№ას-484-465-2016 12 ივლისი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – თ.ბ. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ქ.დ.ს.ს. (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 მარტის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, მატერიალური ზიანის ანაზღაურება, შრომითი ხელშეკრულების ნაწილობრივ ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. თ.ბ. (შემდეგში: მოსარჩელე ან კასატორი) 2012 წლის 15 სექტემბრიდან სსიპ ქ. დ.ს.ს–ში (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან სკოლა) ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა.
2. მასთან ყოველწლიურად იდებოდა შრომითი ხელშეკრულება. 2014 წლის 15 სექტემბერს მხარეებს შორის იმავე თანამდებობაზე დაიდო ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა 2015 წლის 15 სექტემბერი {ხელშეკრულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტი}.
3. მოსარჩელის ყოველთვიური ხელფასი 453.28, ხოლო დანამატი 100 ლარს შეადგენდა.
4. იგი 2015 წლის 28 აპრილიდან 4 მაისის ჩათვლით იმყოფებოდა საავადმყოფო ფურცელზე.
5. 2015 წლის 30 აპრილს, სკოლის დირექტორმა - ე.თ–მა (შემდეგში: დირექტორი) მოსარჩელე პირადი განცხადების საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლა {„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მეორე პუნქტი და შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი}.
6. ხელშეკრულება შეწყდა 2015 წლის 30 აპრილს, ხოლო ბრძანება მოსარჩელეს 2015 წლის 7 მაისს ჩაჰბარდა.
7. 2015 წლის 30 აპრილის სკოლის დისციპლინური კომიტეტის სხდომაზე უნდა განხილულიყო დირექტორის მოხსენებითი ბარათი, რომელიც მოსარჩელის მხრიდან მასწავლებლის პროფესიული ეთიკის სავარაუდო უხეში დარღვევის ფაქტს შეეხებოდა და რასაც შეიძლებოდა დამრღვევის სამსახურიდან დათხოვნა მოჰყოლოდა. აღნიშნულ სხდომაზე, დირექტორმა მოხსენებით ბარათთან ერთად წარადგინა მოსარჩელის პირადი განცხადება, რომლითაც მან ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა.
8. კომიტეტმა, მოსარჩელის წინააღმდეგ აღძრული დისციპლინალური საქმის წარმოება შეწყვიტა და დირექტორს დაავალა მოსარჩელის გათავისუფლების თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
9. მოსარჩელე 2015 წლის 7 მაისს გამოცხადდა სკოლაში და წარადგინა განცხადება იმ გარემოებებზე მითითებით, რომ დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ პირადი განცხადება არ გამოხატავდა მის ნამდვილ ნებას; ამასთან, ვინაიდან განცხადების შედგენის დროს იგი იმყოფებოდა დირექტორის უშუალო ზეწოლისა და გავლენის ქვეშ, მას სურდა უკან გაეხმო განცხადება და შედგომოდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას, ანუ პედაგოგიური საქმიანობის განხორციელებას.
10. 2015 წლის 7 მაისს, მოსარჩელემ დირექტორს განცხადებით მიმართა და მოითხოვა მისი სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზების და საფუძვლების წერილობითი დასაბუთება.
11. დირექტორის წერილობითი პასუხის დასაბუთება იყო შემდეგი: 2015 წლის 22 აპრილს, მას ერთ-ერთი მოსწავლის მშობელმა მიმართა, რომელიც ამტკიცებდა, რომ მოსარჩელემ მის შვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა; აღნიშნული ფაქტი ცნობილი გახდა რესურსცენტრისთვისაც, რის შედეგადაც ისინი საქმის შესწავლის მიზნით მივიდნენ სკოლაში, რათა ადგილზე გამოეკვლიათ შექმნილი ვითარება. მისთვის გაუგებარია მოსარჩელის პრეტენზია ზეწოლის შესახებ, რადგან ეს უკანასკნელი გათავისუფლებულ იქნა თანამდებობიდან მისივე პირადი განცხადებით. სწორედ ამ განცხადების გამო შეწყვიტა კომიტეტმა დისციპლინალური წარმოება, მან კი გამოსცა მოსარჩელის გათავისუფლების ბრძანება.
12. სამსახურიდან გათავისუფლებამდე, უკანასკნელი ხელფასი მოსარჩელეს 2015 წლის 20 აპრილს დაერიცხა - 362,62 ლარის ოდენობით, ხოლო სერტიფიცირების დანამატი - 2015 წლის 30 აპრილს - 80 ლარის ოდენობით.
13. მოსარჩელეს, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, წელიწადში 40 სამუშაო დღის ვადით ანაზღაურებადი შვებულება ეკუთვნის. მან კი, 2015 წლის კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება არ გამოიყენა.
14. 2015 წლის 27 მაისს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა:
14.1. სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ 2015 წლის 30 აპრილის ბრძანების ბათილად ცნობა;
14.2. მასწავლებლის თანამდებობაზე დაუყოვნებლივ აღდგენა, გათავისუფლებამდე არსებული შრომით-სამართლებრივი პირობებით და ხელშეკრულების განუსაზღვრელი ვადით დადებულად აღიარება;
14.3. განაცდური ხელფასის სრულად ანაზღაურება, სამსახურში იძულებითი არყოფნის მთელი პერიოდისათვის, ყოველთვიური ხელფასის 453,28 ლარის და დანამატის 100 ლარის ოდენობით, 2015 წლის 30 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდის გათვალისწინებით;
14.4. 2015 წლის კუთვნილი გამოუყენებელი ანაზღაურებადი შვებულებისათვის 553,28 ლარის ანაზღაურება;
14.5. 2015 წლის 30 აპრილიდან 2015 წლის 7 მაისამდე კუთვნილი ხელფასის 130 ლარის და მისი დაყოვნებისათვის ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის - 50 ლარის ანაზღაურება.
15. მოპასუხემ არ ცნო სარჩელი. მან წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და მოითხოვა სარჩელის უარყოფა უსაფუძვლობის მოტივით.
16. 2015 წლის 20 ოქტომბერს, მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 129,10 ლარის გადახდა მიუღებელი ხელფასის ანაზღაურების სახით; ასევე, კუთვნილი გამოუყენებელი ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ასანაზღაურებლად 389,48 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
17. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგი დასაბუთებით:
17.1. სკოლის დირექტორი თავად იღებდა გადაწყვეტილებებს სადისციპლინო კომიტეტის ნაცვლად, ასევე აპელანტის თქმით, სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადება არ ყოფილა მისი თავისუფალი ნების შედეგი, ვინაიდან იგი განიცდიდა ზეწოლას დამსაქმებლის მხრიდან;
17.2. სასამართლომ არასწორად დაადგინა აპელანტის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე განცხადების ნამდვილი შინაარსი, სადაც იგი მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვდა სამსახურიდან დროებით გათავისუფლებას;
17.3. სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 51 -ე მუხლის მეორე ნაწილი, ვინაიდან აპელანტს ავადმყოფობის გამო არ ჰქონდა შესაძლებლობა, არც წინასწარ და არც მაშინვე, წინააღმდეგობა გაეწია მისი ნამდვილი ნების არასწორი გაგებისათვის.
18. მოპასუხემ თავის მხრივ, წარადგინა შეგებებული სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების გაუქმება დაკმაყოფილებულ ნაწილში. შეგებებული საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველად.
19. 2016 წლის 15 მარტის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა მცხეთის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილება.
19.1. სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ 2015 წლის 30 აპრილს, მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნება იმ დღესვე მიუვიდა ადრესატს და სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მოსარჩელის განცხადებას სამართლებრივი შედეგი იმავე დღეს, 2015 წლის 30 აპრილს მოჰყვა.
19.2. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის განცხადების საფუძველზე შეწყდა სადისციპლინო საქმის წარმოება და იმავე დღეს გამოიცა ბრძანება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, მოსარჩელის სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ. შესაბამისად, მოსარჩელის განცხადებას შედეგი მოჰყვა ნების ადრესატთან მისვლის დღესვე.
19.3. პალატის მოსაზრებით, უსაფუძვლოა მსჯელობა, რომ 2015 წლის 7 მაისის მოსარჩელის განცხადება შეფასებული უნდა იქნეს, როგორც ნების გამომვლენის მიერ ნების გამოვლენის უკან გამოთხოვა. პალატა დაეთანხმა გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში განვითარებულ მსჯელობას მოსარჩელის არგუმენტების წინააღმდეგობრიობასთან და არათანმიმდევრულობასთან დაკავშირებით. ერთი მხრივ, მოსარჩელე მიუთითებს იმაზე, რომ გათავისუფლების საფუძვლად გამოყენებული მოსარჩელის განცხადებაში გამოვლენილი ნება არაა ნამდვილი, რადგანაც ის იძულების შედეგია, მეორე მხრივ კი იგი აცხადებს, რომ ადგილი ჰქონდა გამოვლენილი ნების უკან გამოთხოვას.
20. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, შემდეგი დასაბუთებით:
20.1. სააპელაციო სასამართლომ საპროცესო ნორმების უხეში დარღვევით განიხილა მოცემული საქმე; გადაწყვეტილება მიიღო სასამართლოს არაკანონიერმა შემადგენლობამ; თავდაპირველად საქმის განხილვაში მონაწილეობდა მოსამართლე ლ. გვარამია, რომელიც მოგვიანებით შეცვალა თ. ზამბახიძემ; ეს უკანასკნელი კი არ იცნობდა საქმის მასალებს. რეალურად გადაწყვეტილებას ხელს უნდა აწერდეს ლ. გვარამია. არაკანონიერი სასამართლო შემადგენლობა მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების საკმარისი საფუძველია.
20.2. სასამართლომ არ გაითვალისწინა მსგავსი კატეგორიის საქმეებზე საკასაციო სასამართლოს პრაქტიკა (საქმე #ბს-41-23-კ-05, 04.04.2005, #ბს-397-391 (2კ-4კს-15) 17.12. 2015წ), რომლის მიხედვითაც, საკუთარი სურვილით გათავისუფლების თაობაზე განცხადების უკან გამოთხოვა არათუ განცხადების განხილვამდეა შესაძლებელი, არამედ ასეთი განცხადების საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციული აქტის შემდგომაც.
20.3. სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ დამსაქმებლის მხრიდან ადგილი არ ჰქონია ზეწოლას, მაშინ, როდესაც საქმის მასალებით დადგენილია დირექტორის ზეგავლენა სადისციპლინო კომიტეტის საქმიანობაზე და კომიტეტის პროცედურებში მისი მონაწილეობის ფაქტი; აქედან გამომდინარე, მოსარჩელე იძულებული იყო დაეწერა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება;
20.4. სასამართლომ არასწორად დაადგინა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე მისი განცხადების ნამდვილი შინაარსი; სინამდვილეში იგი მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მოითხოვდა სამსახურიდან დროებით გათავისუფლებას;
20.5. სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ის 51-ე მუხლის მეორე ნაწილი.
20.6. სასამართლომ არასწორად დატოვა ძალაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მხარეებისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების თაობაზე, ამასთან, ამ მიმართებით გამოიყენა სსსკ-ის 53-ე მუხლის ძველი რედაქცია.
20.7. სააპელაციო პალატამ სათანადოდ არ დაასაბუთა სააპელაციო პრეტენზიების უარყოფა.
20.8. ასევე არასწორად იქნა განმარტებული სსკ-ის 411-ე მუხლი.
20.9. წერილობითი მტკიცებულებების საქმისათვის დართვაზე უარის თქმის, მოპასუხის წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების, შესაგებლისა და მისი თანმხლები დოკუმენტების საქმეზე დართვის თაობაზე საოქმო განჩინებები კანონსაწინააღმდეგოა და უნდა გაუქმდეს.
20.10. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2015 წლის 7 ოქტომბრის არსებითი განხილვის სხდომა დასრულდა მხარეების მხრიდან რეპლიკის უფლების სარგებლობის ჩათვლით და ის უნდა დასრულებულიყო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანით, თუმცა მოცემულ საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილება არ გამოტანილა.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2016 წლის 6 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე დასაშვებობის შესამოწმებლად.
სამოტივაციო ნაწილი :
22. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
22.1. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
23. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
24. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.
25. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე ას-1701-1685-2011 22.10.2012).
26. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
27. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
27.1. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
27.2. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
27.3. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელესთან შრომით-სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტას საფუძვლად დაედო დასაქმებულის წერილობითი განცხადება თანამდებობის დატოვების თაობაზე, რომლის შესაბამისად, დამსაქმებელმა 30.04.2015წ. მართებულად გამოსცა ბრძანება მოსარჩელისათვის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე. ამასთან, საქმის მასალებით დადასტურებული არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხის მხრიდან ადგილი ჰქონდა მოსარჩელეზე რაიმე სახის ზეწოლას. შესაბამისად, პალატას მიაჩნია, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდა მოქმედი შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით და არ არსებობს სადავო ბრძანების ბათილად ცნობის, მოსარჩელის სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.
28. საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება გარემოებები, დისკრიმინაციული ნიშნით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით.
29. სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნების შინაარსი ობიექტურად შეესაბამება მის ადგილას მყოფი საშუალო შესაძლებლობების ადამიანისგან მოსალოდნელ გადაწყვეტილებას, სამუშაოს საკუთარი ნებით დატოვების თაობაზე, სწორია. მოცემული მსჯელობის სასარგებლოდ მეტყველებს ის გარემოებაც, რომ განცხადება დაწერილია სამუშაოზე არყოფნის დროს, როდესაც შრომითი ურთიერთობა ისედაც შეჩერებულია, რაც ამყარებს მოპასუხის პოზიციას, რომ 2015 წლის 30 აპრილს განცხადების გაგზავნა სკოლაში, სადისციპლინო კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, ემსახურებოდა სადისციპლინო საქმის წარმოების მოსალოდნელი შედეგის თავიდან არიდების მიზანს.
30. საქმეში O’Keeffe v. Ireland ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ საჯარო ხელისუფლებას, არასრულწლოვანთა არაადამიანური მოპყრობისაგან დაცვის პოზიტიური ვალდებულება ეკისრებოდა; ვალდებულება, რომელიც, დაწყებითი განათლების კონტექსტში, არსებითი მნიშვნელობის იყო. {O’Keeffe v. Ireland; No. 35810/09}.
31. აქედან გამომდინარე, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობის ანალიზი, მაღალი ალბათობით, იძლეოდა იმ დასკვნის საფუძველს, რომ თუ მოსარჩელის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება არ მოხდებოდა მისივე პირადი განცხადების საფუძველზე, იგი დისციპლინური სამართალწარმოების გზით მაინც დატოვებდა დაკავებულ თანამდებობას, ვინაიდან მას სადავოდ არ გაუხდია თავად სადისციპლინო კომიტეტის მიერ წარმართული პროცედურების კანონიერება, შესაბამისად, ივარაუდება, რომ საქმის წარმოების დაწყებისთვის არსებობდა საკმარისი ინფორმაცია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სრულიად ლოგიკური და გასაგებია, რომ მოსარჩელის მიზანი იყო თავიდან აერიდებინა სადისციპლინო სამართალწარმოებაში მონაწილეობა, რადგანაც, როგორც უკვე აღინიშნა, საქმისწარმოება მიმდინარეობდა პროფესიული ეთიკის უხეში დარღვევის, მოსწავლისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე, რასაც, დადასტურების შემთხვევაში, შესაძლოა, შედეგად კასატორის სამსახურიდან გათავისუფლება ისედაც მოჰყოლოდა.
32. მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა სასარჩელო მოთხოვნის გამამყარებელი დასაშვები მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. მხოლოდ იმ გარემოებებზე მითითება, რომ მოწინააღმდეგე მხარემ დისკრიმინაციულად მოახდინა მისი სამსახურიდან გათავისუფლება და მისი პირადი განცხადების შინაარსი არასწორად იქნა განმარტებული პირველი და მეორე ინსტანციების სასამართლოების მიერ, არ არის საკმარისი სარჩელის უარსაყოფად, მაშინ, როდესაც, საქმეში არსებული დადგენილი გარემოებებისა და მოპასუხის შესაგებლის გამაბათილებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
33. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1.თ.ბ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. თ.ბ–ს (პ/№...) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება#, გადახდის თარიღი 19.04.2016 სს ,,ლიბერთი ბანკი“), 300 ლარის 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი