Facebook Twitter

№ას-572-547-2016 7 სექტემბერი, 2016 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – შპს „ო-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – ს. ე. კ. ლ.

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება

დავის საგანი _ სამგანზომილებიანი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან აღრევამდე მსგავსი საქონლის იმპორტის და რეალიზაციის აკრძალვა, ტვირთის განადგურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 დეკემბერის გადაწყვეტილებით ს. ე. კ. ლ.-ს (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი არ დაკმაყოფილდა;

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით:

- სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

- გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება;

- სარჩელი დაკმაყოფილდა;

- შპს „ო-ს“ (შემდეგში მოპასუხეს) აეკრძალა მოსარჩელის კუთვნილი სამგანზომილებიანი სასაქონლო ნიშნის იდენტური ან აღრევამდე მსგავსი ფორმის მქონე მობილური ტელეფონის იმპორტი და რეალიზაცია;

- დადგინდა მოპასუხის კუთვნილი სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ 2014 წლის 29 აპრილს შეჩერებული კონტრაფაქციული ტვირთის განადგურება მოსარჩელის ხარჯით.

4. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გააჩივრა მოპასუხემ.

5. უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში 300 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

6. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

8. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 ივნისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის – 300 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი. ამავდროულად, განჩინებით კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, საკასაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.

9. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება.

10. საქმის მასალებით დგინდება, რომ ზემომითითებული განჩინების ასლი კასატორს გაეგზავნა საქმეში არსებულ ოთხ სხვადასხვა (მათ შორის, კასატორის მიერ მითითებულ) მისამართზე, თუმცა საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათებით ირკვევა, რომ სასამართლოს გზავნილები ადრესატს ვერ ჩაბარდა. ერთ შემთხვევაში, გზავნილის ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია იმაზე, რომ საკასაციო საჩივარში მითითებულ კასატორის მისამართზე ცხოვრობს კასატორის წარმომადგენელი, რომელიც სახლში არ იმყოფებოდა (მინდობილობა ვადაგასულია). მეორე შემთხვევაში, გზავნილი გაიგზავნა კასატორის (იურიდიული პირის) რეგისტრაციის მისამართზე, თუმცა საფოსტო გზავნილის ჩაუბარებლობის შესახებ შეტყობინების ბარათიდან ირკვევა, რომ ამ მისამართზე არის საცხოვრებელი ბინა და იქ აღნიშნული ორგანიზაცია არ მდებარეობს. მესამე გზავნილი გაიგზავნა კასატორის დირექტორის რეგისტრაციის მისამართზე, უკუგზავნილიდან ირკვევა, რომ ადრესატი მითითებულ მისამართზე 2 წელიწადია, რაც აღარ ცხოვრობს. განჩინების ასლი, ასევე, გაიგზავნა საქმეში არსებულ მეოთხე მისამართზე, რომელიც კასატორს აქვს მითითებული შესაგებელში (ს.ფ. 140). გზავნილი აღნიშნულ მისამართზეც ვერ ჩაბარდა იმ საფუძვლით, რომ ადრესატის ადგილსამყოფელი აღნიშნულ მისამართზე არ მდებარეობს. გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო დაუკავშირდა კასატორის ყოფილ წარმომადგენელს, რომელმაც განმარტა, რომ, საქმეში წარმოდგენილი კასატორის მისამართის გარდა, კასატორის სხვა მისამართი ან ინფორმაცია მი სი ადგილსამყოფელის შესახებ ცნობილი არაა.

11. ამდენად, ვინაიდან კასატორს საქმეში არსებულ მისამართებზე (მათ შორის მის მიერვე მითითებულ ორ მისამართზე) ოთხჯერ გაეგზავნა და ვერ ჩაბარდა სასამართლო გზავნილი, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კანონის ზემოთ დასახელებული ნორმების საფუძველზე, გზავნილი კასატორისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა 2016 წლის 25 აგვისტოს (გზავნილის ჩაბარების შეუძლებლობის შესახებ კურიერის მიერ მეოთხე აქტის შედგენის დღე) .

12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, კასატორისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 26 აგვისტოს და ამოიწურა ამავე წლის 30 აგვისტოს.

13. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

14. ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედება, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

15. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ო-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: პაატა ქათამაძე