№ას-839-790-2015 12 ივლისი , 2016 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ნ.ძ. (მოსარჩელე), უფლებამონაცვლეები: ქ.ძ. და მ.ბ.
მოწინააღმდეგე მხარე – სს "ბ.ს.კ." (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 ივნისის განჩინება;
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი - უძრავ ქონებაზე თანამესაკუთრედ აღიარება
აღწერილობითი ნაწილი :
1. 1995 წლის 24 თებერვლის საქართველოს მინისტრთა კაბინეტის (შემდეგში: მინისტრთა კაბინეტის) №.. დადგენილების თანახმად, გამომცემლობა „საქართველოს“ (შემდეგში: გამომცემლობა) როგორც ქონების ფაქტობრივ მფლობელს სს „ბ.ს.კ.ს“ (შემდეგში: მოპასუხე ან მოწინააღმდეგე მხარე) ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა 1248 კვ.მ. ფართი, მდებარე ... №..შენობის მე-2 და მე-3 სართულზე (შემდეგში: უძრავი ქონება ან ფართი).
2. 1995 წლის 1 მაისის სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს (შემდეგში: სამინისტრო) კოლეგიის გადაწყვეტილებით, მინისტრთა კაბინეტის დადგენილების შესაბამისად, გამომცემლობას ბალანსიდან ბალანსზე გადაეცა მოპასუხის ბალანსზე რიცხული 1248 კვ.მ. ფართი საწესდებო კაპიტალში ცვლილებების შეტანის გარეშე.
3. გამომცემლობამ 1998 წლის 30 სექტემბრის საერთო კრებაზე მხარი დაუჭირა პრივატიზაციას. ამავე კრებაზე შედგა საპრივატიზაციო პროცენტის განაწილების სავარაუდო სია, რომელთა შორის მითითებულია ასევე „ნ.ძ–ძე (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) - 6%.
4. 1999 წლის 8 იანვარს გამომცემლობის თანამშრომელთა საერთო კრებაზე განხილულ იქნა წინადადებები, თუ რა სამართლებრივი ფორმით უნდა ჩამოყალიბებულიყო საზოგადოება, რომელსაც პრივატიზებული ფართი საკუთრებაში უნდა გადასცემოდა.
5. გამომცემლობის შრომით კოლექტივს, საქართველოს პრეზიდენტის # 878 განკარგულებით, მიეცა უძრავი ქონების პრივატიზების უფლება (პირდაპირი მიყიდვის წესით) სათანადო საინვესტიციო პროგრამის განხორციელების პირობით. ობიექტის ფასი 41 000 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში განისაზღვრა.
6. სამინისტრომ 2000 წლის 3 ოქტომბრით დათარიღებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე, გამომცემლობის შრომით კოლექტივს პირობადადებულ საკუთრებაში გადასცა უძრავი ქონება.
7. 2000 წლის 3 ოქტომბერს, მიღება-ჩაბარების აქტით, სამინისტრომ გამომცემლობის შრომით კოლექტივს გადასცა უძრავი ქონება, რის საფუძველზეც გაფორმდა მიღება-გადაცემის აქტი.
8. 2000 წლის 15 ნოემბერს, სამინისტრომ გასცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა №..პ, რომლის თანახმად, გამომცემლობის შრომით კოლექტივს საკუთრებაში გადაეცა უძრავი ქონება.
9. 2011 წლის 16 დეკემბრის საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ტექნიკური აღრიცხვის ჩანაწერების არქივის მონაცემებით, უძრავი ნივთის სააღრიცხვო ბარათში რეგისტრირებულია 2000 წლის 15 ნოემბრის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა, ნასყიდობის ხელშეკრულების და მიღება-ჩაბარების აქტის ასლები, რომელთა შესაბამისადაც უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცა გამომცემლობის შრომით კოლექტივს, დოკუმენტებში ლიტერი/სართული მითითებული არ არის, რის გამოც, ფართის ადგილმდებარეობა გაურკვეველია.
10. საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, მიწის ნაკვეთი - 9100 კვ.მ. და შენობა-ნაგებობები - 13805 კვ.მ. საკადასტრო კოდით №...., რეგისტრირებულია მოპასუხის საკუთრებად.
11. მოპასუხის აღნიშნული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტებია:
11.1. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 1995 წლის 12 იანვრის # 01.32.31 და 1996 წლის 28 მარტის #06.91.365 დადგენილებები;
11.2. ქ. თბილისის არქიტექტურისა და ქალაქის პერსპექტიული განვითარების საქმეთა დეპარტამენტის მიერ 1996 წლის 18 აპრილს გაცემული მიწის ნაკვეთის გეგმა;
11.3. სამინისტროს კოლეგიის 1994 წლის 25 ივლისის #04.06.54 დადგენილება;
11.4. 2008 წლის 16 მაისს დამოწმებული სააღსრულებო ფურცელი #3/1640-07; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია;
11.5. თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1996 წლის 24 იანვარს გაცემული ტექნიკური პასპორტი;
11.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 2008 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება;
11.7. საქართველოს ქონების მართვის სამინისტროს 1998 წლის 16 დეკემბრის #06.1044/7-8 წერილი.
12. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული კოლეგიის 2008 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილებით დაევალა, აღედგინა 1998 წლის 29 დეკემბრის რეგისტრაციის პირვანდელი ჩანაწერი ქ. თბილისში .... მდებარე 9100 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა-ნაგებობებზე მოპასუხის საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ.
13. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინებით, გამომცემლობის წევრთა სარჩელის გამო შეწყდა საქმის წარმოება, დაუშვებლობის გამო მოპასუხისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ 2008 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების და აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხის სახელზე არსებულ უძრავ ქონებაზე და შესაბამის წილ მიწის ნაკვეთზე, საკუთრების უფლების ბათილად ცნობის შესახებ.
13.1. მოცემული განჩინებით, მოპასუხე წარმოადგენს 9100 კვ.მ. მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული 13805 კვ.მ. შენობა-ნაგებობის მესაკუთრეს;
13.2. 2000 წლის 15 ნოემბრისათვის, როცა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა 1248 კვ.მ. უძრავ ქონებაზე იყო გაცემული, ქონება წარმოადგენდა კერძო საკუთრების ობიექტს და ქონების მართვის სამინისტროს უფლება არ ჰქონდა, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაეცა;
13.3. იმავე განჩინების მიხედვით, 2000 წლის 15 ნოემბერს გაცემული საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა წარმოადგენს არარა ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელსაც არ შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
14. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 9 მარტის გადაწყვეტილებით, არ დაკმაყოფილდა გამომცემლობის შრომითი კოლექტივის წევრთა სარჩელი საქართველოს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ, რომლითაც მოსარჩელეები ითხოვდნენ უძრავ ქონებაზე მოპასუხის საკუთრების უფლების შესახებ არსებულ ჩანაწერში ცვლილების შეტანას და 1248 კვ.მ. ფართზე მოსარჩელეთა საკუთრების უფლების რეგისტრაციას, გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 22 მაისის განჩინებით, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა ცნობილი.
15. მოსარჩელემ, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის შესახებ მიმართა, თუმცა აღნიშნულზე მას უარი ეთქვა, ვინაიდან უფლების საგანზე რეგისტრირებული იყო სხვა პირის უფლება, რაც გამორიცხავდა მისი საკუთრების უფლების რეგისტრაციას.
16. 2014 წლის 11 მარტს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ უძრავი ქონებიდან 1248 კვ.მ. ფართზე თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით.
17. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი, იმ მოტივით, რომ გამომცემლობა, რომლის შრომითი კოლექტივის წევრობასაც აცხადებს მოსარჩელე არ არსებობს. მოპასუხე ასევე მიუთითებს, რომ ფიზიკურ პირთა ჯგუფმა, გარდა მოსარჩელისა, სასამართლოს მიმართა საჯარო რეესტრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და 1248 კვ.მ. უძრავი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის შესახებ და სასამართლოს განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება დაუშვებლობის გამო.
18. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 173-ე, 183-ე, 311-312-ე მუხლები.
19. გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით, სააპელაციო საჩივარი წარადგინა მოსარჩელემ, შემდეგ გარემოებებზე მითითებით:
19.1. სასამართლომ არასწორად გაიზიარა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინებაში მითითებული გარემოება, რომ 2000 წლის 15 ნოემბრის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა გაცემისთანავე ითვლება არარად და არ შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
19.2. 2010 წლის 18 თებერვლის განჩინებაში და არც წინამდებარე საჩივრით გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, თუ რომელი ნორმის მიხედვით შეიძლება საკუთრების მოწმობა არარა აქტად იქნეს მიჩნეული;
19.3. სასამართლოს განმარტება საკუთრების მოწმობის არარა აქტად მიჩნევის შესახებ მოკლებულია ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს;
19.4. ის ფაქტი, რომ შრომითი კოლექტივის ყველა წევრმა ვერ მოახერხა ერთ ორგანიზაციად გაერთიანება, არ უნდა გახდეს სარჩელის დაკმაყოფილების უარის თქმის საფუძველი.
20. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ძალაში დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 6 ივნისის გადაწყვეტილება.
20.1. სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ადმინისტრაციულ სამართლებრივ დავებზე მიღებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით (იგულისხმება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესაული 2010 წლის 18 თებერვლის განჩინება; ამავე სასამართლოს 2012 წლის 9 მარტის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება; აგრეთვე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2008 წლის 29 თებერვლის გადაწყვეტილება) დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სანამ გამომცემლობის შრომის კოლექტივთან გაფორმდებოდა 2000 წლის 3 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება და მიღება - ჩაბარების აქტი სადავო 1248 კვ.მ ფართზე და გაიცემოდა 2000 წლის 15 ნოემბრის საკუთრების მოწმობა, მთლიან უძრავ ქონებაზე – 9100 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა–ნაგებობებზე საკუთრების უფლება უკვე წარმოშობილი ჰქონდა მოპასუხეს.
20.2. პალატის განმარტებით, დგინდება, რომ სადავო 1248 კვ.მ ფართზე, რომელიც წარმოადგენს ზემოაღნიშნულ მისამართზე 9100 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა–ნაგებობის შემადგენელ ნაწილს, გამომცემლობის შრომით კოლექტივს საკუთრების უფლება არ წარმოშობია.
21. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა შემდეგი დასაბუთებით:
21.1. სასამართლომ არ შეაფასა საქმეში არსებული ის მტკიცებულებები, თუ როგორ დაკარგა საკუთრების უფლება მოპასუხემ სადავო ქონებაზე და როგორ გადაეცა იგი გამომცემლობის შრომითი კოლექტივის წევრებს;
21.2. სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა იმ გარემოებას, რომ თითქოსდა საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 თებერვლის განჩინებით დადგენილია, რომ გამომცემლობის შრომითი კოლექტივის წევრებმა მიმართეს სასამართლოს უძრავი ქონების მოპასუხის საკუთრებად აღრიცხვის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ;
21.3. სასამართლო მოსარჩელის მიმართ არასწორად იყენებს 2010 წლის 18 თებერვლის დადგენილებას, ვინაიდან დადგენილი ფაქტია, რომ მოსარჩელეს არ მიუმართავს სასამართლოსათვის სადავო ქონების მოპასუხის საკუთრებად აღრიცხვის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ;
21.4. მოსარჩელის მიმართ სასამართლოს არ დაუდგენია საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის არარა აქტად აღიარება და შესაბამისად, კასატორს ჰქონდა სრული უფლება, აღიარებითი სარჩელით მოეთხოვა თავისი წილი თანასაკუთრების მის სახელზე აღრიცხვა;
21.5. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მოსარჩელე არ მონაწილეობდა იმ პროცესებში, რომელიც მიმდინარეობდა აქტის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით და შესაბამისად, მოსარჩელის მიმართ არ უნდა გავრცელდეს სასამართლოს მიერ გამოყენებული გადაწყვეტილებების კანონიერი ძალა.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ 2015 წლის 19 ოქტომბრის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიიღო წარმოებაში სსსკ-ის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
23. კასატორის გარდაცვალების შესახებ 2015 წლის 17 ნოემბრის განცხადების საფუძველზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 24 ნოემბრის განჩინებით, საქმის წარმოება შეჩერებულ იქნა 1 წლის ვადით, უფლებამონაცვლის დადგენის მიზნით.
24. საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 10 ივნისის განჩინებით, კასატორის უფლებამონაცვლეებს წარმოადგენენ მ.ბ. და ქ.ძ.
სამოტივაციო ნაწილი :
25. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:
25.1. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:
ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;
ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;
გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძვლით.
27. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.
28. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. სუსგ საქმე ას-1701-1685-2011 22.10.2012).
29. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
30. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:
30.1. განსახილველ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;
30.2. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.
30.3. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია უძრავ ნივთზე მოპასუხის სახელზე საკუთრების რეგისტრაცია და უფლება დამდგენი დოკუმენტები, ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ 2002 წლი 21 ოქტომბრის გადაწყვეტილების შემდგომ, გამომცემლობის შრომით კოლექტივის წევრთა მიერ ნაწარმოები იქნა არაერთი ადმინისტრაციული დავა სადავო 1248 კვ.მ. ფართზე საკუთრების უფლების დასადგენად და საბოლოოდ, მათი მოთხოვნები არ იქნა დაკმაყოფილებული, აპელანტის მითითება „საქართველოს“ შრომითი კოლექტივის მიერ სადავო 1248 კვ.მ. ფართის პრივატიზების ფაქტობრივი გარემოების შესახებ, არ წარმოშობს საკმარის საფუძველს სარჩელის დაკმაყოფილებისათვის, მითუმეტეს, რომ როგორც დგინდება გამომცემლობის შრომითი კოლექტივის წევრთა მიერ სადავო ფართის პირდაპირი მიყიდვის წესით ნასყიდობის საფასურის, 41 000 აშშ დოლარის გადახდამდე (1998 წლის 30 დეკემბერი), სადავო ფართზე საკუთრების უფლება უკვე 1998 წლის 29 დეკემბრისათვის წამოშობილი ჰქონდა მოპასუხეს.
30.4. საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ დავებზე მიღებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დგინდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ სანამ გამომცემლობის შრომის კოლექტივთან გაფორმდებოდა 2000 წლის 3 ოქტომბრის ნასყიდობის ხელშეკრულება და მიღება ჩაბარების აქტი სადავო 1248 კვ.მ ფართზე, ასევე გაიცემოდა 2000 წლის 15 ნოემბრის საკუთრების მოწმობა, მანამდე უძრავ ქონებაზე – 9100 კვ.მ. მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ შენობა–ნაგებობებზე საკუთრების უფლება უკვე წარმოშობილი ჰქონდა მოპასუხეს.
31. მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა სასარჩელო მოთხოვნის გამამყარებელი დასაშვები მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. მის მიერ წარმოდგენილი არგუმენტები არ არის საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, გამომდინარე იქიდან, რომ პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მიერ დადგენილი გარემოებებისა და ადმინისტრაციულ სამართლებრივ დავებზე მიღებული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების გამაბათილებელი მტკიცებულება წარმოდგენილი არ არის.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სსსკ-ის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას კასატორის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სარეზოლუციო ნაწილი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და
დაადგინა
1.ნ.ძ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2.ნ.ძ–ს (პ/№...) დაუბრუნდეს ქ.ძ–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება#8119242), გადახდის თარიღი 1.10.2015 სს ,,ლიბერთი ბანკი“), 442 ლარის 70% – 309,4 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი