28 ივნისი, 2016 წელი
№ას-26-26-2016 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს ,,ქ.ლ.ქ.“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – სს ,,ს.რ.“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება, განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების და განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. 2011 წლის 8 დეკემბერს სს „ქ.ლ.ქ–ის“ (შემდეგში: მოპასუხე, კასატორი) კუთვნილ ჩიხში ლიანდაგის გაუმართაობის გამო №65744377 ვაგონს (შემდეგში: პირველი ვაგონი) ლიანდაგიდან აცდენის შედეგად, დაუზიანდა დეტალები, მიყენებულმა ზიანმა 444,84 ლარი შეადგინა {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 992-ე მუხლი}.
2. იმავე წლის 20 დეკემბერს მოპასუხის კუთვნილ ჩიხში ლიანდაგის გაუმართაობის გამო №60226305 ვაგონს (შემდეგში: მეორე ვაგონი) ლიანდაგიდან აცდენის შედეგად დაუზიანდა დეტალები, მიყენებული ზიანი 222,42 ლარით განისაზღვრა.
3. თითოეული ვაგონის დაზიანების შესახებ შედგა აქტი „ვუ-25“, საიდანაც დგინდება, რომ ორივე ვაგონის დაზიანება მოპასუხის ბრალეულმა მოქმედებამ გამოიწვია.
4. 2011 წლის 15 მარტს ლიანდაგის გაგანიერების (დაშლის) მიზეზით, ადგილი ჰქონდა სამანევრო შემადგენლობის მსვლელობის მიმართულებით სს „ს.რ–ის“ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, მოწინააღმდეგე მხარე) თბომავალ ჩმე-3 #6948 (შემდეგში: თბომავალი) პირველი წყვილთვალის მარცხენა თვალის რელსის შიგნით ჩავარდნას, მოსარჩელისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 2073,35 ლარი.
5. 2014 წლის 19 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ პირველი ვაგონის დაზიანებით მიყენებული ზიანის - 444,84 ლარის, მეორე ვაგონის დაზიანებით მიყენებული ზიანის - 222,42 ლარისა და თბომავლის დაზიანების - 2073,35 ლარის დაკისრების მოთხოვნით {სსკ-ის 992-ე მუხლი}.
6. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მან წარადგინა ხანდაზმულობის (მოთხოვნის განხორციელების ხელისშემშლელი) შესაგებელი, იმ მოტივით, რომ:
6.1. გასულია სსკ-ით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადები {სსკ-ის 128-ე და 1008-ე მუხლები};
6.2. ვაგონების ჩიხში შეყვანის თაობაზე მათგან არ ყოფილა გაცემული სათანადო თანხმობა;
6.3. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები # 2719853 და # 2719747 არ ყოფილა მიღებული მოსარჩელისაგან, ვინაიდან, აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურები არ არის ხელმოწერილი მოპასუხის წარმომადგენლის მიერ;
6.4. მოპასუხის მიერ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა #6050985 დაუბრუნდა მოსარჩელეს გასაუქმებლად, რაც დასტურდება მოპასუხის 2011 წლის 27 აპრილის №13/14 წერილით. აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურა ასევე არ არის ხელმოწერილი მოპასუხის მიერ.
6.5 ვაგონების და თბომავლის დაზიანების დროისათვის მოსარჩელე აწარმოებდა არა მოპასუხის, არამედ სხვა ორგანიზაციების ტვირთების გადაზიდვას.
7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა პირველი და მეორე ვაგონების დაზიანების გამო 444,84 და 222,42 ლარის, სულ 667,26 ლარის გადახდა. დანარჩენ ნაწილში (2073,35 ლარის მოთხოვნის) სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 1008-ე, 129-ე, 130-ე, 137-ე, 138-ე, 144-ე, 408-ე და 992-ე მუხლები.
8. აღნიშნული გადაწყვეტილება უარყოფილ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა მისი დაკმაყოფილება, შემდეგი დასაბუთებით:
8.1. ლიანდაგის გაგანიერების (დაშლის) შედეგად თბომავლის დაზიანებით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 2073,35 ლარს;
8.2. სასამართლომ დაუსაბუთებლად არ მიიჩნია უდავოდ ის გარემოება, რომ თბომავლის დაზიანებით მიყენებული ზიანი აღიარა მოპასუხემ, რაც დასტურდებოდა სარჩელზე დართული მხარეებს შორის გაფორმებული წერილობითი დოკუმენტით -აქტით.
9. მოწინააღმდეგე მხარემ დადგენილ ვადაში არ წარადგინა სააპელაციო პასუხი (შესაგებელი), რაც საფუძვლად დაედო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ 2015 წლის 4 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას {საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 26-ე თავი}.
10. დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2073,35 ლარის ანაზღაურება.
11. მოპასუხემ საჩივრით მიმართა სააპელაციო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე და მოითხოვა საქმის წარმოების განახლება შემდეგი დასაბუთებით:
11.1. გზავნილი მოპასუხე მხარეს არ მიუღია და ის მისთვის უცნობმა პიროვნებამ ჩაიბარა, რომელმაც არ იცოდა მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობა და ადრესატს გადასცა რამდენიმე დღის დაგვიანებით;
11.2. აღნიშნული დოკუმენტის ჩაბარებიდან მოპასუხემ წარმოადგინა შესაგებელი სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დროში;
11.3. მოპასუხის მისამართზე 24 საათის განმავლობაში იმყოფება მისი სულ მცირე ერთი თანამშრომელი მაინც, რომელიც ნებისმიერ დროს ჩაიბარებდა აღნიშნულ სააპელაციო საჩივარს;
11.4. სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ვერ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, ვინაიდან დარღვეული იყო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადები.
12. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 5 ივნისის განჩინებით მოპასუხის საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
13. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ძალაში დარჩა 2015 წლის 4 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება.
14. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ შემდეგი დასაბუთებით:
14.1 სასამართლომ საქმე განიხილა ერთ-ერთი მხარის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით.
14.2 სააპელაციო საჩივარი ჩაბარდა არაუფლებამოსილ და მოპასუხისათვის უცნობ პიროვნებას, რომელსაც არანაირი შეხება არ აქვს მოპასუხესთან, რაც დადასტურებულია შესაბამისი ცნობით.
14.3. თავად არაუფლებამოსილი პირი ადასტურებს, რომ ჩაიბარა გზავნილი, თუმცა მას აღნიშნულის შესახებ დროულად არ უცნობებია უფლებამოსილი პირისათვის;
15. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 აპრილის განჩინებით, საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ცნობილი იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.
სამოტივაციო ნაწილი :
16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მტკიცებულებების შეჯერებისა და გაანალიზების, საკასაციო საჩივრის იურიდიული დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:
17. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);
18. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.
19. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იგი მოკლებულია შესაძლებლობას ამ საქმეზე თავად მიიღოს ახალი გადაწყვეტილება, ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნებზე სააპელაციო სასამართლოს არსებითად არ უმსჯელია და სარჩელის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილება არ მიუღია.
20. მოცემულ შემთხვევაში, კასატორმა სადავოდ გახადა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილებისა და მისი ძალაში დატოვების შესახებ 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინების კანონიერება, როგორც პროცედურული წესების დარღვევაზე (სააპელაციო საჩივრისა და თანდართული დოკუმენტების დადგენილი წესით მისთვის ჩაუბარებლობა) ისე, საქმის აპელაციის ეტაპზე განხილვის მიმდინარეობისას, შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების ინსტიტუტის გამოყენების მიზანშეუწონლობაზე მითითებით.
21. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების წინაპირობების {სსსკ-ის 387-ე მუხლის მესამე ნაწილი, 372-ე, 2321 და 201-ე მუხლის მეორე ნაწილი} სააპელაციო სასამართლოსეული განმარტება არასწორია, რადგანაც აპელაციის ეტაპზე, მოწინააღმდეგე მხარის მიერ მხოლოდ შესაგებლის წარუდგენლობა არ წარმოადგენს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების საკმარის საფუძველს.
22. საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ აღნიშნულთან დაკავშირებით შემდეგი განმარტება გააკეთა:
„მოცემულ შემთხვევაში, დიდ პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რამაც გამოიწვია არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა, რადგან სააპელაციო სასამართლოში შესაგებლის წარუდგენლობა არ შეიძლება გახდეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძველი... მიუხედავად იმისა, რომ საქმის მომზადების მიზნით პირველი ინსტანციისათვის დადგენილი წესები თითქმის მთლიანად ეხება სააპელაციო სასამართლოსაც, სააპელაციო შესაგებელს გააჩნია მხოლოდ სააპელაციო სასამართლოსათვის დამახასიათებელი თავისებურებები, რაც პირველ რიგში ვლინდება მტკიცებით საქმიანობაში. სააპელაციო შესაგებელი, როგორც მტკიცებითი საქმიანობის განსახორციელებელი საპროცესო საშუალება, არ შეიძლება გავაიგივოთ სარჩელის წინააღმდეგ მიმართულ შესაგებელთან. სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული შესაგებლის წარუდგენლობის ფაქტი თავისთავად განსაზღვრავს მტკიცების საგანს, რადგან სარჩელში მითითებული ფაქტების მტკიცებისაგან თავისუფლდება მოსარჩელე. აღნიშნული ფაქტი შეიძლება იყოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობა. შესაბამისად, სააპელაციო შესაგებლის წარუდგენლობას საქმის მომზადების ეტაპზე, როგორც იურიდიულ ფაქტს, არ შეიძლება მოჰყვეს ისეთივე შედეგები, რადგან აპელაციაში მტკიცებითი საქმიანობის განხორციელების თავისებურებიდან გამომდინარე იხილება იგივე სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ფაქტები და მტკიცებულებები, ხოლო ამ სტადიაზე შესაგებლის წარუდგენლობით არ განისაზღვრება პირველ ინსტანციაში შესაგებლის წარუდგენლობის მსგავსად მტკიცების საგანი. სააპელაციო საქმისწარმოების მომწესრიგებელი ნორმებით შესაგებლის წარუდგენლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუთვალისწინებლობა, წარმოადგენს ე.წ. კანონმდებლის კვალიფიციურ დუმილს. ზუსტად ეს პრინციპები უნდა გავითვალისწინოთ სსსკ-ის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილის განმარტებისას, რომელიც არა დესკრეციულ, არამედ ნორმატიულ ფაქტობრივ შემადგენლობას მოიცავს, რაც თავისთავად ითვალისწინებს არა უპირობოდ პირველ ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ წესების „გადმოღებას“, არამედ მისი ნორმატიული ხასიათის გათვალისწინებით, სააპელაციო საქმისწარმოების შეფასების გზით, დაუსწრებელი გადაწყვეტილების წინაპირობების სწორ დიფერენცირებას. დიდი პალატა აღნიშნავს, რომ სსსკ-ის 387-ე მუხლს (1997 წლის 14 ნოემბრის რედაქცია) არც 2007 და არც 2010 წლის საკანონმდებლო ცვლილებები არ შეხებია და მისი გავრცელება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის სპეციალურ საფუძველზე - შესაგებლის წარუდგენლობაზე, საკანონმდებლო ტექნიკითაც სპეციალური დათქმის გარეშე დაუშვებელია. დიდ პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოებისას სსსკ-ის 2321 მუხლით გათვალისწინებული დანაწესის გამოყენებაზე დათქმის არარსებობა კანონის ხარვეზს არ წარმოადგენს და ამით კანონმდებელმა სწორად და საფუძვლიანად გააანალიზა სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვის სპეციფიკა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების არსი...დიდი პალატა ზემოთჩამოყალიბებული მსჯელობების საფუძველზე ასკვნის, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს სააპელაციო ინსტანციაში სამოქალაქო საქმის წარმოებისას სააპელაციო საჩივარზე აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის წარუდგენლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, შესაბამისად, შესაგებლის წარმოუდგენლობის გამო, სააპელაციო სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მიზანშეუწონელია“(იხ. სუსგ 2016 წლის 17 მარტის დიდი პალატის განჩინება საქმეზე №ას-121-117-2016).
23.„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს კანონის 17.5 მუხლის თანახმად, უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის სამართლებრივი შეფასება (ნორმის განმარტება) სავალდებულოა ყველა ინსტანციის საერთო სასამართლოებისათვის.
24. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
25. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.
სარეზოლუციო ნაწილი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 372-ე, 264.3, 399-ე, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს ,,ქ.ლ.ქ–ის“ საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 4 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილება, 2015 წლის 20 ნოემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლეები : მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი