Facebook Twitter

№ას-887-854-2016 6 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი განხილვის გარეშე

კასატორი - ქ. ს-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი - სამუშოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით:

- ქ. ს-ის (შემდეგში მოსარჩელის) სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

- ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდეგში მოპასუხის) 2014 წლის 1 აგვისტოს №… ბრძანება;

- მოსარჩელეს უარი ეთქვა მე-2 სკოლის დირექტორის თანამდებობაზე მოვალეობის შემსრულებლად აღდგენაზე;

- მოპასუხეს დაეკისრა მოსარჩელისათვის იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2014 წლის 1 სექტემბრიდან 2014 წლის 10 ოქტომბრამდე პერიოდისათვის, 720 ლარის (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით) გადახდა.

2. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა, ასევე, მოსარჩელემ და მოითხოვა სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

4. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინებით მოსარჩელის სააპელაციო საჩივარი ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად.

5. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 ივლისის განჩინებით მოპასუხის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

6. სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 5 ივლისის განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა მოსარჩელემ, რომელმაც მოითხოვა ამ განჩინების გაუქმება, ასევე, ამავე სასამართლოს იმ განჩინების გაუქმება, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების გასაჩივრების საპროცესო ვადის აღდგენაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

7. საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

8. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (შემდეგში სსსკ-ის) 264-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული.

9. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ, თუ იგი დაინტერესებულმა მხარემ არ გაასაჩივრა. სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა (გაგრძელება) დაუშვებელია (სსსკ-ის 369.1 მუხლი), ხოლო ვადის დარღევით საჩივრის შეტანა ვერ შეაჩერებს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლას. იმ შემთხვევაში, თუ გასაჩივრების ვადის გასვლის მიუხედავად, მხარე მაინც გაასაჩივრებს გადაწყვეტილებას სააპელაციო წესით, სააპელაციო სასამართლო საჩივარს განუხილველად დატოვებს სსსკ-ის 374-ე მუხლის საფუძველზე.

10. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მოსარჩელეს კანონით დადგენილ ვადაში არ გაუსაჩივრებია, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 18 მარტის განჩინებით. ეს განჩინება შესულია კანონიერ ძალაში, ვინაიდან, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ამ განჩინების წინააღმდეგ მოსარჩელეს კერძო საჩივარი არ შეუტანია (სსსკ-ის 414-ე მუხლი, 264.1 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი). საქმის მასალებით ირკვევა, ასევე, რომ მოსარჩელეს არც შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია (სსსკ-ის 379-ე მუხლი). აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კანონიერ ძალაშია შესული პირველი ინსტანციის სასამარლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენაზე.

11. სსსკ-ის 265-ე მუხლის მიხედვით, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსით. სსსკ-ის 421-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით კი, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით ან განჩინებით დამთავრებული საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის (422-ე მუხლი) ან ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ (423-ე მუხლი) განცხადების წანამძღვრები.

12. ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (განჩინების) გაუქმება ან შეცვლა დაუშვებელია იმ წესით, რაც დადგენილია სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონიერ ძალაში შესვლამდე (სსსკ-ის 364-ე, 391-ე, 414-ე მუხლები). აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო ან საკასაციო წესით დაუშვებელია, ხოლო, თუ დაინტერესებული პირი მაინც შეიტანს სააპელაციო ან საკასაციო საჩივარს, სასამართლომ იგი განუხილველად უნდა დატოვოს.

13. მოცემულ შემთხვევაში, როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონიერ ძალაშია შესული პირველი ინსტანციის სასამარლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მოსარჩელეს უარი ეთქვა სამუშაოზე აღდგენაზე, შესაბამისად, ამ ნაწილში გადაწყვეტილების გასაჩივრება დაუშვებელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს სსსკ-ის 399-ე, 372-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე.

14. მოსარჩელის საკასაციო საჩივრით ირკვევა, რომ იგი ასაჩივრებს, ასევე, სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინებას, რომლითაც მას უარი ეთქვა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენაზე. საკასაციო პალატა, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ საქმეში არ მოიპოვება სააპელაციო სასამართლოს განჩინება საპროცესო ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ. ამასთან, ასეთი განჩინება რომც არსებობდეს, მოსარჩელის საჩივარს ვერ ექნება წარმატების პერსპექტივა, ვინაიდან სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადის აღდგენა (გაგრძელება) დაუშვებელია (სსსკ-ის 369.1 მუხლი).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

15. საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სსსკ-ის 399-ე, 372-ე, 374-ე, 284-ე, 285-ე მუხლებით, 401-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ქ. ს-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე