს" დირექტორის მიერ გამოცემული ბრძანების საფუძველზე, დამტკიცდა ა(ა)იპ ,,ს-ოს" ახალი საშტატო განრიგი 81 საშტატო ერთეულით. ამასთან, გაუქმდა დირექტორის მოადგილის შტატი და მისი ფუნქციები გადანაწილდა ახლად შექმნილ სხვადასხვა სამსახურებზე.

10. რეორგანიზაციის შემდეგ, ის ფუნქციები (პარკირებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხები), რამლებიც დაკისრებული ჰქონდა დირექტორის მოადგილეს, გადანაწილდა სხვადასხვა სამსახურებში (ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურში, მოძრაობის ორგანიზებისა და მონიტორინგის განყოფილებაში), რომლებსაც ახორციელებენ ამ სამსახურის უფროსები.

11. 2015 წლის 15 აპრილს ი. მ- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მისი ხელფასი გათავისუფლებამდე შეადგენდა 1200 ლარს.

12. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა’’ ქვეპუნქტით, რომელიც გახდა მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლების საფუძველი, შეაფასა მხარეთა ახსნა-განმარტებები, საქმეში წარმოდგენილი ა(ა)იპ ,,ს-ოს” საშტატო განრიგისა და თანამდებობრივი სარგოების, ასევე ა(ა)იპ ,,ს-ოს” თანამშრომელთა თანამდებობრივი ფუნქციების განსაზღვრის თაობაზე წერილობითი მტკიცებულებები (შინაგანაწესი, ინსტრუქცია), მოსარჩელესთან გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება და დაადგინა, რომ ი. მ-ის სამუშაოდან გათავისუფლების დროისათვის მიმდინარეობდა ა(ა)იპ ,,ს-ოს” რეორგანიზაცია, რომლის საფუძველზე, ის ფუნქციები, რომელიც ი. მ-ს, როგორც დირექტორის მოადგილეს გააჩნდა, გადანაწილდა სხვადასხვა სამსახურებში, კერძოდ, ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურსა და პარკირების ადმინისტრირების განყოფილებაში და ამჟამად მას ახორციელებენ ამ სამსახურის უფროსები.

13. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებულის სამსახურიდან გაშვების ერთ-ერთ განმაპირობებელ კანონისმიერ საფუძვლად შეიძლებოდა გამხდარიყო შტატების შემცირება ან ფუნქციების მატება და შესაბამისად, რეორგანიზაციამდე დასაქმებული კადრის - ი. მ-ის არასაკმარისი კვალიფიკაცია. მოცემულ შემთხვევაში კი საქმის მასალებით არ დასტურდებოდა რეორგანიზაციის შედეგად შტატების შემცირების ფაქტი და არც ახალი საშტატო ნუსხით განსაზღვრულ პოზიციებზე მოსარჩელის მიერ რეორგანიზაციამდე დაკავებულ თანამდებობაზე არსებული მოთხოვნებისგან განსახვავებული მოთხოვნების არსებობა. პირიქით, საქმის მასალებით დასტურდებოდა შტატების გაზრდის ფაქტი. შესაბამისად, მოპასუხემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ რეორგანიზაციის შედეგად იმგვარად შეიცვალა მოსარჩელის მიერ დაკავებული პოზიციებისთვის წაყენებული მოთხოვნები, რომ მოსარჩელე მას ვეღარ აკმაყოფილებდა.

14. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე, 38-ე, 44-ე მუხლებით და დაადგინა, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივარზე უარის თქმისა და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლები.

15. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა(ა)იპ ,,ს-ომ’’ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:

16. კასატორის განმარტებით, ა(ა)იპ ,,ს-ოს“ 2012 წლის 22 თებერვლის შინაგანაწესის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დირექტორის მოადგილე ხელმძღვანელობდა კანონმდებლობით, წესდებითა და დადგენილი წესით გათვალისწინებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებასთან დაკავშირებული ორგანიზაციული საკითხების განხორციელებას. ამავე შინაგანაწესის შესაბამისად, არსებობდა „მონიტორინგის განყოფილება“, რომელსაც ზუსტად იდენტური ფუნქცია-მოვალეობები გააჩნდა, რომელიც გააჩნია დღეს „პარკირების ადმინისტრირების განყოფილებას“, ფაქტობრივად, მას აკისრია „მონიტორინგის განყოფილების’’ ყველა ფუნქცია-მოვალეობა. ამასთან, ის ვალდებულებები, რომელებიც აღებული ჰქონდა ი. მ-ს, როგორც დირექტორის მოადგილეს, არ გააჩნია დღეს მოქმედ „პარკირების ადმინისტრირების განყოფილებას“, ვინაიდან, აღნიშნულის შესახებ ჩანაწერი ახალ შინაგანაწესში არ არსებობს.

17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო საჩივრის ავტორმა არასწორად მიიჩნია სასამართლოს მსჯელობა ი. მ-ის, როგორც დირექტორის მოადგილის ფუნქციების სხვადასხვა სამსახურებში გადანაწილების თაობაზე. მისი განცხადებით, ი. მ-ის, როგორც დირექტორის მოადგილის ფუნქცია-მოვალეობები გაიზარდა, ვინაიდან მას დაემატა ახალი განყოფილების, „ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის“ ფუნქცია, სასამართლოს განმარტებით, კი სწორედ რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებულის სამსახურიდან გაშვების ერთ-ერთ განმაპირობებელ კანონისმიერ საფუძვლად ფუნქციების მატება და შესაბამისად რეორგანიზაციამდე დასაქმებული ი. მ-ის უკვე არასაკმარისი კვალიფიკაცია შეიძლებოდა მიჩნეულიყო. იმის გათვალისწინებით, რომ ი. მ-ის, როგორც დირექტორის მოადგილის ფუნქცია-მოვალეობებს დაემატა ახალი განყოფილების „ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის“ ფუნქცია-მოვალეობები, მისი კვალიფაკიაცია არასაკმარისი აღმოჩნდა „ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურში’’ დასაქმებისათვის.

18. კასატორი ასევე აღნიშნავს, რომ ი. მ-ის, როგორც დირექტორის მოადგილის, ფუნქცია-მოვალეობა წარმოადგენდა ფორმალურ ჩანაწერს, რადგან ყველა ორგანიზაციულ საკითხს, რომელიც დაკავშირებული იყო ავტოსატრანსპორტო საშუალების პარკირებასთან, ასრულებდა მონიტორინგის განყოფილება და შესაბამისად, მონიტორინგის განყოფილების უფროსი. დღესდღეობით კი, მონიტორინგის განყოფილების ყველა ფუნქცია-მოვალეობა აკისრია „პარკირების ადმინისტრირების განყოფილებას’’.

19. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 მარტის განჩინებით ა(ა)იპ ,,ს-ოს“ საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

20. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. მ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

21. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ შრომით სამართლებრივ დავასთან დაკავშირებულ არა ერთ საქმეში განმარტა, რომ ასეთი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს და დამსაქმებელს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას აკისრებს (იხ. სუსგ №ას-1276-1216-2014, 18 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-122-114-2015, 23 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-922-884-2014, 16 აპრილი, 2015 წელი).

22. განსახილველ შემთხვევაში დავის საგნისა და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მხარე წარმოადგენს სააგენტოს, რომელსაც გააჩნია დოკუმენტაცია, დამსაქმებელს ეკისრება მის ორგანიზაციაში დასაქმებული პირის გათავისუფლების საფუძვლის მართლზომიერების მტკიცების და, შესაბამისად, ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულების წარდგენის ტვირთი. კერძოდ, სასამართლოს მითითებით, მოპასუხეს მართებდა დაედასტურებინა, რომ 2015 წლის აპრილში ა(ა)იპ ,,ს-ოში“ ჩატარებული რეორგანიზაციის შინაარსის გათვალისწინებით, მას გააჩნდა ი. მ-ის ორგანიზაციის დირექტორის მოადგილის თანამდებობიდან განთავისუფლებისათვის მართლზომიერი საფუძველი. საკასაციო პალატა აქვე აღნიშნავს, რომ მოპასუხე თავის შესაგებელს და ახსნა-განმარტებას ამყარებს ძირითადად იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის შეწვეტა განაპირობა ა(ა)იპ ,,ს-ოში“ დაწყებულმა რეორგანიზაციამ და სტრუქტურულმა ცვლილებებმა, თუმცა მოპასუხეს სასამართლოსათვის არ შემოუთავაზებია კონკრეტული დასაბუთება იმასთან დაკავშირებით, თუ 2015 წლის აპრილში ა(ა)იპ ,,ს-ოში“ დაწყებული რეორგანიზაცია თავისი შინაარსის გათვალისწინებით, რატომ აძლევდა დამსაქმებელს მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობის მოშლის უფლებამოსილებას.

23. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ რეორგანიზაცია იმ შემთხვევაში წარმოშობს მუშაკის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძველს, თუ დადგინდება, რომ რეორგანიზაცია თავისი შინაარსის გათვალისწინებით, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო, შტატების ან/და ხელფასების შემცირების ან სხვა ობიექტური საჭიროების გამო, დამსაქმებელს აყენებს კონკრეტული თანამდებობიდან მუშაკის გათავისუფლების აუცილებლობის წინაშე. საკასაციო სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ რეორგანიზაციის შედეგად დასაქმებულის სამსახურიდან გაშვების ერთ-ერთ კანონისმიერ საფუძვლად რეორგანიზაციამდე დასაქმებული კადრის არასაკმარისი კვალიფიკაცია შეიძლება იქნეს მიჩნეული. კერძოდ ის, რომ განახლებული ფუნქციების შედეგად იგი ვეღარ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს და დაკავებული თანამდებობისთვის შეუფერებელია. მოცემულ შემთხვევაში, ამგვარი გარემოებები, რაც სარჩელის უარყოფის საფუძველი შეიძლებოდა ყოფილიყო, საქმის მასალებით არ დადასტურდა. წარმოდგენილი მასალებით არც ის გარემოება დასტურდება, რომ 2015 წლის აპრილში ა(ა)იპ ,,ს-ოში“ ჩატარებული რეორგანიზაციის შედეგად შემცირდა შტატები.

24. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

25. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

26. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მგ. სუს #ას-115-111-2016 განჩინება; 8 აპრილი, 2016 წელი; სუს 2014 წლის 28 მაისის #ას-1025-979-2013 განჩინება; სუს 2015 წლის 30 იანვრის #ას-883-845-2014 განჩინება; ), სადაც განმარტებულია საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე სამსახურიდან მუშაკის გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები.

27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა(ა)იპ ,,ს-ოს“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

28. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2160 ლარის 70% – 1512 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ა(ა)იპ ,,ს-ოს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორ ა(ა)იპ ,,ს-ოს“ დაუბრუნდეს მის (საიდენტიფიკაციო კოდი: ....) მიერ 2016 წლის 16 მარტს №00616 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2160 ლარის 70% – 1512 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე