Facebook Twitter

საქმე №ას-819-785-2016 10 ოქტომბერი, 2016 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე შპს „მ.“ კლინიკური საავადმყოფოს საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინებაზე, საქმეზე – ნ. ქ-ის, ნ. ჟ-იას, თ. მ-ისა და სხვათა სარჩელის გამო, შპს „მ.-ს“ მიმართ, სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს „მ.-“ კლინიკური საავადმყოფოს საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.

განსახილველ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 სექტემბრის განჩინებით შპს „მ.-ს“ საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მისი გამოსწორების ვადად განესაზღვრა 7 (შვიდი) დღე, შესაბამისად, კასატორს დაევალა:

ა) სახელმწიფო ბაჟის (ნ. ჟ-იას მიმართ წარდგენილ მოთხოვნაზე 591.77 ლარის, ნ. ქ-ის მიმართ წარდგენილ მოთხოვნაზე _ 699.97 ლარის) ჩარიცხვის ქვითრის დედნის საკასაციო სასამართლოში წარმოდგენა;

ბ) სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად საკასაციო განაცხადის დაზუსტება;

გ) ამავე კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გასაჩივრებული განჩინების ზუსტი დასახელების განსაზღვრა, რამდენადაც საქმეში არსებული საკასაციო საჩივრის მოთხოვნის შესწავლით ირკვეოდა, რომ მხარე მოითხოვდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 8 ივნისისა და 8 აპრილის გადაწყვეტილებების გაუქმებას და მოთხოვნის გრაფაში მიუთითებდა იმ პირთა სარჩელის არასწორად დაკმაყოფილებაზეც, რომელთა მიმართაც შპს „მ.ს“ მიერ წარდგენილი სააპელაციო საჩივარი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად, განუხილველად იქნა დატოვებული. საკასაციო პალატამ, ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მიღებისას, ბუნებრივია, ზემოხსენებულ ნორმებთან ერთად, გაითვალისწინა საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო მსჯელობის ფარგლები (სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა) და საკასაციო საჩივრის მოთხოვნის დაზუსტება მხარეს იმ დასაბუთებით მოსთხოვა, რომ საქმეში წარმოდგენილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 8 ივნისის განჩინებით ამავე წლის 15 ივნისს გადაიდო საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება, რომლის საკასაციო წესით დამოუკიდებლად გასაჩივრებას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს (სსსკ-ის 391.1 მუხლი), რაც შეეხება 2015 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებას, ამგვარი საქმის მასალებში არ მოიპოვება.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ საკასაციო საჩვარზე დადგენილი ხარვეზი წარმოადგენდა შინაარსობრივს და არა ტექნიკურს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად (სსსკ-ის 399-ე მუხლი) იგი გაეგზავნა კასატორის წარმომადგენელს და ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით პირადად ჩაბარდა უფლებამოსილ პირს 2016 წლის 23 სექტემბერს (რწმუნებულება იხ: ტ. II, ს.ფ. 113).

2016 წლის 28 სექტემბერს სასამართლოს მომართა შპს „მ.-ს“ წარმომადგენელმა ხ. ხ-ამ და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის - 591.77 ლარისა დ 699.97 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი, რაც შეეხება დაზუსტებულ საკასაციო განაცხადსა და დაზუსტებულ გასაჩივრებულ განჩინებას, მხარეს ისინი არ წარმოუდგენია და არც საპროცესო ვადის გაგრძელება მოუთხოვია ამ ნაწილში დადგენილი ხარვეზის გამოსასწორებლად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია საკასაციო პალატის უფლებამოსილება, იხელმძღვანელოს ქვემდგომ სასამართლოში დადგენილი სამართალწარმოების მარეგულირებელი იმ ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-9 კარით განსაზღვრული საკასაციო სამართალწარმოების თავისებურებებს. ამავე კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, კი, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის შესავსებად სააპელაციო სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხოლოდ მხარეთა თხოვნით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ კასატორს დაკისრებული საპროცესო მოქმედება ჯეროვნად არ შეუსრულებია, ამასთანავე, შუამდგომლობის არარსებობის პირობებში საკასაციო პალატაც ვერ გაუგრძელებს მას საპროცესო ვადას საკუთარი ინიციატივით, სასამართლო თვლის, რომ შპს „მ.-ს“ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული (სასამართლო პრაქტიკის თვალსაზრისით იხ. მაგ: №ას-508-485-2016დფ, 1 ივლისი, 2016 წელი).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს მთლიანად დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორს სრულად უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 374-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 399-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შპს „მ.“ კლინიკური საავადმყოფოს საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 ივნისის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.

2. კასატორ შპს „მ.“ კლინიკურ საავადმყოფოს (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ხ. ხ-ას მიერ 28.09.2016წ. N1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 591,77 ლარი და ხ.ხ-ას მიერვე 28.09.2016წ. #1 საკრედიტო საგადახდო დავალებით გადახდილი 699,97 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე