საქმე №ას-744-712-2016 23 სექტემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორები – ა(ა)იპ „საქართველოს ფუტსალის ასოციაცია,“ გ. დ.-ა, ზ. ხ.-ი, ლ. გ.-ა, ნ. ნ.-ე, ა. ლ.-ა და გ. თ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე - ლ. ც.-ი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – კონფერენციის ოქმების ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ლ. ც.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ა(ა)იპ „საქართველოს ფუტსალის ასოციაციის,“ გ. დ.-ას, ზ. ხ.-ის, ლ. გ.-ას, ნ. ნ.-ისა, ა. ლ.-ასა და გ. თ.-ის მიმართ კონფერენციის ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 7 აპრილის გადაწყვეტილებით ლ. ც.-ის სარჩელი ა(ა)იპ „საქართველოს ფუტსალის ასოციაციის“ მიმართ კონფერენციის ოქმების ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი ა(ა)იპ „საქართველოს ფუტსალის ასოციაციის“ კონფერენციის 2013 წლის 9 ნოემბრის, 2013 წლის 5 დეკემბრისა და 2013 წლის 15 დეკემბრის კონფერენციის ოქმები.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა(ა)იპ „საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ,“ გ. დ.-ამ, ზ. ხ.-მა, ლ. გ.-ამ, ნ. ნ.-ემ, ა. ლ.-ამ, გ. თ.-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განჩინებით ა(ა)იპ „საქართველოს ფუტსალის ასოციაციის,“ გ. დ.-ას, ზ. ხ.-ის, ლ. გ.-ას, ნ. ნ.-ისა, ა. ლ.-ასა და გ. თ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა(ა)იპ „საქართველოს ფუტსალის ასოციაციამ,“ გ. დ.-ამ, ზ. ხ.-მა, ლ. გ.-ამ, ნ. ნ.-ემ, ა. ლ.-ამ, გ. თ.-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინებით კასატორებს დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 900 ლარის დამადასტურებელი ქვითრის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე და 98-ე მუხლის შესაბამისად გ. დ.-ას, ზ. ხ.-ის, ნ. ნ.-ის, ა. ლ.-ასა და გ. თ.-ის მიერ გ. ნასყიდაშვილის სახელზე გაცემული რწმუნებულების ან მათ მიერ ხელმოწერილი საკასაციო საჩივრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება კასატორების წარმომადგენლებს – გ. ნასყიდაშვილსა და მიხეილ ელიკაშვილს კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნათ და ჩაბარდათ 2016 წლის 13 სექტემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენლებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ა(ა)იპ „საქართველოს ფუტსალის ასოციაციის,“ გ. დ.-ას, ზ. ხ.-ის, ლ. გ.-ას, ნ. ნ.-ისა, ა. ლ.-ასა და გ. თ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორების წარმომადგენლებს – გ. ნასყიდაშვილსა და მიხეილ ელიკაშვილს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 12 სექტემბრის განჩინების ასლი, კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდა 2016 წლის 13 სექტემბერს. (იხ. ტ.4, ს.ფ.189-190). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 14 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 19 სექტემბერს, ვინაიდან 18 სექტემბერი იყო არასამუშაო დღე – კვირა. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორებს და არც მათ წარმომადგენლებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა(ა)იპ „საქართველოს ფუტსალის ასოციაციის,“ გ. დ.-ას, ზ. ხ.-ის, ლ. გ.-ას, ნ. ნ.-ისა, ა. ლ.-ასა და გ. თ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი