№ ას-501-475-2015 31 მარტი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - გ. მ-ე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტი (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. გ. მ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მიმართ და მოითხოვა მასსა და თვითმმართველი ქ. ქუთაისის საკრებულოს შორის 2008 წლის 10 ივნისს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობა და კუთვნილი ქონების დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:
2. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით მოპასუხე ს/ს „კოლხურ აბრეშუმს“ მოსარჩელე გ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 15 051.5 ლარის გადახდა. აღნიშნული გადაწყვეტილება შევიდა კანონიერ ძალაში და გაიცა სააღსრულებო ფურცელი
3. იმერეთის რეგიონალური სააღსრულებო ბიუროს 2001 წლის 28 თებერვლის აქტით (იძულებით აუქციონის ჩატარების გზით) ზემოაღნიშნული თანხის (15 051 ლარის) სანაცვლოდ, მოსარჩელეს საკუთრებაში გადაეცა ქ. ქუთაისში, წ-ის ქ. №...-შ მდებარე 472 კვ.მ მიწის ნაკვეთი №01/387, უძრავი ქონების - ქიმიკატების საწყობის შენობის 4/5 ნაწილი, გზის საერთო სარგებლობის უფლებით, მაგრამ საკუთრებად ვერ დაირეგისტრირა, რადგან მიწა არ ჰქონდა შესყიდული. ამის შემდეგ მოსარჩელეს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, ქუთაისის საკრებულოს მიერ გადაეცა მიწა საკუთრებაში, რაზეც გაიცა 2008 წლის 28 აპრილის №153 საკუთრების მოწმობა და მთლიანი უძრავი ქონება საჯარო რეესტრში მის საკუთრებად დარეგისტრირდა.
4. მოსარჩელის განცხადებით, ამ ფაქტიდან სამი თვის შემდეგ, იგი დაიბარეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში და პროკურორი დიმიტრი ჩაფიძე დაემუქრა, რომ თუ სახელმწიფოს, კერძოდ, ქ. ქუთაისის თვითმმართველობას, საკუთრებაში არ გადასცემდა მის კუთვნილ ქონებას, დააკავებდნენ და პასუხისგებაში მისცემდნენ. მოსარჩელის განმარტებით, რისთვის იჭერდნენ არ იცოდა, თუმცა მუქარა იყო რეალური, რადგან მისი აზრით, იგი ამ პერიოდისათვის არც პირველი იყო და არც უკანასკნელი, რომელსაც აიძულეს კუთვნილი ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემა.
5. 2008 წლის 10 სექტემბერს ქ. ქუთაისის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენელ მ-სა და გ. მ-ეს შორის შედგა ჩუქების ხელშეკრულება და ზემოაღნიშნული უძრავი ქონება აღირიცხა ქუთაისის საკრებულოს საკუთრებაში.
6. მოსარჩელის განცხადებით, ამჟამად აღნიშნული ქონება არის დაშლილი და განადგურებული. შესაბამისად, სახეზეა დასაჩუქრებულის მხრიდან მჩუქებლის მიმართ უმადურობის გამოვლენა, რაც ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველია.
7. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი დაუსაბუთებელი, უსაფუძვლო და ხანდაზმულია.
8. გ. მ-ემ 2008 წლის 10 სექტემბერს №346 განცხადებით მიმართა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს და სურვილი გამოთქვა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე ქ. ქუთაისში, წ-ის ქ. №...-ში უსასყიდლოდ, ჩუქების ფორმით გადაეცა ქუთაისის თვითმმართველობისათვის. აღნიშნული განცხადება დაკმაყოფილდა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოხდა ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება და აღნიშნული ქონების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში. შესაბამისად, ქონების მესაკუთრე გახდა თვითმმართველი ქალაქი - ქუთაისი.
9. მოპასუხის განცხადებით, ხელშეკრულების დადება მოხდა ყოველგვარი ძალადობის, მუქარისა და ზემოქმედების გარეშე, მოსარჩელის პირადი სურვილით. უცნობია, თუ რა სახის მუქარას და იძულებას ჰქონდა ადგილი მოსარჩელის მიმართ მესამე პირისაგან, კერძოდ პროკურატურისაგან, ვინაიდან ასეთი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი არ არის. მოპასუხის განმარტებით, ხელშეკრულების ბათილობას იწვევს არა ყოველგვარი იძულება, არამედ ისეთი, რომელსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს პირზე, იძულების შეფასებისას კი გასათვალისწინებელია ასაკი, სქესი, ცხოვრებისეული გამოცდილება და სხვა ფაქტორები. აღნიშნული უნდა დაადასტუროს მოსარჩელე მხარემ.
10. მოპასუხემ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 89-ე მუხლზე და განმარტა, რომ იძულებით დადებული გარიგება შეიძლება სადავო გახდეს ერთი წლის განმავლობაში იძულების დამთავრების მომენტიდან. აღნიშნული ვადა კი მოცემულ შემთხვევაში გასულია, ვინაიდან 2008 წლის 11 სექტემბრიდან 2014 წლის 13 თებერვლამდე გასულია თითქმის 7 წელი. შესაბამისად მხარემ გაუშვა არა მარტო სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ზოგადი ხანდაზმულობის ვადა, არამედ ამავე კოდექსის 89-ე მუხლით დადგენილი ხანდაზმულობის სპეციალური ვადაც. გარდა ზემოაღნიშნულისა, მოპასუხის განცხადებით, თვითმმართველი ქ. ქუთაისის მხრიდან არ განხორციელებულა რაიმე სახის ქმედება, რაც სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის შესაბამისად, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო.
11. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით გ. მ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
12. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. მ-ემ.
13. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განჩინებით გ. მ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელი დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილება.
14. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ სადავო ქონება გ. მ-ეს სახელმწიფოსაგან საკუთრებაში გადაეცა სს ,,კოლხური აბრეშუმისათვის” დაკისრებული 15 051.5 ლარის გადახდევინების სანაცვლოდ, ნატურით.
15. მოდავე მხარეთა შორის 2008 წლის 10 სექტემბერს დადებული ჩუქების ხელშეკრულებით გ. მ-ემ სადავო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადასცა თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს.
16. დასაჩუქრებულის საკუთრების უფლება დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში 2008 წლის 11 სექტემბერს (იხ: ამონაწერი საჯარო რეესტრიდან - ს.ფ.18).
17. 2014 წლის 7 თებერვლისათვის სადავო ქონების საბაზრო ღირებულება იყო 16 000 ლარი.
18. მოსარჩელე, საქმეში წარმოდგენილ ფოტოსურათებზე დაყრდნობით, მიუთითებდა, რომ სადავო ქონება გაპარტახებულია და ფაქტობრივად სანაგვედაა ქცეული, რაც მოპასუხეს, წარდგენილი შესაგებლით არ უარუყვია. ამდენად, ეს ფაქტობრივი გარემოება პალატამ დადგენილად მიიჩნია.
19. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში უნდა შეფასებულიყო - შესაძლებელია თუ არა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ჩუქება გაუქმდეს იმის გამო, რომ დასაჩუქრებულმა სათანადოდ არ იზრუნა ნაჩუქარ ქონებაზე, რითაც მჩუქებლის მიმართ გამოიჩინა დიდი უმადურობა.
20. პალატის განმარტებით, საქალაქო სასამართლომ სწორად დაასკვნა, რომ ეს ქმედება არ მიეკუთვნებოდა იმ ქმედებათა კატეგორიას, რომელიც კვალიფიცირდება, როგორც დიდი უმადურობა მჩუქებლის მიმართ. სასამართლოს აზრით, ამგვარი ქმედებები, მართლაც, არის ა) არამართლზომიერი მოქმედება, რომელიც მიმართულია მჩუქებლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, თავისუფლების, პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის წინააღმდეგ; ბ) განზრახი მოქმედება, რომელიც მიზნად ისახავს მჩუქებლისათვის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის მიყენებას; გ) კანონით განსაზღვრულ მოვალეობაზე - არჩინოს ან იზრუნოს იმაზე, რომ მატერიალურად უზრუნველყოფილი იყოს მჩუქებელი - უარის თქმა და სხვა.
21. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ როდესაც აპელანტი მიუთითებს ნაჩუქარი ქონების საზოგადოების საკეთილდღეოდ გამოყენების აუცილებლობაზე, ფაქტობრივად სადავო ქონებას ანიჭებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 528-ე მუხლით გათვალისწინებული შეწირულობის სტატუსს, რაც არ იკვეთება მხარეთა შორის წერილობით გაფორმებული 2008 წლის 10 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულებიდან. ამდენად, სადავო ქონებას ეს სტატუსი, კანონით გათვალისწინებული ფორმით (წერილობით) დადებული გარიგებით არ მინიჭებია და, ამიტომაც, დასაჩუქრებულს ამგვარი ვალდებულება, სადავო გარიგებით, არ დაკისრებია.
22. სააპელაციო სასამართლომ აპელანტის მიერ ახალ გარემოებაზე მითითებად მიიჩნია ის ფაქტი, რომ აპელანტი სადავო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების კიდევ ერთ საფუძვლად მიუთითებდა, რომ ჩუქების შემდეგ ჩავარდა მძიმე მდგომარეობაში და მოესპო სარჩო. პალატის განმარტებით, ამგვარი ფაქტობრივი გარემოება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლაც არის ნაჩუქარი ქონების უკან დაბრუნების მოთხოვნის საფუძველი, თუმცა აპელანტს (მოსარჩელეს), ამ გარემოებაზე სარჩელში არ მიუთითებია და, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არც რაიმე საპატიო მიზეზის არსებობა დაუსაბუთებია, რის გამოც ამ გარემოებაზე მითითება განხორციელდა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის ეს პოზიცია. ამასთან, აღნიშნა, რომ სამოქალაქო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესით, აპელანტს არც რაიმე დოკუმენტის წარდგენით დაუმტკიცებია ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების არსებობა. შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
23. სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე გ. მ-ემ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
24. სასამართლომ არასწორად შეაფასა უმადურობის ფაქტი და მიიჩნია, რომ ეს ქონება სახელმწიფოს გადაეცა შეწირულობის ფორმით. ასევე არასწორად შეაფასა ქონების თვითღირებულების შემცირება, გ. მ-ე მიიჩნია გულუხვ პიროვნებად, რომელმაც ჩათვალა, რომ საკრებულოს უჭირდა, აჩუქა ქონება, რომელიც ამჟამად სანაგვედ არის ქცეული და ნადგურდება. ეს ფაქტი პალატამ დადგენილად მიიჩნია, თუმცა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ სადავო ქონება არის სამეწარმეო დანიშნულების მქონე ფართი, რომლის გამჩუქებელზე დაბრუნებით მეტი შემოსავალი შევა ბიუჯეტში და მოხმარდება საზოგადოებას.
25. კასატორის განმარტებით, სასამართლო არ არის შეზღუდული და მოსარჩელეს არ ავალებს მიუთითოს სამართლებრივი ნორმა ამა თუ იმ მოთხოვნის საფუძვლად, რაც სააპელაციო სასამართლოს არ გაუთვალისწინებია. ამავე დროს სარჩელსა და შემდეგ სააპელაციო საჩივარშიც მითითებულია იმ ფაქტებზე, რომ გამჩუქებელმა დიდი ქონებრივი ზიანი მიიღო ქონების გაჩუქების შემდეგ, ჩავარდა მძიმე მდგომარეობაში და ამით მოესპო სარჩო. ამ ფაქტის დადასტურების მიზნით, საქმეზე დაკითხული არიან მოწმეები, რითაც დადასტურებულია, როგორც უმადურობის ფაქტი, ასევე ამჟამინდელი მოსარჩელის ეკონომიური მდგომარეობა, ასევე იძულების ფაქტი. კერძოდ ის გარემოება, რომ, გ. მ-ე დაიბარეს პროკურატურაში და დააწერინეს განცხადება იმის შესახებ, რომ იგი ქონებას ჩუქნიდა ქუთაისის თვითმმართველ ერთეულს, შემდეგ კი გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება. კასატორის განცხადებით, აღნიშნული ქონება განეკუთვნება იმ ქონებათა რიგს, რომელიც დიდი პოლემიკისა და განხილვის საგანია. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დეპარტამენტიც კი შეიქმნა სახელმწიფოზე იძულებით გადაცემული ქონების დაბრუნების მიზნით.
26. საკასაციო საჩივრის ავტორი პრეტენზიას გამოთქვამს მასზედ, რომ მის მიერ სახელმწიფოსთვის გაჩუქებული ქონება უნდა მოხმარებოდა საზოგადოების ინტერესებს, ვინაიდან, დასაჩუქრებული სახელმწიფოა და ქონება წარმოადგენს კომერციულ ფართს. როდესაც ქონების გაჩუქება ხდება ფიზიკურ პირზე, იგი, რა თქმა უნდა, ქონებას იყენებს მისი კეთილდღეობისათვის, ხოლო სახელმწიფოს შემთხვევაში, ქონება გამოყენებული უნდა იქნას საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ. სწორედ უმადურობაა ის ფაქტი, რომ ამჟამად სადავო ქონება სანაგვედაა ქცეული და ნადგურდება. საქმეში წარმოდგენილია დოკუმენტები, რითაც დასტურდება აღნიშნული ქონების თვითღირებულების შემცირების ფაქტი, რასაც სასამართლომ სათანადო სამართლებრივი შეფასება არ მისცა. კასატორის აზრით, სადავო ქონების გამჩუქებლისადმი დაბრუნებით სახელმწიფო უფრო მეტ სარგებელს მიიღებს ვიდრე დღეის მდგომარეობით არის და გამჩუქებლის ეკონომიური მდგომარეობაც გაუმჯობესდება.
27. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 ივნისის განჩინებით გ. მ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
28. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 25 მარტის განჩინებით გ. მ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განჩინებაზე დასაშვებად იქნა ცნობილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
29. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ. მ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს ხელახლა განსახილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
30. განსახილველ დავაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
31. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2000 წლის 6 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს/ს ,,კ-ს“ გ. მ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 15 051.5 ლარის გადახდა.
32. იმერეთის რეგიონალური სააღსრულებო ბიუროს 2001 წლის 28 თებერვლის აქტით (იძულებითი აუქციონის ჩატარების გზით) აღნიშნული თანხის (15 051 ლარის) სანაცვლოდ გ. მ-ეს საკუთრებაში გადაეცა ქ. ქუთაისში, წ-ის ქ. №...-ში მდებარე 472 კვ.მ უძრავი ქონების, ქიმიკატების საწყობის შენობის 4/5 ნაწილი, რაზეც გაიცა საკუთრების მოწმობა და აღნიშნული უძრავი ქონება 2008 წლის 11 სექტემბერს საჯარო რეესტრში აღირიცხა მ-ის საკუთრების უფლებით.
33. 2008 წლის 10 სექტემბერს გ. მ-ემ განცხადებით მიმართა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს და სურვილი გამოთქვა ქ. ქუთაისში, ა. წ-ის ქ. №...-ში მდებარე მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება უსასყიდლოდ გადაეცა თვითმმართველი ქალაქი ქუთაისისათვის.
34. 2008 წლის 10 სექტემბერს გ. მ-ესა და თვითმმართველი ქალაქ ქუთაისის წარმომადგენელს, საკრებულოს წევრ მ. მ-ს შორის დაიდო უძრავი ქონების საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის - ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად, მოქალაქე გ. მ-ემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობები, მდებარე ქ. ქუთაისში, ა. წ-ის ქ. №...-ში, ნაკვეთი №01/387 (საკადასტრო კოდი: №...) გადასცა თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს, ხოლო თვითმმართველმა ქალაქმა ქუთაისმა წარმომადგენლის მეშვეობით მიიღო იგი საკუთრებაში.
35. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
36. მოცემულ საქმეში გ. მ-ე ითხოვდა მასსა და თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს შორის გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობასა და ქონების უკან დაბრუნებას რამდენიმე საფუძვლით. მათ შორის, იმ საფუძვლით, რომ მან პროკურატურის მხრიდან ზეწოლის გამო თავისი ქონება გადასცა სახელმწიფოს. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებდა, რომ უძრავი ქონების რეგისტრაციის ფაქტიდან სამი თვის შემდეგ, იგი დაიბარეს პროკურატურაში, სადაც პროკურორი დიმიტრი ჩაფიძე დაემუქრა, რომ თუ ქ. ქუთაისის თვითმმართველობას საკუთრებაში არ გადასცემდა მის კუთვნილ ქონებას, დააკავებდნენ და პასუხისგებაში მისცემდნენ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვის დროს დაკითხულ იქნენ მოწმეები.
37. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მოსარჩელე თავის მოთხოვნას. სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს.
38. მოცემულ შემთხვევაში სადავოა 2008 წლის 10 სექტემბერს, ერთის მხრივ, გ. მ-ესა (მჩუქებელი) და, მეორეს მხრივ, თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს (დასაჩუქრებული) შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობა, რომლითაც გ. მ-ემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. ქუთაისში, წ-ის ქ. №...-ში საკუთრებაში უსასყიდლოდ გადასცა ქ. ქუთაისის საკრებულოს. სხვა მოთხოვნებთან ერთად მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მის მიერ გამოვლენილი ცალმხრივი ნების ბათილობიდან გამომდინარე, სადავო მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების დაბრუნება.
39. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო ჩუქების ხელშეკრულების ნამდვილობის საკითხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად უმადურობის გამო ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების, ასევე სამოქალაქო კოდექსის 530-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მჩუქებლის მძიმე მდგომარეობის გამო ნაჩუქარი ქონების უკან დაბრუნების სამართლებრივ საფუძვლებზე, თუმცა არ შეუფასებია სადავო ჩუქების ხელშეკრულების დადებისას მოსარჩელის მიერ გამოვლენილი ნების ნამდვილობის წინაპირობები: დაცული იყო თუ არა ნების გამოვლენის თავისუფლების უზრუნველყოფის შესაბამისი პირობები - ხომ არ ჰქონდა ადგილი მოსარჩელეზე პროკურატურის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას და ხომ არ განაპირობა ქონებაზე უარი შექმნილმა ვითარებამ; რა მოტივი ამოძრავებდა მჩუქებელს იმ უძრავი ქონების სახელმწიფოსთვის ჩუქებისას, რომელზე საკუთრებაც ჩუქებამდე რამდენიმე თვით ადრე მოიპოვა და აღნიშნული ჩუქების ხელშეკრულების დადება, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, არღვევს თუ არა საზოგადოებრივ მართლწესრიგს იმ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარე (კერძო პირი) სადავოდ ხდის მის მიერ სახელმწიფოსთან ხელშეკრულების დადებისას გამოვლენილი ნების ნამდვილობას.
40. საკასაციო სასამართლო მოსარჩელის (კასატორის) პრეტენზიის საფუძვლიანობის შემოწმების მიზნით ყურადღებას მიაქცევს სადავო ჩუქების ხელშეკრულების შინაარსს და მას განიხილავს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის (მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი) სამართლებრივ კონტექსტში.
41. კერძოდ, სადავო არაა, რომ გ. მ-ემ 2008 წლის 10 სექტემბრის ჩუქების ხელშეკრულებით ქ. ქუთაისში, წ-ის ქ. №...-ში მდებარე უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლება უსასყიდლოდ გადასცა სახელმწიფოს.
42. არც ისაა სადავო, რომ საკუთრების გადაცემისას მოსარჩელეს სახელმწიფოს წინაშე არანაირი შეუსრულებელი ვალდებულება არ გააჩნდა.
43. სამართლებრივ სახელმწიფოში მართლწესრიგის არსებობას უზრუნველყოფს, როგორც კანონი, ასევე, მორალური ქცევის სტანდარტი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში კერძო ავტონომიისა და თავისუფალი კონტრაჰირების პრინციპი მოქმედებს, გარიგება, რომელიც საზოგადოებაში „საყოველთაოდ მიღებულ ქცევის სტანდარტს“ ეწინააღმდეგება, ამორალურ გარიგებად მიიჩნევა და მას ბათილობის სამართლებრივი შედეგები უკავშირდება.
44. სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის საკანონმდებლო დანაწესის მიზანს სწორედ იმგვარი გარიგებების თავიდან აცილება წარმოადგენს, რომლებიც ფორმალურად კანონსაწინააღმდეგო არ არის, თუმცა, თავისი არსით, საზოგადოებრივ მართლწესრიგს არღვევს და სამოქალაქო ბრუნვის სუბიექტთა თანაცხოვრებას აუარესებს, რაც შედეგობრივად, სამოქალაქო ბრუნვას აფერხებს.
45. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი დიდწილად დაკავშირებულია მორალურ სტანდარტებთან. კეთილსინდისიერება ნიშნავს გულწრფელობას, მიუკერძოებლობას, ობიექტურობას, სამართლიანობასა და სხვ.
46. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. გარიგების მართლსაწინააღმდეგობისა და ამორალურობის დროს გადამწყვეტი მნიშვნელობა მხარეთა ნებას ენიჭება, თუმცა, აუცილებელი არ არის მხარეთა ნება თანხვედრი იყოს, ანუ გარიგების დადების ამორალური და მართლსაწინააღმდეგო მოტივი და მიზანი ორივე მხარეს ამოძრავებდეს. გარიგების ამორალურად და მართლსაწინააღმდეგოდ მიჩნევის მიზნებისათვის საკმარისია გარიგების ერთ-ერთი მხარის არამართლზომიერი, ამორალური განზრახვა.
47. სამართალურთიერთობის საფუძველი მორალურად ყოველთვის გამართლებული უნდა იყოს. აღნიშნული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი სამართალურთიერთობის არსებობისას, როდესაც ამავე ურთიერთობის მხარეებს შორის ნდობისა და კეთილსინდისიერების სტანდარტი მაღალია. პალატა ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა იმ სამართალურთიერთობაში, რომელშიც სახელმწიფო მონაწილეობს, ნდობისა და კეთილსინდისიერების ხარისხი განსაკუთრებულად მაღალია. ამ შემთხვევაში, არ უნდა შეიქმნას პრობლემა კეთილსინდისიერების პრინციპის ფართოდ განმარტებასა და გამოყენებაში. გამოსავალი ამ შემთხვევაში სტრუქტურული დისბალანსის აღდგენაში უნდა ვეძებოთ, უპირატესობა უნდა მიენიჭოს კეთისინდისიერების ქცევის სტანდარტს, მორალს, ნდობას - ეს სწორედ ის პრიორიტეტებია, რომლებსაც განსაზღვრავს თავად მოვალეობა - დავიცვათ კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებები. კერძო ავტონომიის ფარგლებში დადებული გარიგებების არსებობის პირობებში დაცული უნდა იქნას ხელშეკრულების მონაწილე სუსტი მხარის ინტერესი თავად გარიგების მიმართ და კეთილსინდისიერი შემძენის არსებობის შემთხვევაში, სოციალური თანასწორობის აღდგენისაკენ სწრაფვისას არ უნდა იქნას დავიწყებული სუსტი მხარის ინტერესების დაცვა. უფრო მეტიც, მიუხედავად სამართალურთიერთობის კერძოსამართლებრივი ბუნებისა, კერძო სამართლის სუბიექტების მხრიდან კონტრაჰენტი ძლიერი მხარის, სახელმწიფოს ქმედებების მიმართ კანონიერი ნდობის პრინციპი მოქმედებს. რადგანაც, ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია საჯარო წესრიგის დაცვა.
48. ,,საჯარო წესრიგის“ ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები. ეს იმიტომ, რომ საჯარო წესრიგით დაცული სიკეთე საზოგადო ფასეულობისაა და მისი დარღვევა ძირს უთხრის საზოგადოების არსებობის საფუძვლებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი ბათილად მიიჩნევს ამ წესრიგის საწინააღმდეგო გარიგებას. აქედან აშკარა ხდება, რომ სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლება შებოჭილია და გარკვეული საზოგადოებრივი ინტერესების ფარგლებშია მოქცეული. მაშასადამე, ყოფილა ურთიერობანი, რაც არ შეიძლება იყოს მხოლოდ „კერძო ავტონომიის საქმე”.
49. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო ბრუნვის მნიშვნელოვანი თავისებურება ის არის, რომ ყოველი მხარე იმ ტვირთის მატარებელი შეიძლება იყოს, რომლის ზიდვაც მას შეუძლია. როცა დასტურდება, რომ იგი უძლურია ზიდოს ეს ტვირთი, პასუხისმგებლობის საკითხიც იხსნება. სწორედ, სახელმწიფოს ეკისრება იმისი მტკიცების ვალდებულება, რომ მასსა და ფიზიკურ პირს შორის დადებული უსასყიდლო გარიგება არ ეწინააღმდეგება მორალურ იმპერატივებს და სუსტი მხარის ინტერესებს (იხ. სუს 2016 წლის 1 მარტის განჩინება, საქმე #ას-15-15-2016).
50. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოთმითითებულ გარემოებათა ერთობლიობაში შეფასების შედეგად მოცემულ დავაში სააპელაციო სასამართლოს მიერ პასუხგაუცემელია კითხვები სახელმწიფოსა და კერძო პირს შორის გაფორმებული ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ ხელშეკრულება სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის შესაბამისად, ეწინააღმდეგება თუ არა მორალურ იმპერატივებსა და სუსტი მხარის ინტერესებს იმ პირობებში, როდესაც თავად სუსტი მხარე (ფიზიკური პირი) ხდის სადავოდ ხელშეკრულებას საკუთარი ნების ნამდვილობის გამო; სადავო ხელშეკრულების დადებისას სახელმწიფოს მხრიდან დაცული იყო თუ არა ნდობისა და კეთილსინდისიერების პრინციპები, რომელთა ხარისხი ყველა სამართალურთიერთობაში, სადაც სახელმწიფო მონაწილეობს, განსაკუთრებით მაღალი უნდა იყოს. სააპელაციო სასამართლოს არ შეუფასებია ასევე მტკიცების სტანდარტი, რომელიც მოცემულ შემთხვევაში სახელმწიფოს აკისრებს ვალდებულებას ამტკიცოს მასსა და ფიზიკურ პირს შორის დადებული უსასყიდლო გარიგების მოტივი და მორალურ პრინციპებთან და საჯარო წესრიგთან მისი შესაბამისობა.
51. საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ რამდენადაც სადავო ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი (მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი), შესაბამისად, სახეზეა უცილოდ ბათილი გარიგება, მასზე შეცილების რაიმე ვადის გავრცელება სამოქალაქო კოდექსით ნაკარნახევი არ არის და მის მიმართ გამოყენებულ უნდა იქნას ხანდაზმულობის საერთო - ათწლიანი ვადა.
52. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამავე კოდექსის 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. მოცემული ნორმების ანალიზისა და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული დასაბუთების გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას თავად დაადგინოს ახალი ფაქტები და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები სადავო სამართლებრივი ურთიერთობის თაობაზე, რაც საკასაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველია.
53. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღებისას უნდა გადაწყვიტოს სასამართლო ხარჯების მხარეთა შორის განაწილების საკითხიც.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. გ. მ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე