Facebook Twitter

20 სექტემბერი, 2016 წელი,

№ას-686-657-2016 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მოსამართლეები: მზია თოდუა (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – ი.მ. (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „K.T.L. “ (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 20 მაისის განჩინება

საკასაციო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – შრომის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ი.მ–მა (შემდეგში მოსარჩელე, აპელანტი ან კასატორი) შპს „K.T.L.”- ის (შემდეგში მოპასუხე, მოწინააღმდეგე მხარე ან კომპანია) ქუთაისის ფილიალში, მენეჯერის თანამდებობის დასაკავებლად გაიარა კონკურსი, რის შედეგადაც, 2015 წლის 15 სექტემბრიდან 2015 წლის 7 ოქტომბრამდე გადიოდა პრაქტიკული სწავლების კურსს ქ. თბილისში.

2. მოსარჩელე პროფესიული გადამზადებისათვის განკუთვნილი კურსის პერიოდში, 2015 წლის 17 სექტემბრიდან 2015 წლის 14 ოქტომბრამდე, შრომის ანაზღაურების (1200 ლარის) სანაცვლოდ, მოპასუხესთან ფაქტობრივ შრომით ურთიერთობაში იმყოფებოდა {საქართველოს შრომის კოდექსის შემდეგში, სშკ-ის, მე-6 და მე-7 მუხლები}.

3. 2015 წლის 14 ოქტომბერს (ქუთაისის ფილიალის ოფიციალური გახსნის წინა დღეს), რეგიონული მენეჯერის გადაწყვეტილებით, მოსარჩელე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. კომპანიამ მას ხელფასის სახით 2015 წლის 15 ოქტომბერს - 689, ხოლო 2015 წლის 4 ნოემბერს კი- 541 ლარი ჩაურიცხა.

4. მოსარჩელემ უკანონოდ მიიჩნია შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა. მან წერილით მიმართა მოპასუხეს დისკრიმინაციული მოპყრობის თაობაზე და კომპენსაციის გადახდა მოითხოვა. კომპანიამ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

5. მან სარჩელი აღძრა მოპასუხის წინააღმდეგ, სშკ-ის 38-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე კომპენსაციის სახით 6000 ლარის დაკისრების მოთხოვნით. სარჩელი დასაბუთებული იყო შემდეგი გარემოებებით:

5.1. მოპასუხესთან ზეპირი ფორმით დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე თითქმის ერთი თვის განმავლობაში (2015 წლის 17 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე), ეკავა უფროსი მენეჯერის თანამდებობა.

5.2. მის მიმართ ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას. დამსაქმებელმა არ დაასაბუთა გათავისუფლების საფუძველი, არ დაიცვა კანონის მოთხოვნები და არანაკლებ 3 დღით ადრე ამის შესახებ არ გააფრთხილა იგი წინასწარი წერილობითი შეტყობინების გაგზავნით.

6. მოპასუხემ წარადგინა მოთხოვნის გამომრიცხველი შესაგებელი, იმ საფუძვლით, რომ მხარეებს შორის არ არსებობდა არანაირი შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა. გარდა ამისა, მოსარჩელეს გამოსაცდელი პერიოდის დაწყებამდე ეცნობა კომპანიის მხრიდან, რომ იგი ამ თანამდებობისათვის საჭირო პროფესიულ უნარებს ვერ აკმაყოფილებდა, ამიტომ მასთან ხელშეკრულება არ გაფორმდებოდა. მოსარჩელის არგუმენტი, რომ იგი შერჩეულ იქნა კომპანიის ქუთაისის ფილიალის მენეჯერად დაუსაბუთებელი იყო.

7. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 22 თებერვლის გადაწყვეტილებით, სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 2 თვის კომპენსაციის, 2400 ლარის, გადახდა. სასამართლომ დავის მოსაწესრიგებლად გამოიყენა სშკ-ის 37-ე და 38-ე მუხლები.

8. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ მისი გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით, სარჩელის სრულად დაკმაყოფილების მოთხოვნით, შემდეგი საფუძვლებით:

8.1. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსი;

8.2. სასამართლოს მსჯელობა მცდარია და მყარად არ არის არგუმენტირებული;

8.3. სშკ-ის 38-ე მუხლის მე-2 ნაწილთან დაკავშირებით კანონი ნათლად მიუთითებს, რომ დასაქმებულს მიეცემა არანაკლებ ორი თვის კომპენსაცია, ხოლო ორ თვეზე მეტი პერიოდისათვის კომპენსაციის გაცემა თითოეული შემთხვევის სპეციფიკურობის გათვალისწინებით დგინდება.

9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 20 მაისის განჩინებით, სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 22 თებერვლის გადაწყვეტილება.

10. სააპელაციო პალატამ, საქმეში არსებული მტკიცებულებების (რეგიონული მენეჯერის წერილისა და საბანკო ამონაწერების) შეფასებით დაადგინა, რომ მოსარჩელე მოპასუხესთან იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში 2015 წლის 17 სექტემბრიდან 2015 წლის 14 ოქტომბრამდე და ასრულებდა მენეჯერის უფლებამოსილებას.

11. სასამართლომ დაასკვნა, რომ საბანკო ამონაწერით დადგენილი იყო კომპანიის მიერ მოსარჩელეზე შრომის საზღაურის, ხელფასის გაცემა, რაც მხარეთა შორის შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის ფაქტს ადასტურებდა.

12. სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, კომპენსაციის 2 თვის ხელფასის ოდენობით განსაზღვრა, გონივრული და სამართლიანი იყო.

13. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა აპელანტმა, შემდეგი დასაბუთებით:

13.1. სასამართლომ ყოველმხრივ, ობიექტურად და სრულად არ გამოიკვლია და არ შეაფასა არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები, რამაც განაპირობა არასწორი სამართლებრივი შეფასებები.

13.2. იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიის მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციულ მოპყრობას, სასამართლოებმა კომპენსაციის ოდენობა სამართლიანად არ განსაზღვრეს.

14. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 ივლისის განჩინებით, საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სსსკ-ის 391 მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.

სამოტივაციო ნაწილი:

15. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ იგი არ აკმაყოფილებს სსსკ-ის 391-ე მუხლის მოთხოვნებს და დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

16. სსსკ-ის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ:

ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის;

ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან;

გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. აღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

17. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სსსკ-ის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.

18. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილული არ არის მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი სამართლებრივი დასკვნები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ძალაში დატოვებასთან მიმართებით, არსებითად სწორია.

19. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც იმ საფუძვლით, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.

20. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივარი დასაშვები რომც ყოფილიყო, მას არა აქვს წარმატების პერსპექტივა, სახელდობრ: მოცემულ შემთხვევაში, არ არსებობს სსსკ-ის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით დადგენილი საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობაც, რომლის მიხედვითაც, საკასაციო საჩივარი დასაშვებია, თუ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე;

20.1. სსსკ-ის 407.2 მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია. სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, კასატორს ასეთი პრეტენზია არ წარმოუდგენია.

20.2. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ:

ა) კასატორი ზეპირი ფორმით დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე თითქმის ერთი თვის განმავლობაში (2015 წლის 17 სექტემბრიდან 7 ოქტომბრამდე) ასრულებდა უფროსი მენეჯერის მოვალეობას.

ბ) იმავდროულად კასატორი პროფესიულ გადამზადებას გადიოდა 2015 წლის 17 სექტემბრიდან 2015 წლის 14 ოქტომბრამდე. ევროპის სოციალური ქარტიის მე-10 მუხლის (პროფესიული მომზადების უფლება) მე-5 ნაწილის „ც“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს დამსაქმებლის თხოვნით მუშაკის მიერ დამატებით პროფესიულ მომზადებაზე დახარჯული დროის ჩათვლას ჩვეულებრივ სამუშაო საათებში; განსახილველ შემთხვევაში, სწორედ პროფესიული გადამზადების კურსი ჩაეთვალა მოსარჩელეს სამუშაო საათებში, რამაც მთლიანობაში შეადგინა 28 დღე.

ბ) მასთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა დაკავებულ თანამდებობასთან მისი პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის გამო {სშკ-ის 37-ე მუხლის 1 ნაწილის „ვ“ ქ/პუნქტი}.

20.3. სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და აქედან გამომდინარე, სწორად არ გაიზიარა აპელაციის არგუმენტები კომპენსაციის გაზრდასთან დაკავშირებით.

20.4. ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მეორე და მერვე ნაწილების ურთიერთმიმართებაზე და განმარტავს, რომ ამ ნორმის მეორე ნაწილით გათვალისწინებული კომპენსაციის მოთხოვნის უფლება უკავშირდება დასაქმებულის კანონიერი საფუძვლით გათავისუფლებისას {სშკ-ის 37-ე მუხლის „ა“, „ვ“ და „ო“ ქ/პუნქტები} დამსაქმებლის ვალდებულებას, მისცეს დასაქმებულს ფულადი კომპენსაცია 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით. მოცემულ შემთხვევაში, სასარჩელო მოთხოვნა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების უკანონობას უკავშირდებოდა და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი არა 38-ე მუხლის მეორე, არამედ მერვე ნაწილი იყო, რომლის ბოლო წინადადებით გათვალისწინებული კომპენსაციის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს. საკასაციო პალატას მოცემული დავის კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით მიაჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ფულადი კომპენსაციის 2 თვის შრომის ანაზღაურების ოდენობით განსაზღვრა სააპელაციო სასამართლომ მართებულად შეაფასა გონივრულად და სამართლიანად და კომპენსაციის 6 000 ლარამდე გაზრდის მოთხოვნაც სწორად არ დააკმაყოფილა.

21. ამრიგად, სააპელაციო სასამართლოს დასკვნები საჩივრის უარყოფასთან დაკავშირებით არსებითად სწორია. რადგანაც კასატორმა ვერ დაძლია გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთება დამაჯერებელი და სარწმუნო მტკიცებულებებით, არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის კანონისმიერი საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის მე-7, მე-8, 257-ე, 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.მ–ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. ი.მ. გათავისუფლებულია საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე;

3. განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლეები : მზია თოდუა

პაატა ქათამაძე

ეკატერინე გასიტაშვილი