Facebook Twitter

საქმე №ას-883-850-2016 17 ოქტომბერი, 2016 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი.მ. მ. რ. მ.-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „დ.-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ივნისის განჩინება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

შპს „დ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე ი.მ. მ. რ. მ.-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 9 ნოემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით შპს „დ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა და ი.მ. მ. რ. მ.-ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 15000 აშშ დოლარისა და 16359 ლარის გადახდა.

დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა ი.მ. მ. რ. მ.-მა და მოითხოვა მისი გაქმება.

სენაკის რაიონული სასამართლოს 2016 წლის 29 თებერვლის განჩინებით ი.მ. მ. რ. მ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება და განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი.მ. მ. რ. მ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 17 ივნისის განჩინებით ი.მ. მ. რ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ი.მ. მ. რ. მ.-მა და მოითხოვა მისი გაუქმება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.

2016 წლის 4 ოქტომბერს ი.მ. მ. რ. მ.-ის წარმომადგენელმა ე. პ.-ემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით.

საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ი.მ. მ. რ. მ.-ის წარმომადგენელ ე. პ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 3 დღით.

2016 წლის 13 ოქტომბერს ი.მ. მ. რ. მ.-ის წარმომადგენელმა ე. პ.-ემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 10 დღით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ი.მ. მ. რ. მ.-ის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.

დასახელებული ნორმის თანახმად, საკასაციო საჩივარში ხარვეზის არსებობის შემთხვევაში, სასამართლო დაუდგენს მხარეს იმ საპროცესო მოქმედებას რომელიც ამ ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო და განუსაზღვრავს ვადას აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად. სასამართლოს მიერ დადგენილი საპროცესო მოქმედების შესრულება სავალდებულო ხასიათისაა, წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიმართ გამოყენებული იქნება ამავე ნორმის ბოლო ნაწილით გათვალისწინებული ეგრეთ წოდებული პროცესუალური სანქცია – საკასაციო საჩივარი განუხილველად იქნება დატოვებული, ამასთან სასამართლოს მიერ დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობაში ასევე იგულისხმება მისი არასრული და ნაწილობრივი შესრულებაც.

მოცემულ შემთხვევაში საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 28 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა. კერძო საჩივრის ავტორს, მისი შუამდგომლობის საფუძველზე, საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით, გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 3 დღით მაგრამ მან არ შეავსო ხარვეზი.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის დანაწესი, რომ სასამართლომ შეიძლება საპროცესო ვადა გააგრძელოს მხარის თხოვნით ან საკუთარი ინიციატივით, დისპოზიციურია და სასამართლო ამ საკითხის გადაწყვეტისას ხელმძღვანელობს საპროცესო ვადის გაგრძელების მსურველი მხარის მიერ შუამდგომლობაში მითითებული მიზეზის დასაბუთების სარწმუნოობითა და საფუძვლიანობით.

საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობის პრინციპის დაცვით (სსსკ მუხლი 5), რა დროსაც თანაბრად უნდა იყოს გათვალისწინებული დავის ორივე მხარეს მყოფი სუბიექტების ინტერესები, სწორედ ამ მიზნითაა დაწესებული საქმის განხილვის ვადები, რათა მართლმსაჯულების განხორციელების გაჭიანურებით არ შეილახოს იმ მოდავე პირის უფლებები, რომელიც მათ სასამართლო წესით დაცვას მოითხოვს.

მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორს მიეცა გონივრული ვადა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის, რაც მან არ განახორციელა. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორს კერძო საჩივარზე დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორი შუამდგომლობას ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე 10 დღით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი.მ. მ. რ. მ.-ის წარმომადგენელ ე. პ.-ის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

2. ი.მ. მ. რ. მ.-ის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი