Facebook Twitter

საქმე №ას-112-108-2016 29 ივლისი, 2016 წელი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. შ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. შ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

მ. შ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. შ-ის მიმართ და მოითხოვა ქ. ბათუმში, კ-ის ქ. #...-ში მდებარე მ. შ-ის სახელზე რეგისტრირებული 1242 კვ.მ (საკადასტრო კოდი: ......) მიწის ნაკვეთისა და 228,40 კვ.მ შენობა-ნაგებობის თანამესაკუთრედ ცნობა, ასევე, საერთო ფართში შესული 800 კვ.მ მიწის ნაკვეთის ¾ ნაწილის - 600 კვ.მ და 185,42 კვ.მ შენობა-ნაგებობის ¾ ნაწილის - 138,75 კვ.მ-ის მესაკუთრედ ცნობა შემდეგი დასაბუთებით: 1997 წლის 13 მარტს მ. შ-ე დაქორწინდა კომლის წევრ ს. შ-ეზე. შესაბამისად, იგი აღირიცხა კომლის წევრად. კომლს საკუთრებაში გააჩნდა 800 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 185.42 კვ.მ საცხოვრებელი სახლი. 2006 წლის 19 აპრილს ს. შ-ე გარდაიცვალა. გარდაცვალების მომენტისათვის კომლში მხოლოდ მ. შ-ე ირიცხებოდა, შესაბამისად, კომლის საკუთრება მასზე გადადიოდა. მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ მეუღლის ანდერძის საფუძველზე მიმართა ნოტარიუსს, 2009 წლის 24 სექტემბერს მიიღო სამკვიდრო მოწმობა და მის საკუთრებაში გადავიდა მამკვიდრებლის, ს. შ-ის სახელზე რიცხული ქონების 800 კვ.მ მიწის ნაკვეთისა (საკადასტრო კოდი: ......) და 185.42 კვ.მ შენობა-ნაგებობის ¾ ნაწილი, ხოლო ¼ ნაწილი დარჩა ღია სხვა მემკვიდრეების სასარგებლოდ. მოსარჩელის განცხადებით 2008 წლის მაისში მისი საქართველოში არყოფნისას, მ. შ-ემ მიმართა საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და არასწორი ინფორმაციის წარდგენის საფუძველზე საკუთარ ქონებასთან ერთად საკუთრებაში დაირეგისტრირა მოსარჩელის სამკვიდრო ქონებაც. მოსარჩელემ მიმართა საჯარო რეესტრს მისი სამკვიდრო ქონების დასარეგისტრირებლად, თუმცა აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ტერიტორია ზედდებაში იყო მ. შ-ის საკუთრებაში რეგისტრირებულ 1242 კვ.მ მიწის ფართობთან, საკადასტრო კოდით: ..... მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხის ზემოთ აღნიშნული ქმედებებით დაირღვა მისი საკუთრების უფლება. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ს. შ-ე იყო კომლის ბოლო წევრი და მისი გარდაცვალების შემდგომ, სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლის შესაბამისად, კომლის მთელი ქონება გადმოდიოდა მასზე, რადგან იგი გახდა კომლის უფროსი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა და იგი ცნობილ იქნა საჯარო რეესტრში მ. შ-ის სახელზე რეგისტრირებული 1242 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და 238,40 კვ.მ შენობა-ნაგებობის თანამესაკუთრედ; ქ. ბათუმში, კ-ის ქ. #...-ში მდებარე საერთო ფართში შესული 800 კვ.მ მიწის ნაკვეთის (საკადასტრო კოდი: ....) 3/4 ნაწილი, რაც შეადგენს 600 კვ.მ-ს და 185,42 კვ.მ შენობა-ნაგებობის 3/4 ნაწილი, რაც შეადგენს 138.75 კვ.მ-ს, აღირიცხა მ. შ-ის საკუთრებად. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. შ-ემ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილებით მ. შ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება; მ. შ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 13 ივნისის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება და ყადაღა მოეხსნა ქ. ბათუმში, კ-ის ქუჩა #...-ში მდებარე მ. შ-ის კუთვნილ უძრავ ქონებას ( საკადასტრო კოდი: .....). სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე მ. შ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ივნისის განჩინებით მ. შ-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის განჩინებით მ. შ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: ხელვაჩაურის რაიონის სოფ. კ-ში მდებარე უძრავი ქონება - 800 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 185,42 კვ.მ ფართის შენობა - საკადასტრო კოდით: .... ეკუთვნოდა ს. შ-ეს. ამჟამად ეს ქონება შედის აპელანტის საკუთრებად რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის ფარგლებში (საკადასტრო კოდით .....) და მისი მისამართია: ქ. ბათუმი, კ-ის ქუჩა #.... ამ მისამართზე არსებული მიწის ნაკვეთის საერთო ფართია 1242 კვ.მ., ხოლო შენობის ფართია 228,4 კვ.მ. ს. შ-ე გარდაიცვალა 2006 წლის 19 აპრილს და მისი სამკვიდროს ¾ წილი მიიღო მ. შ-ემ. 2008 წლის 14 მაისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ სოფ. ა-ში მდებარე 1240,66 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 198,4 კვ.მ სახლი საკუთრებაში გადასცა მ. შ-ეს. ეს ქონება სრულად მოიცავს ს. შ-ის კუთვნილ სადავო ქონებას, რის შემდეგაც სადავო ქონება საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა მ. შ-ის საკუთრებად. აღნიშნული რეგისტრაციის შედეგად, სადავო ქონებაზე ს. შ-ის საკუთრების შესახებ ჩანაწერი არ არის გაუქმებული. მ. შ-ემ სარჩელი აღძრა ბათუმის საქალაქო სასამართლოში და მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2008 წლის 14 მაისის ადმინისტრაციული აქტის არარად აღიარება და საჯარო რეესტრის მონაცემებში ცვლილებების შეტანა. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა და გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში. მ. შ-ემ კვლავ აღძრა სარჩელი და ამჯერად მოითხოვა ზემოხსენებული აქტის ბათილად ცნობა, თუმცა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის განჩინებით სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა და განჩინება კანონიერ ძალაში შევიდა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად შეაფასა დადგენილი ფაქტები და მართებულად მიუთითა, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1306-ე, 1320-ე, 1328-ე, 1336-ე, 1421-ე, 1371-ე და 1433-ე მუხლების საფუძველზე მ. შ-ე მემკვიდრეობით მიღებული ქონების თანამესაკუთრე იყო. პალატამ ასევე უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ ამჟამად სადავო ნაკვეთს მთლიანად მოიცავს მ. შ-ის სახელზე რეგისტრირებული ნაკვეთი. ეს კი, არსებითად, ერთი და იგივე ქონებაა. კერძოდ, ს. შ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების საკადასტრო აზომვითი ნახაზი იდენტურია მ. შ-ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების საკადასტრო გეგმაზე არსებული ნახაზისა. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მართალია, გარდა ს. შ-ის საკუთრებად რეგისტრირებული ქონებისა, მ. შ-ეს ქონების დანარჩენ ნაწილზე უფლება არ გააჩნია, თუმცა იგი უთუოდ არის ს. შ-ის სამკვიდრო მასაში შემავალი ქონების თანამესაკუთრე. სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ის გარემოებაც, რომ აპელანტი, როგორც ს. შ-ის პირველი რიგის მემკვიდრე, ასევე ამ ქონების თანამესაკუთრეა. ამის შესაბამისად, მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ მართებულად აღიარა მოსარჩელის უფლება სადავო ქონებაზე. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილებითა და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 16 იანვრის განჩინებით მ. შ-ემ სადავო ქონებაზე უფლებები დაკარგა. სააპელაციო სასამართლოს აზრით, ეს გადაწყვეტილებები გამოტანილი იქნა მ. შ-ის სარჩელზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 14 მაისის იმ აქტის მიმართ, რომლითაც, არსებითად, მ. შ-ის კუთვნილ ქონებაზე საკუთრების უფლება უღიარეს მ. შ-ეს. მიუხედავად ამისა, პალატამ მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 14 მაისის გადაწყვეტილებით მ. შ-ეს ქონებაზე საკუთრების უფლება არ დაუკარგავს, რადგან ამგვარი გზით საკუთრების გადაცემას ან მის ჩამორთმევას საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით და განმარტა, რომ მ. შ-ეს საკუთრება კუთვნილ ქონებაზე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 183-ე მუხლით გათვალისწინებული სახით არ განუკარგავს, მას იგი არც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ჩამორთმევია. ამის გამო, საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ სადავო ქონებაზე აპელანტის უფლებების აღიარების მიუხედავად, მ. შ-ე ქონების მესაკუთრედ დარჩა. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. შ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგ გარემოებებზე მითითებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა ბათუმის საქალაქო სასამრთლოს 2012 წლის 28 თებერვლის გადაწყვეტილება, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა 2012 წლის 29 ივნისის განჩინებით. აღნიშნული გადაწყვეტილებებით სასამართლოებმა დაადგინეს, რომ უძრავი ქონება, რომელიც ბათუმის საქალაქო სასამართლომ მ. შ-ის საკუთრებად ცნო, მ. შ-ემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2008 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით საკუთრების აღიარების შედეგად მიიღო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ზემოთხსენებული ქონება არ შედიოდა მამკვიდრებლის, ს. შ-ის სამკვიდრო მასაში. კასატორის განცხადებით, ს. შ-ეს ეკუთვნოდა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. კ-ში მდებარე უძრავი ქონება (საკადასტრო კოდით #.....), რომლის ამჟამინდელი მისამართია ქ. ბათუმი, კ-ის ქ. #....., საკადასტრო კოდი: ... ს. შ-ე გარდაიცვალა 2006 წლის 19 აპრილს და მისი სამკვიდრო წილის ¾ მიიღო მ. შ-ემ, ხოლო 2008 წლის 14 მაისს საკუთრების აღიარების კომისიამ სოფ. ა-ში მდებარე 1240.66 კვ.მ მიწის ნაკვეთი და 198.4 კვ.მ სახლი საკუთრებაში გადასცა მ. შ-ეს, რის შემდეგაც საჯარო რეესტრში აღნიშნული ქონება დარეგისტრირდა მის საკუთრებად. საკასაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებაზე, რომლის მიხედვითაც, რეესტრის ბოლო ჩანაწერი ძალას უკარგავს ადრინდელ ჩანაწერს, შესაბამისად მის სახელზე არსებულმა საჯარო რეესტრის ჩანაწერმა ძალა დაუკარგა მ. შ-ის სახელზე არსებულ ჩანაწერს. მ. შ-ის აზრით, რეგისტრაციის უკანასკნელი ჩანაწერის გაუქმება და რეგისტრაციამდე არსებული სამართლებრივი მდგომარეობის აღდგენა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მ. შ-ე სარჩელს აღძრავდა რეგისტრაციის საფუძვლად არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის 2008 წლის 14 მაისის ადმინისტრაციული აქტის გაუქმების მოთხოვნით. მართალია, მ. შ-ემ აღძრა მსგავსი სარჩელები, მაგრამ მისი მოთხოვნები არ დაკმაყოფილებულა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის განჩინებით მ. შ-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

29. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. შ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

30. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

31. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

32. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

33. საკასაციო საჩივრი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ.სუსგ საქმე #ას-314-299-2013წ. 17 აპრილი, 2015წ., სუსგ საქმე #ბს-359-349 (4კ-13), 24 აპრილი, 2014 წ.).

34. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებში მიუთითა, რომ „საგანთა ნამდვილი მდგომარეობა და რეგისტრირებული მონაცემები უნდა იყოს თანხვედრაში, ხოლო დუბლირებისა და პარალელიზმის გამოვლენის შემთხვევაში უნდა გაირკვეს საკითხი იმის შესახებ, თუ რომელს გააჩნია უკეთესი სამართლებრივი საფუძველი ... ერთი და იგივე ობიექტზე ორი ჩანაწერის კონკურენციის პირობებში, უპირატესობა გააჩნია იმ უფლებას, რომელიც ქრონოლოგიურად უფრო ადრე არის რეგისტრირებული ... ვინაიდან წინსწრები რეგისტრაციის ჩანაწერის მოქმედება გამორიცხავს შემდეგი ჩანაწერის კანონიერებას". მოცემულ საქმეში კი დადგენილია, რომ სადავო უძრავ ქონებაზე რეგისტრირებული იყო ს. შ-ის საკუთრების უფლება, რომელიც მ. შ-ეზე აღნიშნული ქონების რეგისტრაციის შედეგად არ გაუქმებულა. მ. შ-ემ მემკვიდრეობით მიიღო აღნიშნულ ქონებაზე ს. შ-ის საკუთრებიდან გამომდინარე უფლებები.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხის მიერ არ არის წარმოდგენილი კვალიფიციური საკასაციო საჩივარი, რის გამოც მისი განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

36. ამრიგად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. შ-ის საკასაციო საჩივრი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

37. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივრი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2250 ლარის 70% - 1575 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. მ. შ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;

2. კასატორ მ. შ-ეს (პ/ნ: ......) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 19 თებერვალს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 2250 ლარის 70% – 1575 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე