საქმე №ას-302-287-2016 15 ივლისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე (მომხსენებელი), პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ბ-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. ლ. ბ-მა (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.ბათუმის მერიის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ და მოითხოვა სამუშაოდან მოსარჩელის გათავისუფლების შესახებ ქ.ბათუმის მერიის 2015 წლის 23 აპრილის ბრძანების ბათილად ცნობა, ა(ა)იპ „ბ-ის“ დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: 2012 წლის 12 ივლისს ქ.ბათუმის საკრებულოს #... ბრძანებით შეიქმნა ა(ა)იპ „ბ-ი“ და იმავე დღეს ა(ა)იპ „ბ-ის“ დირექტორად დაინიშნა მოსარჩელე, ხოლო 2015 წლის 23 აპრილის #... ბრძანებით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა პოლიტიკური ნიშნით. ის გათავისუფლებამდე გაფრთხილებულ იქნა, რომ არ მისულიყო „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში, შესაბამისად, მისი გათავისუფლების საფუძველიც სწორედ ამ გაფრთხილების დარღვევა და პარტიის ზოგიერთ წარმომადგენელთან მეგობრობაა. მოპასუხეს მოსარჩელის სამუშაოდან გათავისუფლება არ დაუსაბუთებია, რაც უკანონოა.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხე არ დაეთანხმა სარჩელს და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. შესაგებლის თანახმად, მოსარჩელე სამუშაოდან გათავისუფლდა კანონის მოთხოვნათა დაცვით. „ბ-ი“ არასამეწარმეო იურიდიული პირია, რომლის საქმიანობასა და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა-გათავისუფლებაზე გამოიყენება სამოქალაქო კოდექსი და კანონი „მეწარმეთა შესახებ“. საწარმოს ხელმძღვანელის გათავისუფლების უფლება აქვს დამფუძნებელს. მოსარჩელე ქ.ბათუმის მერის მიერ დანიშნული იყო უვადოდ და მისი გათავისუფლება ქ.ბათუმის მერს შეეძლო ნებისმიერ დროს, შესაბამისად, მერმა სწორად გამოიყენა საკუთარი უფლებამოსილება და მოსარჩელე გაათავისუფლა სამსახურიდან.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ქ.ბათუმის მერიის 2015 წლის 23 აპრილის ბრძანება მოსარჩელის ა(ა)იპ „ბ-ის“ დირექტორობიდან გათავისუფლების შესახებ და იგი აღდგენილ იქნა დაკავებულ თანამდებობაზე. ქ.ბათუმის მერიას მოსარჩელის სასარგებლოდ 2015 წლის 23 აპრილიდან დაეკისრა გასამრჯელოს, თვეში _ 1 600 ლარის (საგადასახადო განაკვეთის გათვალისწინებით) ანაზღაურება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის დირექტორის გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის, მისი სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების კანონიერების შემოწმება წარმოადგენს. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო პალატამ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ მოპასუხემ დაარღვია ა(ა)იპ-ის დირექტორთან შრომითი ურთიერთობის ცალმხრივად შეწყვეტის წესი, კერძოდ, შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით განსაზღვრული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე წინასწარი შეუტყობინებლობით, ასევე, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე ბრძანების გამოცემით მან გამოავლინა ბათილი ნება (სკ-ის 54-ე მუხლი), რაც სარჩელის დაკმაყოფილებას დაედო საფუძვლად. კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს და პრეტენზიას გამოთქვამს მატერიალური სამართლის ნორმის არასწორი გამოყენება-განმარტების თვალსაზრისით.
1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. ამავე ნორმის შემდგომი ნაწილები გვთავაზობენ იმ გარემოებათა ჩამონათვალს, თუ რა მიიჩნევა კანონის დარღვევად, რომელთა შორისაა სამართლის ნორმის არასწორი გამოყენება და/ან არასწორი განმარტება, ასევე, მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების საპროცესო ნორმათა დარღვევით დადგენა (სსსკ-ის 393-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები). გარდა აღნიშნულისა, საპროცესო კანონმდებლობა ადგენს გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძვლების ჩამონათვალს და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი ამგვარ წინაპირობად მიიჩნევს გადაწყვეტილების იურიდიულად არასაკმარის დასაბუთებას.
1.3. საკასაციო საჩივრის პრეტენზიათა არსებითობა-დასაბუთებულობის, ასევე, გასაჩივრებული განჩინების მატერიალური კანონიერების შემოწმების მიზნით, პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქვემდგომი სასამართლოების მიერ დადგენილ, წინამდებარე დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.3.1. მოსარჩელე იყო ა(ა)იპ „ბ-ის“ დირექტორი.
1.3.2. ქ.ბათუმის მერმა, 2015 წლის 23 აპრილის #... ბრძანებით, ლ. ბ-ი წინასწარი გაფრთხილებისა და დასაბუთების გარეშე გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.
1.4. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილების მიმართ სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ზემოხსენებულ გარემოებებს სავალდებულო ძალა გააჩნიათ თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, რამდენადაც კასატორს ისინი საკასაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია.
1.5. როგორც უკვე აღინიშნა, წინამდებარე დავის ფარგლებში მსჯელობის საგანს სააპელაციო სასამართლოს მხრიდან შრომის კოდექსის ნორმების გამოყენების კანონიერება წარმოადგენს. ამ საკითხის შეფასებისას, საკასაციო პალატა უპირველესად, ყურადღებას საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის #ას-1011-972-2014 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებაზე გაამახვილებს. მართალია, მითითებულ საქმეში საკასაციო სასამართლომ დირექტორის თანამდებობაზე აღდგენა შრომითი ურთიერთობის ფარგლებში შეაფასა, თუმცა, განსხვავებით განსახილველი საქმისაგან, #ას-1011-972-2014 სამოქალაქო საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება დამსაქმებლის ნების ბათილად ცნობის ნაწილში კანონიერ ძალაში იყო შესული, რადგანაც გადაწყვეტილება მოპასუხეს (დამსაქმებელს) არ გაუსაჩივრებია (სსსკ-ის 264.2 მუხლი), არამედ საკასაციო პრეტენზია წარდგენილ იქნა მხოლოდ დასაქმებულის მიერ, რომელიც არ ეთანხმებოდა სააპელაციო სასამართლოს მტკიცებას იმის თაობაზე, რომ დამსაქმებლის ბათილი ნების მიუხედავად არ არსებობდა დასაქმებულის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენის წინაპირობა. ასეთ ვითარებაში, სამართალწარმოებაში მოქმედი საუარესოდ შებრუნების დაუშვებლობის პრინციპის გათვალისწინებით, საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის შესაძლებლობა. სწორედ ეს საკითხი განასხვავებს განსახილველ დავას საკასაციო პალატის მიერ უკვე გადაწყვეტილი დავისაგან, რის გამოც, არ არსებობს ამ ეტაპზე საკასაციო პალატის მიერ ზემოხსენებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი სამართლებრივი დასაბუთების გამოყენების წინაპირობები.
1.6. ზემოთ განვითარებული მსჯელობის პარალელურად, საკასაციო პალატა მიუბრუნდება მთავარ საკითხს _ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტის თანამდებობიდან გათავისუფლების მართლზომიერებას და ამ მხრივ შრომის კანონმდებლობის გამოყენების პერსპექტივას, რომელზე მსჯელობისასაც, უპირველესად უნდა განიმარტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცნება, ორგანიზაციული სტრუქტურა, მოიძებნოს ამ სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები და მათი ზოგადი ანალიზის საფუძველზე შეფასდეს ხელმძღვანელი პირის გათავისუფლების კანონიერების საკითხი, კერძოდ:
1.6.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცნებას სამოქალაქო კოდექსი დამოუკიდებლად არ გვთავზობს და მისი არსი ასახულია იურიდიული პირის განმსაზღვრელ ზოგად დეფინიციაში, რომელიც არის შესაბამისი მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, იგი თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ (სკ-ის 24.1 მუხლი). სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები ადგენენ იურიდიული პირის რეგისტრაციის წესსა და პირობებს და მიუთითებენ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციისათვის სპეციალური კანონით („მეწარმეთა შესახებ“) განსაზღვრულ მოთხოვნებზე, თუმცა, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-6 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ იურიდიული პირი, რომლის მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა, უნდა დარეგისტრირდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. არასამეწარმეო იურიდიული პირის ორგანიზაციული მოწყობის დეტალური პირობები არ არის კოდექსში მოცემული და ის მთლიანად დისპოზიციურ მოწესრიგებას ექვემდებარება, რამდენადაც კანონის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამ საკითხის რეგულაციას დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებას _ წესდებას უკავშირებს, თავის მხრივ, ბუნებრივია, დაცულია იურიდიული პირის რეალური ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნიშანიც _ ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტის არსებობა. დამფუძნებელს (წევრს) შეუძლია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა (სკ-ის 35.1 მუხლი), რომლის ნამდვილობაც დამოკიდებულია იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციაზე, ანუ ამ შემთხვევაშიც, რეგისტრაცია კონსტიტუციური მნიშვნელობის მატარებელია და წარმოადგენს მესამე პირთა უფლებადამცავ დანაწესს.
1.6.2. სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით რეგულირებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.
1.6.3. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს საწარმოს დირექტორის დანიშვნასა და მის შრომით თანამდებობაზე გამწესებას. პირის დანიშვნის ცნება მოიაზრებს დირექტორის დანიშვნას მის ორგანულ თანამდებობაზე, რაც ამ აქტის კორპორაციულსამართლებრივ და ცალმხრივ ხასიათზე მიუთითებს. იგი დირექტორის დანიშვნის ფაქტის მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით გასაჯაროებისა და შესაბამისად, დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის ნების სისრულეში მოყვანის საფუძველია. სწორედ რეგისტრაციის მომენტიდან ხდება დირექტორი უფლებამოსილი, განახორციელოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი, რაც შეეხება შრომით თანამდებობაზე გამწესების აქტს, იგი წარმოადგენს იურიდიულ პირსა და დირექტორს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა და რომლის თაობაზეც ქვემოთ იმსჯელებს სასამართლო.
1.6.4. დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის რეგულაციასთან დაკავშირებით ზემოთ მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 71 მუხლი აზუსტებს უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს, რომლებიც უკავშირდება ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას. კანონი ადგენს სამ შემთხვევას: ა) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენა; ბ) თავად რეგისტრირებული პირის მიერ ნების გამოვლენა; გ) რეგისტრირებული პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება, მხარდაჭერის დანიშვნა. პირველ ორ შემთხვევასთან მიმართებით (მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ ცალმხრივი ნების გამოვლენა) კანონი მოითხოვს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი) დადგენილი წესით შეტყობინების გაგზავნის აუცილებლობას (კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტი). კანონის ეს უკანასკნელი დათქმა დღის წესრიგში აყენებს იმ კითხვაზე პასუხის გაცემის აუცილებლობას, ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის გამოიყენება თუ არა შრომის კოდექსის ნორმები. პალატის მოსაზრებით, მიუხედავად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შრომით-სამართლებრივი ელემენტების შემოღებისა, ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, იგი პირობითად შეიძლება სასამსახურო ხელშეკრულებად მოვიხსენიოთ, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან. სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი და დადგენილია, რომ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე _ მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე _ გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, როგორც უკვე აღინიშნა, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ლეგალურ დეფინიციას იძლევა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი და შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან და ამ უკანასკნელი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის ნორმებში უნდა იქნას მოძიებული.
1.7. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო კოდექსის იურიდიული პირის მომწესრიგებელი ნორმები და სპეციალური კანონი _ „მეწარმეთა შესახებ“ არ შეიცავს პირდაპირ დათქმას საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების თაობაზე, დგება საკითხი იმის შესახებ, თუ ყველაზე უფრო რომელ სამართლებრივ ინსტიტუტთან არის ეს ურთიერთობა ახლოს. მსგავს მოწესრიგებას შეიცავს ამ კუთხით სამოქალაქო კოდექსის 35.2 და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.2 მუხლები. თუ გადავავლებთ თვალს სამოქალაქო კოდექსით დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ ნორმებს, არა ერთ მსგავსებას ვნახავთ, კერძოდ:
1.7.1. სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. საკაციო პალატა განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. საგულისხმოა, რომ დავალების ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსი რაიმე მოწესრიგებას არ ითვალისწინებს, არამედ, მისი განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, ამასთანავე, 710-ე მუხლის ძალით, დავალება შეიძლება იყოს სასყიდლიანი, ხოლო, ამავე კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.
1.7.2. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ არასამეწარმეო იურიდიულ პირსა და მის წარმომადგენლობითი/ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების დავალების სამართლებრივ ურთიერთობად მიჩნევის მიუხედავად, ამ ურთიერთობას ასევე გააჩნია დასაქმებული დირექტორის მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველმყოფი მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია შრომითი ურთიერთობისათვის. „ევროპის სოციალური ქარტია“ აღიარებს დასაქმებულის დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებიდან გამომდინარეობს და შეეხება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა შრომის უფლება, რომელიც თავის თავში მოიცავს შრომის თავისუფლებას, უფლებას შრომის სამართლიან პირობებზე, სამართლიანი ანაზღაურების უფლებას, უფლებას შვებულებაზე და სხვა, რაც, სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შესაძლოა, უფრო დეტალურად იქნას მოწესრიგებული არასამეწარმეო იურიდიული პირის წესდებითა და მასთან დადებული ხელშეკრულებით.
1.8. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი (გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული), რამდენადაც სააპელაციო პალატამ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად დავის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა შრომის კოდექსის შესაბამისი ნორმები და არასწორად მიიჩნია მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება არამართლზომიერად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, რამდენადაც კასატორის ნება, ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე კანონშესაბამისია (გამომდინარე სკ-ის 720.1 მუხლიდან), რაც თავისთავად გამორიცხავს მოსარჩელის იმ მოთხოვნათა დაკმაყოფილებასაც, რომლებიც მის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას შეეხება.
1.8.1. საკასაციო პალატა დამატებით ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა რა მოსარჩელის მიერ წარდგენილი კერძო საჩივარი, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიექცა იმ ნაწილში, რომლითაც ლ.ბ-ი აღდგენილ იქნა დაკავებულ თანამდებობაზე და მოპასუხეს დაეკისრა მისთვის გასამრჯელოს _ თვეში 1 600 ლარის (დაბეგვრის შემდეგ დარჩენილი თანხის) ანაზღაურება 2015 წლის 23 აპრილიდან 3 თვის განმავლობაში. საკასაციო სასამართლო წინამდებარე გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი შედეგიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ აღარ არსებობს ქვემდგომი სასამართლოს ამ განჩინების ძალაში დატოვების პროცესუალური წინაპირობა. საკასაციო პალატა აქვე განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 409-ე მუხლის კონტექსტში, იგი არ იკვლევს და შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილების მსჯელობის საგანი ვერ გახდება საკითხი იმის თაობაზე, ზემოხსენებული განჩინება აღსრულებული თუ არა, ან ხომ არ არსებობს მიკუთვნებული ხელფასის კასატორისათვის დაბრუნების წინაპირობები, ვინაიდან ამგვარი მოთხოვნა ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიას საკასაციო სასამართლოში არ დაუყენებია.
2. სასამართლო ხარჯები:
2.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. ამავე კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელე ასევე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
2.3. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის პროპორციულად (4 000 X 4% + 4 000X 5%, თანახმად, სსსკ-ის 41.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა) იმ ხარჯების გადახდა, რომლისგანაც სააპელაციო და საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გათავისუფლებული იყო მოპასუხე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 9 თებერვლისა და 2015 წლის 24 დეკემბრის განჩინებები და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. ლ. ბ-ის სარჩელი ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 23 აპრილის ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. ლ. ბ-ს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300693150) სასარგებლოდ დაეკისროს 380 ლარის გადახდა.
5. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე