Facebook Twitter

საქმე № 330210115750258

საქმე №ას-770-738-2016 21 სექტემბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ბ.-ი“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. ბ.–ი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – პირგასამტეხლოს ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. მ. ბ.–მა (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ბ.-ის“ (შემდგომში – მოპასუხე, აპელანტი) მიმართ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე პირგასამტეხლოს – 62 419 ლარის ანაზღაურება შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების ძალით მოპასუხეს გადასცა თანხა, რომლის სანაცვლოდ უნდა აეშენებინა მისთვის ბინა. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ იქნა ვადის დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.

3. მხარემ მიუთითა, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობა დათქმულ ვადაში არ შეასრულა, რის გამოც უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს გადახდა.

მოპასუხის პოზიცია:

4. მოპასუხემ მარტივი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მისი მხრიდან ვალდებულების შესრულების შეფერხება გამოწვეული იყო საქართველოში არსებული სამშენებლო კრიზისით. ამჟამად მშენებლობა დასრულებულია და სადავო ფართი აღირიცხა მოსარჩელის სახელზე. ამავდროულად, მოპასუხემ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

5. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 აშშ დოლარის გადახდა, რაც სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ივლისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

7. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდგომში – სსსკ) 369-ე მუხლის, მე-60 მუხლის მეორე ნაწილის, 61-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 2591 მუხლის საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის სასამართლო სხდომას ესწრებოდა აპელანტის წარმომადგენელი (სხდომის ოქმი – ს.ფ. 170), რომელსაც იმავე სხდომაზე კანონით დადგენილი წესით ეცნობა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და განემარტა გასაჩივრების წესი.

8. ასევე დადგენილია, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილება აპელანტის წარმომადგენელმა ჩაიბარა პირდად 2016 წლის 6 ივნისს, რაც დადასტურებულია საქმეში არსებული ხელწერილით (ს.ფ. 203).

9. საქმის მასალებით არ დგინდება, რომ აპელანტმა, გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, სასამართლოს უფრო ადრე მიმართა.

10. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტი ვალდებული იყო, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადებულიყო სასამართლოში და ჩაებარებინა გადაწყვეტილების ასლი, ვინაიდან გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირისათვის ცნობილი იყო.

11. სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ მხარეს სსსკ-ის 2591 მუხლით განსაზღვრულ ვადაში (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა) გადაწყვეტილების ჩაბარების მიზნით, სასამართლოსათვის არ მიუმართავს, შესაბამისად, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს – 2016 წლის 27 მაისს და გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2016 წლის 10 ივნისს. ამდენად, აპელანტის წარმომადგენელმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ – 2016 წლის 17 ივნისს.

12. სსსკ-ის 59-ე, 63-ე და 374-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.

კერძო საჩივრის მოთხოვნა და საფუძვლები:

13. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე აპელანტმა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

14. კერძო საჩივრის ავტორმა განმარტა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა 2016 წლის 27 აპრილს, თუმცა დასაბუთებული გადაწყვეტილება მომზადდა მხოლოდ 2016 წლის 6 ივნისს, რა დროსაც აპელანტმა ჩაიბარა კიდეც. მითითებული ფაქტი დასტურდება საერთო სასამართლოების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციით – გადაწყვეტილების მომზადებისა და საერთო სასამართლოების ვებ-გვერდზე (http://info.court.ge) ატვირთვის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

15. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კი დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

16. წარმოდგენილი კერძო საჩივრით მხარე სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს მიერ მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების კანონიერებას სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დარღვევის გამო.

17. სსსკ-ის 369-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლების ან 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე 2591 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. თუ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა იწყება მისი გამოცხადების მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან მისი მხარისათვის ამ კოდექსის 70–78-ე მუხლების შესაბამისად გადაგზავნის დრო. ამავე კოდექსის 2591 მუხლის პირველი ნაწილით კი, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

18. მითითებული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იმ მხარისათვის, რომელიც ესწრებოდა გადაწყვეტილების გამოცხადებას ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, კანონმდებელი განსაზღვრავს ვალდებულებას, რათა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი.

19. აღნიშნული ვალდებულება ფაკულტატურია და, შესაბამისად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობა აისახება მხოლოდ უშუალოდ მხარის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრების წესზე, კერძოდ, განსახილველი ნორმის თანახმად „გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი“. ამდენად, ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოქმედებს დანაწესი, რომლის თანახმად „წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს“.

20. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარის მიერ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღემდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად სასამართლოში გამოუცხადებლობა წარმოადგენს იმის საფუძველს, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების 30-ე დღის (მიუხედავად იმისა, უქმე დღეა თუ არა აღნიშნული) მომდევნო დღიდან, რადგან სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი (სუს 2015 წლის 12 იანვრის №ას-843-807-2014 განჩინება).

21. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის ფაქტი, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 27 აპრილის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა მოპასუხის წარმომადგენელი (ტომი 1, ს.ფ. 170), რომლის შესაბამისი უფლებამოსილება დადასტურებულია საქმის მასალებში წარმოდგენილი მინდობილობით (ტომი 1 , ს.ფ. 122).

22. საქმის მასალებში წარმოდგენილი არ არის იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ აპელანტი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან მე-20-30-ე დღეებში გამოცხადდა პირველი ინსტანციის სასამართლოში და მოითხოვა დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარება. აღნიშნული ფაქტის დადასტურება კი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, აპელანტი მხარის მოვალეობას წარმოადგენდა.

23. შესაბამისად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტს კანონით დადგენილ ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მისაღებად საქალაქო სასამართლოში გამოცხადების ვალდებულება არ შეუსრულებია. მხოლოდ მხარის განმარტება, რომ გადაწყვეტილება მომზადდა მხოლოდ 2016 წლის 6 ივნისს, როდესაც მოპასუხემ იგი ჩაიბარა კიდეც, ზემოთ მითითებული კანონის დანაწესის შესრულებად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან მხარეს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით სასამართლოსათვის წერილობით არ მიუმართავს.

24. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ საქალაქო სასამართლოს მიერ დასაბუთებული გადაწყვეტილების დაგვიანებით მომზადება დასტურდება საერთო სასამართლოების დეპარტამენტიდან გამოთხოვილი ინფორმაციით – გადაწყვეტილების მომზადებისა და საერთო სასამართლოების ვებ-გვერდზე (http://info.court.ge) ატვირთვის თაობაზე. ამგვარი ინფორმაციის საფუძველზე სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის შესაძლებლობას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

25. ამდენად, სსსკ-ის 369-ე, 2591 მუხლების შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო მისი სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღის მომდევნო დღეს, 2016 წლის 28 მაისს (და არა 30-ე დღეს – 27 მაისს, როგორც ეს სააპელაციო სასამართლომ მიუთითა) და ამოიწურა 2016 წლის 10 ივნისს (როგორც ეს სავსებით სწორად იქნა მითითებული გასაჩივრებულ განჩინებაში), მხარემ კი სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2015 წლის 17 ივნისს (აღნიშნული თარიღი დასმულია არა მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს ბეჭედზე, არამედ თავად სააპელაციო საჩივრის ბოლოსაც), კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

26. სსსკ-ის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

27. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი სააპელაციო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მართებულად დარჩა განუხილველად და კერძო საჩივარს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფილებაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „ბ.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 4 ივლისის განჩინება დარჩეს უცვლელად.

3. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: პ. ქათამაძე

ბ. ალავიძე