საქმე №ას-888-855-2016 17 ოქტომბერი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „S.-“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის განჩინება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
შპს „ს.-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე შპს „S.--ს“ მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ს.-ას“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „S.--ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 78300 ლარის – ძირი თანხის – 60000 ლარის და პირგასამტეხლოს – 18300 ლარის გადახდა. შპს „ს.-ას“ სარჩელი პირგასამხტელოს სახით 18300 ლარის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „S.--მ“ და მოითხოვა მისი გაუქმება 15000 ლარის დაკისრების ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „S.--ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის გადაწყვეტილება შპს „S.--სათვის“ შპს „სან პეტროლ;იუმ ჯორჯიას“ სასარგებლოდ 78300 ლარიდან 13176 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში. შპს „ს.-ას“ სარჩელი შპს „S.--სათვის“ 13176 ლარის დაკისრების ნაწილში დაკმაყოფილდა. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „S.--მ“, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 29 თებერვლის განჩინებით შპს „S.--ს“ საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
2016 წლის 1 ივლისს შპს „ს.-ას“ წარმომადგენელმა ბექა კელენჯერიძემ განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების განმარტება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის განჩინებით შპს „ს.-ას“ 2016 წლის 30 ივნისის განცხადება დაკმაყოფილდა. განიმარტა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება (სარეზოლუციო ნაწილის მე-2, მე-4, მე-5 პუნქტები) შემდეგნაირად:
2.1. შპს „S.--ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: შპს „S.--სათვის“ პირგასამტეხლოს სახით 18300 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;
2.2. შპს „ს.-ას“ სარჩელი პირგასამტეხლოს გადახდევინების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „S.--ს“ შპს „ს.-ას“ სასარგებლოდ დაეკისრა 5124 ლარის გადახდა;
2.3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილება შპს „S.--სათვის“ 60000 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „S.--მ“, მოითხოვა მისი გაუქმება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში გადახდილი სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
აღნიშნული განჩინება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, შპს „S.--ს“ წარმომადგენელ მ. ა.-ს ჩაბარდა 2016 წლის 30 სექტემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადის განმავლობაში არც კერძო საჩივრის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „S.--ს“ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია სასამართლო შეტყობინება მხარეს ჩააბაროს აგრეთვე ტელეფონის საშუალებით. აღნიშნული ტიპის შეტყობინების ნამდვილობისათვის კანონმდებელი მოითხოვს, რომ საქმეში წარმოდგენილი იყოს სასამართლოს შესაბამისი მოხელის მიერ შედგენილი აქტი სატელეფონო შეტყობინების მხარისათვის ჩაბარების თაობაზე (სსკ-ის 73.2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი). ამავე კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილი კი ადგენს, რომ სასამართლო დამოუკიდებლად წყვეტს ადრესატს შეტყობინება რა ფორმით ჩააბაროს.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორის წარმომადგენელ მ. ა.-ს ხარვეზის შევსების შესახებ საკასაციო სასამართლოს 2016 წლის 30 სექტემბრის განჩინების საფუძვლები და სარეზოლუციო ნაწილი ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით 2016 წლის 30 სექტემბერს, საქმეში მის მიერ მითითებულ ტელეფონის ნომერზე (იხ. სატელეფონო შეტყობინების აქტი, ს.ფ.266). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ წარმომადგენლისათვის სასამართლო შეტყობინების ჩაბარება ნიშნავს მხარისათვის ჩაბარებას, რაც საპროცესო ვადის ასათვლელად საკმარისი საფუძველია. ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ხუთდღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 1 ოქტომბრს და ამოიწურა ამავე წლის 5 ოქტომბერს. სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში არც კერძო საჩივრის ავტორს და არც მის წარმომადგენელს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავთ სასამართლოსათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. მითითებულ ნორმათა შინაარსიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია შეასრულოს მასზე დაკისრებული მოქმედება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „S.--ს“ კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილი