საქმე №ას-101-97-2016 15 ივლისი, 2016 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მზია თოდუა (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ბესარიონ ალავიძე (მომხსენებელი), პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – კ. ლ-ე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება
დავის საგანი – გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
1.1. კ. ლ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე, მოწინააღმდეგე მხარე) სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის (შემდგომში _ მოპასუხე, აპელანტი ან კასატორი) მიმართ მოპასუხის 2014 წლის 5 ნოემბრის #... ბრძანების ბათილად ცნობის, ა(ა)იპ „რ-ის“ დირექტორის თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენისა და 2015 წლის 5 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად იძულებითი განაცდურის _ 1 600 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
1.2. სარჩელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: მოსარჩელე ა(ა)იპ „რ-ის“ (დამფუძნებელი რუსთავის თვითმმართველობა) დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა 2011 წლის 9 ნოემბრიდან. 2014 წლის 25 ნოემბერს ჩაბარდა მოპასუხის 2014 წლის 30 ოქტომბრის #1/8266 წერილი და ამავე წლის 5 ნოემბრის #... ბრძანება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, რა დროსაც დაირღვა შრომის კოდექსის მოთხოვნები, კერძოდ, იგი არ იქნა შეტყობინებული სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ. გათავისუფლების შესახებ ინფორმაციის გადაცემის მიზნით 5 ნოემბერს დაუკავშირდნენ ტელეფონით, ხოლო გაფრთხილება და ბრძანება გადასცეს 25 ნოემბერს, რის გამოც დარღვეულ იქნა მისი უფლება, გაფრთხილებულიყო კანონით დადგენილ ვადებში. სადავო ბრძანებაში გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი, თუმცა, კონკრეტულად რომელი გარემოება გახდა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, მოსარჩელისათვის უცნობია, რეალურად მის გათავისუფლებას საფუძვლად დაედო პოლიტიკური აქტივობა, რამდენადაც მოსარჩელე ოპოზიციური პარტიის _ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრია“, რაც მიუღებელი იყო ადგილობრივი ხელისუფლებისთვის.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ დირექტორის თანამდებობიდან მოსარჩელის განთავისუფლების საფუძველს წარმოადგენს მის მიერ ჩადენილი ფინანსური დარღვევის ფაქტი, კერძოდ, ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 19 ნოემბრის #9 ბრძანებით 2014 წლის 20 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ა(ა)იპ „რ-ში“ შერჩევით ცალკეულ სამეურნეო მოქმედებათა სისტემური და შესაბამისობის აუდიტორული შემოწმება ჩატარდა, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ გადაამეტა თანამდებობრივ უფლებამოსილებას: ბმა „ჩ-ს“ აღრიცხვაზე ა(ა)იპ-ში განცხადება გაკეთებულია 2014 წლის 2 ოქტომბერს, აღნიშნულის მიუხედავად, ამ ამხანაგობის თავმჯდომარეს ჩარიცხული აქვს მე-3 კვარტლის ივლისის, აგვისტოსა და სექტემბრის წახალისება 240 ლარი 2014 წლის 31 ოქტომბერს, რაც გამოიხატა ბიუჯეტის სახსრების არამიზნობრივ გახარჯვაში. თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გაფრთხილება და ბრძანება მოსარჩელეს გაეგზავნა კანონით დადგენილ ვადებში, თუმცა, იმის გამო, რომ ვერ მოხერხდა გზავნილის მოსარჩელისათვის ფოსტის მეშვეობით გადაცემა, იგი ხელზე ჩაიბარა თავად მოსარჩელემ რუსთავის მერიაში, რაც დაფიქსირდა მისივე ხელმოწერით შესაბამის ჟურნალში.
3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 5 ნოემბრის #... ბრძანება; მოსარჩელე აღდგენილ იქნა ა(ა)იპ „რ-ის“ დირექტორის თანამდებობაზე; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას კ.ლ-ის სასარგებლოდ 2015 წლის 5 ნოემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე იძულებითი განაცდურის სახით დაეკისრა გადაუხდელი ხელფასის, თვეში 1 600 ლარის ანაზღაურება.
4. აპელანტის მოთხოვნა:
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება.
5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ (სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი) შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას კ. ლ-ის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის სახით გადაუხდელი ხელფასის ანაზღაურება 2016 წლის 5 იანვრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე თვეში 1 600 ლარის ოდენობით. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
6. კასატორის მოთხოვნა:
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება:
1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ იგი იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლით პალატა მიდის დასკვნამდე, რომ კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას მატერიალური სამართლის ნორმის არასწორი გამოყენების საფუძვლით მოითხოვს და პრეტენზიას აცხადებს წინამდებარე დავის სამოქალაქო სამართალწარმოების წესით არასწორად განხილვის, დასაქმებულის ინფორმირების წესის დარღვეულად არასწორად მიჩნევისა და დაკავებული თანამდებობიდან მისი გათავისუფლების ფაქტობრივი საფუძვლის სასამართლოს მხრიდან არასწორად დადგენის თაობაზე. გარდა სამართლის ნორმათა არასწორი გამოყენებისა, კასატორი სადავოდ ხდის ასევე საქმეში არსებული მტკიცებულებების: რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის სადავო ბრძანებისა და საბიუჯეტო სახსრების არასწორი ხარჯვის თაობაზე შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის წერილის შეფასების საკითხს. კასატორის მიერ წარმოდგენილ პრეტენზიათა დასაშვებობა-დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით პალატა ყურადღებას გაამახვილებს ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან დადგენილ, წინამდებარე დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
1.1.1. თვითმმართველი ქ.რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის 2011 წლის 9 ნოემბრის #... ბრძანებით, კ. ლ-ე დანიშნული იყო ა(ა)იპ „რ-ის“ დირექტორის თანამდებობაზე და დანიშვნის მომენტისათვის მისი თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1 200 ლარს, ხოლო გათავისუფლების მომენტისათვის _ 1 600 ლარს;
1.1.2. ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის #... ბრძანებით, ა(ა)იპ „რ-ის“ დირექტორი კ. ლ-ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2014 წლის 5 ნოემბრიდან და მიეცა კომპენსაცია ორი თვის თანამდებობრივი სარგოს ოდენობით;
1.1.3. გათავისუფლების ბრძანებაში სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტი, ხოლო მოპასუხე დასაქმებულის გათავისუფლების ფაქტობრივ საფუძვლად მიიჩნევს მის მიერ მოვალეობათა არაჯეროვან შესრულებას, რაც გამოიხატა საბიუჯეტო სახსრების არასწორ ხარჯვაში. ამ გარემოებას ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიმართ მერიის შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის წერილობით მიმართვაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ ა(ა)იპ „რ-ში“ დაფიქსირდა ფინანსური დარღვევის ფაქტი, ასევე, ამ მიმართვის საფუძველზე ჩატარებულ „ცალკეულ სამეურნეო მოქმედებათა სისტემური და შესაბამისობის აუდიტორიული შემოწმების“ შედეგებზე ამყარებს.
1.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ზემოხსენებულ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).
1.3. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის არგუმენტს იმის თაობაზე, რომ ა(ა)იპ „რ-ის“ დირექტორის სამუშაოდან გათავისუფლების კანონიერება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განსახილველი საკითხია, ხოლო ქვემდგომმა სასამართლოებმა დავა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით არასწორად განიხილეს. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საერთო სასამართლოები ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილავენ საქმეებს იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც გამომდინარეობენ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. განსახილველი სადავო სამართალურთიერთობის ერთ-ერთი მხარე, მოპასუხე _ ქ.რუსთავის მთავრობა უდავოდ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, მაგრამ, დავაში ადმინისტრაციული ორგანოს მონაწილეობა მას თავისთავად ვერ აქცევს ადმინისტრაციული სასამართლოს ქვემდებარედ. სამართალსუბიექტურობასთან ერთად სავალდებულოა, რომ დავა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული აქტი ემყარებოდეს სწორედ ამ უკანასკნელს და თავისი შინაარსით პასუხობდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ მოთხოვნებს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამდენად, განსჯადობის საკითხის შემოწმებისას, მნიშვნელოვანია დადგინდეს, ქ.რუსთავის მთავრობის მიერ გამოცემული აქტი ემყარება და გამომდინარეობს თუ არა ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
1.3.1. საქმეში არსებული მასალებით ირკვევა, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „რ-ი“ დაფუძნებულია თვითმმართველი ქ.რუსთავის საკრებულოს მიერ საქართველოს კონსტუიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, სამოქალაქო კოდექსის, თვითმმართველი ქ.რუსთავის საკრებულოს დებულებისა და „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. კასატორი საკუთარ პოზიციას ასაბუთებს იმით, რომ ა(ა)იპ-ის დაფუძნება განხორციელდა ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-20 და 1061 მუხლების შესაბამისად, ამასთანავე, სახეზეა „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სუბიექტი _ „თანმდებობის პირი“. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ის აქტი, რომელიც მიღებული იქნება თვითმმართველი ორგანოს, როგორც დამფუძნებელის მიერ იურიდიული პირის წესდებით განსაზღვრული მიზნების მისაღწევად ან დამფუძნებელსა და იურიდიულ პირს შორის ურთიერთობის დასარეგულირებლად, წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს. პალატა განმარტავს, რომ საჯარო სფეროს მარეგულირებელი ზემოხსენებული ნორმები თვითმმარველი ერთეულის უფლებადამდგენი ნორმებია, ხოლო „თანამდებობის პირის“ ცნებასთან მიმართებით შეიძლება ითქვას, რომ იგი მხოლოდ ამ კანონის მიზნებთან შესაბამისობაში განიმარტება და ვერ გახდება გადამწყვეტი საქმის ადმინისტრაციულ დავად მიჩნევისათვის, არამედ, ამ შემთხვევაში, გადამწყვეტია ის, რომ თავად ა(ა)იპ-ის შექმნა სამოქალაქო სამართლის სფეროს მიეკუთვნება და მისი კომპეტენცია და საქმიანობის წესი რეგულირებულია სამოქალაქო კანონმდებლობითა და ა(ა)იპ-ის წესდებით (იხ. წესდების 1.3. და 1.4. პუნქტები). სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძოსამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან ასევე წესრიგდება სამოქალაქო კანონებით, თუკი ეს ურთიერთობები, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგდეს საჯარო სამართლით. საკასაციო სასამართლო მიუთითებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზეც (გათავისუფლების დროს მოქმედი რედაქცია) და განმარტავს, რომ აღნიშნული კანონი აწესრიგებს საჯარო სამსახურის ორგანიზების სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს და საჯარო მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამავე კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს იმ სახელმწიფო დაწესებულებათა ჩამონათვალს, რომელში სამსახურიც ითვლება საჯარო სამსახურად. ამ ჩამონათვალში არაკომერციული იურიდიული პირი გათვალისწინებული არ არის. ამასთან, მოსარჩელის თანამდებობა მითითებული არ არის საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის #286 ბრძანებულებით დამტკიცებულ საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში, მოსარჩელის სამსახურებრივი უფლებამოსილება არ უტოლდება საჯარო მოსამსახურის უფლებამოსილებას, რაც შეეხება თავად გათავისუფლების შესახებ ბრძანების კანონიერების შემოწმებას, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული ბრძანება ასევე სამოქალაქო სამართლის სფეროს მიკუთვნებული ურთიერთობიდან გამომდინარეობს და ქვემდგომმა სასამართლოებმა სავსებით მართებულად იხელმძღვანელეს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი სამართალწარმოების პრინციპებით (დამატებით იხ. სუსგ Nბს-1756-1712(კ-10), 7 აპრილი, 2011 წელი).
1.4. მთლიანობაში გადაწყვეტილების კანონიერების დადგენის კუთხით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ უპირველესად უნდა განიმარტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცნება, ორგანიზაციული სტრუქტურა, მოიძებნოს ამ სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები და მათი ზოგადი ანალიზის საფუძველზე შეფასდეს ხელმძღვანელი პირის გათავისუფლების მართლზომიერება.
1.4.1. პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ სადავო გარემოებების სამართლებრივი კვალიფიკაცია, მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმების მოძიება და გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება სასამართლოს პრეროგატივაა, იმგვარად, რომ არ არის ვალდებული, გაიზიაროს მხარეთა პოზოციები მათ მიერ მითითებული და დამტკიცებული ფაქტების სამართლებრივ შეფასებასთან დაკავშირებით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლით გათვალისწინებულია მხარის ვალდებულება, სასამართლოს მოახსენოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, რომლებზეც თავის მოთხოვნას ამყარებს და მოთხოვნის შინაარსი. მიზანშეწონილია, თუ მხარეები მოთხოვნის სამართლებრივ საფუძველზეც მიუთითებენ (პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტი), თუმცა ეს გავლენას არ ახდენს დავის შედეგზე (იხ. სუსგ Nას-877-825-2010, 28 დეკემბერი, 2010 წელი).
1.4.2. ზემოთ განვითარებული მსჯელობის პარალელურად, საკასაციო პალატა მიუბრუნდება მთავარ საკითხს _ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტის თანამდებობიდან გათავისუფლების მართლზომიერებას და ამ მხრივ შრომის კანონმდებლობის გამოყენების პერსპექტივას, რომელზე მსჯელობისასაც, როგორც უკვე აღინიშნა, უნდა შეფასდეს ა(ა)იპ-ის, როგორც სოციალური წარმონაქმნის ბუნება და მისი მომწესრიგებელი ნორმები. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ცნებას სამოქალაქო კოდექსი დამოუკიდებლად არ გვთავზობს და მისი არსი ასახულია იურიდიული პირის განმსაზღვრელ ზოგად დეფინიციაში, რომელიც არის შესაბამისი მიზნის მისაღწევად შექმნილი, საკუთარი ქონების მქონე, ორგანიზებული წარმონაქმნი, იგი თავისი ქონებით დამოუკიდებლად აგებს პასუხს და საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ (სკ-ის 24.1 მუხლი). სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები ადგენენ იურიდიული პირის რეგისტრაციის წესსა და პირობებს და მიუთითებენ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციისათვის სპეციალური კანონით („მეწარმეთა შესახებ“) განსაზღვრულ მოთხოვნებზე, თუმცა, ამავე კოდექსის 24-ე მუხლის მე-6 ნაწილი იმპერატიულად განსაზღვრავს, რომ იურიდიული პირი, რომლის მიზანია არასამეწარმეო საქმიანობა, უნდა დარეგისტრირდეს ამ კოდექსით დადგენილი წესით. არასამეწარმეო იურიდიული პირის ორგანიზაციული მოწყობის დეტალური პირობები არ არის კოდექსში მოცემული და ის მთლიანად დისპოზიციურ მოწესრიგებას ექვემდებარება, რამდენადაც კანონის 35-ე მუხლის მე-3 ნაწილი ამ საკითხის რეგულაციას დამფუძნებელთა/წევრთა შეთანხმებას _ წესდებას უკავშირებს, თავის მხრივ, ბუნებრივია, დაცულია იურიდიული პირის რეალური ფუნქციონირებისათვის სავალდებულო ნიშანიც _ ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე სუბიექტის არსებობა. დამფუძნებელს (წევრს) შეუძლია ერთ პირს მიანიჭოს საქმეების ერთპიროვნულად გაძღოლის უფლებამოსილება ან/და დააწესოს ორი ან ორზე მეტი პირის ერთობლივი ხელმძღვანელობა ან/და წარმომადგენლობა (სკ-ის 35.1 მუხლი), რომლის ნამდვილობაც დამოკიდებულია იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრაციაზე, ანუ ამ შემთხვევაშიც, რეგისტრაცია კონსტიტუციური მნიშვნელობის მატარებელია და წარმოადგენს მესამე პირთა უფლებადამცავ დანაწესს.
1.4.3. სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების წარმოშობისა და შეწყვეტის მიმართ ვრცელდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით მეწარმე სუბიექტის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირისთვის განსაზღვრული წესები. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით რეგულირებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს, კერძოდ, ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.
1.4.4. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს საწარმოს დირექტორის დანიშვნასა და მის შრომით თანამდებობაზე გამწესებას. პირის დანიშვნის ცნება მოიაზრებს დირექტორის დანიშვნას მის ორგანულ თანამდებობაზე, რაც ამ აქტის კორპორაციულსამართლებრივ და ცალმხრივ ხასიათზე მიუთითებს. იგი დირექტორის დანიშვნის ფაქტის მარეგისტრირებელი ორგანოს მეშვეობით გასაჯაროებისა და შესაბამისად, დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის ნების სისრულეში მოყვანის საფუძველია. სწორედ რეგისტრაციის მომენტიდან ხდება დირექტორი უფლებამოსილი, განახორციელოს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილებანი, რაც შეეხება შრომით თანამდებობაზე გამწესების აქტს, იგი წარმოადგენს იურიდიულ პირსა და დირექტორს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა და რომლის თაობაზეც ქვემოთ იმსჯელებს სასამართლო.
1.4.5. დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის წესის რეგულაციასთან დაკავშირებით ზემოთ მოხმობილი ნორმებიდან გამომდინარე, უნდა აღინიშნოს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის 71 მუხლი აზუსტებს უფლებამოსილების შეწყვეტის პირობებს, რომლებიც უკავშირდება ამ ნების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციას. კანონი ადგენს სამ შემთხვევას: ა) დანიშვნაზე უფლებამოსილი პირის მიერ ნების გამოვლენა; ბ) თავად რეგისტრირებული პირის მიერ ნების გამოვლენა; გ) რეგისტრირებული პირის გარდაცვალება, სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება, გარდაცვლილად გამოცხადება, მხარდაჭერის დანიშვნა. პირველ ორ შემთხვევასთან მიმართებით (მარეგისტრირებელი ორგანოს მიმართ ცალმხრივი ნების გამოვლენა) კანონი მოითხოვს შრომის კოდექსის 38-ე მუხლით (შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის წესი) დადგენილი წესით შეტყობინების გაგზავნის აუცილებლობას (კანონის მე-9 მუხლის 72 პუნქტი). კანონის ეს უკანასკნელი დათქმა დღის წესრიგში აყენებს იმ კითხვაზე პასუხის გაცემის აუცილებლობას, ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლებისათვის გამოიყენება თუ არა შრომის კოდექსის ნორმები. პალატის მოსაზრებით, მიუხედავად „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში შრომით-სამართლებრივი ელემენტების შემოღებისა, ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არ უნდა დაკვალიფიცირდეს შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულებად, არამედ, იგი პირობითად შეიძლება სასამსახურო ხელშეკრულებად მოვიხსენიოთ, რომელიც მომსახურების ხელშეკრულების ნაირსახეობაა და სავსებით განსხვავდება შრომის სამართლისათვის დამახასიათებელი პრინციპებისაგან. სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულია ა(ა)იპ-ის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების საკითხი და დადგენილია, რომ ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება − არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ სარეგისტრაციო დოკუმენტაციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ხელმძღვანელობითი უფლებამოსილება გულისხმობს წარმომადგენლობით უფლებამოსილებასაც. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საკორპორაციო სამართლის მიზნებისათვის საწარმოს ხელმძღვანელობა/წარმომადგენლობა ორმხრივი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში მიღწეული შეთანხმებაა, რომლის ერთი მხარე _ მომსახურების გამწევი ვალდებულია, გაწიოს შეპირებული მომსახურება, ხოლო მეორე მხარე _ გადაიხადოს საზღაური. ამ ტიპის შეთანხმება, როგორც უკვე აღინიშნა, დამყარებულია განსაკუთრებულ ნდობაზე და უფლებით აღჭურვილ პირს, ფიდუციური ვალდებულების ფარგლებში, აძლევს სრულ დამოუკიდებლობას, იურიდიული პირის სახელითა და ხარჯზე განახორციელოს ყველა ის მოქმედება, რაც წესდებით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას შეუწყობს ხელს. რაც შეეხება შრომით ურთიერთობას, მის ლეგალურ დეფინიციას იძლევა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი და შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ ურთიერთობის ფარგლებში ვალდებული პირი ეწევა დამსაქმებლის მიერ განსაზღვრულ, არადამოუკიდებელ და სოციალურად დამოკიდებულ საქმიანობას, რაც განასხვავებს შრომით ხელშეკრულებას ა(ა)იპ-ის დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულებისაგან და ამ უკანასკნელი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის ნორმებში უნდა იქნას მოძიებული.
1.5. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო კოდექსის იურიდიული პირის მომწესრიგებელი ნორმები და სპეციალური კანონი _ „მეწარმეთა შესახებ“ არ შეიცავს პირდაპირ დათქმას საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულების სამართლებრივი ბუნების თაობაზე, დგება საკითხი იმის შესახებ, თუ ყველაზე უფრო რომელ სამართლებრივ ინსტიტუტთან არის ეს ურთიერთობა ახლოს. მსგავს მოწესრიგებას შეიცავს ამ კუთხით სამოქალაქო კოდექსის 35.2 და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 9.2 მუხლები (დამატებით იხ. გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის 1.4.5. პუნქტი). თუ გადავავლებთ თვალს სამოქალაქო კოდექსით დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელ ნორმებს, არა ერთ მსგავსებას ვნახავთ, კერძოდ:
1.5.1. სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. საკაციო პალატა განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. საგულისხმოა, რომ დავალების ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსი რაიმე მოწესრიგებას არ ითვალისწინებს, არამედ, მისი განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული, ამასთანავე, 710-ე მუხლის ძალით, დავალება შეიძლება იყოს სასყიდლიანი, ხოლო, ამავე კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია. მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ა(ა)იპ-ის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან.
1.5.2. საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ არასამეწარმეო იურიდიულ პირსა და მის წარმომადგენლობითი/ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების დავალების სამართლებრივ ურთიერთობად მიჩნევის მიუხედავად, ამ ურთიერთობას ასევე გააჩნია დასაქმებული დირექტორის მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველმყოფი მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია შრომითი ურთიერთობისათვის. „ევროპის სოციალური ქარტია“ აღიარებს დასაქმებულის დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებიდან გამომდინარეობს და შეეხება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა შრომის უფლება, რომელიც თავის თავში მოიცავს შრომის თავისუფლებას, უფლებას შრომის სამართლიან პირობებზე, სამართლიანი ანაზღაურების უფლებას, უფლებას შვებულებაზე და სხვა, რაც, სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შესაძლოა, უფრო დეტალურად იქნას მოწესრიგებული არასამეწარმეო იურიდიული პირის წესდებითა და მასთან დადებული ხელშეკრულებით.
1.6. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი (გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული), რამდენადაც სააპელაციო პალატამ მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმად, დავის გადაწყვეტისას არასწორად გამოიყენა შრომის კოდექსის შესაბამისი ნორმები და არასწორად მიიჩნია მოსარჩელესთან დადებული ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე მოპასუხის მიერ გამოვლენილი ნება არამართლზომიერად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძვლები. წინამდებარე გადაწყვეტილებაში განვითარებული მსჯელობიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები, რამდენადაც კასატორის ნება, ა(ა)იპ-ის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე კანონშესაბამისია (გამომდინარე სკ-ის 720.1 მუხლიდან), რაც თავისთავად გამორიცხავს მოსარჩელის იმ მოთხოვნათა დაკმაყოფილებასაც, რომლებიც მის დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას შეეხება.
2. სასამართლო ხარჯები:
2.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1. მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. ამავე კანონის 5.1. მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელე ასევე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
2.3. საკასაციო სასამართლოს წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის მოთხოვნის პროპორციულად (4 000 X 4% + 4 000X 5%, თანახმად, სსსკ-ის 41.1 მუხლის „კ“ ქვეპუნქტისა) იმ ხარჯების გადახდა, რომლისგანაც სააპელაციო და საკასაციო სამართალწარმოების ეტაპზე გათავისუფლებული იყო მოპასუხე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 7 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება.
3. კ. ლ-ის სარჩელი ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიმართ ქ.რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2014 წლის 5 ნოემბრის #... ბრძანების ბათილად ცნობის, დაკავებულ თანამდებობაზე მოსარჩელის აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. კ. ლ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტის (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300693150) სასარგებლოდ დაეკისროს 380 ლარის გადახდა.
5. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე მ. თოდუა
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე