№ ას-282-268-2016 29 ივლისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე - შპს ,,ვ-ა’’ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს ,,ვ-ას’’ მიმართ და მოითხოვა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს ანაზღაურება შემდეგი დასაბუთებით:
2. 2014 წლის 14 ივნისს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და შპს ,,ვ-ას’’ შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებში შპს „ვ-ა“ აწარმოებდა ქ. ქობულეთში სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების მოწყობას. აღნიშნულ ხელშეკრულებაში 2014 წლის 15 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 15 ნოემბრამდე.
3. 2014 წლის 14 ნოემბერს კონტროლის (ინსპექტირების) ჯგუფის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე ცნობილი გახდა, რომ მოპასუხეს სამუშაოების მხოლოდ ნაწილი ჰქონდა შესრულებული, ხოლო შეუსრულებელ სამუშაოებზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო, რომელმაც ამავე წლის 15 ნოემბრის მდგომარეობით შეადგინა 4464.69 ლარი. მოსარჩელის განცხადებით, მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია.
4. შპს ,,ვ-ამ’’ სარჩელი არ ცნო, მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებზე და განმარტა, რომ მოსარჩელესა და მას შორის გაფორმებული ხელშეკრულებით პირგასამტეხლო განისაზღვრა 0.1%-ის ოდენობით, რაც არ შეესაბამებოდა ვალდებულებით გათვალისწინებულ შესაძლო ზიანს, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირებულიყო 0.01%-მდე.
5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; შპს ,,ვ-ას’’ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა პირგასამტეხლო 2232.34 ლარის ოდენობით.
6. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ.
7. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 იანვრის განჩინებით ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.
8. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
9. 2014 წლის 13 ივნისს მხარეებს შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ №101 ხელშეკრულება. 2014 წლის 15 ოქტომბერს განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2014 წლის 15 ნოემბრამდე.
10. ხელშეკრულებით მიმწოდებელმა (მოპასუხემ) იკისრა ვალდებულება, შეესრულებინა ქ. ქობულეთში სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების მოწყობის სამუშაო (CPV 45232130 - ჩამდინარე წყლების მილსადენი სისტემების მშენებლობა).
11. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენდა 60 800 ლარს. მხარეთა 2014 წლის 14 ივლისის შეთანხმებით ცვლილებები განხორციელდა ხელშეკრულებაში და მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება ქ. ქობულეთში სანიაღვრე და საკანალიზაციო არხების მოწყობის სამუშაოები შეესრულებინა 57534.41 ლარად.
12. სამუშაოების შესრულების ვადად განისაზღვრა 60 კალენდარული დღე და სამუშაოს ეტაპის მიღება-ჩაბარებისათვის მიმწოდებელს შემსყიდველისათვის უნდა წარედგინა ფორმა №2/№3 და ფარული სამუშაოს აქტი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) დადასტურებული შემსყიდველის წარმომადგენლის მიერ. შესრულებული სამუშაოების ანგარიშსწორება განხორციელდებოდა ეტაპობრივად, შესრულებული სამუშაოს მოცულობების მიხედვით.
13. მხარეთა შეთანხმების შესაბამისად, იმ შემთხვევისათვის, თუ მიმწოდებელი ყოველი ეტაპის შესრულების ვადას გადააცილებდა მიმწოდებლის მიერ წარდგენილი გეგმა-გრაფიკით გათვალისწინებულ შესაბამისი ეტაპის დასრულების ვადას, დაეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.1%-ის ოდენობით.
14. მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და ჯამში შესრულებული აქვს 6241.67 ლარის ღირებულების სამუშაოები.
15. სააპელაციო სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს სამართლებრივი შეფასება პირგასამტეხლოს შემცირების თაობაზე და დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ პირგასამრტეხლოს გადახდის ვალდებულება, ისინი ვერ შეთანხმდნენ მის ოდენობაზე.
16. პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით და განმარტა, რომ პირგასამტეხლო, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
17. სასამართლომ ასევე მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინებაზე (საქმე №ას-1113-1060-2014 23 თებერვალი, 2015 წელი), სადაც აღნიშნულია, რომ პირგასამტეხლო ატარებს პრევენციულ და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, ამ ოდენობის გადაჭარბებისას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, სასამართლო ვალდებულია მხედველობაში მიიღოს შესრულების ღირებულების, შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.
18. განსახილველ შემთხვევაში, პალატამ მიიჩნია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლიანი იყო და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობდა.
19. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ შეიტანა საკასაციო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
20. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მითითება შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოზე არასამართლიანი იყო, რადგან ის გამოითვლებოდა არა მთლიანი სახელშეკრულებო ღირებულებიდან, არამედ შეუსრულებელი ვალდებულებიდან. შესაბამისად, მხარის მიერ შეუსრულებელი ვალდებულება იმდენად დიდი იყო, რომ პირგასამტეხლომ ზემოაღნიშნულ ოდენობას მიაღწია.
21. საკასაციო საჩივრის ავტორმა ასევე მიუთითა, რომ მოპასუხის მიერ სამუშაოების არასრულად შესრულებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, კერძოდ, სამუშაოები უნდა დასრულებულიყო ზაფხულში, რათა მოსახლეობას შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ნალექის მოსვლით საცხოვრებელი სახლები არ დატბორვოდა, ვალდებულების შეუსრულებლობით კი სანიაღვრე არხების მოწყობა ვერ განხორციელდა.
22. ამასთან, ხელახალი ტენდერი დაიგეგმა 2015 წელს, რამაც გამოიწვია აღნიშნული პროცესის დროში გაწელვა. შესაბამისად, დარჩენილი სამუშაოების შესრულება მომდევნო წელს გაცილებით მაღალი ღირებულებით განხორციელდა.
23. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება და მისი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.
24. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აპრილის განჩინებით ქობულეთის მინუციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
25. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
26. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
27. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
28. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
29. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას.
30. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
31. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
32. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
33. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
34. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუს 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; სუს 2014 წლის 10 აპრილის Nას-23-23-2014 განჩინება; სუს 2013 წლის 20 მაისის Nას-1432-1351-2012 განჩინება).
35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
ქობულეთის მინუციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
37. კასატორი ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
38. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე