Facebook Twitter

ას-2-2-2016 14 ივნისი, 2016 წელი,

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - თ. ნ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. 2001 წლის 3 ივლისს ხ-ის რაიონის გამგეობასა და (შემდეგში: მეიჯარე) თ. ნ-ეს (შემდეგში: მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე, მოიჯარე) შორის დაიდო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება 15 წლის ვადით {საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, შემდეგში სსკ-ის 592-ე მუხლი}.

2. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ხ-ის რაიონში, კერძოდ, სოფელ ა-ში მდებარე 68 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდით ......... (შემდეგში უძრავი ქონება).

3. სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულების მე-2 პუნქტის მიხედვით, იჯარით აღებული მიწის ნაკვეთით სარგებლობისთვის მოიჯარის მიერ გადასახდელი საიჯარო ქირის წლიური ოდენობა 136 (ას ოცდათექვსმეტი) ლარით განისაზღვრა {სსკ-ის 592.2 და 581.1. მუხლები}; იჯარით სარგებლობისათვის დაწესებული ქირის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში გადაუხდელობისათვის განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0,1 % {იჯარის ხელშეკრულების მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, სსკ-ის 417-418 მუხლები}.

4. მოიჯარეს, ქირის 50 % უნდა გადაეხადა საიჯარო წლის 15 აგვისტომდე, ხოლო დანარჩენი ნაწილი, 1 ნოემბრამდე {იჯარის ხელშეკრულების 2.3 პუნქტი}.

5. მან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია და ქირა არ გადაიხადა.

6. სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს (შემდეგში: მოსარჩელე, აპელანტი, კასატორი) შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების უფროსის 2015 წლის 11 მარტის სამსახურებრივი ბარათის მიხედვით, მოპასუხის მიერ გადასახდელი ქირა შეადგენს 1119.92 ლარს, ხოლო პირგასამტეხლო - 1482.14 ლარს.

7. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, მეიჯარეს უფლება ჰქონდა, იჯარის ვადის გასვლამდე შეეწყვიტა საიჯარო ხელშეკრულება, თუ მოიჯარე არ იხდიდა ქირას ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან 3 თვის განმავლობაში.

8. ეს უფლება მოსარჩელემ გამოიყენა 2014 წლის 16 დეკემბერს და #....... ბრძანებით შეწყვიტა ხელშეკრულების მოქმედება.

9. 2001 წლის 3 ივლისს ხელშეკრულების მხარეებს შორის გაფორმებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მოიჯარისთვის დაკისრებული ყოველწლიურად გადასახდელი ქირა და ასევე, მისი გადაუხდელობის გამო, პირგასამტეხლოს გადახდა წარმოადგენდა პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებას. თანხის 50 % უნდა გადახდილიყო ყოველი წლის 15 აგვისტომდე, ხოლო დანარჩენი ნაწილი, 1 ნოემბრამდე.

10. 2015 წლის 13 მარტს მოსარჩელემ სარჩელი აღძრა მოიჯარის წინააღმდეგ. მან 1 119.92 ლარის საიჯარო ქირის, პირგასამტეხლოს, 1 482.14 ლარის, სულ, 2 602,06 ლარის დაკისრება მოითხოვა.

11. მოპასუხემ, 2015 წლის 30 აპრილის მთავარ სხდომაზე აღიარა, რომ გადასახდელი ჰქონდა 2007 წლის საიჯარო ქირა. მან მხოლოდ აღნიშნულ ნაწილში ცნო სარჩელი, ხოლო დანარჩენ ნაწილში წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებებზე მითითებით:

11.1. იგი 2006 წლამდე იხდიდა იჯარის გადასახადს, ხოლო იმის შემდეგ, რაც მიწაზე მოსავალი აღარ მოდიოდა, მოითხოვა იჯარის ხელშეკრულების გაუქმება, რასაც ხ-ის რაიონის გამგეობა დაეთანხმა.

11.2. 2006 წლიდან იჯარის ხელშეკრულება შეწყვეტილია, რადგან, ხელშეკრულების მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, იჯარის ვადის გასვლამდე შეწყდება საიჯარო ხელშეკრულება, თუ მოიჯარე არღვევს ხელშეკრულების პირობებს და არ იხდის ქირას ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან სამი თვის განმავლობაში, მოსარჩელემ კი, ამ საფუძვლით იჯარის ხელშეკრულება მიზანმიმართულად არ შეწყვიტა, რათა ხელოვნურად გაეზარდა ქირის ოდენობა.

12. ხ-ის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 30 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2001 წლის 3 ივლისს გაფორმებული იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ერთი წლის (2007) საიჯარო ქირის 136 ლარისა და პირგასამტეხლოს 17 ლარისა და 75 თეთრის, სულ 153 ლარისა და 75 თეთრის გადახდა. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სსკ-ის 316-ე-317-ე, 361-ე და 417-ე მუხლები.

13. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ შემდეგი საფუძვლებით:

13.1. სასამართლომ არასწორად დაადგინა სადავო ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ იჯარის ხელშეკრულების თანახმად, 2007 წლის საიჯარო ქირის გადახდის საბოლოო ვადა იყო 2007 წლის 1 ნოემბერი, ამ დროიდან სამი თვის გასვლის შემდეგ, 2008 წლის 1 თებერვალს, ხელშეკრულების მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩაითვალა შეწყვეტილად, თუმცა სასამართლომ არ იმსჯელა იმ გარემოებაზე, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგაც მოპასუხე საიჯარო ქონებას ფლობდა და მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა შეწყდა მოსარჩელის 2014 წლის 16 დეკემბრის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის ბრძანების საფუძველზე, რაც დასტურდება ამონაწერით უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან.

13.2. სასამართლომ არასწორად მიიჩნია საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის თარიღად 2008 წლის 1 თებერვალი, ვინაიდან, საქმეში არსებობს წერილობითი მტიცებულება, 2014 წლის 16 დეკემბრის ბრძანება, რომლითაც შეწყდა 2001 წლის 3 ივლისს გაფორმებული ხელშეკრულება.

13.3. სასამართლოს მსჯელობა ეწინააღმდეგება სსკ-ის 591-ე მუხლით გათვალისწინებული ნორმის დანაწესს, და არ შეესაბამება ამ ნორმის მიზანს - თავიდან იქნეს აცილებული მეიჯარის ის ქონებრივი დანაკლისი, რომელიც მას შეეძლო, მიეღო საიჯარო ქონების შემდგომი გამოყენებით.

14. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

15. პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად მიუთითა მხარეთა შორის არსებული იჯარის ხელშეკრულების მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე და ხელშეკრულების მოქმედების ვადა მართებულად მიიჩნია შეწყვეტილად 2008 წლის 1 თებერვლიდან, შესაბამისად, პალატის შეფასებით, არ არსებობდა მოპასუხისათვის მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი საიჯარო ქირის ნაწილის - 983.92 ლარისა და პირგასამტეხლოს, 1464.39 ლარის, დაკისრების საფუძველი, რის გამოც მოსარჩელეს მართებულად ეთქვა უარი სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე.

16. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგაც მოპასუხე საიჯარო ქონებას ფლობდა და მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა შეწყდა მოსარჩელის 2014 წლის 16 დეკემბრის შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის ....... ბრძანების საფუძველზე. პალატამ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის, შემდეგში სსსკ-ის, მე-4, 102-ე, 8.3-ე და სსკ-ის 115-ე მუხლები.

17. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა შემდეგი დასაბუთებით:

17.1. სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები, რის გამოც იურიდიულად დაუსაბუთებელია გასაჩივრებული განჩინება.

17.2. პალატის მიერ უსაფუძვლოდ იქნა გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი მცდარი სამართლებრივი შეფასებები კერძოდ: პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის საიჯარო ურთიერთობა შეწყდა 2008 წლის 1 თებერვალს, რასაც შედეგად მოჰყვა დაუსაბუთებელი დასკვნა მხარისათვის მხოლოდ 153 ლარისა და 75 თეთრის დაკისრების შესახებ.

17.3. პალატამ არასწორად მიიჩნია ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღად 2008 წლის 1 თებერვალი, ვინაიდან მხარეთა შორის საიჯარო ურთიერთობა შეწყდა 2014 წლის 16 დეკემბრის ბრძანების საფუძველზე და, შესაბამისად, მოსარჩელის 2015 წლის 11 მარტის სამსახურებრივი ბარათით დაანგარიშებულია სწორედ ის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულებაც გააჩნია მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

17.4. სასამართლომ ასევე არასწორად დაადგინა ის ფაქტი, რომ იჯარის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ მოპასუხე საიჯარო ქონებას არ ფლობდა და აღნიშნული გარემოების მტკიცების ტვირთი უსაფუძვლოდ დააკისრა მოსარჩელეს.

18. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 23 თებერვლის განჩინებით, საკასაციო საჩივარი სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე ცნობილ იქნა დასაშვებად და მიღებულ იქნა განსახილველად.

სამოტივაციო ნაწილი:

19. საქმის მასალების გაცნობა, მათი შესწავლა და ანალიზი, მიღებული განჩინების იურიდიული დასაბუთებისა და საჩივრის მოტივების შემოწმება, საკასაციო სასამართლოს შესაძლებლობას აძლევს, გამოიტანოს დასკვნა გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების თაობაზე, სახელდობრ:

20. სსსკ-ის 407-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რასაც შედეგად მოჰყვა სამართლებრივად დაუსაბუთებელი დასკვნა და სააპელაციო საჩივრის მოტივების მთლიანი უარყოფა.

21. საქმეზე დადგენილია სამართლებრივი მნიშვნელობის შემდეგი ფაქტები:

21.1. 2001 წლის 3 ივლისს მეიჯარესა და მოიჯარეს შორის დაიდო სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის იჯარის ხელშეკრულება, რომელიც აკმაყოფილებდა გარიგების დადების ზოგად პირობებს {სსკ-ის 54-59 და 592-ე მუხლები}.

21.2. ხელშეკრულების მოქმედება 15 წლის ვადით იყო განსაზღვრული.

21.3. საჯარო რეესტრში მოიჯარის სასარგებლოდ იჯარის უფლება რეგისტრირებულია 2001 წლის 24 ივლისს.

21.4. მოიჯარის ძირითადი ვალდებულების შესრულებას (ქირის დროულად გადახდას) უზრუნველყოფდა ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - ყოველ გადაცილებულ დღეზე გადაუხდელი თანხის 0.1% {სსკ-ის 417-418-ე მუხლები}.

21.5. მოიჯარემ დაარღვია ვალდებულება. მას 2006 წლიდან არ გადაუხდია საიჯარო ქირა, რომელიც წელიწადში 136 ლარი იყო. სარჩელის აღძვრის დროისათვის დავალიანებამ 1 119,92 ლარი, ხოლო ვადაგადაცილების პირგასამტეხლომ 1482,14 ლარი შეადგინა.

22. მოპასუხის შესაგებელი სარჩელის უარყოფის ნაწილში დამყარებული იყო იმაზე, რომ იჯარა შეწყდა 2008 წლის 1 თებერვალს, მაშინ, როდესაც მიწის მოუსავლიანობის მოტივით, მან მიმართა გამგეობას და ხელშეკრულების გაუქმება მოითხოვა.

23. სააპელაციო სასამართლომ არასწორად გაანაწილა მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი, უკრიტიკოდ, სათანადო და დასაშვები მტკიცებულებების არ არსებობის პირობებში გაიზიარა მოპასუხის შესაგებელი და საიჯარო ხელშეკრულება შეწყვეტილად მიიჩნია 2008 წლის 1 თებერვლიდან, მაშინ, როდესაც ამ გარემოების მტკიცების ტვირთი ეკისრებოდა მოპასუხეს და არა მოსარჩელეს - სსსკ-ის 102-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად („სსსკ-ის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. სსსკ-ის მე-3 მუხლით, დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით, დადგენილია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მოდავე მხარეებმა უნდა წარმოადგინონ მტკიცებულებები, რომლითაც დადგინდება სარჩელსა და შესაგებელში მითითებული გარემოებების უტყუარად არსებობა. დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები გულისხმობს მხარეების ვალდებულებას, წარმოადგინონ სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების უფრო მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულებები, რითაც სასამართლოს შეუქმნიან საკუთარი პოზიციის სარწმუნო სამართლებრივ საფუძველსა და შინაგან რწმენას“ იხ. სუსგ ას-#1227-1150-2015,17.05.2016, ას -1051-991-2015, 29.12.2015“ ).

24. მოპასუხეს არ წარმოუდგენია იჯარის ხელშეკრულების 2008 წლის 1 თებერვლიდან შეწყვეტის დამადასტურებელი არცერთი დასაშვები მტკიცებულება. ის სადავო გარემოების დასადასტურებლად მიუთითებდა ხელშეკრულების იმ პუნქტზე {იჯარის ხელშეკრულების მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი}, რომლითაც დადგენილია, რომ მეიჯარეს უფლება აქვს, იჯარის ვადის გასვლამდე შეწყვიტოს იჯარის ხელშეკრულება, თუ მოიჯარე არ იხდის იჯარის ქირას ხელშეკრულებით დადგენილი ვადის გასვლიდან 3 თვის განმავლობაში. ხელშეკრულების აღნიშნული დებულებიდან გამომდინარე მეიჯარის უფლებას და არა ვალდებულებას წარმოადგენდა ამ საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტა მოიჯარის მხრიდან ვალდებულების დარღვევისას. განსახილველ შემთხვევაში, არ დასტურდება, რომ მეიჯარემ აღნიშნული უფლება 2014 წლის 16 დეკემბრამდე გამოიყენა.

25. საკასაციო პალატას მიაჩნია, იმ შემთხვევაშიც, თუ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტა 2008 წლის 1 თებერვლის თარიღს დაუკავშირდებოდა, ეს სამართლებრივ სურათს ვერ შეცვლიდა და მოპასუხე მაინც არ გათავისუფლებოდა ქირის გადახდის მოვალეობისაგან, რადგანაც მაშინ მას უნდა წარმოედგინა საიჯარო ქონებაზე მისი მფლობელობის შეწყვეტის (მეიჯარისათვის დაბრუნების) დამადასტურებელი მტკიცებულება.

26. ამრიგად, იმის გათვალისწინებით, რომ ხელშეკრულება მოქმედებდა 2014 წლის 16 დეკემბრამდე, მოიჯარეს გადაწყვეტილებით დაეკისრა მხოლოდ 2007 წლის ქირა, 2008-2014 წლების საიჯარო ქირა კი, არ გადაუხდია, განხორციელებულად უნდა ჩაითვალოს სსკ-ის 581-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შედეგის განმაპირობებელი სამართლებრივი წინაპირობები („მოიჯარე მოვალეა, გადაუხადოს მეიჯარეს დათქმული საიჯარო ქირა“), მას უნდა დაეკისროს ამ პერიოდის ქირის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

27. საკასაციო პალატა იზიარებს კასატორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებითაც, რომ იჯარის ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ მოპასუხე აგრძელებდა საიჯარო ქონების ფლობას. სააპელაციო პალატამ დაუსაბუთებლად დაასკვნა, რომ ამ გარემოების მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრებოდა. უდავოა, რომ ამ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმომშობ ფაქტზე (ქონების დაბრუნების დაყოვნება), მითითება {სსკ-ის 591-ე მუხლი} ევალებოდა მოსარჩელეს, რაც მან განახორციელა კიდეც. მითითებული ფაქტის გაქარწყლების ვალდებულება კი, მოიჯარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენდა {სსკ-ის 602-ე მუხლი}, მით უმეტეს, რომ 2014 წლის 16 დეკემბრამდე საჯარო რეესტრის მონაცემებით საიჯარო უფლება კვლავ მის სახელზე ირიცხებოდა.

28. პალატა მიიჩნევს, რომ როდესაც სადავოა საიჯარო ფართით სარგებლობისა და მფლობელობის ფაქტი და, ვინაიდან, სწორედ ამაზეა დამოკიდებული საიჯარო ქონებით სარგებლობისა და მფლობელობის საფასურის, საიჯარო ქირის, გადახდა, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის ობიექტური და სამართლიანი განაწილებაა საქმეზე დასაბუთებული და სამართლებრივად სწორი გადაწყვეტილების წინაპირობა. ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ საიჯარო ქონების დაბრუნების ფაქტობრივი გარემოება დადასტურებული არ არის, ამიტომ, საიჯარო ქირა მოიჯარეს უნდა დაეკისროს სახელშეკრულებო ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგაც, სარჩელის აღძვრამდე, კერძოდ 2015 წლის 13 მარტამდე {სსკ-ის 591-ე მუხლი}.

29. ამრიგად, მოიჯარეს საიჯარო ქირა გადახდილი არ აქვს 2008 წლიდან 2015 წლის 13 მარტამდე, რაც შეადგენს 7 წელს და 2 თვესა და 13 დღეს. ამის გათვალისწინებით, ის ვალდებულია, გადაუხადოს მეიჯარეს ქირა - 983 ლარი.

30. რაც შეეხება, საიჯარო ქირის ვადაგადაცილებისათვის გათვალისწინებულ პირგასამტეხლოს ოდენობას - დღეში ძირითადი თანხის 0,1%, რაც წლიური 36%-ია, მთლიანად შეადგენს 1464,39 ლარს (1482,14 - 17,75). პალატას მიაჩნია, რომ პირგასამტეხლო, კონკრეტულ შემთხვევაში, შეუსაბამოდ მაღალია და უნდა დაექვემდებაროს შემცირებას სამართლიან ოდენობამდე {სსკ-ის 420-ე მუხლი}. პირგასამტეხლოს შემცირების დისკრეციით ლეგიტიმური სარგებლობისათვის მხედველობაშია მისაღები მხარის ქონებრივი მდგომარეობა და კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებები, სახელდობრ, როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ №ას-1199-1127-2015; 13 აპრილი, 2016 წელი) შესაბამისად, საკასაციო პალატის მოსაზრებით, პირგასამტეხლო 300 ლარით უნდა განისაზღვროს.

31. სსსკ-ის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. ვინაიდან ამ შემთხვევაში არ არსებობს საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები, საკასაციო პალატა უფლებამოსილია, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება.

32. სსსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ამ მუხლში აღნიშნული წესები შეეხება, აგრეთვე, სასამართლო ხარჯების განაწილებას, რომლებიც მხარეებმა საქმის სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებში წარმოებისას მიიღეს, ხოლო, მესამე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო შეცვლის გადაწყვეტილებას, ან გამოიტანს ახალ გადაწყვეტილებას, შესაბამისად, შეცვლის სასამართლო ხარჯების განაწილებასაც.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-8, 408.3-ე, 411-ე, 399-ე, 382-ე, 264.3-ე, 55-ე, 53.4-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს,

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 22 ოქტომბრის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. სსიპ "სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

4. თ. ნ-ეს "სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს" სასარგებლოდ დაეკისროს ქირის - 983 ლარისა და პირგასამტეხლოს, 300 ლარის, გადახდა;

4. თ. ნ-ეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს 115.47 ლარის გადახდა;

5. სახელმწიფო ბაჟი გადახდილ იქნეს შემდეგ ანგარიშზე: ქ. თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

6. გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე: მზია თოდუა

მოსამართლეები: პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი