№ას-42-42-2016 28 ივნისი, 2016წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ხ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ,,ს.ქ.ე.ს.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უძრავ ქონებებზე საკუთრების მიტოვების შესახებ ცალმხრივი გარიგების ბათილად ცნობა და ამ ქონებებზე საკუთრების უფლების დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2009 წლის 10 მარტს ნ.ხ–მა (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) ჯ.წ–გან (შემდგომში: პირველი გამყიდველი) 50 000 ლარად იყიდა 6107 კვ. მ. არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (შემდეგში პირველი მიწის ნაკვეთი), მდებარე ქ. ქობულეთი, ....,ს/კ .. {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 477-ე მუხლი}.
2. 2009 წლის 25 მარტს მოსარჩელემ თ.ა–გან (შემდეგში: მეორე გამყიდველი) 30 000 ლარად შეიძინა ქ. ქობულეთში, ..... ქუჩის №78-ის მიმდებარედ 3929.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ....) (შემდეგში მეორე მიწის ნაკვეთი).
3. ორივე მიწის ნაკვეთი კანონით დადგენილი წესით აღრიცხული იყო მოსარჩელის საკუთრებად {სსკ-ის 477-ე 183- ე და 3111-ე მუხლები}.
4. 2010 წლის 27 აპრილს, მესამე პირის სესხის უზრუნველსაყოფად, მიწის ნაკვეთები იპოთეკით დაიტვირთა ერთ-ერთი ბანკის სასარგებლოდ {სსკ-ის 623-ე, 289-ე მუხლის პირველი ნაწილი და 3111-ე მუხლები}. კრედიტორის 2010 წლის 30 ივლისის წერილის საფუძველზე, მიწის ნაკვეთებზე არსებული იპოთეკა გაუქმდა.
5. მოსარჩელის მეუღლისა და მაზლის (ა. და თ.ხ–ბი) მიმართ 2008-2011 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურაში მიმდინარეობდა სისხლის სამართლის დევნა დანაშაულისათვის გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 220-ე და 182-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით.
6. 2011 წლის 2 თებერვალს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრს. ის თანახმა იყო, ორივე მიწის ნაკვეთი გადასულიყო სახელმწიფო საკუთრებაში. მითითებული განცხადება დაედო საფუძვლად აღნიშნული ნაკვეთების სახელმწიფო საკუთრებად აღრიცხვას {სსკ-ის 184-ე მუხლი}.
7. 2011 წლის 14 ივნისს მეორე მიწის ნაკვეთი სახელმწიფომ აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას საკუთრებაში გადასცა.
8. 2014 წლის 14 აგვისტოს მოსარჩელემ და მისმა მეუღლემ განცხადებით მიმართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურას და მოითხოვეს, მიწის ნაკვეთების არამართლზომიერად ჩამორთმევის გამო, სისხლის სამართლის საქმის წარმოების დაწყება. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება არ არსებობდა და საქმის წარმოება შეწყდა {საქართველოს ისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105.2 „ა“ ქ/პუნქტი}.
9. თ.ხ. (შემდეგში: მოსარჩელის მაზლი) ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ მიწის ნაკვეთების დანაშაულებრივი გზით მითვისებაში.
10. 2014 წლის 28 აგვისტოს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა, ორივე მიწის ნაკვეთზე თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენა - საკუთრების უფლების დაბრუნება - მის მიერ 2011 წლის 2 თებერვალს გამოვლენილი ცალმხრივი ნების ბათილობის მოტივით. იგი სარჩელს ასაბუთებდა იმით, რომ საკუთრების მიტოვება სახელწიფო ორგანოებისა და პოლიტიკური ჯგუფების მიერ განხორციელებული იძულების შედეგი იყო.
11. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი. მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია სარჩელში მითითებული ფაქტების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
12. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
13. საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა აპელანტმა, შემდეგი დასაბუთებით :
13.1. აპელანტის განცხადებით, სასამართლომ არასწორად მიიჩნია დადგენილად, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ არის მყარი და სარწმუნო, შესაბამისად, სასამართლომ უსამართლოდ არ გაიზიარა მოსარჩელის არგუმენტები გამოვლენილი ნების სამართლებრივი უვარგისობის თაობაზე.
13.2. სასამართლომ არასწორად გაანაწილა მტკიცების ტვირთი, რითაც ფაქტობრივად მოუსპო მოსარჩელეს თავისი პოზიციის დაცვის შესაძლებლობა. მან საკმარისად არ იმსჯელა და სათანადოდ არ შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მოსარჩელის ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, მას რაიმე სახის ინტერესი უძრავი ქონების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვებისათვის არ ექნებოდა. მისი მტკიცებით, ორივე ქონების მიტოვება განაპირობა პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან განხორციელებულმა ზეწოლამ.
14. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 1 ივლისის გადაწყვეტილება.
15. პალატის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი აჭარის პროკურატურის წერილიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებულის მიმართ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრისა და 2011 წლის 16 თებერვლის განაჩენით, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 მაისის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით დადგენილი იქნა, რომ სადავო გარიგებით მიტოვებული მიწის ნაკვეთები მსჯავრდებულს მოპოვებული ჰქონდა დანაშაულებრივი გზით და გარკვეული დროის განმავლობაში ქონების ფიქტიური მესაკუთრე იყო მოსარჩელე. მიწის ნაკვეთი მოსარჩელემ სახელმწიფოს სასარგებლოდ იმის გამო დათმო, რომ მსჯავრდებულს ამ გზით აენაზღაურებინა მიწის ნაკვეთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებით მიყენებული ზიანი. სანაცვლოდ ის მიიღებდა შეღავათიან სასჯელს.
16. სააპელაციო პალატამ გაიზიარა სასამართლოს მსჯელობა, რომ მოსარჩელეს თავისი არგუმენტების დასამტკიცებლად აუცილებლად უნდა წარმოედგინა მტკიცებულება, რომელიც გააბათილებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრისა და 2011 წლის 16 თებერვლის განაჩენით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, ასევე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 17 მაისის განაჩენით და საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 21 ივლისის განჩინებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს. მოსარჩელეს ასეთი მტკიცებულება არ წარმოუდგენია. შესაბამისად, მან ვერ დაამტკიცა, რომ მიწის ნაკვეთი მსჯავრდებულს არ ჰქონდა უკანონოდ მოპოვებული და მასზე ფორმალურად არ იყო გაფორმებული. ასევე ვერ დაამტკიცა, რომ მიწის ნაკვეთი მოსარჩელეს არ დაუთმია იმ მიზნით, რომ ეს მსჯავრდებულს ჩაეთვლებოდა სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებად და სანაცვლოდ მიიღებდა შეღავათიან სასჯელს. მოსარჩელეს ასეთი მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს. მოსარჩელე შეეცადა ასეთი მტკიცებულების მოპოვებას. მან განცხადებით მიმართა პროკურატურას და მოითხოვა იმ პირების დასჯა, ვინც მას აიძულა მიწის ნაკვეთი მიეტოვებინა. მისი განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, მაგრამ იძულების ფაქტი არ დადგინდა, რის გამოც საქმეზე გამოძიება შეწყდა.
17. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ შემდეგი საფუძვლებით:
17.1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით, დაუსაბუთებელია, რითაც დარღვეულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 393-394-ე მუხლების მოთხოვნები.
17.2. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის არასწორ განაწილებას შედეგად არასწორი სამართლებრივი დასკვნები მოჰყვა.
17.3. წარმოდგენილ დავასთან მიმართებაში, სასამართლოს ყურადღება უნდა გაემახვილებინა იმ მნიშვნელოვან გარემოებაზე, რომ თავის დროზე, ორივე მიწის ნაკვეთი მოსარჩელემ საბაზრო ღირებულებით შეიძინა სამეწარმეო საქმიანობის მიზნებისათვის, რასაც ადასტურებს მიწის ნაკვეთებზე სტატუსის შეცვლისათვის გადახდილი საფასურიც;
17.4. სასამართლომ არც ის გარემოება გაითვალისწინა, რომ მოსარჩელე დღემდე კეთილსინდისიერად იხდის სადავო ქონებებთან დაკავშირებულ ქონების გადასახადებს;
17.5. სააპელაციო სასამართლომ არასწორად ჩათვალა დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სადავო გარიგებით მიტოვებული მიწის ნაკვეთები მსჯავრდებულს მოპოვებული ჰქონდა დანაშაულებრივი გზით და გარკვეული დროის განმავლობაში ქონების ფიქტიური მესაკუთრე იყო მოსარჩელე, ვინაიდან მოპასუხეს აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი ჰქონდა მხოლოდ პროკურატურის წერილი, მაშინ, როდესაც მსგავსი ფაქტობრივი გარემოების დასამტკიცებლად მას უნდა წარმოედგინა სისხლის სამართლის საქმის მასალები და შესაბამისი სასამართლოს გადაწყვეტილება {სსსკ-ის 102-ე და 103 მუხლები}.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აპრილის განჩინებით, სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქ/პუნქტების საფუძველზე საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი:
19. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებების შეჯერებისა და გაანალიზების, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიდის იმ დასკვნამდე, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:
20. სააპელაციო სასამართლომ ყოველმხრივად, სრულად და ობიექტურად არ გამოიკვლია და სათანადოდ არ შეაფასა მტკიცების საგანში შემავალი, ანუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა ფაქტი {სსსკ-ის 105-ე მუხლის მეორე ნაწილი}, ამის შედეგად საკმარისი არგუმენტაციის გარეშე იქნა უარყოფილი სააპელაციო საჩივარი.
21. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);
22. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა 2011 წლის 2 თებერვალს გამოვლენილი ცალმხრივი ნების, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთები გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში, ბათილობიდან გამომდინარე, სადავო მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების დაბრუნება. ამ მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სსკ-ის 978-ე მუხლი და 979-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადება: „პირს, რომელიც მეორე პირს გადასცემს რაიმეს არა ვალდებულების შესასრულებლად, არამედ იძულების ან მუქარის საფუძველზე, შეუძლია მოითხოვოს მისი უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მიმღებს უფლება ჰქონდა გადაცემულზე“...„უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე..“. შესაბამისად, მოთხოვნის საფუძვლიანობის დასადგენად, სასამართლოს უნდა გამოეკვლია და სათანადოდ შეეფასებინა ამგვარი შედეგის განმაპირობებელი ყველა სამართლებრივი წინაპირობები, კერძოდ:
22.1. დადგენილია, რომ მოსარჩელემ 2011 წლის 2 თებერვლის განცხადების საფუძველზე სადავო მიწის ნაკვეთებზე საკუთრება გადასცა სახელმწიფოს.
22.2. არც ისაა სადავო, რომ საკუთრების გადაცემისას მოსარჩელეს სახელმწიფოს წინაშე არანაირი შეუსრულებელი ვალდებულება არ გააჩნდა.
22.3. ვალდებულების გარეშე გადაცემას წინ უძღოდა შემდეგი ფაქტები: მოსარჩელის მაზლი ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2011 წლის 16 თებერვლის გამამტყუნებელი განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ მიწის ნაკვეთების დანაშაულებრივი გზით მითვისებაში. უფრო ადრე, 2009 წლის 10 აპრილს, მოსარჩელის მეუღლეც იმავე სასამართლომ ცნო დამნაშავედ მიწის ნაკვეთების არამართლზომიერად მითვისებაში. მოპასუხეც არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელემ მაზლის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმების მიზნით გადასცა საკუთრება სახელმწიფოს. საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ საკმარისად არ გამოიკვლია მოსარჩელის ნების ნამდვილობის წინაპირობები, ანუ დაცული იყო თუ არა ნების გამოვლენის თავისუფლების უზრუნველყოფისათვის შესაბამისი პირობები, ხომ არ ჰქონდა ადგილი მოსარჩელეზე პროკურატურის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და ხომ არ განაპირობა ქონებაზე უარი შექმნილმა ვითარებამ?
22.4. სასამართლო მხოლოდ დადგენილი ფაქტების სამართლებრივ შეფასებას ახდენს. სააპელაციო სასამართლო უკრიტიკოდ, ალბათობის აუცილებელი ხარისხის არ არსებობის პირობებში, იზიარებს აჭარის ა/რ პროკურატურის 2015 წლის 11 მაისის წერილში მითითებულ ფაქტებს და დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მიწის ნაკვეთების ფიქტიური მესაკუთრე იყო და თავის დროზე მათზე უფლება დანაშაულებრივი გზით მოსარჩელის მაზლმა მოიპოვა. მოსარჩელემ კი, მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით გადასცა ქონება სახელმწიფოს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ამგვარი ფაქტების დადგენილად მიჩნევა მხოლოდ ზემოაღნიშნული წერილის საფუძველზე, ისე რომ საქმეში წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები: 2011 წლის 24 იანვრის, 16 თებერვლისა და 17 მაისის კანონიერ ძალაში შესული განაჩენები, დაუშვებელია. შესაბამისად, დარღვეულია სსსკ-ის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის მოთხოვნა: „საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით“. იმის გათვალისწინებით, რომ განაჩენით დადგენილ ფაქტებს კანონმდებელი პრეიუდიციულ მნიშვნელობას არ ანიჭებს, საქმის ხელახლა განმხილველმა სასამართლომ ისინი სათანადო გამოკვლევის გარეშე დამტკიცებულად არ უნდა ჩათვალოს, არამედ უნდა გამოიკვლიოს, დაადგინოს და შეაფასოს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში და ისე მიიღოს საბოლოო გადაწყვეტილება.
22.5. განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო ვერ დაეთანხმება პალატის დასკვნას, რომ, რადგანაც მუქარით და ძალადობით ქონების დათმობის იძულება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა, სამოქალაქო სამართალწარმოების ფარგლებში და გამამტყუნებელი განაჩენის არ არსებობის პირობებში, ამ გარემოებების დადგენა შეუძლებელია. რასაკვირველია, კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არსებობის შემთხვევაში, მოსარჩელე დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვდა გამარტივებული წარმოების წესით {სსსკ-ის XXXIV თავი} და მას სამტკიცებელი ექნებოდა მხოლოდ მიყენებული ზიანის მოცულობა, რადგანაც ყველა სხვა გარემოება ისედაც დამტკიცებულად ჩაითვლებოდა {სსსკ-ის 30920.2 მუხლი}, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში, მისი მოთხოვნა არა დელიქტს, არამედ უსაფუძვლო გამდიდრებას ეფუძნება და აქედან გამომდინარე, სწორედ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა მოხდეს სსკ-ის 978-ე მუხლით გათვალისწინებული იმ ფაქტობრივი წანამძღვრების დადგენა, რომელთა განხორციელებაც სარჩელით მოთხოვნილ სამართლებრივ შედეგს განაპირობებს.
22.6. თუ დადგინდება, რომ სადავო მიწის ნაკვეთებზე საკუთრება მოპასუხემ მესამე პირთა არამართლზომიერი მოქმედების შედეგად დაკარგა, ანუ მას ჰქონდა უფლება გადაცემულზე, მაშინ სსკ-ის 978-ე მუხლის ბოლო წინადადების საფუძველზე მოთხოვნა თავისთავად გამოირიცხება.
23. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);
24. სსსკ-ის 412-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, ამავე ნორმის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, გადაწყვეტილების არასაკმარისი იურიდიული დაუსაბუთებლობის გამო.
25. გამომდინარე იქიდან, რომ საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, თავად დაადგინოს ახალი ფაქტები და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები, მოდავე მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის მართებულ შეფასებას კი არსებითი მნიშვნელობა აქვს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, აღნიშნული წარმოადგენს საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7.2, მე-8, 257.1, 372-ე, 264.3, 399-ე, 412-ე, 407-ე, 104-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ.ხ–ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. ნ.ხ–ის შუამდგომლობა ახალი მტკიცებულების საქმეზე დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. კასატორს დაუბრუნდეს მის მიერ, საკასაციო სასამართლოში, წარმოდგენილი მტკიცებულება, საგადასახადო დავალება # 10509930, ერთ ფურცლად;
5. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;
6. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი