Facebook Twitter

საქმე №ას-889-856-2016 30 სექტემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე დ. დ-ის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განჩინებაზე, საქმეზე, სს „ს-ის“ სარჩელის გამო, დ. დ-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ დ. დ-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ ინსტანციის სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგარძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლოს სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრება კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

განსახილველ შემთხვევაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განჩინება, დ.დ-ის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე, გაეგზავნა უშუალოდ მხარეს სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 2016 წლის 29 ივლისს (ს.ფ.138).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლითაც დადგენილია საპროცესო ვადის დენის დასაწყისი და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმადაც, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის შეტანის 12-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 30 ივლისს და ამოიწურა 2016 წლის 10 აგვისტოს. საქმეში წარმოდგენილი, კერძო საჩივრით და მასზე დართული კონვერტით კი დასტურდება რომ, კერძო საჩივარი შედგენილია 2016 წლის 8 სექტემბერს, ამასთან კონვერტზეც მითითებულია 2016 წლის 8 სექტემბერი, აღნიშნული კი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების აბსოლუტური საფუძველია.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, კერძო საჩივარზე დართულ კონვერტზე მისი საფოსტო განყოფილებაში მიტანის ორი თარიღია მითითებული, ამასთან დაკავშირებით პალატა განმარტავს რომ, კორესპოდენციის 2016 წლის 9 აგვისტოს საფოსტო განყოფილებაში მიტანას ვერ გაიზიარებს, რადგან 2016 წლის 8 სექტემბერს შედგენილი კერძო საჩივრის 2016 წლის 9 აგვისტოს ფოსტისათვის ჩაბარება შეუძლებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 416-ე, 63-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. დ. დ-ის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 21 ივლისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე