საქმე №ას-781-748-2016 23 სექტემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „თ.-ი“
მოწინააღმდეგე მხარე - ბ. ქ.-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება, ქმედების აკრძალვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ბ. ქ.-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს „თ.-ის“ მიმართ და მოითხოვა:
ა) სს „თ.-ისათვის“ მოსარჩელის სასარგებლოდ მიყენებული ზიანის – 321 ლარის დაკისრება;
ბ) სს „თ.-ისათვის“ ბ. ქ.-ას ანგარიშებიდან თანხების ჩამოწრის აკრძალვის 2012 წლის 4 აგვისტომდე ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში;
გ) სს „თ.-ისათვის“ ფულადი გადარიცხვების ხელშეკრულებით გათვალისწინებუსლი ვადების დარღვევის გამო პროცენტის – 244 ლარის დაკისრება.
მოპასუხე სს „თ.-მა“ შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს ბ. ქ.-ას მიმართ და მოითხოვა:
ა) ბ. ქ.-ასათვის სს „თ.-ის“ სასარგებლოდ 2008 წლის 09 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შემცირებული დავალიანების - 3453,87 ლარის დაკისრება , საიდანაც ძირითადი თანხაა 1671,30 ლარი, პროცენტი - 1282,57 ლარი და ჯარიმა - 500 ლარი;
ბ) ბ. ქ.-ასათვის სს „თ.-ის“ სასარგებლოდ დავალიანების ცნობის გაცემიდან (2015 წლის 7 სექტემბრიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1671,30 ლარზე, არაუმეტეს ერთი წლისა წლიური 39% სარგებლის, რაც ყოველთვიურად შეადგენს 54,31 ლარს, დაკისრება;
გ) ბ. ქ.-ასათვის სს „თ.-ის“ სასარგებლოდ დავალიანების ცნობის გაცემიდან (2015 წლის 7 სექტემბრიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითად თანხაზე - 1671,30 ლარზე, არაუმეტეს ერთი წლისა ყოველდღიური პირგასამტეხლოს - 0,5%-ის, რაც ყოველდღიურად შადგენს 8,35 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა, დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით 1. ბ. ქ.-ას სარჩელი სს „თ.-ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდა. სს „თ.-ის“ შეგებებული სარჩელი ბ. ქ.-ას მიმართ დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბ. ქ.-ას სს "თ.-ის" სასარგებლოდ დაეკისრა 2008 წლის 9 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირითადი თანხის 1671.30 ლარის, პროცენტის - 1282,57 ლარის და ჯარიმის - 100 ლარის, სულ 3053.87 ლარის გადახდა. ბ. ქ.-ას სს „თ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა დავალიანების ცნობის გაცემიდან (2015 წლის 7 სექტემბრიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირითად თანხაზე -1671.30 ლარზე, არაუმეტეს ერთი წლისა წლიური 39% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 54,31 ლარს. სს „თ.-ის“ სარჩელი 2008 წლის 9 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმის 400 ლარის და დავალიანების ცნობის გაცემიდან (2015 წლის 7 სექტემბრიდან) საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირითად თანხაზე - 1671.30 ლარზე, არაუმეტეს ერთი წლისა ყოველდღიური პირგასამტეხლოს - 0,5%-ის გადახდას, რაც ყოველდღიურად შეადგენს 8,35 ლარს, მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა ბ. ქ.-ასათვის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა
.აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ბ. ქ.-ამ და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ბ. ქ.-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება და მისი შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. ბ. ქ.-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სს „თ.-ს“ ბ. ქ.-ას სასარგებლოდ დაეკისრა ძირითიადი თანხის – 321 ლარის და ამ თანხის დაყოვნებისათვის 24 ლარის, სულ 365 ლარის გადახდა. სს „თ.-ს“ აეკრძალა 2008 წლის 9 ივლისის საკრედიტო თანხების ჩამოჭრა.სს „თ.-ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „თ.-მა“ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 13 სექტემბრის განჩინებით კასატორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის დამადასტურებელი ქვითრისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 396-ე მუხლების შესაბამისად დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სს „თ.-ის“ წარმომადგენელ თ. ფ.-ეს კანონით დადგენილი წესით, გაეგზავნა და ჩაბარდა 2016 წლის 14 სექტემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ სს „თ.-ის“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კასატორის წარმომადგენელ თ. ფ.-ეს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 13 სექტემბრის განჩინების ასლი, კანონით დადგენილი წესით, ჩაბარდა 2016 წლის 14 სექტემბერს. (იხ. ტ.2, ს.ფ.104). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 15 სექტემბერს და ამოიწურა ამავე წლის 19 სექტემბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კასატორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის პირველი, მე-2 ნაწილებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. სს „თ.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი