№ას-521-498-2016 12 ივლისი, 2016 წელი,
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ.გ. (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კ.“ (მოსარჩელე)
თავდაპირველი მოპასუხეები – შ.მ., უ.გ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – საპროცესო ვადის აღდგენა
დავის საგანი – დავალიანების გადახდევინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. 2014 წლის 31 ოქტომბერს, შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ–სა“ (შემდეგში: მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე ან გამსესხებელი) და მ.გ–ს (შემდეგში: პირველი მოპასუხე, აპელანტი, ძირითადი მოვალე, კერძო საჩივრის ავტორი ან მსესხებელი) შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება (შემდეგში ხელშეკრულება), რომლის საფუძველზეც მოპასუხემ მოსარჩელისგან 22 თვით ისესხა 10 000 აშშ დოლარი {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში: სსკ-ის, 623-ე მუხლი}.
2. ხელშეკრულებით განისაზღვრა ყოველთვიური საპროცენტო სარგებელი 1.33%-ის ოდენობით, ასევე პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.27% (მაგრამ არა უმეტეს 150 დღისა) {ხელშეკრულების 3.13; 3.14. პუნქტები, სსკ-ის 625-ე, 417-ე, 418-ე მუხლები}.
3. მსესხებელმა ასევე იკისრა სიცოცხლის დაზღვევის თანხის გადახდის ვალდებულება, მოსარჩელე ორგანიზაციის მეშვეობით, რომლის შეუსრულებლობაც ხელშეკრულების პირობების დარღვევად მიიჩნეოდა {ხელშეკრულების 5.2. პუნქტი}.
4. მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების სისტემატური დაარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილი იყო, შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა თანხების სრულად ანაზღაურება {ხელშეკრულების 8.1. პუნქტი}.
5. ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იქნა 2014 წლის 16 და 24 ოქტომბერს უ.გ–თან (შემდეგში: მეორე მოპასუხე) და შ.მ–თან (შემდეგში: მესამე მოპასუხე) დადებული წერილობითი თავდებობებით, რომელთა საფუძველზეც მხარეებმა იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა კრედიტორის წინაშე, დაეფარათ ძირითადი მოვალის დავალიანება, რომელიც მოიცავდა: ძირითად თანხას, საპროცენტო სარგებელს, სადაზღვევო პრემიას და დარიცხულ პირგასამტეხლოსაც {სსკ-ის 891-ე, 892.1-ე, 893-ე, 895-ე, 896-ე და 898.1-ე მუხლები}.
6. მეორე და მესამე მოპასუხეები ვალდებულებას კისრულობდნენ, ძირითადი მოპასუხის დავალიანება გადაეხადათ, მაშინაც კი, როცა იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ ადგილი არ ექნებოდა {სსკ-ის 895-ე მუხლი}.
7. ძირითადმა მოვალემ ვალდებულება დაარღვია, მას 2015 წლის აგვისტოს შემდგომ არ გადაუხდია ვალი.
8. მოსარჩელემ წერილობითი გაფრთხილებები გაუგზავნა მოპასუხეებს, რასაც შედეგი არ მოჰყოლია.
9. დავალიანება შეადგენს 10 171,66 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 8500 აშშ დოლარი, გრაფიკით გათვალისწინებული საპროცენტო სარგებელი - 828,9 აშშ დოლარი, სიცოცხლის დაზღვევის დარჩენილი თანხა -172,71 აშშ დოლარი, საკომისიო - 31,5 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო კი - 638 აშშ დოლარი.
10. 2015 წლის 3 ნოემბერს, მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხეების წინააღმდეგ 10171,66 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.
11. მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და წარადგინეს მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი იმ მოტივით, რომ მსესხებელს არ დაურღვევია არც ერთი პირობა, ამასთან ხელშეკრულება გაფორმდა ლარში, მათ კი დოლარი ჩაუწერეს, ისინი არ ფლობენ ქართულ ენას და ხელშეკრულებაზე ხელი მოაწერეს იმ ვარაუდით, რომ სესხის აღება ხორციელდებოდა ეროვნულ ვალუტაში. საქმის არსებითი განხილვის დროს მათ სარჩელის უარსაყოფად აღნიშნული არგუმენტი აღარ გამოუყენებიათ.
12. მოსამზადებელ სხდომაზე, მსესხებელმა სარჩელი ძირითადი თანხის დაკისრების ნაწილში ცნო, დანარჩენ ნაწილში კი, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
13. ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 17 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა და მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხის - 8500 აშშ დოლარის, საპროცენტო სარგებლის - 828,9 აშშ დოლარის, სიცოცხლის დაზღვევის დარჩენილი თანხის - 172,71 აშშ დოლარის, საკომისიოს - 31,5 აშშ დოლარის, პირგასამტეხლოს - 638 აშშ დოლარის ექვივალენტურ ვალუტაში გადახდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-ე, 361-ე, 416-417-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე და 895-ე მუხლები.
14. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა შემდეგი საფუძვლებით :
14.1. სასამართლომ არასწორად იმსჯელა და ისე მიიღო გადაწყვეტილება;
14.2. არც ერთი პირობის დარღვევას ადგილი არ ჰქონია;
14.3. მოსარჩელის მიერ შეთავაზებულ იქნა სხვა პირობები, რომელზეც ძირითადი მოპასუხე თანახმა არ იყო, სწორედ აღნიშნულმა განაპირობა მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრა;
14.4. მსესხებელი არ იყო ინფორმირებული იმის თაობაზე, რომ სესხის აღება განხორციელდა უცხოურ ვალუტაში.
15. წარდგენილი საჩივარი ხარვეზიანი იყო. ამიტომ, სააპელაციო სასამართლოს 21 იანვრის განჩინებით, აპელანტებს დაუდგინდათ ხარვეზი, მათ დაევალათ სააპელაციო მოთხოვნის დაზუსტება, ასევე სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა {საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, 368-ე -ე მუხლი}.
16. მოპასუხეებმა ხარვეზი სასამართლოს მიერ დადგენილ 7 დღიან ვადაში არ შეავსეს. 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილველი {სსსკ-ის 374-ე მუხლი}.
17. აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ძირითადმა მოპასუხემ და მოითხოვა გაშვებული ვადის აღდგენა იმ მოტივით, რომ მან მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო დადგენილ ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდა ვერ შეძლო.
18. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 23 მარტის განჩინებით, მოცემული კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს უკან დაუბრუნდა განსახილველად, ვინაიდან, პალატამ მიიჩნია, რომ იგი თავისი შინაარსით წარმოადგენდა საპროცესო ვადის აღდგენის შესახებ განცხადებას და არა კერძო საჩივარს.
19. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით, კერძო საჩივრის ავტორის განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
20. აღნიშნული განჩინება გაასაჩივრა მოპასუხემ, მან განჩინების გაუქმება და ხარვეზის შევსების მიზნით კანონით დადგენილი ვადის განსაზღვრა მოითხოვა, იმ საფუძვლით, რომ სასამართლომ დაარღვია სსსკ-ის 286-ე მუხლის მოთხოვნა. იგი მიუთითებს, რომ სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 23 თებერვლის განჩინება გასაჩივრდა კერძო საჩივრის წესით საქართველოს უზენაეს სასამართლოში და 2016 წლის #ას-270-257-2016 განჩინებით დაკმაყოფილდა კერძო საჩივარი, თუმცა სააპელაციო სასამართლოს არ უცნობებია, კერძოდ, არ ჩაუბარებია განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ;
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით, კერძო საჩივარი მიღებულ იქნა განსახილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
22. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კასატორის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
23. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ : ა) კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
24. სსსკ-ის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.
25. სსსკ-ის 59-ე მუხლის მიხედვით, თუ საპროცესო ვადა კანონით არ არის დადგენილი, მას განსაზღვრავს სასამართლო. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. ამდენად, დასახელებული მუხლებიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ. სსსკ-ის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. სასამართლო შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარება სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო ვადის დენის დაწყების საფუძველს წარმოადგენს. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
26. განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით, მოპასუხეების სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ხარვეზის შეუვსებლობის გამო, ხოლო 2016 წლის 4 მარტს ძირითადმა მოპასუხემ საპროცესო ვადის აღდგენის მოთხოვნით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, თუმცა 2016 წლის 18 აპრილის განჩინებით აღნიშნული განცხადებაც არ დაკმაყოფილდა.
27. საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს რომ, სააპელაციო სასამართლოს 21 იანვრის განჩინებით, ხარვეზის შესავსებად დადგენილი 7 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2016 წლის 5 თებერვლიდან და ამოიწურა 2016 წლის 11 თებერვალს, შესაბამისად, აპელანტებს ხარვეზი 2016 წლის 11 თებერვლის ჩათვლით უნდა შეევსოთ. ხარვეზის შესახებ განჩინება სსსკ-ით დადგენილი წესით პირველ მოპასუხეს 2016 წლის 4 თებერვალს პირადად ჩაჰბარდა, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილებით. მან ასევე, იმავე დღეს ჩაიბარა დანარჩენი მოპასუხეებისათვის განკუთვნილი გზავნილიც. საქმის მასალებით დგინდება, რომ მოპასუხეებს სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებიათ, კერძოდ, არ დაუზუსტებიათ მოთხოვნა, არ გადაუხდიათ სახელმწიფო ბაჟი და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავთ სასამართლოსათვის. პირველმა მოპასუხემ 2016 წლის 4 მარტს კერძო საჩივრით გაასაჩივრა 23 თებერვლის განჩინება, რომლითაც მოითხოვა ხარვეზის გამოსასწორებლად დანიშნული ვადის საპატიოდ ჩათვლა.
28. სსსკ-ის 65-ე მუხლის მიხედვით, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა, საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამავე კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილში მითითებული გარემოებები.
29. სსსკ-ის 215-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას.
30. განსახილველ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორი საპროცესო ვადის აღდგენის საფუძვლად უთითებს მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო, სახელმწიფო ბაჟის დადგენილ ვადაში გადახდის შეუძლებლობაზე.
31. საკასაციო სასამართლოს განმარტებით, ზემოხსენებული გარემოება, არ წარმოადგენს სსსკ-ის 215-ე მუხლით გათვალისწინებულ არც ერთ საფუძველს, პალატა ასევე, მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ სასამართლო ბაჟის გადახდის შეუძლებლობა არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულებით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ ხარვეზის განჩინებით, მოპასუხეებს დაევალათ სააპელაციო მოთხოვნის დაზუსტებაც, თუმცა კერძო საჩივრის ავტორი, მხოლოდ ბაჟის გადახდაზე საუბრობს, მაშინ, როდესაც მას საპროცესო ვადის გასვლამდე ნაწილობრივ მაინც შეეძლო ხარვეზის შევსება მოთხოვნის დაზუსტებით.
32. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, სააპელაციო სასამართლომ საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად და შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
სარეზოლუციო ნაწილი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ.გ–ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 აპრილის განჩინება;
3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
მოსამართლეები: მზია თოდუა
პაატა ქათამაძე
ეკატერინე გასიტაშვილი