Facebook Twitter

№ას-801-768-2016 22 სექტემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი - ი. გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე - ნ. ხ-ი (მოპასუხე)

მესამე პირები – ბ. ქ-ი, ი. ხ-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

1. ი. გ-მა (შემდეგში მოსარჩელემ) სარჩელი აღძრა სასამართლოში ნ. ხ-ის (შემდეგში მოპასუხის) მიმართ და მოითხოვა სააღსრულებო ფურცლის ნაწილობრივ გაუქმება და პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება (ს.ფ. 1-13).

2. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 8 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ს.ფ. 81-84).

3. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივრი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის განახლება (ს.ფ. 86-87).

4. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 27 მაისის განჩინებით საჩივარი ამავე სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება (ს.ფ. 102-108).

5. პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ (ს.ფ. 111-120).

6. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი (ს.ფ. 123-126).

7. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მოსარჩელემ შეიტანა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (ს.ფ. 139-140).

8. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება (ს.ფ. 164-169).

9. 2016 წლის 18 აგვისტოს საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივრით მომართა მოსარჩელემ და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინების გაუქმება. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება უკანონოა, კერძოდ, სასამართლომ არასწორად აითვალა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა გადაწყვეტილების გამოცხადების მომენტიდან, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს, სხდომის დამთავრების შემდეგ, დასაბუთებული გადაწყვეტილება არ გამოუცხადებია (ს.ფ. 232-233).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

10. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 264-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება), თუ იგი არ გასაჩივრებულა, კანონიერ ძალაში შედის მისი საკასაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, ხოლო, თუ იყო გასაჩივრებული - საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ, თუკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) არ გაუქმებულა.

12. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ. საქმის მასალებით ირკვევა, ასევე, რომ საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით მოსარჩელის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება. აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ სააპელაციო სასამართლოს ზემოხსენებული განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, ვინაიდან იგი არ გაუქმებულა საკასაციო წესით საქმის განხილვის შემდეგ.

13. სსსკ-ის 265-ე მუხლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

14. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება ან შეცვლა დაუშვებელია იმ წესით, რაც დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრებისათვის მათ კანონიერ ძალაში შესვლამდე (სსსკ-ის 364-ე, 391-ე, 414-ე მუხლები). აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ სააპელაციო სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განჩინების გასაჩივრება კერძო საჩივრით დაუშვებელია, ხოლო, თუ დაინტერესებული პირი მაინც შეიტანს კერძო საჩივარს, სასამართლომ იგი განუხილველად უნდა დატოვოს.

15. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 ივლისის განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, შესაბამისად, ამ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრება დაუშვებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 420-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

16. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 374-ე, 420-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. გ-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე