საქმე №ას-766-734-2016 23 სექტემბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
საჩივრის ავტორი – გ. ხ-ი
მოწინააღმდეგე მხარე – მ. გ-ე
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განჩინება
საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ხ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. გ-ის მიმართ 2015 წლის 4 დეკემბრის #151320128 სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმების მოთხოვნით. ასევე მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით 2015 წლის 4 დეკემბრის სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 აპრილის განჩინებით გ. ხ-ის მოთხოვნა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა. შეჩერდა ნოატარიუს მ. ლაგურაშვილის მიერ 2015 წლის 4 დეკემბერს გაცემული #151320128 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა მ. გ-ემ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 12 მაისის განჩინებით მ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით მ. გ-ის საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 6 აპრილის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება - ნოტარიუს მ. ლ-ის მიერ 2015 წლის 4 დეკემბერს გაცემული #151320128 სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების შეჩერების შესახებ. გ. ხ-ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნულ განჩინებაზე საჩივარი შეიტანა გ. ხ-მა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 სექტემბრის განჩინებით გ.ხ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განჩინებაზე საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
2016 წლის 16 სექტემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა გ. ხ-მა და განმარტა რომ მ. გ-ესთან შეთანხმების საფუძველზე უარს ამბობს საჩივარზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გ. ხ-ის განცხადების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ მოცემულ საჩივარზე საქმის წარმოება უნდა შეწყდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა გ. ხ-ის საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განჩინებაზე. 2016 წლის 16 სექტემბერს სასამართლოს განცხადებით მომართა საჩივრის ავტორმა და განმარტა რომ, მოწინააღმდეგე მხარესთან შეთანხმების საფუძველზე უარს ამბობს საჩივარზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. აღნიშნული ნორმა განამტკიცებს დისპოზიციურობის პრინციპს სამოქალაქო საპროცესო სამართალში, რაც ნიშნავს მხარეთა თავისუფლებას განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. აღნიშნული, ცხადია, გულისხმობს მხარეთა თავისუფლებას, გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები ან უარი თქვან მათ გასაჩივრებაზე. ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო ნორმა, რომელიც არეგულირებს სასამართლო წარმოების დროს წარმოშობილ ურთიერთობას, სასამართლო იყენებს საპროცესო სამართლის იმ ნორმას, რომელიც აწესრიგებს მსგავს ურთიერთობას (კანონის ანალოგია), ხოლო თუ ასეთი ნორმაც არ არსებობს, სასამართლო ემყარება სამოქალაქო საპროცესო სამართლის ზოგად პრინციპებს (სამართლის ანალოგია).
საკასაციო პალატა ყუარდღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი პირდაპირ არ ითვალისწინებს საჩივარზე უარის თქმის შესაძლებლობას, გამომდინარე აქედან, პალატა მიიჩნევს რომ უნდა იხელმძღვანელოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის იმ ნორმებით რომლებიც არეგულირებენ სარჩელზე უარის თქმის სამართლებრივ შედეგბს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე.
კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საჩივრის ავტორის მიერ საჩივარზე უარის თქმისას სასამართლო შეწყვეტს საჩივარზე არსებულ საქმის წარმოებას, ხოლო ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები უცვლელად დარჩება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 273-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-7, 1971-ე, 399-ე, 378-ე, 272-ე, 273-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ. ხ-ის შუამდგომლობა საჩივარზე უარის თქმის შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. შეწყდეს საქმის წარმოება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 ივლისის განჩინებაზე გ. ხ-ის მიერ წარმოდგენილ საჩივარზე.
3. განემარტოთ მხარეებს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლოსათვის ხელმეორედ მიმართვა დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით არ შეიძლება.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
პ. ქათამაძე