Facebook Twitter

9 სექტემბერი, 2016 წელი

№ას-539-514-2016 ქ.თბილისი

ას-539-514-2016-წ-ე

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი – მ. წ-ე

მოწინააღმდეგე მხარეები – ფ. ს-ა., ა. კ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 აპრილის განჩინება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი _ იპოთეკის ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 24 აპრილის გადაწყვეტილებით მ. წ-ის (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

3. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 26 აპრილის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

4. აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მოთხოვნის დაკმაყოფილება.

5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადებადის შესახებ არ დაკმაყოფილდა, კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და მის შესავსებად განესაზღვრა ვადა, კერძოდ, დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში 1750 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა. 2016 წლის 14 ივლისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების ან მისი გადახდის გადავადების შესახებ არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩბარებიდან 7 დღით. 2016 წლის 28 ივლისის განჩინებით კასატორის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ კვლავ არ დაკმაყოფილდა და კასატორს გაუგრძლდა ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 7 დღით.

6. 2016 წლის 2 სექტემბერს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორის წარმომადგენელმა - ი. მ-ემ და კვლავ მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლება. განმცხადებელი მიუთითებს, რომ ქვედა ინსტანციის სასამართლოებში კასატორის სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების ფაქტი ადასტურებს იმ გარემოებას, რომ იგი გადახდისუუნაროა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

9. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით კასატორს დაუდგინდა ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, ხოლო 2016 წლის 14 ივლისისა და 2016 წლის 28 ივლისის განჩინებებით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.

10. 2016 წლის 2 სექტემბერს კასატორის წარმომადგენელმა კვლავ მომართა სასამართლოს შუამდგომლობით სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ.

11. საკასაციო სასამართლო, უპირველესად აღნიშნავს, რომ, ხარვეზის შევსების ვადის არაერთხელ გაგრძელების მიუხედავად, კასატორმა სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხადა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქმის წარმოების არცერთ ეტაპზე, (მათ შორის არც ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებში) კასატორს არ წარმოუდგენია მისი გადახდისუუნარობის დამადასტურებელი მტკიცებულებები, შესაბამისად, მისი შუამდგომლობები სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების ან გადახდის გადავადების შესახებ საკასაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა. კასატორი 2016 წლის 2 სექტემბრის განცხადებით, კვლავ მოითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებას. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის შუამდგომლობა ამჯერადაც დაუსაბუთებელია, ვინაიდან, მას არ წარმოუდგენია არავითარი მტკიცებულება, რაც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებდა, შესაბამისად, მისი შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. საკასაციო პალატა ასევე აღნიშნავს, რომ სასამართლოში სამართალწარმოება ორივე მხარის თანასწორობის საფუძველზე მიმდინარეობს, რაც მოდავე მხარეთა ინტერესების თანაბრად დაცვას გულისხმობს. საკასაციო პალატის მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრის შეტანიდან გასულია სამი თვე, ხარვეზის შევსების ვადის დამატებით გაგრძელება შელახავს მოწინააღმდეგე მხარის ინტერესებს, ვიდაიდან ეს გამოიწვევს საქმის განხილვის გაჭიანურებას. გარდა ამისა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368.7 მუხლის თანახმად, რომელიც ამავე კოდექსის 399-ე მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლოშიც გამოიყენება, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. მოცემულ შემთხვევაში, კასატორი მოითხოვს სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლებას და არა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელებას.

12. ზემოაღნიშნულიდან გამომიდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, კასატორმა ხარვეზი არ გამოასწორა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში, მისი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

13. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მარინე წ-ის წარმომადგენელ ი. მ-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს. 2. მ. წ-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

3.საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე