Facebook Twitter

საქმე № 330210015001017233

საქმე №ას-728-696-2016 3 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. კ.-ა (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „თ.-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ელექტროენეგიის საფასურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1. სს „თ.-მა“ (შემდგომში – მოსარჩელე) სარჩელი აღძრა სასამართლოში (შემდგომში – მოპასუხე) ლ. კ.-ას მიმართ ელექტროენეგიის საფასურის – 1 007,77 ლარის ანაზღაურების შესახებ.

სარჩელის საფუძვლები:

2. მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხე ირიცხება მის აბონენტად და მოიხმარს მის მიერ მიწოდებულ ელექტროენერგიას. მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხე ვალდებულია, გადაიხადოს ელექტროენერგიის საფასური. აღნიშნულის მიუხედავად, მოპასუხე დაუგროვდა დავალიანება, რომელიც არ დაუფარავს.

მოპასუხის პოზიცია:

3. მოპასუხემ არსებითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელის აბონენტს აღარ წარმოადგენს, რადგან კუთვნილი უძრავი ქონება გაასხვისა. მართალია, მანამდე მხარეთა შორის მოხდა დავალიანების რესტრუქტურიზაცია, თუმცა მოპასუხეს ხელი მოაწერინეს ქართულ ენაზე შედგენილ დოკუმენტზე, რომლის შინაარსი, ქართული ენის არცოდნის გამო, მან ვერ გაიგო.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა, 2012 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების – 983.01 ლარისა და მოხმარებული ელექტროენერგიის დავალიანების – 24.76 ლარის გადახდა, რაც მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი და ფაქტობრივ-სამართლებრივი დასაბუთება:

5. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 2 ივნისის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

6. სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი, რომ მისთვის ცნობილი არ იყო ქართულ ენაზე შედგენილი დოკუმენტის – 2012 წლის 10 სექტემბერის ხელშეკრულების შინაარსი, რაზე მეტყეველებს ის გარემოებაც, რომ იგი ხელს აწერს რუსულად და არ იცის ქართულ ენაზე წერა-კითხვა. ასევე არ დაეთანხმა მის მოსაზრებას, რომ მოწინააღმდეგე მხარემ მოტყუებით მოაწერინა ხელი ხელშეკრულებაზე, რადგან მას ეგონა, რომ მრიცხველის შეცვლის დოკუმენტს აწერდა ხელს.

7. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ვინაიდან 2012 წლის 10 სექტემბერს გაფორმებული ხელშეკრულება ხელმოწერილია მოპასუხის მიერ, მან უნდა იცოდეს დოკუმენტის შინაარსი. ხელშეკრულებაზე რუსულენოვანი ხელმოწერის დასმა არ ნიშნავს, რომ მხარეს არ ესმოდა, რაზე აწერდა ხელს. მოპასუხის მითითება, რომ ხელშეკრულებას ხელი მოაწერა მოტყუებით და ეგონა, რომ მრიცხველის შეცვლის დოკუმენტს აწერდა ხელს, ვერ ადასტურებს, რომ იგი მოატყუეს. ხელშეკრულებაზე ნებაყოფლობით ხელის მოწერით მხარემ გამოთქვა თანხმობა სახელშეკრულებო პირობებზე, ამდენად, ივარაუდება, რომ ხელშეკრულების პირობები მისთვის ცნობილია.

8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (შემდგომში – სსკ) 316-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 317-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე წარმოადგენს მოსარჩელე დაწესებულების აბონენტს და ერიცხება ელექტროენერგიის დავალიანება. მხარეებს შორის 2012 წლის 10 სექტემბერს გაფორმდა დავალიანების რესტუქტურიზაციის ხელშეკრულება, რომლითაც ისინი შეთანხმდნენ მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების გადანაწილებაზე. დავალიანება – 1360,2 ლარი გადანაწილდა 119 თვეზე და ყოველთვიური გადასახდელი მინიმალური ოდენობა განისაზღვრა 11.43 ლარით, ხოლო ბოლო თვის გადასახდელი თანხა – 11.46 ლარით. ხელშეკრულების თანახმად, გადანაწილებული თანხის გადახდა უნდა დაწყებულიყო 2012 წლის სექტემბრიდან.

9. სსკ-ის 341-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან დამოუკიდებლად ახალ მოთხოვნას ქმნის. ვალის არსებობის აღიარება ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობის სადავოობის შემთხვევაშიც შესრულების ვალდებულებას წარმოშობს და კრედიტორს მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. ამასთან, ვალის აღიარება იმით განსხვავდება ნებისმიერი სხვა ფორმით გათვალისწინებული მოთხოვნის აღიარებისაგან, რომ იგი ახალი ხელშეკრულებაა და არა სხვა სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში ნების გამოვლენა.

10. ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულება, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეული მოქმედებების შესრულებას და, ამდენად, საკმარისია ერთი პირის მიერ ნების გამოვლენა. აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას გასათვალისწინებელია სსკ-ის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.

11. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მითითებული ხელშეკრულების თანახმად, მოვალე ვალდებული იყო, გადანაწილებული თანხა დაეფარა ყოველთვიურად დადგენილი ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ მოვალე ერთხელ მაინც დაარღვევდა გადახდის გრაფიკს, კრედიტორი უფლებამოსილი იყო, შეეწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება და გადანაწილებული დავალიანების სრულად დაფარვის მოთხოვნით მიემართა თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის.

12. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეოდა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

13. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელემ 2012 წლის 10 სექტემბრის ხელშეკრულებაზე ხელმოწერით დაადასტურა მისი ნამდვილობა, მოპასუხის მიმართ დავალიანების არსებობა და აიღო მისი ანაზღაურების ვალდებულება გადანაწილებული თანხა გადაეხადა ნაწილ-ნაწილ, თვეში 11,43 ლარის ოდენობით, რომლის გადახდასაც დაიწყებდა სექტემბრიდან.

14. აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ უდავოდ დაადგინა, რომ მოპასუხემ 1 360.20 ლარის ოდენობით ვალის არსებობა აღიარა.

15. სააპელაციო პალატამ ასევე ყურადღება გაამახვილა, საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიაზე, რომელიც ადასტურებს რომ აპელანტი (მოპასუხე) აღნიშნული თანხის გათვალისწინებით, გარკვეული პერიოდულობით მიმდინარე დავალიანებასთან ერთად იხდიდა მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას, შესაბამისად, შემცირებული აქვს დავალიანება, რაც ნიშნავს, რომ აპელანტმა (მოპასუხემ) იცოდა ხელშეკრულების შინაარსი და ნაწილობრივ შეასრულა კიდეც.

16. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სამართლებრივად სწორად შეაფასა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და დააკმაყოფილა სარჩელი თანხის დაკისრების შესახებ, რაც მოსარჩელის მიერ პირველი ინსატნციის სასამართლოში დაზუსტების შემდეგ რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე შეადგენს 983,01 ლარს და მომხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას – 24,76 ლარს, სულ – 1007,77 ლარს.

კასატორის მოთხოვნა და საფუძვლები:

17. სააპელაციო სასამართლოს განჩინება აპელანტმა გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

18. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ მოპასუხე ეროვნებით რუსი იყო და ქართულად წერა-კითხვა არ იცოდა. ყველა დოკუმენტი მისთვის უნდა გადათარგმნილიყო რუსულად. საქმეში წარმოდგენილ ყველა სადავო დოკუმენტზე დასმულია კასატორის ხელმოწერა, თუმცა სააპელაციო პალატა არ დაინტერესებულა, იცოდა თუ არა მოპასუხემ მათი შინაარსი.

19. კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლომ არასწორად უთხრა უარი სახაზინო ადვოკატის დანიშვნაზე, რადგან მხარე იყო სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მქონე.

20. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 სექტემბრის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

21. საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

22. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოპასუხე წარმოადგენს მოსარჩელე დაწესებულების აბონენტს და ერიცხება ელექტროენერგიის დავალიანება. 2012 წლის 10 სექტემბერს მხარეებს შორის გაფორმდა დავალიანების რესტუქტურიზაციის ხელშეკრულება, რომლითაც ისინი შეთანხმდნენ მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანების გადანაწილებაზე. დავალიანება – 1360,2 ლარი გადანაწილდა 119 თვეზე და ყოველთვიური გადასახდელი მინიმალური ოდენობა განისაზღვრა 11.43 ლარით, ხოლო ბოლო თვის გადასახდელი თანხა – 11.46 ლარით. ხელშეკრულების თანახმად, გადანაწილებული თანხის გადახდა უნდა დაწყებულიყო 2012 წლის სექტემბრიდან.

23. მითითებული ხელშეკრულების თანახმად, მოვალე ვალდებული იყო, გადანაწილებული თანხა დაეფარა ყოველთვიურად დადგენილი ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ მოვალე ერთხელ მაინც დაარღვევდა გადახდის გრაფიკს, კრედიტორი უფლებამოსილი იყო, შეეწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება და გადანაწილებული დავალიანების სრულად დაფარვის მოთხოვნით მიემართა თბილისის საქალაქო სასამართლოსათვის.

24. წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით მხარე მიიჩნევს, რომ მის მიმართ არ უნდა გავრცელდეს იმ ხელშეკრულებიდან გამომდინარე წარმოშობილი ვალდებულებები, რომელიც შედგენილი იყო მოპასუხისათვის უცნობ ენაზე და ხელი მოაწერინეს მოტყუებით, ხელშეკრულების რეალური შინაარსის გაცნობის გარეშე. ამასთან, კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს უნდა დაენიშნა მისთვის სახაზინო ადვოკატი.

25. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსი გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით, კერძოდ, 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

26. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

27. დასაბუთებულ და დასაშვებ საკასაციო პრეტენზიად ვერ ჩაითვლება კასატორის მითითება, რომ მას არ უნდა დაეკისროს მხარეთა შორის 2012 წლის 10 სექტემბერს დადებული რესტუქტურიზაციის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულება, ვინაიდან მხარემ არ იცის ქართულად წერა-კითხვა, იგი ვერ გაეცნო ხელშეკრულების შინაარსს და ვარაუდობდა, რომ ხელს აწერდა სხვა შინაარსის დოკუმენტს.

28. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ამა თუ იმ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობისათვის საჭიროა პირის მიერ შესაბამისი ნამდვილი ნების გამოვლენა. ზეპირი ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, წერილობითი გარიგების დადებისას მხარეები საკუთარი ნების ნამდვილობას ადასტურებენ შესაბამის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის გზით. კანონით გათვალისწინებული ფორმის დაცვით შედგენილ ხელშეკრულებაზე მხარეთა ხელის მოწერა წარმოქმნის ლეგიტიმურ ვარაუდს, რომ მხარე გაეცნო გარიგების შინაარსს და სურს ადეკვატური სამართლებრივი შედეგის დადგომა. მართალია, მოქმედი სამოქალაქო კანონმდებლობა ითვალისწინებს ამგვარი ვარაუდის გაქარწყლების შემთხვევებს, როგორიცაა თუნდაც გარიგების დადება მოტყუებით თუ შეცდომით, თუმცა მოტყუებისა და შეცდომის ფაქტები უნდა დადასტურდეს შესაბამისი მტკიცებულებებით და სათანადო გარემოებებზე მითითებით.

29. მოცემულ შემთხვევაში კასატორი მისი მოტყუების დასადასტურებლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სადავო ხელშეკრულება შედგენილი იყო მისთვის უცნობ ენაზე და მასზე ხელის მოწერისას მოპასუხე ვარაუდობდა, რომ ხელს აწერდა სხვა დოკუმენტს. ამასთან, მხარის მიერ ქართული ენის არცოდნის ფაქტი დასტურდება იმით, რომ სადავო ხელშეკრულება ხელმოწერილია რუსულ ენაზე.

30. საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას და მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებაზე რუსულ ენაზე შესრულებული ხელმოწერა ავტომატურად არ ადასტურებს მოპასუხის მიერ ხელშეკრულების შინაარსის არცოდნას. მეტიც, გარიგების დადებისას მხარე ვალდებული იყო, გასცნობოდა მას, მოეთხოვა ხელშეკრულების თარგმნა და ა.შ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი მისთვის უარყოფითი შედეგებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობაც სწორედ მოპასუხეს ეკისრებოდა.

31. ამავდროულად, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მსჯელობა, რომ საქმეში წარმოდგენილი აბონენტის ბრუნვის ისტორიის თანახმად, აპელანტი (მოპასუხე) სადავო თანხის გათვალისწინებით, გარკვეული პერიოდულობით მიმდინარე დავალიანებასთან ერთად იხდიდა მოხმარებული ელექტროენერგიის ღირებულებას, მას შეუმცირდა კიდეც დავალიანება, რაც ადასტურებს, რომ აპელანტმა იცოდა ხელშეკრულების შინაარსი და ნაწილობრივ შეასრულა იგი.

32. რაც შეეხება კასატორის არგუმენტს სასამართლოს მიერ სახაზინო ადვოკატის დანიშვნის შესახებ, აღნიშნული მოთხოვნა აპელანტს სააპელაციო საჩივრით არ წარუდგენია, გასაჩივრებული განჩინება აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას არ შეიცავს, შესაბამისად, მითითებულ საკითხს ვერ საკასაციო სასამართლო შეაფასებს (სსსკ 407-ე მუხლი). ამასთან, სახაზინო ადვოკატის დანიშვნისათვის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს გარკვეულ წინაპირობებს, რისთვისაც საკმარისი არ არის მხოლოდ ის გარემოება, რომ მხარე სოციალურად დაუცველია.

33. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

34. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

35. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. კ.-ას საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური