საქმე №ას-873-840-2016 27 სექტემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები:
1. გ. მ.-ე, გ. მ.-ი
2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი – ბრძანებების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. მ.-ემ, გ. მ.-მა და ივანე ბურდულმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში მოპასუხე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიმართ ბრძანებების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილებით გ. მ.-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2014 წლის 29 აგვისტოს №.. ბრძანება, გ. მ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. გ. მ.-ე აღდგენილ იქნა ტოლფას (ტოლფასზე დაბალ) თანამდებობაზე სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მატერიალური რესურსების სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე; სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს, გ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა მისთვის იძულებით განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, 2014 წლის 01 სექტემბრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდისათვის, ყოველთვიური ხელფასის – 2195 ლარის (დარიცხული) გათვალისწინებით და 2015 წლის 01 იანვრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის, ყოველთვიური ხელფასის – 1785 ლარის (დარიცხული) ოდენობის გათვალისწინებით. გ. მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა. ბათილად იქნა ცნობილი სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2014 წლის 29 აგვისტოს №.. ბრძანება, გ. მ.-ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. გ. მ.-ი აღდგენილ იქნა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფინანსური უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს გ. მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურება, 2014 წლის 01 სექტემბრიდან სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის, მისი ყოველთვიური ხელფასის – 1785 ლარის (დარიცხული) ოდენობის გათვალისწინებით. ივანე ბურდულის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის განჩინებით არ დაკმაყოფილდა გ. მ.-ისა და გ. მ.-ის შუამდგომლობა 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.
აღნიშნულ განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს გ. მ.-ემ, გ. მ.-მა და მოითხოვეს მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 სექტემბრის განჩინებით გ. მ.-ისა და გ. მ.-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის განჩინება. გ. მ.-ისა და გ. მ.-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 29 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 და 2.3 პუნქტები 3 თვის ხელფასის მიკუთვნების ნაწილში.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ორივე მხარემ და მოითხოვა მისი ნაწილობრივ გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ.-ის, გ. მ.-ისა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კერძო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდოექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის თაობაზე განჩინება გამოაქვს ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს კერძო საჩივრის მიღებიდან 2 თვის ვადაში. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი, ზემდგომი სასაამრთლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ საჩივრდება.
ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების ფარგლები შეზღუდულია, კერძოდ, საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ იმ განჩინებებზე, რომელზეც პირდაპირ უთითებს კანონი, ამასთან, კერძო საჩივრის თაობაზე ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება. განსახილველ შემთხვევაში კერძო საჩივრების ავტორები ასაჩივრებენ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 1 სექტემბრის განჩინებას, რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა გ. მ.-ისა და გ. მ.-ის კერძო საჩივარი, ანუ აღნიშნული განჩინება არის ზემდგომი სასამართლოს განჩინება და იგი გასაჩივრებას არ ექვემდებარება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან თვითონ იღებს გადაწყვეტილებას დაუყოვნებლივ აღსრულების თაობაზე, შესაძლებელია გასაჩივრდეს ზემდგომი სასამართლოს განჩინება (იხ. ტ.5, ს.ფ.157).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. მ.-ის, გ. მ.-ისა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კერძო საჩივრები განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე, 419-ე, 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. მ.-ის, გ. მ.-ისა და სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის კერძო საჩივრები დარჩეს განუხილველად.
2. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრს (ს/კ №…) დაუბრუნდეს მის მიერ 2016 წლის 26 სექტემბერს (ტრანზაქცია განხორციელებულია 27.09.2016) №.. საგადახდო მოთხოვნით გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი