Facebook Twitter
საქართველოს უზენაესი სასამართლო
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით

6 ივნისი, 2016 წელი,
№ ას-1212-1138-2015 თბილისი


სსამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პაატა ქათამაძე
ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენა

სხდომის მდივანი -ლელა სანიკიძე

კასატორები - ნ. ტ-ე, ე. კ-ე, ე., ნ., რ. ბ-ე, ს. ბ-ეები (მოსარჩელე)

წარმომადგენელი- ე. პ-ე

მოწინააღმდეგე მხარე - მ. ნ-ე (მოპასუხე)
წარმომადგენელი-ნიკოლოზ ათუნაშვილი

გასაჩივრებული განჩინება- – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ოქტომბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების ნაწილობრივ გაუქმება

დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1. ნ. ტ-ეს, ე.ი კ-ეს, ე., ნ., რ. და ს. ბ-ეებს (შემდეგში: მოსარჩელეები ძირითად სარჩელში, აპელანტები, კასატორები, მოვალეები) და მ. ნ-ეს (შემდეგში: მოპასუხე ძირითად სარჩელში, შეგებებული მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე, კრედიტორი) შორის 2012 წლის 6 აპრილს დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება (გამოსყიდვის უფლებით) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შ-ში მდებარე შემდეგ უძრავ ქონებებზე: საკადასტრო კოდი N.......და ს/კ N......(შემდეგში: უძრავი ქონება), რომელთა ნასყიდობის ფასი, შესაბამისად, 3260 და 5000 ლარს შეადგენდა. ნასყიდობის თანხის გადახდის ვადად ორივე უძრავი ქონების მიმართ განისაზღვრა 2014 წლის 6 აპრილი.
2. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე კრედიტორი სადავო უძრავ ქონებათა მესაკუთრედ აღირიცხა საჯარო რეესტრში {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის, 3111-ე და 183-ე მუხლები}.
3. წინამდებარე განჩინების პირველ პუნქტში მითითებული ხელშეკრულების დადებას წინ უსწრებდა 2012 წლის 22 მარტის შეთანხმება, რომლის თანახმადაც, კრედიტორის მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე 2009 წლის 19 მარტს სისხლის სამართლის საქმეზე ბრალი წარედგინა ერთ-ერთ მოსარჩელეს (ნ. ბ-ეს, შემდეგში: ზიანის მიმყენებელი, ან მოვალე) და მოპასუხე ცნობილ იქნა დაზარალებულად; მიყენებულმა ზიანმა 13 260 ლარი შეადგინა. ბრალდებულის მეუღლემ, ერთ-ერთმა მოსარჩელემ, მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, კრედიტორს გადასცა 5000 ლარი, ხოლო დარჩენილი 8260 ლარის სანაცვლოდ, მხარეები შეთანხმდნენ ნასყიდობის ხელშეკრულების დადებაზე გამოსყიდვის უფლებით.
4. ქონება უნდა გამოესყიდათ 2014 წლის 6 აპრილამდე.
5. 2013 წლის 14 აპრილს მოსარჩელეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების მიზნით, კრედიტორს საკუთრებაში გადასცეს 1900 ლარი {სსკ-ის 378-ე მუხლი}.
6. 2014 წლის 7 აპრილს ერთ-ერთმა მოსარჩელემ (ე. კ-ემ) საერთო სასამართლოების ანგარიშზე შეიტანა 1260 ლარი და 5000 ლარი.
7. 2014 წლის 16 აპრილს იმავე სადეპოზიტო ანგარიშზე მოსარჩელეებმა დამატებით შეიტანეს 100 ლარი.
8. 2014 წლის 15 აპრილს მოსარჩელეებმა მოპასუხის წინააღმდეგ სარჩელი აღძრეს სასამართლოში და სადავო უძრავი ქონების მოპასუხის საკუთრებიდან გამოთხოვა და საჯარო რეესტრში კვლავ მათ საკუთრებაში აღრიცხვა მოითხოვეს იმ საფუძვლით, რომ მათ ქონება ვადის დაცვით გამოისყიდეს.
9. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი წარადგინა შემდეგი საფუძვლებით:
8.1. მოსარჩელეებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დათქმულ ვადაში არ შეასრულეს, შესაბამისად, სადავო უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება კრედიტორმა მოიპოვა. მოპასუხის განმარტებით, ერთ-ერთი მოსარჩელე მას დაუკავშირდა მარტში და 3200 ლარის გადახდა შესთავაზა, ხოლო დანარჩენი თანხის გადახდას სექტემბერში დაჰპირდა, სანაცვლოდ, შემთავაზებელმა სადავო ქონების გადაფორმება მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო.
8.2. მოსარჩელეთათვის ცნობილი იყო კრედიტორის ადგილსამყოფელი და მათ სრული შესაძლებლობა ჰქონდათ, დათქმულ ვადაში შეესრულებინათ ვალდებულება.
8.3. სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის განთავსებით მოსარჩელეების ვალდებულება არ შეწყვეტილა, რადგანაც მათ თანხა უნდა შეეტანათ ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე {სსკ-ის 434.1 მუხლი} ან უშუალოდ კრედიტორისათვის უნდა გადაეცათ {სსკ-ის 427-ე მუხლი}.
10. 2014 წლის 17 აპრილს მოპასუხემ შეგებებული სარჩელი აღძრა მოსარჩელეთა წინააღმდეგ და სადავო უძრავი ქონებების საკუთრებაში გადაცემა მოითხოვა.
11. ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა, შეგებებული სარჩელის მოპასუხეებს მათ თანასაკუთრებაში და მფლობელობაში არსებული სადავო უძრავი ქონებების შეგებებული მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემა დაეკისრათ.
12. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოსარჩელეებმა შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე მითითებით:
12.1. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ კრედიტორის ადგილსამყოფელი უცნობი იყო მოვალისათვის, ხოლო რეგისტრირებულ მისამართზე მოპასუხე არ ცხოვრობდა.
12.2. კრედიტორმა შეგებებულ სარჩელში აღიარა, რომ მოსარჩელეებმა მარტის ბოლოს მას შესთავაზეს 3200 ლარის გადახდა, მაგრამ უარი თქვა შესრულების მიღებაზე, ვინაიდან ის ერთიანად ითხოვდა ვალს. სასამართლომ დადგენილ გარემოებად არ ჩათვალა ის ფაქტი, რომ მოწინააღმდეგე მხარემ აღიარა ერთი ხელშეკრულების ფასის მიღებაზე უარის თქმა (1900+3200=5100). აღნიშნულ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლოს შესრულების მიღებაზე უარის თქმა დადასტურებულად უნდა ჩაეთვალა.
12.3. ვალდებულების შესრულების ბოლო თარიღი იყო 2014 წლის 6 აპრილი, 5-6 აპრილი იყო არასამუშაო დღე, ხოლო 7 აპრილს თანხის დეპონირება განხორციელდა სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე, შესაბამისად, მათ ვალდებულება ჯეროვნად შეასრულეს.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა უზურგეთის რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
14. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა, რომლებმაც მისი გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება მოითხოვეს.
15. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 მაისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
16. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის ხელახალი განხილვისას სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე, თუმცა მან დატოვა სასამართლო სხდომის დარბაზი და საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიიღო {საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის 232-ე მუხლი}.
17. სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 ოქტომბრის განჩინებით, აპელანტთა შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება { სსსკ-ის 387.3-ე, 230-ე მუხლი}.
18. სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილება მოსარჩელეების სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში, უძრავ ნივთთან დაკავშირებით, მდებარე ოზურგეთის რაიონში, სოფელ შ-ში საკადასტრო კოდით ..... და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა კრედიტორის სახელზე რეგისტრირებული ჩანაწერი ზემოაღნიშნულ უძრავ ქონებასთან დაკავშირებით და იგი აღირიცხა მოსარჩელეთა თანასაკუთრებად. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.
19. პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ნაწილობრივ ამართლებდა სააპელაციო (სასარჩელო) მოთხოვნას შემდეგ გარემოებათა გამო: მოსარჩელეები მიუთითებდნენ, რომ ძირითადი ვალდებულების შესრულების მიზნით, 2014 წლის მარტის ბოლოს დაუკავშირდნენ კრედიტორს, რათა მისთვის გადაეცათ თანხა ან, ამ თანხის ჩარიცხვის მიზნით, კრედიტორს მიეწოდებინა საბანკო ანგარიშის მონაცემები, რის თაობაზეც მოპასუხისაგან მიიღეს უარი, ხოლო ვალდებულების შესრულების ვადის ბოლო დღეებში მოპასუხემ მოსარჩელეებთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა. აღნიშნული სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელში მოპასუხემ განმარტა, რომ ერთ-ერთი მოსარჩელე დაუკავშირდა ტელეფონით 2014 წლის მარტის ბოლო რიცხვებში და უთხრა, რომ არ ჰქონდა სრული თანხა, მაგრამ შეეძლო გადაეხადა 3 200 ლარი და ქონება უნდა გადაეფორმებინა, ხოლო დანარჩენ თანხას სექტემბრის ბოლოს დაფარავდნენ, რასაც მოპასუხე არ დაეთანხმა. შესაბამისად, აპელანტის განმარტებით, მოპასუხისათვის 3200 ლარის, გამოსყიდვის ვადაში გადახდა, კრედიტორის მიზეზით დაყოვნდა. აღნიშნული თანხა კი, საკმარისი იყო ერთ-ერთი ქონების გამოსასყიდად. შესაბამისად, პალატამ დაადგინა, რომ აპელანტის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ გამოსყიდვის ვადაში მოვალეთა მიერ, კრედიტორის მხრიდან ხელშეშლის არარსებობის შემთხვევაში გადახდილი იქნებოდა 5100 ლარი, ანუ მოსარჩელეები შეძლებდნენ გამოესყიდათ 2012 წლის 6 აპრილის ხელშეკრულებით გასხვისებული უძრავი ქონება (მდებარე ოზურგეთის რაიონის სოფელ შ-ში, საკადასტრო კოდით: №......, ფართით 3000.00 კვ.მ და საცხოვრებელი სახლი 425.69 კვ.მ) ამართლებდა მათსავე სასარჩელო მოთხოვნას.
20. რაც შეეხება აპელანტთა მეორე მოთხოვნას, სააპელაციო პალატის მოსაზრებით, ამ ნაწილში მოვალეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება იურიდიულად არ ამართლებდა სასარჩელო მოთხოვნას, რადგან უდავოა, რომ მოსარჩელეთა მიერ ვალდებულების შესრულების დროს - 7 აპრილს უკვე გასული იყო გამოსყიდვის 2- წლიანი ვადა.
21. აღნიშნული განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უარყოფილ იქნა მათი სააპელაციო მოთხოვნა საკასაციო წესით გაასაჩივრეს აპელანტებმა შემდეგი საფუძვლებით:
20.1. სარჩელი ორივე ქონების ნაწილში დასაბუთებული იყო. მათ ვალდებულება უნდა შეესრულებინათ 2014 წლის 6 აპრილამდე; მაგრამ ვერ შეასრულეს, რადგანაც 2014 წლის 6 აპრილი უქმე იყო; აქედან გამომდინარე, სსკ-ის 121-ე, 123.1, 127-ე მუხლების დანაწესისა და უზენაესი სასამართლოს განმარტებების (იხ. საქმე N783-740-2015) გათვალისწინებით, აპელანტებს სადავო უძრავი ქონების გამოსყიდვა შეეძლოთ 2014 წლის 7 აპრილამდე. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს გამოსყიდვის ვადის ბოლო დღე სწორად რომ განესაზღვრათ, გაირკვეოდა, რომ კასატორებმა ორივე უძრავი ქონების მიმართ გამოსყიდვის უფლება ვადაში გამოიყენეს.
20.2. სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე. გამოსყიდვის უფლების რეალიზაცია ცალმხრივი ნების გამოვლენას წარმოადგენს და მის ნამდვილობის ერთ-ერთ უმთავრესი ელემენტია ნების ადრესატთან მისვლა. როგორც საქმის მასალებით დგინდება, მოწინააღმდეგე მხარისათვის ცნობილი იყო კასატორების სურვილი , გამოეყენებინათ ორივე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოსყიდვის უფლება.
20.3. რაც შეეხება გადასახდელი თანხის ოდენობას, უდავოა რომ 2014 წლის 7 აპრილს თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე დეპონირებით, კასატორებმა, მოწინააღმდეგე მხარის სასარგებლოდ, ფაქტობრივად მთლიანად გადაიხადეს გამოსყიდვის ჯამური თანხა 8160 ლარი, ხოლო იმავე წლის 16 აპრილს დამატებით სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსეს ასი ლარი, მთლიან თანხასთან შედარებით 100 ლარის სიმცირის გათვალისწინებით, ამ თანხის დაგვიანებით დეპონირება მიჩნეულ უნდა იქნეს საპატიო ტექნიკურ შეცდომად, ამასთან, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კასატორები იძულებული გახდნენ რა ვალდებულება დეპონირებით შეესრულებინათ, მათ დამატებითი სირთულეები შეექმნათ.
21. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით საკასაციო საჩივარი ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილი ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე.

სამოტივაციო ნაწილი:

22. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, მიღებული განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების იურიდიული დასაბუთებისა და საჩივრის მოტივების შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე.
23. სსსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
24. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნა და სააპელაციო საჩივრის მოტივების მთლიანი უარყოფა, კერძოდ:
24.1. დადგენილია, რომ 2012 წლის 6 აპრილის ხელშეკრულების დადებას წინ უსწრებდა შემდეგი ფაქტები: 2009 წლის 19 მარტს სისხლის სამართლის საქმეზე მოწინააღმდეგე მხარის (კრედიტორის) მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტზე ბრალი წარედგინა ერთ-ერთ მოსარჩელეს (ნ. ბ-ეს); კრედიტორი (მოპასუხე) ცნობილ იქნა დაზარალებულად. ამ უკანასკნელისათვის დანაშაულით მიყენებულმა ზიანმა 13 260 ლარი შეადგინა. ბრალდებულის მეუღლემ, იმავდროულად განსახილველ დავაზე ერთ-ერთმა მოსარჩელემ, მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად, კრედიტორს გადასცა 5000 ლარი; დარჩენილი 8260 ლარის გადახდა კი, უზრუნველყოფილ იქნა მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების (შემდგომში მისი გამოსყიდვის უფლებით) დადებით. გამოსყიდვის ვადა შეადგენდა ორ წელს.
24.2. სააპელაციო სასამართლოს სწორედ ამ ფაქტებიდან გამომდინარე უნდა შეეფასებინა 2012 წლის 6 აპრილის ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნება და შესაბამისი სამართლებრივი დასკვნებიც გამოეტანა. ამ შემთხვევაში, კრედიტორის მიზანს წარმოადგენდა მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურება, რისთვისაც მას ესაჭიროებოდა ბრალდებულისა და მისი ახლობლებისაგან გარკვეული სახის გარანტია, ანუ შესრულების უზრუნველყოფა („...დარჩენილი 8260 ლარის სანაცვლოდ ნ. ბ-ის მეუღლე ნ. ტ-ე და მისი დედა ე. კ-ე გარანტიის სახით, ყიდვა-გაყიდვის (2 წლის ვადით გამოსყიდვის უფლებით) სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულების გაფორმებით მ. ნ-ის სახელზე გადააფორმებს მისი აწ გარდაცვლილი მეუღლისაგან მიღებულ სამემკვიდრეო ქონებას, მდებარეს ოზურგეთის რაიონის სოფელ შ-ში საცხოვრებელ სახლს და სახლთან მიმდებარე თხილით მსხმოიარე მიწის ნაკვეთს)...“ იხ. 2012 წლის 22 მარტის შეთანხმება, ტ.1. ს.ფ.53-54).
24.3. აქედან გამომდინარე, 2012 წლის 6 აპრილს მხარეთა მიერ გამოვლენილი ნება მიმართული იყო არა ნასყიდობის, არამედ იპოთეკის ხელშეკრულების დადებისაკენ {სსკ-ის 56.2, 286.1 და 289.1 მუხლები}. „თვალთმაქცური გარიგების დროს, მართალია, ნების გამოვლენა მიმართულია სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ, თუმცა არა იმ ხელშეკრულების შესაბამისად, რომელზეც მხარეები თანხმდებიან. ამგვარი გარიგების მიზანს წარმოადგენს იმ გარიგების დაფარვა, რომლის მიღწევის სურვილი მხარეებს რეალურად გააჩნიათ. ამ შემთხვევაში არსებობს ორი გარიგება, ერთი თვალთმაქცური და მეორე – რომელიც მხარეებმა უშუალოდ გაითვალისწინეს. ამდენად, თვალთმაქცური გარიგება ერთგვარად ფარავს ნამდვილ გარიგებას, შესაბამისად, მას არ გააჩნია სამართლებრივი საფუძველი და იგი ბათილია. თუმცა, ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას გარკვეული სპეციფიკურობა ახასიათებს. კანონმდებლის ასეთი დამოკიდებულება განპირობებულია მხარეთა რეალური ნების გათვალისწინებით. ხშირ შემთხვევაში, მხარეები ვერ ერკვევიან, რა შინაარსის ხელშეკრულების გაფორმება სურთ ან კიდევ ვერ ასხვავებენ ერთმანეთისაგან გარიგების სხვადასხვა ტიპებს. სამოქალაქო კოდექსი შესაძლებლობას ანიჭებს ხელშეკრულების სუბიექტებს, გამოასწორონ დაშვებული შეცდომები თვალთმაქცური გარიგების ბათილად ცნობით და მხარეთა შეთანხმების მიმართ გამოიყენონ ის მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია იმ გარიგებისათვის, რომლის მიღწევაც მხარეებს სურდათ“ (იხ. სუსგ ას- #871-821-2015 5.02.16, და ას # 487-461-2015, 17.06.2015წ.)
24.4. ამრიგად, სასამართლოს დავის მოსაწესრიგებლად უნდა გამოეყენებინა დაფარული გარიგების, იპოთეკის, მომწესრიგებელი ნორმები.
24.5. მოცემულ შემთხვევაში, იპოთეკა იურიდიული ძალის მქონე იყო, რადგანაც სახეზე იყო სსკ-ის 289-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართლებრივი წინაპირობები: ა) კრედიტორის ფულადი მოთხოვნა, ბ) მხარეთა შეთანხმება და გ) უფლების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში.
24.6. სააპელაციო პალატის დასკვნა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ნაწილობრივ ამართლებდა სააპელაციო (სასარჩელო) მოთხოვნას, დაუსაბუთებელია. ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი, რომ მოპასუხეები ყოველნაირად ცდილობდნენ დროულად დაეფარათ ვალი და კუთვნილ ქონებებზე უფლება დაებრუნებინათ სახელდობრ:
24.7. 2013 წლის 14 აპრილს, შესრულების ვადის დადგომამდე, მოპასუხემ ერთ-ერთი მოსარჩელისაგან მიიღო ვალის ნაწილი - 1900 ლარი. იგი თავის შესაგებელში ადასტურებდა იმ ფაქტს, რომ 2014 წლის მარტის ბოლოს მოსარჩელემ (ნ. ტ-ემ) მას შესთავაზა 3200 ლარი, მაგრამ უარი თქვა შესრულების მიღებაზე, ვინაიდან ერთიანად ითხოვდა ვალს. მეტად არადამაჯერებელი და ალოგიკურია მოპასუხის მტკიცება, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეებისათვის მისი ადგილსამყოფელი ცნობილი იყო, მათ საკუთარი ინიციატივით გაირთულეს სიტუაცია და 2014 წლის 7 და 16 აპრილს საერთო სასამართლოების ანგარიშზე შეიტანეს ვალის დარჩენილი ნაწილი 6360 ლარი. ნებისმიერი, საღად მოაზროვნე ადამიანისათვის ნათელია, რომ მოსარჩელეებმა ეს ნაბიჯი გადადგეს იმის გამო, რომ კრედიტორი აყოვნებდა შესრულების მიღებას. მართალია, მათ ეს თანხა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე არ განუთავსებიათ {სსკ-ის 434-ე მუხლის პირველი წინადადება}, მაგრამ სამართლებრივად ამას ვერ ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა, რადგანაც მოსარჩელეებმა ამით მკაფიოდ გამოხატეს შესრულების ნება.
24.8. საკასაციო პალატა თვლის, რომ ამ შემთხვევაში მოპასუხის ქცევა არ პასუხობს სამოქალაქო ბრუნვის ფუნდამენტურ - ქცევის კეთილსინდისიერებისა და სოლიდარობის - პრინციპს, რომელიც გულისხმობს იმას, რომ სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები; კრედიტორი ვალდებული იყო გულისხმიერებითა და პასუხისმგებლობით ემოქმედა და მიეღო შესრულება {სსკ-ის მე-8.3. და 361.2 მუხლები}. ამასთან დაკავშირებით უზენაესმა სასამართლომ განმარტა ერთ-ერთ საქმეზე: „სსკ-ის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესით - სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. ეს დანაწესი მოიცავს მთელ კერძო სამართალს, რომელსაც ავსებს სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილი განსაზღვრავს კეთილსინდისიერებას, როგორც ვალდებულების ძირითად და იმანენტურ კომპონენტს და მხოლოდ ვალდებულებათა შესრულებით არ შემოიფარგლება, ხოლო 361-ე მუხლის მეორე ნაწილის დანაწესი იმის შესახებ, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, წარმოადგენს კანონისმიერ მოთხოვნას და გულისხმობს ზოგადად სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეთა მიერ ურთიერთობის სხვა მონაწილის ინტერესების პატივისცემას, საკუთარი როლისა და პასუხისმგებლობის გათავისებას თუნდაც იმ შემთხვევაში, როდესაც მას კონკრეტული პირდაპირი ვალდებულება არ ეკისრება. კეთილსინდისიერების პრინციპიდან გამომდინარე, ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე მხარეთა თანამშრომლობა, მეორე მხარის ინტერესების გათვალისწინება საჭიროა ამ ურთიერთობის ნორმალურად განვითარებისათვის. ასეთ შემთხვევაში, ორივე მხარე იქნება კმაყოფილი: კრედიტორი - ვალდებულების შესრულების მიღებით, ხოლო მოვალე - ვალდებულებისაგან გათავისუფლებით. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია ურთიერთობის მონაწილეთა ინტერესების არა დაპირისპირება, არამედ მათი სოლიდარობაა, რაც ნორმალური სამოქალაქო ბრუნვის საფუძველია. კეთილსინდისიერება არა მარტო უფლების არსებობის, არამედ მოვალეობის შესრულების ვარაუდიცაა (სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპის განმარტება იხ., სუსგ საქმე # სა-264-250 2-15, 18 მაისი 2016 წელი№ას-570-541-2015,11 ნოემბერი, 2015 წელი).
24.9. იპოთეკა აქცესორული უფლებაა, ანუ ისეა დაკავშირებული კრედიტორის მოთხოვნის უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს {სსკ-ის 286-ე მუხლის პირველი და 153-ე მუხლის პირველი ნაწილები}. მოსარჩელეებმა სრულად დაფარეს ვალი, რითაც გაუქმდა ის მოთხოვნა რასაც უზრუნველყოფდა იპოთეკა. შესაბამისად, უძრავ ნივთზე, მდებარე ოზურგეთი, სოფელი შ-ი, საკადასტრო კოდი #......, კრედიტორის სასარგებლოდ არსებული სანივთო უფლება - საკუთრება - უნდა გაუქმდეს და უზრუნველყოფის საგნის მესაკუთრეებად ისევ მოსარჩელეები უნდა აღირიცხონ.
25. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან, ამ შემთხვევაში არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.
26. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც მხარეებმა გაწიეს საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას, ხოლო, მე-3 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 408-ე, 411-ე, 399-ე, 382-ე, 264.3-ე, 53.3-ე, მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. ე. ბ-ის, ე. კ-ის, ნ. ტ-ის, ნ. ბ-ის, რ. ბ-ის და ს. ბ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 ოქტომბრის განჩინება-დაუსწრებელი გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტი და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ე. ბ-ის, ე.ი კ-ის, ნ. ტ-ის, ნ. ბ-ის, რ. ბ-ის, ს. ბ-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. მ. ნ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. გაუქმდეს მ. ნ-ის სახელზე რეგისტრირებული ჩანაწერი უძრავ ქონებასთან დაკავშირებით, რომლის საკადასტრო მონაცემებია: ოზურგეთი, სოფელი შ-ი, კოდი #..... და აღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხოს ე. ბ-ის, ე. კ-ის, ნ. ტ-ის, ნ. ბ-ის, რ. ბ-ის, ს. ბ-ის თანასაკუთრებად,
6. მ. ნ-ეს, ე. ბ-ის, ე. კ-ის, ნ. ტ-ის, ნ. ბ-ის, რ. ბ-ისა და ს. ბ-ის სასარგებლოდ, დაეკისროს 528,20 ლარის გადახდა;
7. მ. ნ-ეს საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშიდან საკუთრებაში გადაეცეს 3260 ლარი;
8. გადაწყვეტილება საბოლოო და არ გასაჩივრდება.



მოსამართლეები: მზია თოდუა



პაატა ქათამაძე




ბესარიონ ალავიძე