Facebook Twitter

ას-196-187-2016 12 ივლისი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ბ.გ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ე.ვ., გ.უ. (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. 2008 წლის 5 დეკემბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების (შემდეგში: ხელშეკრულება) საფუძველზე ბ.გ–მ (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი, გამსესხებელი ან იპოთეკარი) გ.უ–ს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, მოვალე ან მსესხებელი) 3 თვით ასესხა 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარი {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 623-ე მუხლი}.

2. მსესხებელი ვალდებული იყო სესხისათვის გადაეხადა პროცენტი (სარგებელი) თვეში 6%. ძირითადი თანხის ან საპროცენტო სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მისი ვალდებულება იყო გადაეხადა პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0.3%, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის {სსკ-ის 625-ე, 417- 418-ე მუხლები}.

3. სესხის, პროცენტებისა და პირგასამტეხლოს უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა ე.ვ–ის (შემდეგში: მეორე მოპასუხე ან იპოთეკის საგნის მესაკუთრე) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ...... (ამჟამად .... ქუჩა, #15 კორპუსი, საკადასტრო კოდი - ..... (შემდეგში: უძრავი ქონება) {სსკ-ის 289-ე მუხლის პირველი ნაწილი და 3111-ე მუხლი}.

4. მსესხებელმა ვალდებულება დაარღვია, მან არ დააბრუნა სესხი და არ გადაიხადა ორი თვის პროცენტი.

5. შპს „ი. პ–მ“ მუდმივმოქმედი არბიტრაჟის (შემდეგში: არბიტრაჟი) 2010 წლის 15 თებერვლის საარბიტრაჟო გადაწყვეტილებით (შემდეგში: საარბიტრაჟო გადაწყვეტილება) მოვალეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 10 000 აშშ დოლარის, 2009 წლის 6 მარტიდან გადაწყვეტილების საბოლოო აღსრულებამდე პირგასამტეხლოს სახით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 30 აშშ დოლარის და მოსარჩელის მიერ გადახდილი საარბიტრაჟო მოსაკრებლის - 490 ლარის გადახდა.

6. იმავე გადაწყვეტილებით დადგინდა იპოთეკის საგნის, უძრავი ნივთის, იძულებითი აუქციონის გზით რეალიზაცია {სსკ-ის 301-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები}.

7. 2013 წლის 20 ივნისს მეორე მოპასუხემ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმების მოთხოვნით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.

8. 2013 წლის 18 ივლისის განჩინებით, მეორე მოპასუხის საჩივარი დაკმაყოფილდა და გაუქმდა არბიტრაჟის გადაწყვეტილება. სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ არბიტრაჟი არ იყო უფლებამოსილი განეხილა ხსენებული დავა, რადგანაც არ არსებობდა კანონმდებლობით დადგენილი წესით დავის არბიტრაჟისათვის გადაცემის შესახებ ნამდვილი შეთანხმება {გარიგების დადების დროისათვის მოქმედი „კერძო არბიტრაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი}.

9. 2014 წლის 20 იანვარს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ და მოითხოვა პირველი მოპასუხისათვის 10 000 აშშ დოლარის, საპროცენტო სარგებლის 1200 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 3800 აშშ დოლარის დაკისრება, ასევე იპოთეკის საგნის აუქციონზე იძულებითი რეალიზაცია.

10. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მათ წარადგინეს ხანდაზმულობის (მოთხოვნის განხორციელების ხელშემშლელი) შესაგებელი და მიუთითეს, რომ მოთხოვნა არ არის განხორციელებადი, რადგანაც მოსარჩელემ გაუშვა უფლების სასამართლოს მეშვეობით რეალიზაციის კანონით დადგენილი ვადა. მას მოთხოვნის უფლება წარმოეშვა 2009 წლის 5 მარტს, ხოლო სასამართლოს სარჩელით 2014 წლის 20 იანვარს, სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ მიმართა {სსკ-ის 128-ე,1 29-ე და 144.1-ე მუხლები}.

11. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 128-ე, 129-ე, 130-ე, 138-ე, 139-ე, 140-ე, 144-ე მუხლები.

12. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგი საფუძვლებით:

12.1. სასამართლომ სამართლებრივად არასწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რადგანაც სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ვინაიდან სასამართლოში სარჩელის აღძვრამდე, აღნიშნული დავა განხილულ იქნა არბიტრაჟის მიერ, რომლის გადაწყვეტილებითაც დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნა;

12.2. არბიტრაჟის გადაწყვეტილების ცნობისა და სააღსრულებო ფურცლის გაცემისათვის სააპელაციო სასამართლოსათვის მიმართვის ვადა შეუზღუდავია;

12.3. საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საპროცესო ნორმების დარღვევამ, თუნდაც სარჩელის წარმოებაში მიღება-არმიღების საკითხთან დაკავშირებით, არ შეიძლება უფლებამოსილ პირს მოუსპოს კანონიერი გზით მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობა;

12.4. გამომდინარე იქიდან, რომ სარჩელის აღძვრა პირველი ინსტანციის სასამართლოში განხორციელდა სააპელაციო სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმებიდან 6 თვის ვადაში, სსკ-ის 140-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა შეწყვეტილად ითვლება პირველი სარჩელის შეტანის დროიდან და შესაბამისად, მოთხოვნა ხანდაზმული არ არის.

13. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 13 მარტის განჩინებით აპელანტის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილება. სასამართლომ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტების სამართლებრივი შეფასებები.

14. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით. საჩივარს კასატორი აფუძნებს წინამდებარე განჩინების პ.13-ში აღნიშნულ გარემოებებზე და დამატებით მიუთითებს იმაზე, რომ გასაჩივრებული განჩინება ეწინააღმდეგება დადგენილ სასამართლო პრაქტიკას (საქმე # ას 1586-1489-2012, 22.04.2013).

15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 31 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი :

16. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, ასევე მტკიცებულებების შეჯერებისა და გაანალიზების, საკასაციო საჩივრების იურიდიული დასაბუთებულობის არსებითად განხილვის შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგი მოტივაციით:

17. სსსკ-ის 404-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ამოწმებს საკასაციო საჩივრის ფარგლებში, ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვეტილებებში და სხდომის ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება);

18. კასატორის ძირითადი პრეტენზია მდგომარეობს იმაში, რომ სასამართლომ ისე გაიზიარა მოპასუხის შესაგებელი მოთხოვნის ხანდაზმულობის თაობაზე, რომ არ მიიღო მხედველობაში დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენით წყდება ხანდაზმულობის ვადა: „სამოქალაქო სარჩელის განხილვისათვის კომპეტენტურ ორგანოს წარმოადგენს როგორც სასამართლო, ისე კერძო არბიტრაჟი მხარეთა მიერ ასეთი ნების არსებობის შემთხვევაში. მართალია, სამართალწარმოება საქართველოში ხორციელდება საერთო სასამართლოების მეშვეობით, მაგრამ სახელმწიფო “არბიტრაჟის შესახებ” კანონის შემოღებით უზრუნველყოფს სამართალწარმოების ალტერნატიულ საშუალებას. ამავე დროს, სასამართლო, როგორც სახელმწიფო ხელისუფლების დამოუკიდებელი ერთ-ერთი შტო, უფლებამოსილია, საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გადასინჯოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და შეამოწმოს პირის უფლების ხელყოფის ფარგლები. საკითხის სადავოობა, ვარგისია თუ არა ერთ-ერთი მხარის მიერ გამოხატული ნება საარბიტრაჟო განხილვისათვის, არ შეიძლება შეფასდეს იმგვარად, რომ არბიტრაჟი არ წარმოადგენს სამოქალაქო უფლების დაცვისათვის კომპეტენტურ ორგანოს, მით უფრო, ისეთ პირობებში, როდესაც სარჩელი განხილულია არბიტრაჟის მიერ და არსებობს საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე. საარბიტრაჟო შეთანხმებისა და საარბიტრაჟო გადაწყვეტილების სადავოობა წარმოადგენს სასამართლოში დამოუკიდებელი განხილვის საგანს. მასთან დამოკიდებული გარემოებების შეფასება მოითხოვს სპეციალურ გამოკვლევას. ასეთი სახის პრეტენზიის არსებობა საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ ვერ გახდება არბიტრაჟის არაკომპეტენტურობის ცალსახად დადგენის საფუძველი. ასეთი დასკვნის საარბიტრაჟო განხილვის ეტაპზე გამოტანის შეუძლებლობა კი გამორიცხავს სარჩელის განხილვისათვის არბიტრაჟის არაკომპეტენტურ ორგანოდ მიჩნევას. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლი ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას უკავშირებს სარჩელის შეტანას. სარჩელის განხილვისათვის კი, როგორც აღინიშნა, კომპეტენტური შეიძლება იყოს როგორც სასამართლო, ასევე კერძო არბიტრაჟი“. სამოქალაქო კოდექსის 129-ე, 130-ე, 138-ე მუხლებზე დაყრდნობით უზენაესმა სასამართლომ დაასკვნა, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე საარბიტრაჟო პრეტენზიის წარდგენით შეწყდა შესაბამისი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის დენა, სასამართლოს გადაწყვეტილებით საარბიტრაჟო განხილვის შედეგის ბათილობა კი წარმოადგენდა ამ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან სამოქალაქო კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობის ვადის დენის ხელახლა ათვლის საფუძველს (#ას-1728-1710-2011, 23 იანვარი, 2012 წელი).

19. საქმის მასალებით დადგენილია, რომ კასატორმა არბიტრაჟს მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე კანონით დადგენილ ვადაში მიმართა. მის სასარგებლოდ მიღებული 2010 წლის 15 თებერვლის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გააუქმა 2013 წლის 18 ივლისს, 2014 წლის 20 იანვარს კი კასატორმა მოპასუხეების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი წარადგინა. სააპელაციო სასამართლოს დასკვნა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე სამართლებრივად დაუსაბუთებელია, რადგანაც ის არ შეესაბამება სსკ-ის 138-ე მუხლის პირველი წინადადებას: „ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად“, და 139-ე მუხლის პირველი ნაწილს: „ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტა სარჩელის შეტანის საფუძველზე გრძელდება მანამ, სანამ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება არ შევა კანონიერ ძალაში, ან პროცესი სხვაგვარად არ დასრულდება“. შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა მიეღო მხედველობაში შეწყვეტამდე განვლილი დრო და სამწლიანი ხანდაზმულობის ვადის ათვლა უნდა დაეწყო თავიდან, ანუ 2013 წლის 18 ივლისიდან {სსკ-ის 129-ე მუხლის პირველი ნაწილი და 141-ე მუხლი}.

20. ამასთან, საკასაციო პალატა სააპელაციო სასამართლოს ყურადღებას მიაქცევს შემდეგზე: მოთხოვნის განხორციელებადობა (ხანდაზმულობა), მოთხოვნის წარმოშობისა და მისი გამომრიცხავი გარემოებების შემოწმების შემდეგ უნდა იქნას განხილული. შესაბამისად, თუ მოთხოვნა არ წარმოშობილა, ან შემდგომში შეწყდა, სწორედ ამ საფუძვლით, და არა ხანდაზმულობით, უნდა იქნას უარყოფილი სარჩელი. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ ისე იმსჯელა მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, რომ სათანადოდ არ გამოიკვლია და არ შეაფასა მოთხოვნის წარმოშობის კანონით დადგენილი სამართლებრივი წანამძღვრები, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 623-ე, 625-ე, 417-418-ე, 289.1-ე და 301.1-ე მუხლებით.

21. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, არ დააბრუნოს საქმე ხელახლა განსახილველად და თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება. სსსკ-ის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. ამ შემთხვევაში გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია ( 394-ე „ე1“პუნქტი).

22. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხი.

სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 53.4-ე, 408-ე და 412-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ.გ–ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. სახელმწიფო ბაჟის საკითხი გადაწყდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას;

4. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები: მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ბესარიონ ალავიძე