Facebook Twitter

საქმე №ას-624-596-2016 23 სექტემბერი, 2016 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სსიპ ი-ი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ჯ. წ-ე (მოსარჩელე)

შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორი – ჯ. წ-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ ი-ი (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის განჩინება

კასატორის/შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა: საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სამუშაოზე აღდგენისა და ამ პერიოდამდე იძულებითი განაცდურის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

1. მოსარჩელის მოთხოვნა და სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:

1.1. ჯ. წ-ემ (შემდგომში _ მოსარჩელე ან დასაქმებული) სარჩელი აღძრა სასამართლოში სსიპ ი-ის (შემდგომში _ მოპასუხე ან დამსაქმებელი) მიმართ სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ დამსაქმებლის ბრძანების ბათილად ცნობის, დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების მოთხოვნით.

1.2. სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი გარემოებებით: 2013 წლის 19 მარტიდან მოსარჩელე დასაქმებული იყო ფინანსური ოპერაციების დირექტორის თანამდებობაზე, რომელიც მან კონკურსის წესით დაიკავა და ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 5 630 ლარით. საკონკურსო მოთხოვნებში არ ყოფილა მითითებული რომ ნასამართლობა, ან წარსულში ნასამართლობის ქონა საკონკურსო თანამდებობაზე გამწესების შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენდა, უფრო მეტიც, 2014 წლის 10 მარტს დამსაქმებლის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობის დასაკავებელ საკონკურსო მონაცემებში მითითებულია პრეტენდენტთა თანასწორობაზე, მათ შორის წარსულში პატიმრობაში ყოფნის მიუხედავად. მუშაობის პერიოდში დასაქმებულის მიმართ რაიმე გაფრთხილება ან დისციპლინური გადაცდომა არ დაფიქსირებულა. 2014 წლის 20 თებერვალს მოპასუხე ორგანიზაციის ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრაციის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის წერილით ეცნობა, რომ 2014 წლის 24 თებერვალს გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით _ სხვა ობიექტური გარემოების გამო, რომელიც შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას ამართლებდა. ბრძანების ფატობრივ საფუძვლად დამსაქმებელი მიუთითებდა აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის 2014 წლის 5 თებერვლის წერილს, სადაც ნათქვამია, რომ 2004 წელს (17 წლის ასაკში) აშშ-ში ჩადენილი დანაშაულისათვის მოსარჩელეს განესაზღვრა 36-თვიანი პრობაციის პერიოდი, რაც არასწორია, რადგანაც ამ წერილსა და სამუშაოდან გათავისუფლებას შორის არ არსებობს კავშირი, მიუხედავად დასაბუთებული ბრძანების გადაცემის მოთხოვნისა, მოპასუხეს მოსარჩელისათვის იგი არ გადაუცია.

2. მოპასუხის პოზიცია:

მარტივი შედავებით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ნასამართლობის ფაქტი, მართალია, არ წარმოადგენდა დამსაქმებელი ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის ან თანამდებობაზე გამწესების დამაბრკოლებელ ფორმალურ გარემოებას, თუმცა, ეს ინფორმაცია მნიშვნელოვანი იყო დამსაქმებლისათვის, ამასთანავე, მოსარჩელის გათავისუფლება მხოლოდ ამ საფუძვლით არ განხორციელებულა. დასაქმებული დაკავებული თანამდებობიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საუძველზე კანონის მოთხოვნათა დაცვით გათავისუფლდა, რადგანაც მოსარჩელე მაღალი რანგის თანამდებობის პირს წარმოადგენდა და დამსაქმებლის დებულების შესაბამისად, მის პროფესიულ უნარ-ჩვევებთან ერთად, მნიშვნელოვანი იყო რეპუტაციის საკითხიც, რათა დამსაქმებელს არ შელახვოდა საქმიანი სახელი (ვრცლად იხ. შესაგებელი).

3. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი დამსაქმებლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 24 თებერვლის #... ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, მოპასუხეს მის სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის სახით 10 თვის ხელფასის _ 56 300 ლარის ანაზღაურება (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით), მასვე დასაქმებულის სასარგებლოდ დაეკისრა იძულებითი განაცდურის სახით ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.07%-ის გადახდა 2014 წლის 24 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

4. აპელანტის/შეგებებული სააპელაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

4.1. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ, სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

4.2. სააპელაციო სასამართლოს შეგებებული სააპელაციო საჩივრით მიმართა მოსარჩელემაც, რომელმაც გადაწყვეტილების იმ ნაწილში გაუქმება მოითხოვა, რომლითაც მისი სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

5. გასაჩივრებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 5 მაისის განჩინებით სააპელაციო/შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

6. კასატორის/შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა:

6.1. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დამსაქმებელმა, მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

6.2. საკასაციო სასამართლოს შეგებებული საკასაციო საჩივრით მომართა დასაქმებულმა, რომლითაც მოითხოვა შეგებებული სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სამუშაოზე აღდგენისა და ამ პერიოდამდე იძულებითი განაცდურის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა საკასაციო/შეგებებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ ისინი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

1. ძირითადი საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

1.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

1.2. გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ძირითადად იმ დასკვნებს ეფუძნება, რომ:

1.2.1. კონკურსის წესით მოსარჩელე 2013 წლის 19 მარტიდან დაინიშნა სსიპ ი-ის ფინანსური ოპერაციების დირექტორის თანამდებობაზე და თანამდებობრივ სარგოდ განესაზღვრა 5 630 ლარი;

1.2.2. გამოცხადებული კონკურსის პირობები ადასტურებს და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოთხოვნებში არ იყო კონკურსანტის შეზღუდვა მისი ნასამართლობის გამო. ასევე არ იყო მოთხოვნა, რომ კონკურსანტს გაეცხადებია მისი ნასამართლობის თაობაზე და თანამდებობის განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, კონკურსანტებს უნდა ეცნობებინათ რაიმე ისეთი გარემოების თაობაზე, რაც უკავშირდებოდათ მათ ბიოგრაფიას;

1.2.3. დამსაქმებლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 24 თებერვლის #... ბრძანებით იგი 2014 წლის 28 თებერვლიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რასაც საფუძვლად დაედო ამერიკის შეერთებული შტატებიდან მიღებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, მოსარჩელეს 2004 წელს ბრალად ედებოდა ორი მკვლელობის მცდელობა და რამდენიმე მწვავე ძალადობრივი ქმედება. ცნობა იტყობინებოდა, რომ „საბოლოოდ მან აღიარა ორი მწვავე ძალადობრივი დანაშაული და დანარჩენი ბრალდებები მოეხსნა“. აღნიშნული წერილის შესახებ დანართის სახით მითითებულია თავად გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში. თანამდებობიდან დასაქმებულის გათავისუფლების საფუძვლად მითითებულია ასევე შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი;

1.2.4. სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს მიერ 25.03.2014წ. გაცემული ცნობის თანახმად, მოსარჩელე არ არის ნასამართლევი და ძებნაში არ იმყოფება. მოპასუხე სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის ნასამართლობა გაქარწყლებულია, თუმცა, დამსაქმებელი ინფორმაციას მისი წარსულში ნასამართლობის შესახებ მიიჩნევს იმ ობიექტურ გარემობად, რაც, შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამართლებს დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას;

1.2.5. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სსიპ ი-ის კონკურსის პირობების თანახმად, ფინანსური ოპერაციების დირექტორის ზემდგომ პირს _ აღმასრულებელ დირექტორს თანამდებობის დასაკავებლად არ ზღუდავს წარსულში პატიმრობაში ყოფნის ფაქტი.

1.3. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებით არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

1.4. საკასაციო პალატა უარყოფს დამსაქმებლის პრეტენზიას იმის თაობაზე, რომ:

1.4.1. არ არსებობდა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის წინაპირობები (კანონსაწინააღმდეგოობა), რადგანაც იგი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის საფუძველზეა გამოცემული. დასაქმებულის მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება _ მიმართული ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ, შესაძლოა იწვევდეს დამსაქმებლის საქმიანი რეპუტაციის შელახვას ან ქმნიდეს ამის საფრთხეს. ამგვარი საფრთხის აღკვეთა კი, ზოგადად ყველა იურიდიული პირის, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ვალდებულებაა. ამ მხრივ, სასამართლომ არასათანადოდ გამოიკვლია დამსაქმებლის პოზიცია და არ დაასაბუთა, თუ რატომ არ არსებობდა დამსაქმებლის საქმიანი რეპუტაციის შელახვის საფრთხე;

1.4.2. სასამართლომ დასაქმებულის გათავისუფლების მართლზომიერების გამოკვლევის გარეშე მიიჩნია, რომ წარსულში დასაქმებულის ნასამართლობა წარმოადგენდა მის მიმართ დისკრიმინაციის განხორციელებას, თავის მხრივ, გაურკვეველია კასატორისათვის, თუ რა წარმოადგენს დისკრიმინაციულ მიდგომას. მისი განმარტებით, ნასამართლობის ფაქტი, მართალია, პირის თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველი არ არის, თუმცა იგი შეფასების ის კრიტერიუმია, თუ რამდენად შეესაბამება პირი დასაკავებელ თანამდებობას და რამდენად აქვს სხვა კანდიდატთან უპირატესობა. სასამართლოს პირის გათავისუფლების მართლზომიერების შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ო“ ქვეპუნქტის კონტექსტში შეფასებისას არ გამოუკვლევია დამსაქმებლის გადაწყვეტილება, რამდენად შეესაბამება ნორმაში მითითებულ „სხვა“ სიკეთის დაცვას. ამდენად, სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილი;

1.4.3. გათავისუფლების დროს მოქმედი რედაქციის დამსაქმებლის დებულების მე-4 მუხლის თანახმად, მოსარჩელეს ეკავა მაღალი თანამდებობა და რიგ შემთხვევაში, მას შეიძლებოდა დაკისრებოდა აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობა, რაც რისკის შემცველი იყო და ეს რისკი თანამდებობის ხარისხის შესაბამისად, პირდაპირპროპორციულად იზრდებოდა. ამ შემთხვევაში სასამართლომ არასწორად შეაფასა ნასამართლობის ფაქტი, როგორც ფორმალური გარემოება, რადგანაც საკონკურსო პირობებში ამგვარი შეზღუდვა არ იყო გათვალისწინებული. კასატორის მოსაზრებით, მსგავსი კატეგორიის მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებული პირი არ შეიძლება იკავებდეს მაღალი რანგის თანამდებობას სამთავრობო დაწესებულების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ და ავტორიტეტულ სსიპ-ში, როგორიცაა, ი-ის ტოპ-მენეჯერის თანამდებობა;

1.4.4. ქვემდგომი ინსტანციის სასამართლოებს არ დაუსაბუთებიათ დამსაქმებლისათვის 10 თვის შრომის ანაზღაურების დაკისრება რატომ წარმოადგენს კომპენსაციის გონივრულ ოდენობას, ამ შემთხვევაში, გაურკვეველია, რა პრინციპით იხელმძღვანელა სასამართლომ და როგორ განსაზღვრა იგი.

1.5. საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის სპეციფიკა, რაც შრომის კოდექსშია მოცემული, არ წარმოადგენს დამსაქმებლის აბსოლუტურ უფლებას, არამედ სადავოობისას დამსაქმებლის ნება უნდა შეფასდეს იმ გონივრული და ობიექტური კრიტერიუმების ფარგლებში, რაც უზრუნველყოფს სახელმწიფოს მხრიდან დასაქმებულის, როგორც შრომითი ურთიერთობის სუსტი მხარის დაცვას მინიმალური სტანდარტით. ამ მხრივ, კასატორი აპელირებს იმაზე, რომ წარსულში ჩადენილი და გაქარწყლებული ნასამართლობა, მას, როგორც საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ჰოპოთეტურად შეულახავდა საქმიან რეპუტაციას და განსაკუთრებით იმ პირობებში, თუკი საზოგადოებისათვის ცნობილი გახდებოდა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ გაქარწყლებული ნასამართლობის შესახებ ცნობილი იყო დამსაქმებლისათვის და მან შესაბამის ზომებს არ მიმართა. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-2 ნაწილის ფარგლებში, თანასწორობის საფუძველზე წარმოშობილი შრომითი ურთიერთობის დამსაქმებლის მხრიდან შეწყვეტა კრიტიკულად უნდა შეფასდეს იმ ვითარებაში, როდესაც დამსაქმებელი სამოქალაქო კოდექსის 329-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საჯაროდ სთავაზობს მოქალაქეებს დასაქმებას და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დასაქმების დამაბრკოლებელი გარემოება არ შეიძლება გახდეს ამ პირის ნასამართლობა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ნასამართლობის მქონე პირებისათვის კონკურსში მონაწილეობისათვის ლეგიტიმური შეზღუდვის დაუდგენლობა იმ პრეზუმფციის დაშვების საფუძველია, რომ დამსაქმებელი კანდიდატის მხრიდან შესაბამისი საკონკურსო პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მიუხედავად ნასამართლობისა, უზრუნველყოფს მას სამსახურით, რაც სავსებით მართებულად შეფასდა ქვემდგომი სასამართლოების მხრიდან შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მოთხოვნათა დარღვევად.

1.6. ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ქვემდგომმა სასამართლოებმა დადგენილი გარემოებებისა და განსახილველი საქმის ინდივიდუალური თავისებურების გათვალისწინებით სწორად განმარტეს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილი, 37-ე მუხლის პირველი ნაწიილს „ო“ ქვეპუნქტი და მართებულად მიიჩნიეს ბათილად დამსაქმებლის ნება, რომელიც ეწინააღმდეგებოდა კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს (სკ-ის 54-ე მუხლი). რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის საკითხს, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ იგი შრომითი ურთიერთობის ფარგლებში მიყენებული ზიანის კერძო შემთხვევას წარმოადგენს (შკ-ის 44-ე მუხლი) და შრომის კოდექსის 38-ე მუხლით კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრას სასამართლოს დისკრეციად მიიჩნევს კანონმდებელი. ისეთ ვითარებაში, როდესაც დგინდება დამსაქმებლის ბრალეული ნება, ხოლო დასაქმებულს დაკავებულ თანამდებობაზე არ აღადგენს სასამართლო, კომპენსაციის ოდენობა ბათილი ნების გამოვლენის ფარგლებში სამართლიანი უნდა იყოს არა მხოლოდ დასაქმებულის პოზიციიდან, არამედ _ დამსაქმებლის ინტერესების გათვალისწინებითაც, ამ მხრივ პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს არც დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის ფარგლებში წარმოუდგენია დასაშვები შედავება.

1.7. ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა. ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

1.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

2. შეგებებული საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის დასაბუთება:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 379-ე მუხლის ბოლო წინადადებით კი, დადგენილია, რომ სააპელაციო საჩივარზე უარის თქმის ან მისი განუხილველად დატოვების შემთხვევაში, შეგებებული სააპელაციო საჩივარი არ განიხილება. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ შეგებებული საკასაციო საჩივარი ორგანულადაა დაკავშირებული ძირითად საკასაციო საჩივართან, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ კასატორი უარს იტყვის თავის საკასაციო საჩივარზე, ან საკასაციო სასამართლო განუხილველად დატოვებს მას, მაშინ შეგებებული საკასაციო საჩივარიც იმავე სამართლებრივი ბედის მატარებელი გახდება. მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც დამსაქმებლის საკასაციო საჩივარი, როგორც ძირითადი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განუხილველად იქნა მიჩნეული დაუშვებლობის გამო, შეგებებული საკასაციო საჩივარიც, მისი პროცესუალური ბუნებიდან გამომდინარე, დაუშვებლობის მოტივით განუხილველად დატოვებას ექვემდებარება (იხ. სუსგ. №ას-127-470-07, 30 აპრილი, 2007 წელი).

3. სასამართლო ხარჯები:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორ სსიპ ი-ს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 22.06.2016წ. #... და 14.07.2016წ. #... საგადასახადო მოთხოვნებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4 972,69 ლარის 70% _ 3 480,883 ლარი, ხოლო შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორ ჯ. წ-ეს _ მის მიერ 29.07.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 379-ე, 399-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სსიპ ი-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ სსიპ ი-ს (ს/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 22.06.2016წ. #... და 14.07.2016წ. #... საგადასახადო მოთხოვნებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 4 972,69 ლარის 70% _ 3 480,883 ლარი.

3. ჯ. წ-ის შეგებებული საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

4. შეგებებული საკასაციო საჩივრის ავტორ ჯ. წ-ეს (პ/#...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს მის მიერ 29.07.2016წ. #... საგადახდო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 300 ლარის 70% _ 210 ლარი.

5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

პ. ქათამაძე