№ ას-457-436-2015 6 ივნისი, 2016 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი - ა. შ-ა (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს-ი“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება მიუღებელი დივიდენდის სახით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. შპს „ს-ის“ პარტნიორმა ა. შ-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს-ის“ დირექტორის, ს. ჩ-ის მიმართ და მოითხოვა დირექტორის არამართლზომიერი მოქმედებით პარტნიორისათვის მიყენებული ზიანის - 2006 წლიდან 2010 წლის ჩათვლით დივიდენდის სახით მიუღებელი შემოსავლის - 16 642.6 ლარის ანაზღაურების დაკისრება შემდეგი დასაბუთებით:
2. მოსარჩელე არის შპს „ს-ის“ დამფუძნებელი და 15 %-იანი წილის მფლობელი პარტნიორი. საზოგადოება მუშაობს სრული დატვირთვით და დივიდენდის განაწილება პარტნიორებს შორის ხდება საწარმოს მოგებიდან, მაგრამ მისი დირექტორის არამართლზომიერი ქმედებით საზოგადოების პარტნიორები არასწორად იღებდნენ შემოსავალს, ირღვევა მათი უფლებები.
3. კომპანიის მიერ 2006-2010 წლების წლიური მოგების განსაზღვრის კანონიერებისა და პარტნიორებზე კუთვნილი დივიდენდების განაწილების სისწორის შემოწმების მიზნით მოსარჩელემ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ჩაატარა საწარმოს ფინანსური დოკუმენტების ალტერნატიული შემოწმება, რის შედეგადაც გამოვლინდა დარღვევები. კერძოდ, შპს „ს-ის“ მიერ დეკლარირებულ მონაცემებსა და აუდიტის შედეგებით დადგენილ მონაცემებს შორის გამოვლინდა სხვაობები, მათ შორის, პარტნიორებზე დამატებით გასანაწილებელი დივიდენდი, რომლის ოდენობაც 2006-დან 2010 წლის ჩათვლით შეადგენს 110 950.75 ლარს, საიდანაც მისთვის განკუთვნილი წილი არის 16 642.6 ლარი.
4. სარჩელზე შესაგებელი წარადგინა შპს „ს-მა“, რომელიც ჩაერთო მოცემულ საქმეში მოპასუხის სახით.
5. მოპასუხის განმარტებით, არასწორია, რომ 2006-2010 წლებში გამოვლინდა პატნიორებზე დამატებით გასანაწილებელი დივიდენდი 110950,75 ლარი, ანუ მოსარჩელის დამატებით კუთვნილმა 15%-მა 16 642,6 ლარი შეადგინა. მოსარჩელემ დამატებით გასანაწილებელი დივიდენდის თანხა მიიღო შემდეგნარად: 316 774,75 ლარს (აუდიტორული დასკვნის მიხედვით განსაზღვრული მოგება (მოგების გადასახადის გამოკლებით) - 205 824 ლარი (აუდიტორული დასკვნის მიხედვით მოგების დეკლარაციაში მითითებული მოგება მოგების გადასახადის გამოკლებით) = 110 950,75 ლარს. საგადასახადო შემოწმებით დადგინდა, რომ დეკლარირებული მოგება (მოგების გადასახადის გამოკლებით) არა 205 824 ლარია, არამედ 251 882 ლარი, ხოლო შემოწმებით დადგენილი მოგება (მოგების გადასახადის გამოკლებით) არის არა 316 774,75 ლარი, არამედ 283 855 ლარი. შესაბამისად, აუდიტორული დასკვნით ხელოვნურადაა გაზრდილი დამატებით ,,გასანაწილებელი დივიდენდი’’. ამავე დროს, დეკლარირებულთან მიმართებით გაუნაწილებელი მოგების თანხის დივიდენდის სახით განაწილებაზე პარტნიორთა საერთო კრებას გადაწყვეტილება არ მიუღია.
6. მოპასუხის აზრით, ასევე არასწორია, რომ 2006-2010 წლებში საზოგადოებაში გამოვლინდა ფინანსური დარღვევები, რაც ,,გასანაწილებელი მოგების’’ მაჩვენებლების სხვაობებში გამოიხატა. აუდიტორული დასკვნით, გარდა გამონაკლისებისა, დეკლარირებულთან მიმართებით მოგების გაზრდა, განპირობებულია რეალურად გაწეული იმ ხარჯების გამოქვითებიდან ამოღებით, რომლებიც საგადასახადო კოდექსის შესაბამისად გამოქვითვას არ ექვემდებარებოდა (სპეციალური საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის არარსებობის გამო, ამორტიზაციის ნორმების გამოყენების გამო და ა. შ.), მაგრამ საბალანსო მოგებას ამცირებდა. გამონაკლისია შემდეგი შემთხვევები: ა) 2007 წელს აუდიტორული დასკვნით მოგება გაზრდილია უიმედო ვალის გამოქვითული თანხით (28 752 ლარი), რომელიც აუდიტორებმა არ გაითვალისწინეს ხარჯებში. მოცემული თანხა ხარჯებში თავდაპირველად საგადასახადო შემოწმებამაც არ ჩართო, მაგრამ გასაჩივრების შედეგად თანხა გამოქვითვას დაექვემდებარა; ბ) 2010 წელს აუდიტორული დასკვნით განსაზღვრული მოგება (102 189 ლარი) შედარებულია თითქოსდა დეკლარირებულ მოგებასთან 48 715 ლარის ოდენობით, მაგრამ სინამდვილეში დეკლარირებულია 102 902 ლარი (იმაზე მეტი, ვიდრე დასკვნაშია მითითებული).
7. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილებით ა. შ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა; ა. შ-ას შპს „ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა იურიდიული მომსახურებისთვის გაღებული ხარჯის, 1000 ლარის გადახდა.
8. რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. შ-ამ.
9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 მარტის გადაწყვეტილებით ა. შ-ას სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება ა. შ-აზე შპს „ს-ის“ სასარგებლოდ 1000 ლარის დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ა. შ-ას ადვოკატის ხარჯის სახით შპს „ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 600 ლარის გადახდა; დანარჩენ ნაწილში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 ნოემბრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელი.
10. სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე, 53-ე მუხლებით და აღნიშნა, რომ მოცემულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლოს ადვოკატის დახმარებისათვის საფასური უნდა განესაზღვრა საქმის მოცულობის, დავის ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულისა და სხვა ფაქტორების თანაზომიერი და გონივრული, არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4%-ის ფარგლებში. შესაბამისად, პალატამ გონივრულ თანხად მიიჩნია ა. შ-ასათვის 600 ლარის დაკისრება.
11. რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნას დანარჩენ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უსაფუძვლობასთან დაკავშირებით, აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
12. ა. შ-ა არის შპს ,,ს-ის" დამფუძნებელი და ფლობს კაპიტალის წილის 15 %-ს.
13. შპს ,,ს-ის" 2006-2010 წლების წლიური მოგების განსაზღვრის კანონიერებისა და პარტნიორების კუთვნილი დივიდენდის განაწილების სისწორის შემოწმების მიზნით ა. შ-ას დაკვეთით ჩატარდა აუდიტი, რომელმაც გამოავლინა შპს ,,ს-ის“ მიერ დეკლარირებული მონაცემების უსწორობა.
14. აუდიტის დასკვნის მიხედვით, სულ 2006-2010 წლების ფინანსური შედეგების მიხედვით მოგების არასწორად გაანგარიშების შედეგად დივიდენდის სახით ნაკლებად განაწილდა 110 950.75 ლარი. აუდიტორი წლების მიხედვით გასანაწილებელ მოგებას (დივიდენდის სახით გასაცემ თანხას) განსაზღვრავს დასაბეგრ მოგებასა და კუთვნილ მოგების გადასახადს შორის სხვაობით. აუდიტის დასკვნა შედგენილია 2014 წლის 3 ივლისს.
15. ამავე პერიოდში ჩატარდა შპს ,,ს-ის" ალტერნატიული საგადასახადო შემოწმება, რომელმაც დაადგინა აუდიტის დასკვნისგან განსხვავებული მონაცემები, მათ შორის წლიური მოგების ნაწილშიც.
16. გადამოწმების შედეგები პარტიონართა კრებაზე არ განხილულა, დამატებით გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობა კრებას არ დაუდგენია.
17. ,,მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტსა და ამავე კანონის მე-8 მუხლზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დივიდენდის გაცემის საფუძველი შეიძლება იყოს ერთდროულად, მოგების არსებობა და საზოგადოების პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება პარტნიორებზე დივიდენდის გაცემის შესახებ. ამავე კანონის 47-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი. პარტნიორთა კრების კომპეტენცია, კრების ჩატარების წესი და გადაწყვეტილების მიღების პროცედურა კი განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.
18. შპს ,,ს-ის" წესდების 5.14.6 პუნქტის დანაწესებით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პარტნიორთა კრების კომპეტენციაში შედის წლიური შედეგების დამტკიცება და შედეგების გამოყვანა. ამავე წესდების 6.3 პუნქტის მიხედვით ბიუჯეტთან და ბანკთან ანგარიშსწორების შემდეგ დარჩენილი მოგება შეიძლება წარიმართოს საზოგადოების ფონდების შესავსებად. წესდების 6.3 და 6.5 პუნქტების თანახმად კი, საზოგადოება მოგებას ანაწილებს ფინანსური წლის შედეგების მიხედვით ერთხელ. ბიუჯეტთან და ბანკთან ანგარიშსწორებისა და საზოგადო ფონდების შევსების შემდეგ მოგება ნაწილდება პარტნიორთა შორის მათი წილის პროცენტულად.
19. სააპელაციო პალატის აზრით, რაიონულმა სასამართლომ მართებულად გაიზიარა მოპასუხის პოზიცია, რომ პარტნიორს აქვს დივიდენდის მიღების უფლება, მაგრამ მას დივიდენდის მოთხოვნის უფლება აქვს პარტნიორთა კრების მიერ განსაზღვრული ოდენობიდან. დივიდენდის ფონდის შექმნა პარტნიორთა კრების ე.წ. კონსტიტუციური უფლებაა და სასამართლოსაც არ შეუძლია პარტნიორთა კრებას დაავალოს დივიდენდის იმაზე მეტი ოდენობით გაცემა, ვიდრე კრებამ დაადგინა.
20. სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პოზიცია, რომ პარტნიორთა კრება უნდა ჩატარებულიყო არა წლიური დეკლარაციის ჩაბარების შემდეგ, არამედ მანამდე. პალატამ აღნიშნა, რომ წლიური შედეგების შეჯამება და დივიდენდების განაწილება შეუძლებელია წლიური დეკლარაციის წარდგენამდე, რისთვისაც კანონით დადგენილია 1 აპრილამდე პერიოდი. აღნიშნულით აპელანტი ადასტურებდა იმას, რომ პარტნიორთა კრებას მისთვის მის მიერ მოთხოვნილი დივიდენდი არ გაუნაწილებია.
21. აპელანტი მიუთითებდა პარტნიორთა კრების ოქმების უსწორობაზე, რომ მასში დივიდენდის თანხა არ იყო პერსონიფიცირებული. ამასთან, აპელანტი პრეტენზიას არ აცხადებდა იმის თაობაზე, რომ დივიდენდის ოქმში დაფიქსირებული საერთო თანხიდან მას მისი პროპორციული თანხა არ ჰქონდა მიღებული. პალატამ უდავოდ დადაგენილად მიიჩნია, რომ კრების ოქმები აპელანტს არ გაუსაჩივრებია.
22. აპელანტი ასევე მიუთითებდა მის მიერ წარდგენილი აუდიტორული დასკვნის სისწორეზე, მაგრამ მოპასუხის მიერ გამოთქმული საწინააღმდეგო მოსაზრების გასაქარწყლებლად მას არაფერი წარმოუდგენია.
23. სასამართლომ განმარტებით, აპელანტის პრეტენზიას, რომ საწარმომ ერთობლივი შემოსავლიდან არასწორად გამოქვითა უიმედო ვალი, საქმესთან არსებითი კავშირი არ ჰქონდა. თუმცა, პალატამ მიიჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილებით უიმედო ვალის გამოქვითვა სწორად ჩაითვალა.
24. სასამართლომ ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო საჩივრის ავტორის პრეტენზია საწარმოს დირექტორის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების თაობაზე და აღნიშნა, რომ სარჩელი აღძრული იყო არა საწარმოს დირექტორის, არამედ საწარმოს მიმართ.
25. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ა. შ-ამ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება ძირითადად იმავე დასაბუთებით, რაც მითითებული ჰქონდა სააპელაციო საჩივარში, კერძოდ:
26. სააპელაციო სასამართლომ გვერდი აუარა და მხედველობაში არ მიიღო ის გარემოება, რომ აუდიტორული დასკვნა გაკეთებულია სახელმწიფო შემოწმების შედეგად და არა მანამდე, რომ საწარმოს დირექტორი აღიარებს არასწორ დარიცხვას და უკან უბრუნებს სახელმწიფოს თანხას, რომ საქმეში არ მოიპოვება არცერთი მტკიცებულება იმისა, რომ შემოსავლების სამსახურმა უიმედო ვალის გამოქვითვა ჩათვალა სწორად. პალატამ აღნიშნა, რომ საგადასახადო შემოწმების აქტით დადასტურდა აუდიტორული სისწორე, მაშინ, როცა აუდიტორული დასკვნის არავითარი შემოწმება არ მომხდარა და აქტიც არ შედგენილა.
27. სასამართლო დაეყრდნო მოპასუხის მიერ წარმოდგენილ შპს-ს ოქმებს, სადაც არ არის აღნიშნული ინფორმაცია დამატებითი დივიდენდების მოთხოვნის შესახებ და მიუთითა, რომ მხოლოდ კრებამ უნდა განსაზღვროს დამატებითი დივიდენდების გაცემა, რის დავალდებულებასაც შპს-სადმი სასამართლო მოკლებულია, მაგრამ სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ ფაქტს, რომ კრების ის ოქმები, რომელიც წარმოდგენილია საქმეში, შედგენილია სამეურნეო წლის აპრილის თვეში დეკლარაციის დამტკიცების შემდეგ და არა სამეურნეო წლის დამთავრების და მისი შედეგების მიხედვით (,,ს-ის’’ წესდება 6.2.). ფაქტობრივად კი, მოგების გადასახადის წლიურ დეკლარაციაში მონაცემები დივიდენდის განაწილების შესახებ საერთოდ არ შეიტანება, აღნიშნულს დეკლარაციის ფორმა არ ითვალისწინებს.
28. სასამართლოს ყურადღება არ მიუქცევია, რომ ოქმში არ არის შეტანილი დივიდენდის განაწილება წილობრივი პროპორციულობით, მხოლოდ ჩაწერილია მოგების თანხა და მითითებულია, რომ ეს მოგება დამტკიცდეს.
29. სასამართლოს არ შეუფასდებია აუდიტის დასკვნა, რომელმაც გამოავლინა საზოგადოების დირექტორის ს. ჩ-ის დანაშაულებრივი ფაქტორი, რითაც ზიანი მიადგათ, როგორც სხვა პარტნიორებს, ისე მოსარჩელეს. ამისათვის კი დირექტორს ეკისრება პასუხისმგებლობა „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-9 მუხლის პირველი და მე-6 პუნქტების საფუძველზე, მთელი მისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.
30. სასამართლოს გადაწყვეტილებაში არ ასახულა 2002 წლის 24 ივლისის შედარების აქტი, რომლის მიხედვით დადგენილია, რომ პარტნიორებს მოგებიდან დააკლდათ დივიდენდები და ეს თანხა კომპანიის დირექტორმა წლიურ დეკლარაციაში ასახა, როგორც უიმედო ვალი. აუდიტორები კი მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ 28 752 ლარი, როგორც უიმედო ვალი 2007 წლის წლიურ დეკლარაციაში გამოქვითულია სათანადო დასაბუთების გარეშე და ექვემდებარება აღდგენას ამავე წლის მოგების ანგარიშზე.
31. კასატორის განცხადებით, სსიპ შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ ჩატარდა შემოწმება, რომელმაც დადო იგივე შედეგი, რაც ა. შ-ას მიერ დანიშნულმა აუდიტორმა, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ს. ჩ-ი პირდაპირ და უშუალოდ პასუხისმგებელია ორგანიზაციისათვის მიყენებულ ზიანზე შ-ასა და პარტნიორებზე დივიდენდების არასწორად დარიცხვის გამო.
32. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 მაისის განჩინებით ა. შ-ას საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
33. საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. შ-ას საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
34. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
35. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
36. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ პარტნიორს აღძრული ჰქონდა სარჩელი შპს-ს დირექტორის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით დირექტორის მიერ პარტნიორთა კრებისათვის არასწორი წლიური ანგარიშებისა და არასწორი ფინანსური დოკუმენტების წარდგენის გამო, რამაც პარტნიორთა კრების მიერ წლების განმავლობაში დივიდენდების ნაკლები ოდენობით განაწილება გამოიწვია.
37. სარჩელზე შესაგებელი დირექტორის ნაცვლად წარადგინა თავად საწარმომ, ხოლო პარტნიორის სარჩელი პირველი ინსტანციის სასამართლომ განიხილა, როგორც საწარმოს მიმართ დივიდენდის მოთხოვნა.
38. მოთხოვნის ასეთი ტრანსფორმაციის არამართებულობის ან მოპასუხის არასათანადოობის შესახებ მოსარჩელეს არც პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას და არც სააპელაციო საჩივარში მიუთითებია. შესაბამისად, როგორც პირველ, ისე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა წარიმართა მოპასუხე შპს „ს-ის“ მიმართ დივიდენდის გაცემის მოთხოვნით.
39. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლო გადაწყვტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება მხედველობაში იქნას მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები, თუმცა მოცემულ შემთხვევაში კასატორი აღნიშნულ ფაქტზე, როგორც დარღვევაზე, არც საკასაციო საჩივარში უთითებს.
40. ამრიგად, საკასაციო სასამართლოს შემოწმების საგანია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მართებულობა დივიდენდის გაცემის თაობაზე საწარმოს მიმართ. მიუხედავად, აღნიშნულისა, საკასაციო სასამართლო აუცილებლად მიიჩნევს, გააკეთოს ზოგიერთი განმარტება სარჩელში მითითებულ თავდაპირველ მოთხოვნასთან დაკავშირებით.
41. როგორც უკვე აღინიშნა, პარტნიორს აღძრული ჰქონდა სარჩელი შპს-ს დირექტორის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით დირექტორის მიერ პარტნიორთა კრებისათვის არასწორი წლიური ანგარიშებისა და არასწორი ფინანსური დოკუმენტების წარდგენის გამო, რამაც პარტნიორთა კრების მიერ წლების განმავლობაში დივიდენდების ნაკლები ოდენობით განაწილება გამოიწვია. პარტნიორი მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვდა იმ დივიდენდს, რომელიც მისი მითითებით საწარმოს დირექტორის მიერ საკუთარი მოვალეობების დარღვევის შედეგად პარტნიორებზე არ განაწილდა.
42. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, კომპანიის დირექტორს აკისრია განსაკუთრებული მოვალეობები კომპანიის წინაშე, რომლებსაც ეწოდება „ფიდუციური მოვალეობები“, და სხვასთან ერთად მოიცავს დირექტორის მოვალეობას საზოგადოების საქმეებს გაუძღვეს კეთილსინდისიერად, კერძოდ, ზრუნავდეს ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდეს იმ რწმენით, რომ მისი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის.
43. ფიდუციური მოვალეობები, კერძოდ, ზრუნვისა და ერთგულების მოვალეობა, დირექტორს გააჩნია საზოგადოების წინაშე, შესაბამისად, ამ მოვალეობების დარღვევისათვის მისი პასუხისმგებლობა დგება საზოგადოების, და არა საზოგადოების პარტნიორების ან რომელიმე პარტნიორის მიმართ. აღნიშნული გამომდინარეობს „მეწარმეთა შესახებ“ კანონის იმავე მე-9.6 მუხლიდან, რომლის შესაბამისადაც, დირექტორი საკუთარი მოვალეობების დარღვევისაგან წარმოშობილი ზიანისათვის პასუხს აგებს საზოგადოების წინაშე, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ.
44. შესაბამისად, თუ დირექტორის მიერ მისი მოვალეობების (ზრუნვის ან ერთგულების მოვალეობის) დარღვევის გამო კომპანიას ზიანი მიადგა, დირექტორის წინააღმდეგ სარჩელის აღძვრის უფლება აქვს, უპირველეს ყოვლისა, აღნიშნულ კომპანიას. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია ამ უფლებას არ გამოიყენებს, მაშინ კომპანიის სახელით და მის სასარგებლოდ სარჩელი შესაძლებელია აღძრას კომპანიის პარტნიორმაც, მათ შორის, უმცირესობაში მყოფმა პარტნიორმა („მეწარმეთა შესახებ“ კანონი, მუხლი 46.5), თუმცა ასეთი სარჩელის აღძვრისას, მან უნდა მიუთითოს დირექტორის ქმედებით კომპანიისათვის, და არა პირდად მისთვის, მიყენებულ ზიანზე.
45. მოცემულ შემთხვევაში, დირექტორის წინააღმდეგ პატნიორმა სარჩელი აღძრა საკუთარი სახელით და მიუთითებდა უშუალოდ მის მიმართ მიყენებულ ზიანზე. პარტნიორი ზიანად მიიჩნევდა საწარმოს მიერ გაუცემელ დივიდენდს, რომელსაც, მისი მითითებით, საზოგადოების პარტნიორთა კრება გასცემდა დირექტორის მიერ სწორი ფინანსური დოკუმენტების წარდგენის შემთხვევაში. ასეთი სახით, პარტნიორის მოთხოვნას დირექტორის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად, სამართლებრივი საფუძველი არ გააჩნია.
46. პარტნიორის მოთხოვნა დამატებითი დივიდენდის გაცემის თაობაზე ვერ დაკმაყოფილდება იმ შემთხვევაშიც, თუ მას განვიხილავთ, როგორც მოთხოვნას საწარმოს მიმართ.
47. „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად, საწარმოს წლიური და შუალედური მოგების დივიდენდის სახით განაწილების შესახებ გადაწყვეტილების მიღება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორთა კრების უფლებამოსილებას წარმოადგენს, რაც გულისხმობს როგორც დივიდენდის გაცემა-არგაცემის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების, ისე გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობის განსაზღვრის უფლებამოსილებასაც. ანალოგიური პრინციპია დადგენილი მოცემულ შემთხვევაში შპს „ს-ის“ წესდებითაც.
48. ამრიგად, როგორ კანონით, ისე კომპანიის წესდებით, გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობის განსაზღვრა წარმოადგენს სრულად პარტნიორთა კრების დისკრეციას. საწარმოს პარტნიორთა აღნიშნული დისკრეციის ფარგლებში კი სასამართლო შეიძლება შეიჭრას მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მოსარჩელე პარტნიორთა კრების მხრიდან გასანაწილებელი დივიდენდის ოდენობის განსაზღვრისას საკუთარი უფლებამოსილების არამართლზომიერ გამოყენებაზე უთითებს, კერძოდ, მოსარჩელე პარტნიორი სარჩელში უნდა უთითებდეს ისეთ გარემოებებზე, რომლებიც სასამართლოს შეუქმნის საწარმოს პარტნიორთა კრების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისას არაკეთილსინდისიერი მოქმედების, მოტყუების ან პირადი დაინტერესების არსებობის ვარაუდის საფუძველს.
49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ დამატებითი დივიდენდის გაცემის თაობაზე სასამართლოში სარჩელის წარდგენამდე, შპს-ს ნებისმიერი პარტნიორი ვალდებულია აღნიშნული საკითხის განხილვა, უპირველეს ყოვლისა, მოსთხოვოს პარტნიორთა კრებას. თუ დივიდენდის განაწილების საკითხის განსახილველად პარტნიორთა კრების მოწვევის შესახებ მისი მოთხოვნა საწარმოს მიერ არ კმაყოფილდება, პარტნიორს შეუძლია მიმართოს სასამართლოს მოთხოვნით, რომ სასამართლომ დაავალდებულოს კომპანია მოიწვიოს პარტნიორთა კრება.
50. წინამდებარე საქმეში, თუ პარტნიორის მიერ ჩატარებულმა შემოწმებამ დირექტორის მხრიდან პარტნიორთა კრებისათვის არასწორი ფინანსური მონაცემების წარდგენა გამოავლინა, სარჩელის აღძვრამდე პარტნიორის ზემოაღნიშნული ვალდებულება გულისხმობდა საწარმოსათვის პარტნიორთა კრების მოწვევის, შემოწმების შედეგების განხილვისა და დამატებითი დივიდენდის განაწილებაზე გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნას.
51. მოცემულ შემთხვევაში, პარტნიორმა მართალია წარუდგინა პარტნიორთა კრებას აუდიტის შემოწმების შედეგები, მაგრამ მას აღნიშნულ კრებაზე დამატებითი დივიდენდის გაცემის საკითხი არ დაუყენებია (არ იკვეთება პარტნიორთა 2014 წლის 15 აგვისტოს რიგგარეშე კრების ოქმით, იხ. ს.ფ. 217). პარტნიორთა კრების მიერ არ იქნა გაზიარებული აუდიტის შემოწმების შედეგები, თუმცა დამატებითი დივიდენდის გაცემაზე პარტნიორთა მიერ არც დადებითი და არც უარყოფითი გადაწყვეტილება მიღებული არ ყოფილა. ასეთ პირობებში კი, როცა არ არსებობს პარტნიორთა კრების რაიმე (დადებითი ან უარყოფითი) გადაწყვეტილება დამატებითი დივიდენდის გაცემა-არგაცემის თაობაზე, შეუძლებელია სასამართლომ შეამოწმოს ჰქონდა თუ არა ადგილი პარტნიორთა კრების მიერ საკუთარი დისკრეციის არამართლზომიერ გამოყენებას. ასეთ პირობებში შეუძლებელია, დირექტორის მოქმედებასა და დივიდენდის არგაცემას შორის მიზეზობრივი კავშირის დადგენაც, რადგან სასამართლომ რომც გაიზიაროს მოსარჩელის მითითება, რომ შპს-ში დივიდენდის განაწილების დროს პარტნიორთა კრება ეყრდნობოდა დირექტორის მიერ წარდგენილ არასწორ ფინანსურ მონაცემებს, ვერ დგინდება პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი ამ მონაცემების წარდგენასა და დივიდენდის ნაკლები ოდნობით გაცემას შორის, რადგან შეუძლებელია წინასწარ იმის განსაზღვრა, უფრო მეტი ფინანსური რესურსის პირობებში რა გადაწყვეტილებას მიიღებდა პარტნიორთა კრება, მიმართავდა თუ არა იგი მთელ მოგებას დივიდენდის გასაცემად, თუ გამოიყენებდა მას სხვა დანიშნულებით.
52. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ წარმოდგენილი საკასაციო პრეტენზია არაკვალიფიციურია.
53. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
54. საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ. მაგ. სუს 2009 წლის 2 ივლისის #ას-75-408-09 განჩინება; სუს 2015 წლის 17 დეკემბრის #ას-863-813-2015 განჩინება, სუს 2015 წლის 21 დეკემბრის #ას-378-359-2015 განჩინება, სადაც განმარტებულია საზოგადოების დივიდენდების განაწილებისას საწარმოს პარტნიორთა კრების დისკრეციაში სასამართლოს შეჭრის დასაშვებობა და მისი სამართლებრივი ასპექტები).
55. შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
56. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ა. შ-ას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
57. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 833 ლარის 70% – 583.1 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ა. შ-ას საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. კასატორ ა. შ-ას (პ/ნ: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 27 აპრილს №19 საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის, 833 ლარის 70% – 583.1 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე