Facebook Twitter

საქმე №ას-4-4-2016 11 ივლისი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ეკატერინე გასიტაშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი _ ა. ი-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ჟ. ი-ი (მოსარჩელე)

თავდაპირველი თანამოპასუხე _ ლ. მ-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება, სამკვიდრო მოწმობისა და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა, მესაკუთრედ აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ჟ. ი-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ა. ბ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, აპელანტი ან მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ი-ისა (შემდგომში _ მოპასუხე, კასატორი) და ლ. მ-ის (შემდგომში _ თავდაპირველი თანამოპასუხე ან დასაჩუქრებული) მიმართ და მოითხოვა:

ა) 2010 წლის 7 აგვისტოს გარდაცვლილი ვ. ი-ისა და 2011 წლის 11 ივლისს გარდაცვლილი ლ. ა-ის სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელება;

ბ) ვ. ი-ის დანაშთი სამკვიდროს _ ქ.თბილისში, რ-ის გზატკეცილის „ვ“ კორპუსში მდებარე #53 ბინის (ს/კ# 01.18.12.003.001...) 1/3-ის მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარება და შესაბამის ნაწილში 2012 წლის 8 თებერვალს ა. ი-ის სახელზე გაცემული #120112656 სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა;

გ) ლ. ა.--ის დანაშთი სამკვიდრო ქონების _ ქ.თბილისში, რ-ის გზატკეცილის „ვ“ კორპუსში მდებარე #53 ბინის (ს/კ# 01.18.12.003.001....) 1/3-დან 1/2 წილზე მემკვიდრედ და მესაკუთრედ აღიარება და შესაბამის ნაწილში 2012 წლის 8 თებერვალს ა. ი-ის სახელზე გაცემული #120112577 სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა;

დ) ზემოხსენებულ უძრავ ქონებაზე 2013 წლის 5 თებერვალს ა. ი-სა და ლ. მ-ეს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების მოსარჩელის სამკვიდრო წილის შესაბამის ნაწილში ბათილად ცნობა.

1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელე აწ გარდაცვლილი ვ. ი-ის პირველი რიგის მემკვიდრეა (შვილი), ამავდროულად იგი აწ გარდაცვლილი ლ. ა-ის შვილიშვილია. უძრავი ქონება წარმოადგენდა ა. ი-ის, ლ. ა.--ისა და ვ. ი-ის საერთო საკუთრებას თანაბარი წილის უფლებით. მამკვიდრებლების გარდაცვალებისა და სამკვიდროს გახსნის დროისათვის მოსარჩელე ცხოვრობდა დედასთან, რომელმაც, როგორც მემკვიდრის კანონიერმა წარმომადგენელმა, 2012 წლის 12 მარტს ნოტარიუსს მიმართა საკუთარი შვილის სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, რაზეც მიიღო უარი. სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უარის შესახებ დადგენილებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ სამკვიდრო მოწმობები გაცემული იყო მოპასუხე ა. ი-ის სახელზე, რომელმაც დამალა რა სხვა მემკვიდრის არსებობა, არამართლზომიერად მიიღო საკუთრებაში მამკვიდრებელთა დანაშთი ქონება. სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელებას საფუძვლად უნდა დაედოს ის საპატიო მიზეზები, რომ მამკვიდრებელთა გარდაცვალების, ასევე, სამკვიდროს მიღების ექვსთვიანი ვადის არსებობის შესახებ მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლისათვის არ იყო ცნობილი, გარდა ამისა, გასათვალისწინებელია, რომ მოსარჩელე არის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვი, საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას, მისი დედა ზრდიდა სამ არასრულწლოვან შვილს, დასაქმებული იყო დასუფთავების სამსახურში და მეთვალყურეობდა მეუღლეს, რომელსაც, მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ესაჭიროებოდა მკურნალობა. მოვალეობათა კოლიზიაში მყოფმა კანონიერმა წარმომადგენელმა კი, არჩია ოჯახის წევრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა. მან ასევე მიმართა სასამართლოს სამკვიდროდან წილის არასრულწლოვანი შვილისათვის მიკუთვნების მოთხოვნით, თუმცა, სარჩელი იმ დასაბუთებით არ დაკმაყოფილდა, რომ გასული იყო სამკვიდროს მიღების კანონით გათვალისწინებული ვადა. 2013 წელს მოპასუხეებს შორის დაიდო ჩუქების ხელშეკრულება, რის შედეგადაც სადავო უძრავი ქონება საკუთრების უფლებით აღირიცხა დასაჩუქრებული მოპასუხის სახელზე. ჩუქების ხელშეკრულება მოჩვენებითია, ვინაიდან მას რაიმე იურიდიული შედეგი არ მოჰყოლია.

2. მოპასუხეების პოზიცია:

მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ ა. ი-მა ძმის _ ვ. ი-ისა და დედის _ ლ. ა-ის დანაშთი ქონება მიიღო კანონით დადგენილი წესით და სამკვიდრო მოწმობა აიღო სამკვიდროს გახსნიდან ექვსი თვის გასვლის შემდგომ. მოსარჩელის კანონიერ წარმომადგენელს სრული შესაძლებლობა ჰქონდა სანოტარო ორგანოსათვის მიმართვის გზით მიეღო სამკვიდრო, ამასთანავე, მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებს, რომ არსებობს სამკვიდროს მიღების ვადის გაგრძელების საპატიო მიზეზი. გარდა აღნიშნულისა, მოპასუხეებს შორის 2013 წლის 5 თებერვალს დადგენილი ჩუქების ხელშეკრულება კანონიერია, უძრავი ქონება დასაჩუქრებულს კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით გადაეცა საკუთრებაში, რადგანაც იგი მხარეთა შორის არსებული დავის დასრულების შემდეგაა გაფორმებული, ამასთან, ა. ი-ს აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები და სურდა მეუღლისთვის გადაეცა საკუთრებაში უძრავი ქონება.

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

4. აპელანტის მოთხოვნა:

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.

5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სარჩელი დაკმაყოფილდა: მოსარჩელეს გაუგრძელდა 2010 წლის 7 აგვისტოს გარდაცვლილ ვ. ი-ის სამკვიდროს მიღების ვადა; ბათილად იქნა ცნობილი ვ. ი-ის დანაშთ ქონებაზე _ ქთბილისში, რ-ის გზატკეცილის „ვ“ კორპუსში მდებარე #53 ბინის (საკადასტრო კოდი N01.18.12.003.001....) 1/3 ნაწილზე ა. ი-ის სახელზე 2012 წლის 8 თებერვალს გაცემული #120112656 სამკვიდრო მოწმობა; მოსარჩელეს ასევე გაუგრძელდა 2011 წლის 11 ივნისს გარდაცვლილი ლ. ა-ის სამკვიდროს მიღების ვადა; ბათილად იქნა ცნობილი ლ. ა-ის დანაშთ ქონებაზე _ ქთბილისში, რ-ის გზატკეცილის „ვ“ კორპუსში მდებარე #53 ბინის (საკადასტრო კოდი N01.18.12.003.001. .....) 1/3 წილის 1/2 ნაწილზე, სულ _ 1/6 წილზე ა. ი-ის სახელზე 2012 წლის 8 თებერვალს გაცემული #120112577 სამკვიდრო მოწმობა; 1/2 ნაწილში ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისში, რ-ის გზატკეცილის „ვ“ კორპუსში მდებარე #53 ბინაზე 2013 წლის 5 თებერვალს მოპასუხეებს შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულება და მოსარჩელე ცნობილ იქნა აღნიშნული უძრავი ქონების 1/2-ის მესაკუთრედ.

6. კასატორის მოთხოვნა:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ა. ი-მა, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. საკასაციო საჩივარი, ასევე საკასაციო სასამართლოს 11.02.2016წ. განჩინება დასაჩუქრებულის პრეტენზიის ნაწილში საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ კასატორის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:

1.1. საკასაციო სასამართლოს შეფასების საგანს არასრულწლოვანი მემკვიდრისათვის სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის, მის წილ სამკვიდროზე გაცემული უფლების დამდგენი დოკუმენტისა (სამკვიდრო მოწმობა) და ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის კანონიერება წარმოადგენს.

1.2. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1.2.1. მოსარჩელე მამკვიდრებელ ვ. ი-ის შვილია და იგი შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე არასრულწლოვანია;

1.2.2. 2010 წლის 7 აგვისტოს გარდაიცვალა მამკვიდრებელი ვ. ი-ი, რომელსაც ორი პირველი რიგის მემკვიდრე: დედა - ლ. ა-ი და შვილი - ჟ. ი-ი დარჩნენ;

1.2.3. გარდაცვლილი მამკვიდრებლის დანაშთს წარმოადგენდა ქ.თბილისში, რ-ის გზატკეცილზე „ვ“ კორპუსში მდებარე #53-ე ბინის 1/3 წილი;

1.2.4. 2012 წლის 12 მარტის სანოტარო მოქმედების შესრულებაზე უარის თქმის შესახებ დადგენილების თანახმად, ვ. ი-ის კუთვნილი ქონება პირველი რიგის მემკვიდრეებს: ლ. ა-სა (დედა) და ჟ. ი-ს (შვილი) არ მიუღიათ, არამედ, 2012 წლის 8 თებერვალს #120112656 სამკვიდრო მოწმობის თანახმად, იგი მეორე რიგის მემკვიდრემ - ა. ი-მა მიიღო;

1.2.5. 2011 წლის 11 ივნისს გარდაიცვალა ვ. ი-ის დედა - ლ. ა.--ი;

1.2.6. მამკვიდრებელ ლ.ა.--ის სამკვიდრო მასაში შედიოდა ქ.თბილისში, რ-ის გზატკეცილზე „ვ“ კორპუსში მდებარე #53-ე ბინის 1/3;

1.2.7. ლ. ა-ს დარჩა ორი პირველი რიგის მემკვიდრე: ვ. ი-ის შვილი - ჟ. ი-ი (მემკვიდრე წარმომადგენლობის უფლებით) და ა. ი-ი (შვილი);

1.2.8. ლ. ა-ის სამკვიდრო მასაში შემავალი ქონება (ბინის 1/3) 2012 წლის 8 თებერვლის #120112577 სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე, მთლიანად ა. ი-მა მიიღო;

1.2.9. 2012 წლის 14 თებერვალს ა. ი-ი ქ.თბილისში, რ-ის გზატკეცილზე „ვ“ კორპუსში მდებარე #53 ბინის მესაკუთრედ აღირიცხა. საკუთრების უფლების რეგისტრაციას საფუძვლად დაედო 2012 წლის 8 თებერვალს გაცემული #120112577 და #120112656 სამკვიდრო მოწმობები;

1.2.10. მოსარჩელის კანონიერმა წარმომადგენელმა, დედამ - ა. მ-მა (ბ-ემ) 2012 წლის 12 მარტს განცხადებით მიმართა სანოტარო ბიუროს 2010 წლის 7 აგვისტოს გარდაცვლილი ვ. ი-ისა და 2011 წელს გარდაცვლილი ლ. ა-ის სამკვიდროს მიღების თაობაზე. ნოტარიუსის 2012 წლის 12 მარტის დადგენილებით ა. მ-ს, სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე სამკვიდრო მოწმობის მისაღებად კანონით დადგენილი ვადის გაშვების გამო, უარი ეთქვა;

1.2.11. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით არასრულწლოვანი ჟ. ი-ის კანონიერი წარმომადგენლის სარჩელი ა. ი-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენდა ჟ. ი-ისათვის აწ გარდაცვლილი ვ. ი-ის დანაშთი უძრავი ქონების, ასევე ლ. ა-ის სამკვიდროდან 1/2-ის მიკუთვნება, და ამ ნაწილში ა. ი-ის სასარგებლოდ 2012 წლის 8 თებერვალს გაცემული სამკვიდრო მოწმობების ბათილად ცნობა;

1.2.12. 2013 წლის 5 თებერვალს ა. ი-სა და ლ. მ-ეს შორის გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ქ.თბილისში, რ-ის გზატკეცილის „ვ“ კორპუსში მდებარე #53 ბინა, ამავე წლის 7 თებერვალს აღირიცხა დასაჩუქრებულის საკუთრებად.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება (სსსკ-ის 393-ე მუხლი).

1.4. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს სამკვიდროს მიღების ვადის საპატიოდ გაშვების, მემკვიდრისათვის წილის მიკუთვნებისა და ამ წილის პროპორციულად გაცემული სამკვიდრო მოწმობების, ასევე, ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის თაობაზე იმ დასაბუთებით, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება, ერთი მხრივ, განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკისაგან, რომლის თანახმადაც, სამკვიდროს მიღების ვადის საპატიოდ დარღვევის ფაქტი არა მხოლოდ სამკვიდროს მიღების ვადის განმავლობაში უნდა შეფასდეს, არამედ, იმ ვადის საპატიოობაც უნდა შემოწმდეს, რომლითაც მემკვიდრემ გადააცილა ამ მოქმედებათა განხორციელების ვადას, ხოლო, მეორე მხრივ, კასატორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საერთაშორისო კანონმდებლობის ზოგადი ინტერპრეტაციის საფუძველზე არასწორად განმარტა მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების მარეგულირებელი ნორმები და არასწორად გააბათილა გარიგებები.

1.5. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის ძირითად არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად აღუდგინა მემკვიდრეს სამკვიდროს მიღების ვადა. პალატის მოსაზრებით, საკითხის სწორი შეფასებისათვის მნიშვნელოვანია, უპირატესად ყურადღება გამახვილდეს იმ გარემოებაზე, რომ მემკვიდრე, რომელიც სამკვიდროს მიღების ვადის საპატიოდ მიჩნევას მოითხოვს, წარმოადგენს არასრულწლოვანს, რომელსაც დადგენილი აქვს შესაძლებლობის შეზღუდვა. სააპელაციო პალატამ „ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის, ასევე, სხვა საერთაშორისო აქტებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული გადაწყვეტილებების მოშველიებით დაასაბუთა არასრულწლოვნის ქონებრივი უფლებების დაცვის აუცილებლობა მისი საუკეთესო ინტერესების ჭრილში, რასაც სავსებით იზიარებს საკასაციო პალატა, თუმცა, უმთავრესად, ყურადღებას გაამახვილებს განსახილველი სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმასა და მის ფაქტობრივ შემადგენლობაზე:

1.5.1. სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, თუ ვადის გადაცილების მიზეზები საპატიოდ იქნება მიჩნეული. დასახელებული ნორმა წარმოადგენს საგამონაკლისო შემთხვევას და მისი გამოყენება დასაშვებია მაშინ, როდესაც უალტერნატივოდ დგინდება გარემოება იმის თაობაზე, რომ მემკვიდრემ სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით დადგენილ ვადაში ვერ შეძლო კანონით გათვალისწინებული იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედების განხორციელება _ ნების ცალმხრივად გამოხატვა, რაც მოწმობს მის მზაობასა და სურვილს, საკუთრებად მიიჩნიოს/მიიღოს გარდაცვლილი პირის დანაშთი ქონება (სკ-ის 1421-ე მუხლი).

1.5.2. საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება კასატორის პოზიციას დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის გამოყენების თაობაზე და ბუნებრივია, იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის განმარტებას, გადმოცემულს 2011 წლის 7 ივლისის #ას-177-167-2011 განჩინებაში, რომლის ანალიზზეც ქვემოთ შევჩერდებით. ამჯერად პალატა ყურადღებას საქმის მასალებით დადგენილ იმ გარემოებაზე გაამახვილებს, რაც რეალურად დაედო საფუძვლად მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

1.5.3. წარმოდგენილი მტკიცებულებებით, როგორც აღინიშნა, დადგენილია, რომ მემკვიდრე არასრულწლოვანი, ამასთანავე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირია. საქმეში მოიპოვება სამედიცინო ცნობა იმის თაობაზე, რომ მოსარჩელე საჭიროებს მუდმივ მოვლას, დასკვნის სახით კი, მითითებულია, რომ ჟ.ი-ი მუდმივი დახმარების საჭიროების მქონე პირია. მართალია, ეს დოკუმენტი ვადიანია, თუმცა, მორიგი გადამოწმების თარიღი 2016 წლის 2 მარტითაა განსაზღვრული, ხოლო სხვა რაიმე მტკიცებულება, რომელიც არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას დაადასტურებდა, საქმეში არ მოიპოვება. ამ გარემოების შეფასების შედეგად საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს არც კანონით დადგენილ ვადაში და არც სრულწლოვანების მიღწევისას დამოუკიდებლად არ ექნება შესაძლებლობა, მიიღოს სამკვიდრო, უფრო მეტიც, სამოქალაქო კოდექსის 1422-ე მუხლი ადგენს ქმედუუნარო და შეზღუდულქმედუნარიანი პირის მიერ სამკვიდროს კანონიერი წარმომადგენლის მეშვეობით მიღების წესს. მითითებული ნორმა, განსახილველი საქმის თავისებურების გათვალისწინებით, უნდა განიმარტოს ამავე კოდექსის 1198-ე მუხლთან მჭიდრო კავშირში, რომლის მე-4 ნაწილით იმპერატიულადაა განსაზღვრული მშობლების (მშობლის), როგორც კანონიერი წარმომადგენლების ვალდებულება, დაიცვან თავიანთი არასრულწლოვანი შვილების უფლებები და ინტერესები, რაც მოიცავს შვილების ქონების მართვასა და გამოყენებას. მოხმობილი ნორმების ერთობლივი შეფასების შედეგად საკასაციო პალატა მიდის დასკვნამდე, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსარჩელის კანონიერი წარმომადგენლის მიერ სამკვიდროს ვადის გაშვებას არასაპატიოდ მივიჩნევდით, მაინც იარსებებდა მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგანაც არასრულწლოვანი, მით უფრო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე, საკუთარი უფლებების დაცვას ვერ შეძლებდა იმ შემთხვევაში, თუ კანონიერი წარმომადგენელი დაარღვევდა მისი ქონებისადმი გულისხმიერების ვალდებულებას (იხ. წინამდებარე განჩინების სამოტივაციო ნაწილის 1.5.4. პუნქტი). ამდენად, სააპელაციო სასამართლომ სავსებით სწორად განმარტა „ბავშვის საუკეთესო ინტერესების“ ცნება და სწორად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შეპირისპირებულ სიკეთეთა შორის, როგორიცაა მოპასუხე ა.ი-ის მიერ სამკვიდროს დადგენილ ვადაში მიღება და არასრულწლოვნის საუკეთესო ინტრესები, რომელიც, მათ შორის, მოიცავს ქონებრივი უფლებების დაცვის აუცილებლობას, უპირატესობა უნდა მიენიჭოს ამ უკანასკნელს.

1.5.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული მემკვიდრეობისა და საკუთრების უფლება, ისევე, როგორც სხვა უფლებები არ არის აბსოლუტური და ამავე ნორმის მე-2 პუნქტით ამ უფლებაში ჩარევა დაშვებულია კანონით პირდაპირ გათვალისწინებული ლეგიტიმური საფუძვლით. მემკვიდრეობის გზით ქონების მიღებისა და საკუთრების მოპოვების სპეციალურ წესს განსაზღვრავს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლი, კერძოდ პირი, რომელიც კანონით დადგენილ მოთხოვნებს შეასრულებს, ხდება ქონების სრულუფლებიანი მესაკუთრე სამკვიდროს გახსნის მომენტიდან (სკ-ის 1451-ე მუხლი), თუმცა, განსახილველი მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა (იხ. წინამდებარე განჩნების სამოტივაციო ნაწილის 1.5.1. პუნქტი) წარმოადგენს საკუთრების უფლებაში ჩარევის იმ საკანონმდებლო გამონაკლისის კერძო შემთხვევას, როდესაც მესაკუთრეს, როგორც მემკვიდრეს, შეიძლება ჩამოერთვას საკუთრება. საკასაციო პალატა აქვე მიმოიხილავს სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის შესახებ დამკვიდრებულ ერთგვაროვან პრაქტიკას, რომლის თანახმადაც, სამკვიდროს მიღების კანონით გათვალისწინებული ვადის გადაცილების მიზეზის საპატიოობა გულისხმობს იმ ვადის საპატიობის შეფასებას, რითაც გადაცილებულია სამკვიდროს მიღებისათვის კანონით გათვალისწინებული ვადა. აღნიშნული მოსაზრება გამომდინარეობს თვითონ ტერმინის „ვადაგადაცილების“ განმარტებიდან. მითითებული ტერმინი გულისხმობს არა რაიმე ვადაში, არამედ ამ ვადის გასვლის შემდგომ პერიოდშიც არსებულ მდგომარეობას. ანუ ეს ეხება არა მხოლოდ სამკვიდროს მისაღებად დადგენილ ექვს თვეს, არამედ იმ პერიოდსაც ვიდრე მხარემ მიმართა სათანადო ორგანოებს სამკვიდროს მიღების მოთხოვნით. იმის დასადგენად, გადააცილა თუ არა საპატიო მიზეზით მხარემ კანონით დადგენილ ვადას, უნდა შეფასდეს არა მხოლოდ სამკვიდროს მისაღებად დადგენილ დროში სანოტარო ორგანოსთვის მიმართვის ან ქონების დაუფლების შეუძლებლობის ფაქტი, არამედ იმ ვადის საპატიოობაც, რომლითაც მან გადააცილა ამ მოქმედებათა განხორციელების ვადას (იხ. სუსგ №ას-177-167-2011, 7 ივლისი, 2011 წელი). სამართლის ზოგადი პრინციპებიდან გამომდინარე, სამკვიდროს მიღების ვადის გაშვების საპატიოობის ორი მნიშვნელოვანი საფუძველი უნდა განისაზღვროს: 1. თუ მემკვიდრემ არ იცოდა და არც შეიძლება სცოდნოდა სამკვიდროს გახსნის თაობაზე; 2. თუ მემკვიდრემ ვადა რაიმე საპატიო საფუძვლით გაუშვა და მან სასამართლოს ვადის აღდგენის თაობაზე აღნიშნული საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ მიმართა. ვადის გაშვების საპატიოობაზე მსჯელობისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს კანონიერი წარმომადგენლის დამოკიდებულება არასრულწლოვანთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვის მიმართ. კანონიერი წარმომადგენლის მიერ საკუთარი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება ან უფლებამოსილების უკანონო გამოყენება შეიძლება გახდეს არასრულწლოვანის მიერ გაშვებული სამკვიდროს მიღების ვადის აღდგენის საფუძველი (იხ. სუსგ №ას-386-737-07, 10 დეკემბერი, 2007 წელი). ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ მემკვიდრის მიერ სამკვიდროს მიღების ვადის გადაცილება საპატიოდ მიიჩნია, როგორც მისი არასრულწლოვანების, ისე სრულწლოვანების მიღწევიდან სასამართლოსადმი მიმართვამდე, როდესაც მოსარჩელემ შეძლო და დაამტკიცა, როგორც მატერიალური სახსრების უქონლობა სარჩელის აღძვრის დროისათვის, ისე _ საომარი მოქმედების არსებობა საქართველოში. საკასაციო პალატის განმარტებით, მემკვიდრეს სამკვიდროს გახსნის მომენტიდან ექვსი თვის ვადაში საპატიო მიზეზების _ არასრულწლოვანებისა და სათანადო წარმომადგენლის არარსებობის გამო, არ შეეძლო სამკვიდროს მიღება და ასეთივე სამკვიდროს მიღების ხელშემშლელი საპატიო გარემოებები არსებობდა მისი სრულწლოვანების ასაკის მიღწევის შემდეგაც. ამავე საქმეში საკასაციო სასამართლომ მხედველობაში ის გარემოებაც მიიღო, რომ მემკვიდრემ, რომელმაც სამკვიდრო მიიღო, იცოდა სხვა მემკვიდრის არსებობის შესახებ, რის შესახებაც არ უცნობებია ნოტარიუსისათვის. ამგვარი ქმედება კი, წარმოადგენდა კერძო სამართლის სუბიექტის სამოქალაქო კოდექსის მე-8, ასევე, 1310-ე, 1427-ე, 1478-ე, 1497-ე და მემკვიდრეობითი სამართლის სხვა ნორმებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევას (იხ. სუსგ №ას-1224-1076-2010, 12 აპრილი, 2011 წელი).

1.5.5. მოხმობილი სასამართლო პრაქტიკის ზოგადი ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნას კანონისმიერი ვადის დარღვევის საპატიოობის თაობაზე, რამდენადაც მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოსარჩელე წინამდებარე დავის წარმოების დროისათვის კვლავ არ არის სრულწლოვანი, ამასთან, აქვს ჯანმრთელობის საკმაოდ რთული მდგომარეობა, რაც სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია, ამასთან, საკასაციო პალატა საკუთარ შინაგან რწმენას დამატებით ამყარებს მოსარჩელის (კანონიერი წარმომადგენლის) მტკიცებაზე, რომლის თანახმადაც, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა, დროულად განეხორციელებინა სამკვიდროს მიღებისათვის კანონით დადგენილი იურიდიული მოქმედებანი, რადგანაც მას სამი არასრულწლოვანი შვილი ჰყავდა აღსაზრდელი, რაც დადასტურებულია საქმეში წარმოდგენილი თ. და ზ. ბ-ების დაბადების მოწმობებით, ამასთანავე, მოსარჩელის დედა, დასუფთავების სამსახურის ცნობის თანახმად, დასაქმებული იყო, ხოლო საქმეში წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ფორმა #100/ა) თანახმად, ა. ბ-ის მეუღლე თ. ბ-ე (იხ. ქორწინების მოწმობა) 2011 წლის 24 სექტემბერს მოთავსდა სტაციონარში და გაეწერა ამავე წლის 28 სექტემბერს, საავადმყოფოში მისი მოთავსების საფუძვლად მითითებულია ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ტრავმა. სტაციონარიდან გაწერისას პაციენტს მიეცა შემდეგი სამკურნალო და შრომითი რეკომენდაცია: კონსერვატიული მკურნალობა ჩონჩხოვანი დაჭიმვით ექვსი კვირის განმავლობაში, შემდგომი რეაბილიტაცია ტრავმატოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ. მართალია, მოპასუხე მხარე არ ეთანხმება სარჩელში მითითებულ გარემოებას, იმის თაობაზე, რომ ა.ბ-ე მეთვალყურეობდა მეუღლეს, თუმცა, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის, ასევე, სხვა ზემოხსენებული გარემოებების საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შეფასებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გაზიარებულ უნდა იქნას მოსარჩელის პოზიცია იმის თაობაზე, რომ ლ. ა-ის სამკვიდროს მიღების ვადის ამოწურვის დროისათვის და შემდგომი პეირიოდისათვის მას არ ჰქონდა ობიექტური შესაძლებლობა, ფაქტობრივად დაუფლებოდა სამკვიდროს ან მიემართა ნოტარუსისათვის. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ ქვემდგომმა სასამართლომ მემკვიდრის არასრულწლოვანების, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კანონიერი წარმომადგენლის მიერ მითითებული ზემოხსენებული ფაქტების გათვალისწინებით, საპატიო მიზეზის არსებობის მოტივით, მართებულად აღუდგინა მოსარჩელეს სამკვიდროს მიღების ვადა და სამოქალაქო კოდექსის 1426-ე მუხლის საფუძველზე სწორად მიაკუთვნა მთელი უძრავი ქონების 1/2 ნაწილი (ვ. ი-ის სამკვიდრო შეადგენდა სადავო უძრავი ქონების 1/3-ს. ასევე 1/3 ნაწილს შეადგენდა ლ. ა-ის სამკვიდრო თანაზიარი საკუთრებიდან, საიდანაც მოსარჩელეს, როგორც პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს ეკუთვნოდა 1/2, ანუ მთელი ქონების 1/6. ჟ. ი-ის სამკვიდრო წილების ჯამი კი, მთელი ქონების 1/2-ს ქმნის).

1.6. საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად ცნო ბათილად მამკვიდრებელ ვ. ი-ის დანაშთი ქონების თაობაზე ა. ი-ის სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობა სრულად, ხოლო ლ. ა-ის სამკვიდროს თაობაზე _ 1/2 ნაწილში. აღნიშნული საკითხის შეფასებისას სასამართლო მხედველობაში იღებს უდავო გარემოებას იმის შესახებ, რომ ვ. ი-ის სამკვიდრო მისი პირველი რიგის მემკვიდრეებს: მოსარჩელესა და აწ გარდაცვლილ ლ. ა-ს არ მიუღიათ, მოსარჩელეს, როგორც წარმომადგენლობის უფლებით პირველი რიგის მემკვიდრეს არც ბებიის სამკვიდრო მიუღია დადგენილ ვადაში. ამ შემთხვევაში, საკასაციო პალატა იზიარებს ქვემდგომი სასამართლოს შეფასებას, რომ კასატორს, როგორც მეორე რიგის მემკვიდრეს, სამოქალაქო კოდექსის 1337-ე მუხლის ძალით უფლება არ ჰქონდა, მიეღო ძმის სამკვიდრო, ვინაიდან არსებობდა მისი პირველი რიგის კანონით მემკვიდრე, რაც შეეხება ლ. ა-ის სამკვიდროს, ამავე კოდექსის 1336-ე მუხლის შესაბამისად, პირველი რიგის მემკვიდრეთა წილი სამკვიდროდან სწორად განისაზღვრა თანაბრობის პრინციპის დაცვით, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საფუძველზე, მართებულად ჩათვალა სამკვიდრო მოწმობები ბათილად მოსარჩელის წილის პროპორციულად, რის თაობაზეც კასატორს დასაშვები შედავება არ წარმოუდგენია.

1.7. ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა ამ ხელშეკრულების 1/2 ნაწილში სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შემადგენლობის არსებობა, რამეთუ გარიგების დადების მიზანს მოპასუხის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდება წარმოადგენდა. საკასაციო საჩივრის შესწავლით არ ირკვევა სააპელაციო სასამართლოს ამ მსჯელობის წინააღმდეგ დასაბუთებული პრეტენზიის არსებობის ფაქტი, უფრო მეტიც, საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 11 თებერვლის განჩინებით, დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო, ლ. მ-ის მოთხოვნის ნაწილში საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ა. ი-ს, როგორც ქონების გამჩუქებელს აღიარებითი სარჩელის ნაწილში არ შეიძლება გააჩნდეს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ნამდვილი იურიდიული ინტერესი _ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც კი, კასატორის ქონებრივი უფლების აღდგენა ვერ განხორციელდება.

1.7.1. უდავოა, რომ ქ.თბილისში, რ-ის გზატკეცილზე „ვ“ კორპუსში მდებარე #53 ბინა 2013 წლის 5 თებერვალს ა.ი-მა ჩუქების გზით გადასცა მეუღლეს საკუთრებაში. ეს გარიგება, სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის მიხედვით, წარმოადგენს უსასყიდლო ხელშეკრულებას, საიდანაც 1/2-ის ბათილი განკარგვის ფაქტი იქნა დადგენილი. საკასაციო სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 989-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმადაც, თუ 976-ე და 988-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიმღები, რომელიც მოვალეა დააბრუნოს მიღებული, უსასყიდლოდ გადასცემს მას მესამე პირს, მაშინ მესამე პირი ასევე მოვალეა დააბრუნოს მიღებული ისე, თითქოს მას კრედიტორისაგან კანონიერი საფუძვლის გარეშე მიეღოს რაიმე, თუკი მიმღებისაგან დაკმაყოფილება შეუძლებელია.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა ეთანხმება გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეფასებებსა და დასკვნებს სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე და თვლის, რომ კასატორს არ მიუთითებია იმგვარ ფაქტებსა და გარემოებებზე, რაც ამ გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გახდებოდა (სსსკ-ის 393-ე-394-ე მუხლები). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

2. სასამართლო ხარჯები:

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „მ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. ი-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად.

3. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ე. გასიტაშვილი

ნ. ბაქაქური