Facebook Twitter

საქმე №ას-992-955-2016 31 ოქტომბერი, 2016 წელი ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განვიხილე ვ. ც-აიას საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებასა და ამავე პალატის 2016 წლის 19 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე, საქმეზე – ვ. ც-აიას სარჩელის გამო, ე. ჯ-ისა და ვ. გ-ის მიმართ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე და პალატამ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ვ. ც-აიას საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. ამავე კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 21 დღე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაჰბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება. ამავე კოდექსის მე-60 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

საქმის მასალებით დასტურდება, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინება ამავე პალატის 2016 წლის 19 მაისის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე, ვ. ც-აიას გაეგზავნა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით საქმეში მითითებულ მისამართზე და პირადად ჩაბარდა 2016 წლის 30 სექტემბერს (ტ.II, ს.ფ.235).

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისიწნებით, პალატა მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დენა დაიწყო 2016 წლის 1 ოქტომბერს და დასრულდა 2016 წლის 21 ოქტომბერს. საქმის მასალებით დგინდება, რომ საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარიას ჩაბარდა 2016 წლის 24 ოქტომბერს, ამასთან საკასაციო საჩივრის შედგენის თარიღად მითითებულია ასევე 2016 წლის 24 ოქტომბერი, რაც უტყუარად ადასტურებს საკასაციო საჩივრის შეტანის 21-დღიანი ვადის დარღვევას, აღნიშნული კი, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ამასთან, საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე რომ, 2016 წლის 28 ოქტომბერს სასამართლოს განცხადებით მომართა ვ. ც-აიამ და განმარტა რომ, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ შეძლო საკასაციო საჩივრის კანონით დადგენილ ვადაში შეტანა, რის დასადასტურებლადაც წარმოადგინა ცნობები ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. განცხადებისა და მასში გადმოცემული ინფორმაციის დადასტურებულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, ეს გარემოება საკასაცო საჩივრის განსახილველად მიღების წინაპირობად ვერ იქნება მიჩნეული და წინამდებარე განჩინებაში ჩამოყალიბებული სამართლებრივი შედეგისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების საფუძელი ვერ გახდება, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებებისა და განჩინებების გასაჩივრების კანონით განსაზღვრული ვადების გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ვ. ც-აიას საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 19 მაისის დაუსწრებელ გადაწყვეტილებასა და ამავე პალატის 2016 წლის 15 სექტემბრის განჩინებაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაოაბზე, დარჩეს განუხილველად. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე