Facebook Twitter

. 12 ივლისი, 2016 წელი

საქმე №ას-373-357-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – სსიპ ს.ქ.ე.ს. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს "ჯ." (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 თებერვლის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის არ დაკმაყოფილება

დავის საგანი – უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული შემოსავლის დაბრუნება

აღწერილობითი ნაწილი :

1. 2012 წლის 19 მარტს, სსიპ ს.ქ.ე.ს–სა (შემდეგში მოპასუხე, აპელანტი, კასატორი ან გამყიდველი) და შპს „ჯ–ს“ (შემდეგში მოსარჩელე ან მყიდველი) შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება (შემდეგში ხელშეკრულება) {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შემდეგში სსკ-ის 477-ე მუხლი}.

2. ხელშეკრულების საგანია სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქ. თბილისში, .... მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობის კანონმდებლობით დადგენილი წესით მშენებლობის დასრულებისა და ექსპლუატაციაში შესვლის შემდგომ მიღებული ფართობის ნულოვან სართულზე განთავსებული, 183 კვ.მ. არასაცხოვრებელი ფართობის და მასზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაცემა {ხელშეკრულების პირველი მუხლი}.

3. მოსარჩელის ვალდებულებად განისაზღვრა საპრივატიზებო პირობების შესრულება; კერძოდ, თბილისის იუსტიციის სახლის ოფიციალურად ამოქმედების დღისათვის ხელშეკრულებით გადაცემულ ქონებაზე კვების ობიექტის მოწყობა და მისი ექსპლუატაციაში შეყვანის უზრუნველყოფა {ხელშეკრულების 3.1.2. პუნქტი}.

4. მყიდველს, საპრივატიზებო პირობის შესრულების მიზნით, უნდა განეხორციელებინა არანაკლებ 200 000 აშშ დოლარის (ექვივალენტი ლარში) ინვესტიცია.

5. მოსარჩელე, ხელშეკრულების პირობების გათვალისწინებით, ვალდებული იყო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: სააგენტო) მითითებულ ანგარიშზე ჩაერიცხა 896 700 აშშ დოლარი, შემდეგი თანმიმდევრობით:

5.1. ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 დღის განმავლობაში - 500 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;

5.2. 2012 წლის 31 აგვისტომდე - 198 350 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში;

5.3. 2012 წლის 31 დეკემბრამდე - 198 350 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

6. ვალდებულების შესრულების დადასტურების მიზნით, განისაზღვრა შესაბამისი საექსპერტო-აუდიტორული დასკვნის მომზადება და გამყიდველისათვის წარდგენა, ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა.

7. ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის გათვალისწინებული იყო პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - 500 ლარი (ხელშეკრულების 5.3.4. პუნქტი); პირგასამტეხლოს ამოქმედების ვადა უკავშირდებოდა თბილისის იუსტიციის სახლის ოფიციალური ამოქმედების თარიღს {სსკ-ის 417-ე, 418-419-ე მუხლები}.

8. ხელშეკრულების გათვალისწინებული პირობების დარღვევის შემთხვევაში, მყიდველი იღებდა წერილობით გაფრთხილებას, დარღვევის გამოსწორების ვადისა და პირგასამტეხლოს ოდენობის მითითებით.

9. იუსტიციის სახლი ოფიციალურად ამოქმედდა 2012 წლის 24 სექტემბერს.

10. 2012 წლის 6 დეკემბერს, მოპასუხემ წერილით მიმართა მოსარჩელეს და მოითხოვა, აღნიშნული წერილის ჩაბარებიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტაციისა და საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მომზადებული დასკვნის წარდგენა.

11. 2012 წლის 20 დეკემბერს, შპს „კ.ჯ–მა“ მოამზადა აუდიტორული დასკვნა, რომლის მიხედვითაც, მოსარჩელემ გადაცემულ ქონებაზე ნამდვილად განახორციელა 200 000 აშშ დოლარის ინვესტიცია და მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება შესრულებულ იქნა დადგენილ ვადებში.

12. მოცემულ აუდიტორულ დასკვნას ერთვის იუსტიციის სახლის 2012 წლის 7 დეკემბრის წერილი, რომლითაც დასტურდება, რომ მოპასუხის იურიდიული დეპარტამენტის სახელშეკრულებო ვალდებულებათა მონიტორინგის სამმართველოს უფროსს ეცნობა, მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე.

13. მოპასუხემ 2013 წლის 18 იანვარს #4/1020 წერილით მიმართა მოსარჩელეს და მიუთითა, რომ იუსტიციის სახლის 2012 წლის 7 დეკემბრის წერილის მიხედვით, იუსტიციის სახლის ოფიციალურად ამოქმედების თარიღი იყო 2012 წლის 24 სექტემბერი, შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება 2012 წლის 24 ოქტომბრისთვის უნდა შესრულებულიყო.

14. აღნიშნული წერილით, მოპასუხემ მოსარჩელეს განუმარტა, რომ ვალდებულების 57 დღიანი ვადაგადაცილებით შესრულების გამო (ვალდებულება შესრულდა 20 დეკემბერს), ხელშეკრულების შესაბამისად, მას ეკისრებოდა წერილის ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში პირგასამტეხლოს სახით 28 500 ლარის გადახდა.

15. მოსარჩელემ 2013 წლის 29 მარტს მოპასუხეს გადაუხადა მოთხოვნილი პირგასამტეხლო. მოპასუხემ ხელშეკრულებით წარმოშობილი საკუთრების უფლება მოსარჩელეს არ დაურეგისტრირა.

16. 2014 წლის 30 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ ვალდებულების გარეშე გადახდილი და მოპასუხის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული პირგასამტეხლოს 28 500 ლარის უკან დაბრუნების მოთხოვნით {სსკ-ის 385-ე მუხლი, 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქ/პუნქტი და 979-ე მუხლის პირველი ნაწილი}.

17. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი იმ საფუძვლით, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, მოსარჩელე ვალდებული იყო საპრივატიზებო პირობების შესრულების დადასტურების მიზნით, საექსპერტო ან/და აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული დასკვნა წარმოედგინა ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, მან კი აღნიშნულ ვადას 57 დღე გადააცილა.

18. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა უსაფუძვლოდ მიღებულის - 28 500 ლარის - უკან დაბრუნება. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 317-ე, 417-ე და 991-ე მუხლები.

18. გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის მოთხოვნით სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოპასუხემ, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:

18.1. ის ფაქტი, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს იუსტიციის სახლის ოფიციალურად გახსნის თარიღი არ აცნობა, ვერ გამორიცხავს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის პასუხისმგებლობას;

18.2. უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ სააგენტომ 2013 წლის 18 იანვრის წერილით მიმართა მოსარჩელეს და აცნობა, რომ იუსტიციის სახლის 2012 წლის 7 დეკემბრის წერილის თანახმად, ვინაიდან იუსტიციის სახლის ოფიციალურად ამოქმედების თარიღი იყო 2014 წლის 24 სექტემბერი, ვალდებულება უნდა შესრულებულიყო იმავე წლის 24 ოქტომბრისათვის;

18.3. პირველი ინსტანციის სასამართლომ სათანადო შეფასება არ მისცა მოსარჩელის სახელზე 2013 წლის 18 იანვარს გაგზავნილ წერილს, რომელიც წარმოადგენდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის დამდგენ დოკუმენტს;

18.4. პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა, მცდარი სამართლებრივი შეფასების საფუძველზე მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ პირგასამტეხლოს სახით გადახდილი თანხა მოპასუხისათვის გადახდილ იქნა ვალდებულების გარეშე.

19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 12 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 25 თებერვლის გადაწყვეტილება.

19.1. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია, რომ მოსარჩელე, როგორც მეწარმე სუბიექტი თავად იყო ვალდებული, გამოეჩინა გულისხმიერება, რათა დაეცვა ვალდებულების შესრულების ვადები. პალატის მოსაზრებით, უსაფუძვლოა ასევე, მითითება, რომ, რადგან, მოსარჩელის მიერ კვების ობიექტის მოწყობა და ექსპლუატაციაში შეყვანა ხორციელდებოდა სწორედ იუსტიციის სახლში, შესაბამისად, იგი ინფორმირებული იყო იუსტიციის სახლის ოფიციალურად გახსნის თარიღის თაობაზე.

19.2. პალატამ უდავოდ მიიჩნია, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებით, ვალდებულების შესრულება არ ყოფილა დაკავშირებული კონკრეტულ კალენდარულ თარიღთან.

19.3. სააპელაციო სასამართლომ, დადგენილად ჩათვალა, რომ მოსარჩელეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ დაურღვევია; შესაბამისად, სააპელაციო პალატის შეფასებით, პირგასამტეხლოს სახით მოპასუხისათვის 28 500 ლარის გადახდა განხორციელდა სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, რის გამოც, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოდ მიღებული თანხის დაბრუნების თაობაზე საფუძვლიანი იყო.

20. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა წინამდებარე განჩინების მე-18 პუნქტში მითითებული მოტივებით.

21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 25 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი :

22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

22.1. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.

24. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.

25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე ას-1701-1685-2011 22.10.2012).

26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს, არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

27.1. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

27.2. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

27.3. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2012 წლის 19 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების 3.1.5. ქვეპუნქტით განისაზღვრა მყიდველის ვალდებულება ხელშეკრულების 3.1.2. და 3.1.3. ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საპრივატიზებო პირობის შესრულების დადასტურების მიზნით, გამყიდველს წარუდგინოს „საექსპერტო და აუდიტორული დასკვნების გამცემ პირთა ნუსხის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 30 დეკემბრის №1064 განკარგულებით განსაზღვრული ერთ-ერთი აუდიტორული კომპანიის მიერ მომზადებული აუდიტორული დასკვნა, ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა; საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ დაურღვევია მოპასუხისათვის აუდიტორული დასკვნის წარდგენის 30 დღიანი ვადა; შესაბამისად, არ არსებობდა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის პირგასამტეხლოს გადახდის მოთხოვნის საფუძველი.

27.4. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სასარჩელო მოთხოვნის გამაქარწყლებელი დასაშვები მტკიცებულება ვერ წარმოადგინა, კერძოდ, მან ვერ დაადასტურა ფაქტობრივი გარემოება, რომ მოსარჩელეს ეცნობა იუსტიციის სახლის ოფიციალური გახსნის თაობაზე. მხოლოდ ის ფაქტები და ის დასაბუთება, რაც კასატორმა მიუთითა საკასაციო სასამართლოს, არ იძლევა სარჩელის უარსაყოფად საკმარის საფუძველს, გამომდინარე იქიდან, რომ კასატორმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული განჩინების საპირისპიროდ შესაბამისი გამაბათილებელი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა.

28. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დაადგინა

1. სსიპ ს.ქ.ე.ს–ოს საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.

2. სსიპ ს.ქ.ე.ს. განთავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან "სახელმწიფო ბაჟის შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის "ს" ქვეპუნქტის საფუძველზე.

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ბესარიონ ალავიძე