Facebook Twitter

7 სექტემბერი, 2016 წელი,

№აs-466-448-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ი. ბ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ი. ქ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი – ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება

აღწერილობითი ნაწილი:

1. 2012 წლის 17 სექტემბერს ი. ქ-ამ (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, გამსესხებელი ან იპოთეკარი) ი. ა-ეს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი ან მსესხებელი) 3 თვით ასესხა 11500 აშშ დოლარი {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 623-ე მუხლი}.

2. მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის წერილობითი ხელშეკრულება კანონით დადგენილი წესით დაამოწმა ნოტარიუსმა {სსკ-ის 69.2, 69.5 მუხლები და „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38.5 მუხლი}.

3. მსესხებელი ვალდებული იყო, სესხით სარგებლობისათვის გამსესხებლისათვის გადაეხადა თვეში 4%-ის სარგებელი. ძირითადი თანხის ან საპროცენტო სარგებლის დროულად გადაუხდელობის შემთხვევაში, მას ეკისრებოდა ქონებრივი პასუხისმგებლობა - ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის პირგასამტეხლოს სახით გადაუხდელი თანხის 0,3 % {სსკ-ის 625-ე, 417-418-ე მუხლები}.

4. სესხის, პროცენტებისა და პირგასამტეხლოს უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა მოსარჩელის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, კ-ის ქ. კ. #1/4-ში, 33.30 კვ.მ, საკ.კ. #.......... (შემდეგში: უძრავი ქონება ან იპოთეკის საგანი) {სსკ-ის 289-ე მუხლის პირველი ნაწილი და 3111-ე მუხლი}.

5. ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, კრედიტორს არჩევანის უფლება გააჩნდა. ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ის უფლებამოსილი იყო, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების დაცვით იპოთეკის საგნის საკუთრებაში გადაცემა ან ამ საგნის აუქციონზე იძულებითი რეალიზაცია მოეთხოვა {„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლი და სსკ-ის მე-300 და 302.31 მუხლები}.

6. მსესხებელმა ვალდებულება დაარღვია, მან მხოლოდ სესხზე დარიცხული სარგებელი - 1380 აშშ დოლარი და დამატებით 920 აშშ დოლარი გადაიხადა.

7. 2014 წლის 1 ნოემბერს ნოტარიუსმა გასცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის ნომერი #........), რომლის მიხედვითაც, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა შემდეგი იყო: სესხის ძირითადი თანხა - 11500 აშშ დოლარი, ყოველთვიურად 4 % (გადაუხდელი თანხა - 920 აშშ დოლარი), პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე (შემცირებული) – 8280 აშშ დოლარი, ჯამში - 20700 აშშ დოლარი სააღსრულებო ფურცლით დადგინდა იპოთეკის საგნის იძულებითი რეალიზაცია აუქციონზე {სსკ-ის 300-ე, 301-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები}.

8. 2014 წლის 28 ნოემბერს მოსარჩელემ განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს. მან საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ნოტარიუსის მიერ 01.11.2014 წელს გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსრულების შეჩერება მოითხოვა.

9. 2014 წლის 3 დეკემბრის განჩინებით, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა, შეჩერდა სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

10. 2014 წლის 22 დეკემბერს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ და მოითხოვა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, ძირითადი თანხის 3780 აშშ დოლარისა და პროცენტის - 920 აშშ დოლარის ნაწილში, ასევე პირგასამტეხლოს შემცირება.

11. მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ, სარგებლის, 920 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს 0,1%-მდე შემცირების ნაწილში (2020 აშშ დოლარის ოდენობით). მან მიუთითა, რომ მოსარჩელეს მისთვის გადახდილი აქვს სულ 2300 აშშ დოლარი, საიდანაც 1380 აშშ დოლარი იყო სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამი თვის პროცენტი, რომელიც დაგვიანებით იქნა გადახდილი, ხოლო დარჩენილი 920 აშშ დოლარი, მისი მოსაზრებით, უნდა ჩათვლილიყო პირგასამტეხლოს ანგარიშში (გასესხებული თანხის 0,1 % - ის 11,5 აშშ დოლარის ოდენობით, რომელიც უკვე არ არის შეუსაბამოდ მაღალი ყოველ ვადაგადაცილებულ 80 დღეზე 2012 წლის 18 დეკემბრიდან 2013 წლის 8 მარტამდე, რადგან 920 აშშ დოლარი გადახდილია 2013 წლის 25 მარტს.

12. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მარტის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 11500 აშშ დოლარი; პირგასამტეხლო სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე პერიოდზე - 3490.25 აშშ დოლარი, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი - 126.00 ლარი 0.72 თეთრი და აღსრულების ხარჯები სრულად. ამავე გადაწყვეტილებით გაუქმდა 2014 წლის 3 დეკემბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება და გაუქმდა შეჩერება სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებულ სააღსრულებო წარმოებაზე და აუქციონზე ქონების რეალიზაციაზე. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-317, 361-ე, 623-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 427-ე, 429-ე მუხლები.

13. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ. მან მოითხოვა 2014 წლის 5 მარტის გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება, კერძოდ, სააღსრულებო ფურცლის გაუქმება სესხის ძირითადი თანხის 920 აშშ დოლარის ნაწილში, ასევე, შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-მდე შემცირება.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 17 მარტის გადაწყვეტილებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული სესხის ძირითადი თანხა განისაზღვრა 10 580 აშშ დოლარით, პირგასამტეხლოს ნაწილში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 მარტის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

14.1. სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მხარეთა შეთანხმება არ ითვალისწინებდა სესხის დაბრუნების ვადის ამოწურვის შემდეგ სარგებლის გადახდას. შესაბამისად, სამთვიანი ვადის ამოწურვის შემდეგ მოსარჩელის მიერ გადახდილი თანხით დაიფარა ძირითადი დავალიანების ნაწილი. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს დასაბრუნებელი აქვს არა 11500, არამედ 10 580 აშშ დოლარი.

14.2. პალატის მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ, ხელშეკრულების საერთო თანხის, შესრულებული ვალდებულებისა და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, მართებულად ჩათვალა მოთხოვნილი პირგასამტეხლო - გადაუხდელი თანხის 0.3%, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და სამართლიანად შეამცირა მისი ოდენობა 0.05%-მდე, რის შემდეგაც 607 დღეზე გადასახდელი პირგასამტეხლო 3490.25 აშშ დოლარით განისაზღვრა.

15. აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით, იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებაზე და მოითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01 %-მდე, იმ საფუძვლით, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო 0.05 %-მდე (3490.25) არის მაინც შეუსაბამოდ მაღალი, რაც გაკოტრებამდე მიიყვანდა მას.

16. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 16 ივნისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391 მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

17. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

18. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

19. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

20. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით არსებითად სწორია.

21. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში ჩამოყალიბებულია მყარი სასამართლო პრაქტიკა. როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი დასკვნები სრულად შეესაბამება უზენაესი სასამართლოს განმარტებებს: „პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან... პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.“ იხ. საქმე ას-176-157-2014 მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ სწორად მიიჩნია, რომ არ არსებობდა საქალაქო სასამართლოს მიერ 8280 აშშ დოლარიდან 3490.25 აშშ დოლარამდე შემცირებული პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების საფუძველი (იხ. ასევე სუსგ - საქმე #ას- 671-637, 14.08.2015წელი, ას-562-533, 21.07.2015 წელი;

22. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

23. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ:

24.1. მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

24.2. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

24.3. განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო პალატამ მართებულად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ, ხელშეკრულების საერთო თანხის, შესრულებული ვალდებულებისა და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, სწორად ჩათვალა მოთხოვნილი პირგასამტეხლო გადაუხდელი თანხის 0,3 %, შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და სამართლიანად შეამცირა 0,05 %-მდე, რის შემდეგაც 607 დღეზე გადასახდელი პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა 3490.25 აშშ დოლარით.

24.4. საკასაციო სასამართლო ეთანხმება, სააპელაციო პალატის მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება, შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ აპელანტის მოთხოვნა პირგასამტეხლოს კიდევ უფრო შემცირების თაობაზე, უსაფუძვლო იყო.

24.5. ამრიგად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ქვემდგომმა სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რის შედეგადაც მიიღო კანონიერი და უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის შესაბამისი გადაწყვეტილება. კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, რაც აღნიშნული საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების საფუძველია.

სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-7, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ბ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი. ბ-ს (პ/#.........) დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (საგადასახადო დავალება #, გადახდის თარიღები: 08.06.16; 15.06.16 სს "საქართველოს ბანკი"), 300 ლარის 70% - 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლეები მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი